თუ მიზეზთა გამო ბუდაპეშტში მხოლოდ ერთი დღით აპირებთ ჩასვლას და გსურთ, რომ ქალაქის შესახებ, შეძლებისდაგვარად, მეტი შეიტყოთ, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ - მართალია, ერთი დღე ძალზე ცოტაა, რათა ყველა ღირშესანიშნაობა მეტ-ნაკლებად სრულყოფილად დაათვალიეროთ, ჩემი მოწოდებული ინფორმაცია ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. შერჩეულ მარშრუტზე საკმაოდ ბევრ საინტერესოს იხილავთ, რაც უდავოდ დაგაკმაყოფილებთ. თუ ყურადღებით წაიკითხავთ ყველა სტატიას ბუდაპეშტზე, შეგიძლიათ თვითონაც შეადგინოთ თქვენთვის სასურველი მარშრუტი და მას მიჰყვეთ.
ვინაიდან ბუდაპეშტში ჩასული ტურისტების უმრავლესობა სასტუმროს ან აპარტამენტს, ძირითადად, პეშტში ირჩევს, დათვალიერება სწორედ ქალაქის ამ ნაწილით დავიწყოთ. წინდაწინ გეტყვით, რომ ამ მარშრუტში მუზეუმების დათვალიერება არ შედის, რადგან ეს დიდ დროს წაგართმევთ. თუ მუზეუმებში ხეტიალი გიყვართ, გირჩევთ, ეგრეთ წოდებული ტურისტული ბარათი Budapest Card შეიძინოთ. მისი საშუალებით ბევრ მუზეუმს უფასოდ დაათვალიერებთ, თან სხვა შეღავათებსაც მიიღებთ.
ამ მარშრუტის უდიდეს ნაწილს ტურისტული ავტობუსი HOP ON HOP OFF-იც გაივლის. თუ ფულის გადახდა არ გენანებათ, წაიკითხეთ ექსკურსია - ავტობუსი Hop on Hop off.
თუ არც ფეხით სიარულის სურვილი გაქვთ და არც დრო, 2 ნომერი ტრამვაით უნგრეთის პარლამენტიდან სეჩენის ჯაჭვის ხიდამდე გაისეირნეთ (გაჩერება Széchenyi István tér), ბუდას ბორცვიდან გელერტის მთისკენ კი - 19 და 41 ნომერი ტრამვაით (გაჩერება Rudas Gyógyfürdő).
მარშრუტი წმინდა იშტვანის ბაზილიკით დავიწყოთ. ეს ბუდაპეშტის უდიდესი საკათედრო ტაძარია. მის გუმბათზე შესანიშნავი გადმოსახედი მოედანია მოწყობილი, სადაც ფასიანი ლიფტით ადიან. ტაძრამდე ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ადვილად მიხვალთ - ის მეტროს სამი ხაზის (M1, M2, M3) გადაკვეთაზე მდებარე სადგურ Deák Ferenc tér-დან ფეხით ხუთიოდე წუთის სავალზეა.
დეტალურად წმინდა იშტვანის ბაზილიკის შესახებ =>>
მას შემდეგ, რაც უნგრეთის დედაქალაქს ზემოდან გადმოხედავთ (ან არ გადმოხედავთ), ბუდაპეშტის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობისკენ - პარლამენტის შენობისკენ გავემართოთ. გზად თავისუფლების მოედნის გავლა მოგვიწევს (სხვათა შორის, აქ მდებარეობს ცნობილი რესტორანი Hungarikum Bistro . ქალაქის სხვა კაფე-რესტორნების შესახებ იხილეთ სად ვჭამოთ იაფად ბუდაპეშტში), სადაც დაინახავთ აშშ-ის ექსპრეზიდენტ რონალდ რეიგანის ძეგლს.
აქედან Vécsey utca ქუჩაზე უნგრეთის ეროვნულ გმირს, იმრე ნადის მოვკრავთ თვალს.
პრემიერმინისტრი იმრე ნადი 1956 წლის აჯანყების დროს ხალხის მხარეს გადავიდა, რაც ხელისუფლებამ არ აპატია და დახვრიტა. აქედან ხელის გაწვდენაზეა Kossuth Lajos tér, მოედანი, სადაც უნგრეთის პარლამენტის შენობა დგას.
ეს ნეოგოტიკური სტილის შენობა არა მხოლოდ თავისი ზომით აღგაფრთოვანებთ, არამედ ბოლომდე გათვლილი ყველა დეტალითაც. პარლამენტის შენობა ბუდაპეშტის უმთავრესი სავიზიტო ბარათია.
დეტალურად უნგრეთის პარლამენტის შესახებ =>>
ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები სასტიკად უსწორდებოდნენ ებრაელებს, ბევრ მათგანს პირდაპირ დუნაის სანაპიროზე კლავდნენ, სიკვდილის წინ კი ფეხსაცმელებს ხდიდნენ.
დეტალურად ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ძეგლის შესახებ =>>
სანაპიროს გაუყვებით და სეჩენის ჯაჭვის ხიდს მიადგებით. ბუდაპეშტში რამდენიმე გამორჩეული ხიდია. მათ გასაცნობად იხილეთ ჯაჭვის ხიდი და ბუდაპეშტის სხვა ხიდები.
ამ ხიდის სიახლოვეს დგას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Gresham Palace Budapest.
ხიდზე გადახვალთ და ბუდას მხარეს აღმოჩნდებით, კერძოდ, მოედანზე, სახელწოდებით Clark Ádám tér. აქ იხილავთ ნულოვანი კილომეტრის აღსანიშნავ ძეგლს (ამ ადგილიდან აითვლიან მანძილს ბუდაპეშტის სხვა ქალაქებამდე) და ფუნიკულიორს, რომლითაც ბუდას ბორცვზე ასვლას შეძლებთ.
თუ ფუნიკულიორით ასვლა არ გსურთ, ჩაჯექით 16 ნომერ ავტობუსში და მეთევზეთა ბასტიონამდე ისე ადით (გაჩერება Szentháromság tér), ან ეს ფეხით გააკეთეთ.
მეთევზეთა ბასტიონის მშენებლობა 1905 წელს დაასრულეს და მას შემდეგ ის დედაქალაქელებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია.
აქედან შესანიშნავი ხედი იშლება დუნაისა და პეშტზე. მეთევზეთა ბასტიონის ძირითადი დანიშნულება ხომ ისედაც არქიტექტურული ფონის შექმნა იყო იქვე მდებარე წმინდა მატიაშის სახელობის XIII საუკუნის ეკლესიისთვის.
დეტალურად მეთევზეთა ბასტიონის შესახებ =>>
დეტალურად მატიაშის ეკლესიის შესახებ =>>
თუ Tárnok útca ქუჩას გაუყვებით, ბუდას ციხესიმაგრემდე მიხვალთ. გზად დაინახავთ ქანდაკებას (ჯარისკაცი დროშით და ანგელოზი დაფნის გვირგვინით), რომელიც XIX საუკუნეში უნგრელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეძღვნება.
ბუდას ციხესიმაგრე დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული.
აქ მრავალი ღირსშესანიშნაობაა. მაგალითად, შანდორის სასახლე, სადაც ახლა უნგრეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა საპატიო ყარაულით, რომელიც პერიოდულად იცვლება; აქვეა მითური ფრინველი ტურული, რომელსაც კლანჭებით ატილას ხმალი უჭირავს. ყურადღების აღნიშვნის ღირსია სამეფო სასახლეც. უწინ იქ უნგრეთის მეფეთა რეზიდენცია იყო, ახლა კი რამდენიმე მუზეუმია განთავსებული.
დეტალურად ბუდას ციხედარბაზის შესახებ =>>
ბუდას ბორცვიდან ან ფუნიკულიორით დაეშვებით, ან ფეხით. დუნაის სანაპიროზე 15-20 წუთს გაისეირნებთ და გელერტის მთის ძირში აღმოჩნდებით.
აქ ნახავთ წმინდა გელერტის ძეგლს, ავსტრიელი ჰაბსბურგების მიერ უნგრელების გასაკონტროლებლად აშენებულ ციტადელს, თავისუფლების ქანდაკებას - ქალს, რომელსაც თავზემოთ პალმის ტოტი უჭირავს.
თუ მთის მეორე მხრიდან დაეშვებით, იხილავთ ფილოსოფიურ ბაღს, კლდეში ჩასმულ ტაძარსა და პაულინების ორდენის მონასტერს.
დეტალურად გელერტის შესახებ =>>
დეტალურად გელერტის მთის შესახებ =>>
თუ დაიღალეთ, გელერტის საბანაოში შეიარეთ.
თუ არ დაღლილხართ, თავისუფლების ხიდზე გადადით და ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარს ეწვიეთ.
ამით მარშრუტი "ბუდაპეშტი 1 დღეში" თითქმის დასრულებულია. ახლა შეგიძლიათ ვაცის ქუჩას გაუყვეთ. იქ მრავალი კაფე-რესტორანი, მაღაზია, ბუტიკი და ისეთი ადგილია, სადაც ტურისტს ფულის დახარჯვა შეუძლია.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია