უფასო ონლაინ-მეგზური ბერლინში


 ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი შედგება მეტროს, ავტობუსის, ტრამვაისა და ელექტრომატარებლების ხაზების 2,5 ათასზე მეტი კილომეტრისგან. დახვეწილი სისტემა, რომელიც მეგაპოლისის ყველა კუთხეს მოიცავს, ადგილობრივებსა და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად, პუნქტუალურად და იაფად მიაღწიოს დანიშნულების პუნქტს. ამ ყველაფერს მართავს რამდენიმე კომპანია - BVG (ბერლინის სატრანსპორტო კომპანია), DB, S-Bahn Berlin GmbH, VIP (პოსტდამის სატრანსპორტო კომპანია) და სხვები, რომლებიც VBB-ს (ბერლინ-ბრანდენბურგის სატრანსპორტო ასოციაციის) პარტნიორები არიან. სატრანსპორტო მომსახურების უდიდეს ნაწილს BVG უზრუნველყოფს, რომელიც 1929 წლიდან მუშაობს. მას ყოველწლიურად დაახლოებით 1064 მლნ. მგზავრი გადაჰყავს. ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ბორნის გარდა, ხდება გაჩერებების გამოცხადება. თითქმის ყველა მათგანშია სპეციალური ელექტროტაბლო გაჩერებების დასახელებით.


სტატიის შინაარსი


1. სატარიფო ზონები

2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები

3. ტურისტული ბარათები

4. ბერლინის მეტროპოლიტენი

5. ტრამვაი ბერლინში

6. ავტობუსი ბერლინში

7. ელექტრომატარებელი ბერლინში

8. საწყალოსნო ტრანსპორტი ბერლინში

9. საბაგირო ბერლინში

10. ტაქსი და ველოტაქსი ბერლინში


განათავსე შენი რეკლამა აქ!






1. სატარიფო ზონები


ბერლინში სამი სატარიფო ზონაა. A ზონას გარშემო არტყია ელექტრომატარებლების წრე და მოიცავს ქალაქის ცენტრს. ზონა B ქალაქის საზღვრებამდე მიდის, ზონა C-ში კი შედის ზოგიერთი შემოგარენი, მათ შორის პოსტდამი, ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი და ორანიენბურგი.



მოთხოვნილების მიხედვით, შეგიძლიათ შეიძინოთ კომბინირებული ბილეთი ზონებისთვის AB, BC ან ABC. ჩვეულებრივი ტარიფი გათვლილია მოზრდილზე, შეღავათიანი - 6-14 წლის ბავშვებისთვის, მგზავრობა უფასოა 6 წლამდე ბავშვებისთვის. აჯობებს, ბილეთები შეიძინოთ BVG-ს ან S-bahn-ის მრავალრიცხოვანი გაყიდვის ცენტრიდან ერთ-ერთში ან გაჩერებებზე დაყენებულ ავტომატებში. ეს ავტომატები 24 საათი მუშაობს, თანაც - რამდენიმე ენაზე.


ზოგიერთი სახის ბილეთი იყიდება უშუალოდ ტრამვაისა და ავტობუსში განთავსებულ ავტომატებში. ეს არის ერთჯერადი, ხანმოკლე მგზავრობისა და დღის ბილეთები. მათი კომპოსტირება საჭირო არაა - ისინი ყიდვისთანავეა ძალაში. ტრამვაის ავტომატები მხოლოდ მონეტებს იღებს, ავტობუსების მძღოლებს კი ცოტა ხურდა აქვთ და მსხვილ ბანკნოტებს ვერ გამოიყენებთ.


2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები


ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ბილეთების მრავალი სახეობა არსებობს. მათში კარგად გასარკვევად დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.


Kurzstrecke - ერთი ხანმოკლე მგზავრობა ერთი მიმართულებით, 3 გაჩერება მეტროთი ან 6 გაჩერება ავტობუსით/ტრამვაით.


ბილეთების ღირებულებაა:

- ჩვეულებრივი - 2,00 ევრო, საბავშვო - 1,50 ევრო;

- 4 ბილეთი Kurzstrecke (4-Fahrten-Karte): ჩვეულებრივი - 6 ევრო, საბავშვო - 4,60 ევრო.


Einzelfahrausweis - ჩვეულებრივი ბილეთი ერთი მგზავრობისთვის დროის ლიმიტით. ძალაშია კომპოსტირებიდან 2 საათის განმავლობაში. ვრცელდება AB, BC, ABC ზონებში. შესაძლებელია გადაჯდომა, მგზავრობის შეწყვეტა, ოღონდ დაუშვებელია უკან და წრიული მგზავრობა. უკან მგზავრობა - იმავე ხაზის საწყის სადგურში დაბრუნებაა, წრიული - როცა მგზავრი სხვა მარშრუტით ბრუნდება საწყის ან მის მეზობელ სადგურზე, ან იმ სადგურზე მიდის, რომელზე მოხვედრაც 1-ლი მგზავრობისას შეეძლო.


შესაძლებელია გადაადგილება ყველა სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსით, ტრამვაით, მეტროთი ან ელექტრომატარებლით რომელიმე სატარიფო ზონის (A, B, C) შიგნით, რეგიონალური სარელსო ტრანსპორტისა და ბორნის ჩათვლით.


ბილეთები, რომლებსაც კომპოსტირება სჭირდება, მგზავრობის დაწყებისთანავე უნდა დააკომპოსტიროთ. შემდგომში ამ ბილეთებს ვერავის გადასცემთ.


ერთი ბილეთების ღირებულებაა:

- AB ზონისთვის - ჩვეულებრივი - 3 ევრო, საბავშვო - 1,90 ევრო;

- BC ზონისთვის - ჩვეულებრივი - 3,50 ევრო, საბავშვო - 2,40 ევრო;

- ABC ზონისთვის - ჩვეულებრივი - 3,80 ევრო, საბავშვო - 2,70 ევრო.


4 ასეთი ბილეთის ღირებულებაა:

- AB ზონისთვის - ჩვეულებრივი - 9,40 ევრო, საბავშვო - 5,80 ევრო;

- BC ზონისთვის - ჩვეულებრივი - 12,60 ევრო, საბავშვო - 8,60 ევრო;

- ABC ზონისთვის - ჩვეულებრივი - 13,80 ევრო, საბავშვო - 9,80 ევრო.


Tageskarte - ერთდღიანი სამგზავრო ბილეთი. შეგიძლიათ იმგზავროთ ბერლინის ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებთ. ბილეთის მოქმედების ვადაა - კომპოსტირებიდან მომდევნო დღის 03:00-მდე. კომპოსტირების შემდეგ ბილეთს სხვას ვერ გადასცემთ.


ბილეთის ღირებულებაა:

- AB ზონისთვის - ჩვეულებრივი - 8,80 ევრო, საბავშვო - 5,60 ევრო;

- BC ზონისთვის - ჩვეულებრივი - 9,20 ევრო, საბავშვო - 5,90 ევრო;

- ABC ზონისთვის - ჩვეულებრივი - 10 ევრო, საბავშვო - 6,10 ევრო.


Anschlussfahrausweis - დამატებითი ბილეთი, რომელიც იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ უკვე გაქვთ მოქმედი ჩვეულებრივი ან ერთდღიანი სამგზავრო ბილეთი AB ზონისთვის, მაგრამ C ზონაში მოხვედრა გჭირდებათ. თქვენ ამ დროს სრული ბილეთი კი არ უნდა შეიძინოთ ABC ზონისთვის, არამედ მხოლოდ დამატებითი ბილეთი C ზონისთვის.


ბილეთის ღირებულებაა:

- Einzelfahrausweis-თვის - ჩვეულებრივი - 1,80 ევრო, საბავშვო - 1,40 ევრო;

- Tageskarte-თვის - 3,70 ევრო.


7-Tage-karte - ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთი. ძალაშია ზედიზედ 7 დღე ბილეთზე მითითებული დღიდან ან პირველი მგზავრობის მომენტიდან მეშვიდე დღის შუაღამემდე. მაგალითად, თუ დააკომპოსტირებთ სამშაბათს დილით, ძალაში იქნება მომდევნო ორშაბათის შუაღამემდე.


ბილეთის ღირებულებაა:

- AB ზონისთვის - 36 ევრო;

- BC ზონისთვის - 37 ევრო;

- ABC ზონისთვის - 43 ევრო.


Kleingruppen-Tageskarte - ერთდღიანი სამგზავრო ბილეთი ხუთ კაცამდე ჯგუფისთვის. ამ ბილეთით ჯგუფს შეუზღუდავად შეუძლია გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მთელი დღე მომდევნო დღის 03:00-მდე. ძალაშია კომპოსტირების მომენტიდან.


ბილეთის ღირებულებაა:

- AB ზონისთვის - 25,50 ევრო;

- BC ზონისთვის - 26 ევრო;

- ABC ზონისთვის - 26,50 ევრო.


არსებობს უფრო ხანგრძლივვადიანი ბილეთებიც. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით VBB-ს ოფიციალურ საიტზე: vbb.de.tickets.


ბილეთების ავტომატები განთავსებულია მეტროს, საქალაქო ელექტრომატარებლებისა და მატარებლების ყველა სადგურზე (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით).


ველოსიპედის გადატანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ფასიანია და მასზე სპეციალური ტარიფი/ბილეთი არსებობს:

- ერთი ხანმოკლე მგზავრობისას (U-Bahn, S-Bahn-ით სამი სადგურის ფარგლებში გადაჯდომის შესაძლებლობით, ტრამვაით ექვსი სადგურის ფარგლებში გადაჯდომის შესაძლებლობის გარეშე) - 1,40 ევრო;

- საერთო ტარიფი (მგზავრობა ერთი მიმართულებით, მაქსიმუმ 2 საათი) - AB ზონისთვის - 2,10 ევრო, BC ზონისთვის - 2,40 ევრო, ABC ზონისთვის - 2,70 ევრო.

- დღიური ბარათი - AB ზონისთვის - 4,90 ევრო, BC ზონისთვის - 5,30 ევრო, ABC ზონისთვის - 5,50 ევრო.


ჯარიმა უბილეთოდ მგზავრობისთვის - თუ უბილეთოდ მგზავრობთ ან ბილეთზე კომპოსტირების შტამპი არ არტყია (მნიშვნელობა არა აქვს, დაგავიწყდათ თუ ეს განზრახ არ გააკეთეთ), ჯარიმის სახით, 60 ევროს გადახდა მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ კონტროლიორებს სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ და ისინი ტურისტებისთვის გამონაკლისს არ აკეთებენ. თუ მათ შეეწინააღმდეგებით და პასპორტს არ წარუდგენთ, ინსპექტორები პოლიციას გამოიძახებენ.


3. ტურისტული ბარათები


ევროპის დიდ ქალაქებში ტურისტების ხელშესაწყობად მოქმედებს ტურისტული ბარათები. ასევეა ბერლინშიც. არსებობს რამდენიმე სახის ტურისტული ბარათი, რომლებიც მომსახურების სხვადასხვა პაკეტს გთავაზობენ. ისინი შესაძლებლობას გაძლევენ ეკონომია გააკეთოთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. თუმცა თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, გაწყობთ ამგვარი ბარათის შეძენა, თუ ჩვეულებრივი ბილეთის ყიდვას ამჯობინებთ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, მოგზაურობის ხანგრძლივობაზე, დასათვალიერებელი ღირსშესანიშნაობების რაოდენობაზე და ა.შ.


WelcomeCard - ეს ბარათი უფლებას გაძლევთ, შეუზღუდავად იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 2-დან 6 დღემდე ბერლინში ან ბერლინსა და პოსტდამში. გათვალისწინებულია 50%-მდე ფასდაკლება ბერლინის 200-ზე მეტი ღირსშესანიშნაობისა და კულტურული ცენტრის სანახავად, ქალაქში გიდთან ერთად ტურის, ველოსიპედებისა და კატერების ტურის, მუზეუმების, შოუს, რესტორნების, კლუბების, დისკოთეკებისა და სუვენირების მაღაზიების ჩათვლით. გეძლევათ, აგრეთვე, ბერლინისა და პოსტდამის რუკები და ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა.


ბარათის ღირებულებაა (1 მოზრდილი+14 წლამდე ასაკის 3 ბავშვი):

- 48-საათიანი - ბერლინი (AB ზონები, ტეგელის აეროპორტის ჩათვლით) - 24 ევრო, ბერლინი და პოსტდამი (ABC ზონები, შენეფელდის აეროპორტი) - 29 ევრო;

- 72-საათიანი - შესაბამისად, 34 ევრო და 39 ევრო;

- 72-საათიანი + მუზეუმების კუნძული - შესაბამისად, 52 და 55 ევრო;

- 4-დღიანი - შესაბამისად, 41 და 46 ევრო;

- 5-დღიანი - შესაბამისად, 47 და 50 ევრო;

- 6-დღიანი - შესაბამისად, 50 და 53 ევრო.


ბარათის შეძენა შეგიძლიათ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: www.visitberlin.de/en/belin-welcome-card.


Berlin City Tour Card - სპეციალურად ტურისტებისთვის შექმნილი სატრანსპორტო-საექსკურსიო ბარათია. გამოყენების დაწყების შემდეგ მას ვერ დააბრუნებთ და ვერც გადაცვლით. შეუზღუდავად იმგზავრებთ ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით AB და ABC ზონებში. ამასთან, მიიღებთ 15-50%-იან ფასდაკლებას მრავალი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებისას, საექსკურსიო ტურებში და ა.შ. (სრული სია იხილეთ ოფიციალურ საიტზე: www.citytourcard.com/de.


ბარათის ღირებულებაა (1 მოზრდილი+14 წლამდე ასაკის 3 ბავშვი):

- 48-საათიანი - ბერლინი (AB ზონები, ტეგელის აეროპორტის ჩათვლით) - 19,90 ევრო, ბერლინი და პოსტდამი (ABC ზონები, შენეფელდის აეროპორტი) - 23,90 ევრო;

- 72-საათიანი - შესაბამისად, 29,90 და 34,90 ევრო;

- 4-დღიანი - შესაბამისად, 38,90 და 42,90 ევრო;

- 5-დღიანი - შესაბამისად, 43,90 და 47,90 ევრო;

- 6-დღიანი - შესაბამისად, 45,90 და 48,90 ევრო.


EasyCityPass - ეს ბარათი უფლებას გაძლევთ, უფასოდ და შეუზღუდავად იმგზავროთ ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობით და მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღოთ ქალაქის 80-ზე მეტ დაწესებულებაში. მოქმედებს AB ზონაში, რომელშიც ტეგელის აეროპორტიც შედის. ბარათი ემსახურება 1 მოზრდილსა და 6-14 წლის 3 ბავშვს.


ბარათის ღირებულებაა:

- 48-საათიანი AB/ABC ზონაში - 22,90/25,90 ევრო;

- 72-საათიანი AB/ABC ზონაში - 30,90/36,90 ევრო;

- 4-დღიანი AB/ABC ზონაში - 38,90/44,90 ევრო;

- 5-დღიანი AB/ABC ზონაში - 43,90/49,90 ევრო;

- 6-დღიანი AB/ABC ზონაში - 47,90/52,90 ევრო.


დეტალები იხილეთ ოფიციალურ საიტზე: easycitypass.com/en/visit-berlin/ ან shop.easycitypass.com/EasyCityPass/berlin/e-tickets.


Joycard - ეს ბარათი უფლებას გაძლევთ, უფასოდ და შეუზღუდავად იმგზავროთ ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობით AB და ABC ზონებში. გაითვალისწინეთ, რომ თუ AB ზონის ბილეთს იყიდით, C ზონაში მოსახვედრად დამატებითი Anschlussfahrausweis ბილეთის შეძენა არ შეიძლება და ABC ზონის ჩვეულებრივი ბილეთი უნდა იყიდოთ. ბარათი ემსახურება 1 მოზრდილსა და 6-14 წლის 3 ბავშვს. ფასდაკლება მოქმედებს ბერლინის 100-ზე მეტ დაწესებულებაში. იყიდება ავტომატებში, გაყიდვის პუნქტებსა და S-Bahn-ის საიტზე: https://shop.sbahn.berlin/Cms/CmsPage/Page/BerlinJoycard.


ბარათის ღირებულებაა:

- 48-საათიანი - ბერლინი (AB ზონები, ტეგელის აეროპორტის ჩათვლით) - 19,70 ევრო, ბერლინი და პოსტდამი (ABC ზონები, შენეფელდის აეროპორტი)- 22,30 ევრო;

- 72-საათიანი - შესაბამისად, 28,90 და 32,80 ევრო;

- 4-დღიანი - შესაბამისად, 37 და 42 ევრო;

- 5-დღიანი - შესაბამისად, 41,50 და 46,80 ევრო;

- 6-დღიანი - შესაბამისად, 42,60 და 48,40 ევრო.


4. ბერლინის მეტროპოლიტენი U-Bahn


ბერლინის მეტრო გერმანიაში ყველაზე დიდი, ევროპაში კი ყველაზე თანამედროვეა, იმავდროულად კი, ძალზე ძვირად ღირებული - ბერლინის მეტროპოლიტენი ცნობილია ეფექტიანობის მაღალი დონითა და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური სტანდარტებით.


10 ხაზის საერთო სიგრძე (თითოეული U ასოთი და შესაბამისი ციფრით აღინიშნება) თითქმის 152 კილომეტრია. სულ 170-ზე მეტი სადგურია. ბერლინის მეტროს წელიწადში 400-მე მილიონი მგზავრი გადაჰყავს.



დეტალურად ბერლინის მეტროპოლიტენის შესახებ


5. ტრამვაი ბერლინში


ბერლინში ტრამვაის უდიდესი ქსელია. ქალაქში ტრამვაის ლიანდაგი 190 კილომეტრზეა დაგებული. სულ 800-ზე მეტი გაჩერებაა.


გერმანიის დედაქალაქში ორი სახის ტრამვაი დადის.


- ჩვეულებრივი ტრამვაი: მათ აქვთ ნომრები 12-88. სულ 15 მარშრუტია. ისინი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გადაადგილდებიან;


- მეტროტრამი: ქალაქის მეტროსა და ელექტრომატარებლების ერთგვარი დამატებაა. მათ აქვთ ნომრები 1-17. მათი ნომრის წინ ასო M წერია. სულ 9 მარშრუტია. ისინი დაახლოებით ოცი საათის განმავლობაში მუშაობენ.



ტრამვაის უმრავლესობა ქალაქის იმ ნაწილში დადის, სადაც S-Bahn-ისა და U-Bahn-ის მატარებლების შედარებით ნაკლები რაოდენობაა. ისინი მეტროსა და ავტობუსების ხაზებსაც აკავშირებენ.


6. ავტობუსი ბერლინში


ყვითელი ერთსართულიანი და ორსართულიანი ავტობუსები გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ბერლინის გზებზე ყოველდღიურად 1400-ზე მეტი ავტობუსი დადის.



ისინი, პირობითად, ოთხ კატეგორიად იყოფა:


- ჩვეულებრივი: მათ აქვთ მხოლოდ ნომრები 100-943. სულ 147 მარშრუტია. ისინი გადაადგილდებიან 04:00-დან 00:00-მდე;

- ღამის: მათი ნომრის წინ ასო N წერია (N1-N97). სულ 47 მარშრუტია. გადაადგილდებიან 00:30-დან 04:00-მდე სამუშაო დღეებში და 07:00-მდე - შაბათ-კვირას;

- მეტრობუსები: ღამის: მათი ნომრის წინ ასო M წერია (M11-M85). სულ 17 მარშრუტია. გადაადგილდებიან უმთავრესად ღამით მეტროს ხაზებთან მაქსიმალურად მიაცლოებული მარშრუტით;

- ექსპრეს-ავტობუსები: მათი ნომრის წინ ასო X წერია (X7-X83) და TXL. სულ 14 მარშრუტია. გადაადგილდებიან 03:30-დან 00:30-მდე.


7. ელექტრომატარებელი ბერლინში S-Bahn


ბერლინში საქალაქო ელექტრომატარებლების 16 მარშრუტია. მათი გაჩერებების ამოცნობა შეგვიძლია მწვანე რგოლში ჩასმული S ასოთი. მგზავრობისას იმავე ბილეთების გამოყენება შეიძლება, რომლებსაც ვიყენებთ ავტობუსში, მეტროში, ტრამვაიში და ა.შ. მათ შეიძენთ გაყიდვის პუნქტებსა და სადგურებზე განთავსებულ ავტომატებში.



ბერლინის საქალაქო ელექტრომატარებლების სარკინიგზო ხაზის სიგრძე 327 კილომეტრია, რაც 16 მარშრუტსა და 166 სადგურს მოიცავს. სამუშაო დღეებში ელექტრომატარებლები მოგემსახურებათ დილის 04:30-დან ღამის 01:30-მდე, შაბათ-კვირას კი - 24 საათის განმავლობაში.


დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: sbahn.berlin/en.


8. საწყალოსნო ტრანსპორტი ბერლინში


საწყალოსნო ტრანსპორტი ბერლინის უძველესი ტრანსპორტია - აქ ბორნები ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გაჩნდა. დღესდღეობით მუშაობს 6 საბორნე ხაზი - F10, F11, F12, F21, F23, F24. მათ ყოველწლიურად მილიონამდე მგზავრი გადაჰყავთ.



ამ ბორნებზე მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩვეულებრივი ბილეთი.


9. საბაგირო ბერლინში


საბაგირო გზა ბერლინში მხოლოდ 2017 წელს ამუშავდა. ის მარცანის პარკში მდებარე "მსოფლიოს ბაღების" თავზე გადის. გზის სიგრძე დაახლოებით 1,5 კილომეტრია, რომლის დაძლევასაც 4 წუთი და 25 წამი სჭირდება. საბაგირო სამი სადგურისგან შედგება (Kienbergpark — Kienberg (Bergstation) — Gärten der Welt). მათ შორის მოძრავ 64 კაბინას საათში 3 ათასი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. თითოეულ კაბინაში 10 ადამიანი ეტევა.



გაითვალისწინეთ, რომ საბაგირო გზა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ შედის და ცალკე ბილეთის შეძენა მოგიწევთ. 5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა. ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 4 ევროა, ორივე მიმართულებით - 6,50 ევრო, ველოსიპედის ან მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანა - 2,50 ევრო. შეგიძლიათ შუალედურ სადგურზე ჩამოხვიდეთ, შემდეგ კი კვლავ განაგრძოთ გზა.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://gruen-berlin.de/projekte/infrastruktur/seilbahn/service-infos.


10. ტაქსი და ველოტაქსი ბერლინში


ბერლინს 8200-ზე მეტი ტაქსი ემსახურება. მათი პოვნა ადვილია - შეგიძლიათ გააჩეროთ ქუჩაში, მონახოთ ტაქსის სადგომი ან შეუკვეთოთ ტელეფონით.



ბერლინში ტაქსით გადაადგილების საფასური ფიქსირებულია და ასე გამოიყურება:


- ჩასხდომა - 3,90 ევრო;

- ხანმოკლე მგზავრობს 2 კილომეტრამდე - 6 ევრო;

- 0-დან 7 კილომეტრამდე - 2,30 ევრო/კმ;

- 7 კილომეტრის ზემოთ - 1,65 ევრო/კმ;

- ლოდინი - 33 ევრო/სთ.


ტაქსის გარდა, ბერლინში გადაადგილება ველოტაქსითაც შეგიძლიათ. მას ერთდროულად მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.



მგზავრობის საფასური:


- პირველი კილომეტრი - 7 ევრო;

- ყოველი მომდევნო კილომეტრი - 5 ევრო;

- 30 წუთი - 24 ევრო;

- 1 საათი - 42 ევრო.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!