ანონიმუსი, უდავოდ, ბუდაპეშტის ერთ-ერთი უჩვეულო ძეგლია. უნგრეთის დედაქალაქში მოგზაურობისას ასეთებს ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად გადააწყდებით. ისინი არც ისე ცოტაა. მათ მოგვიანებით დავუბრუნდებით სურათების კალეიდოსკოპში, ამჯერად კი რამდენიმე სიტყვა იდუმალ ანონიმუსზე ვთქვათ, რომელიც ზღაპრულ, ფანტასტიკურ არსებას უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.
ისტორიის თანახმად, ქანდაკების ავტორმა ის ისე გამოსახა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყურებოდა. განიერი მოსასხამი და სახეზე ჩამოფარებული კაპიუშონი ჭეშმარიტად იდუმალებით მოცულ პიროვნებაზე მეტყველებს.
მეცნიერთა და მკვლევართა აზრით, იგი ჟამთააღმწერელი იყო და, სავარაუდოდ, მეფე ბელა III-ის დროს ცხოვრობდა, რომელიც ქვეყანას 1172 - 1196 წლებში მართავდა.
სწორედ ანონიმუსის კალამს ეკუთვნის ლათინურ ენაზე დაწერილი წიგნი "უნგრელთა საქმენი", რომელშიც უნგრელების განსახლება აღწერა და ტომთა ბელადების სახელებიც დაგვიტოვა.
ნაწარმოებიდან ირკვევა, რომ მისი ავტორი დასავლეთ ევროპაში სწავლობდა. ისტორიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქმე XII საუკუნეში დაარსებულ პარიზის უნივერსიტეტს ეხება.
ანონიმუსის ქანდაკება ბუდაპეშტში 1903 წელს დადგა მოქანდაკე მიკლოშ ლიგეტიმ. თითქმის ორი მეტრი სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება ქალაქის ვაროშლიგეტის პარკში განათავსეს. მჯდომარე ჟამთააღმწერელს ერთ ხელში ხელნაწერი უჭირავს, მეორეში - წამახვილებული კალამი. თავზე დიდი კაპიუშონი ახურავს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ თვალის ბუდეები ცარიელი აქვს. ეს კიდევ ერთი ლეგენდაა იდუმალებით მოცული ჟამთააღმწერლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ის ბრმა იყო.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი - ყვითელი M1 ხაზი, გაჩერება Széchenyi Fürdő;
- ტროლეიბუსით - №70, 74, 75.
ვინაიდან ძეგლი პარკში დგას, მისი ნახვა ნებისმიერ დროს უფასოდ შეგიძლიათ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია