ბუდაპეშტის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი, ტროლეიბუსი, ელექტრომატარებელი და ბორანი. სატრანსპორტო სისტემას ემატება, აგრეთვე, საბაგირო, ფუნიკულიორი და ტაქსი. ასეთი დიდი მრავალფეროვნება სრულ კომფორტს შეგიქმნით ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ლამაზი პეიზაჟების ხილვის პროცესში. ბუდაპეშტის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ემსახურება კომპანია BKK. სწორედ ის ზრუნავს მის გამართულ მუშაობასა და განვითარებაზე. მოგაწვდით ინფორმაციას მგზავრობის ღირებულების, ბილეთების, აბონემენტების, ფულის დაზოგვის შესახებ.
სტატიის შინაარსი
1. ბილეთები და სამგზავრო ბარათები
7. ელექტრომატარებელი ბუდაპეშტში
1. ბილეთები და სამგზავრო ბარათები
დავიწყოთ იმით, რომ ბუდაპეშტში მოქმედებს ერთიანი ბილეთი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითქმის ყველა სახეობით შეძლებთ მგზავრობას. მნიშვნელობა არა აქვს, სად იყიდით ბილეთს: მეტროში, ქუჩაში მდგარ ავტომატში თუ საგაზეთო ჯიხურში. მას ყველგან ექნება ძალა - მეტროშიც, ავტობუსშიც, ტრამვაიშიც და ტროლეიბუსშიც. ამ ბილეთით ვერ იმგზავრებთ მდინარის ტრამვაით, ფუნიკულიორზე, საბაგიროთი.
ერთჯერადი ბილეთი (single ticket) - ღირს 350 ფორინტი და უფლებას გაძლევთ იმგზავროთ ერთხელ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით. ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ მიწისზედა ტრანსპორტში ასვლისთანავე და მეტროთი მგზავრობის წინ. ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ. იგი ძალაშია კომპოსტირებიდან 80 წუთის განმავლობაში (ღამის ტრანსპორტში - 120 წუთის განმავლობაში). ერთჯერადი მგზავრობა არცთუ იაფი ღირს, თუმცა კომფორტულ და მოწესრიგებულ პირობებს გთავაზობენ, თანაც სხვა შესაძლებლობებიც გაქვთ. აი, როგორ გამოიყურება ერთჯერადი ბილეთი:
ერთჯერადი ბილეთის ყიდვა მძღოლთანაც შეგიძლიათ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ უკვე 450 ფორინტის გადახდა მოგიწევთ, მაგალითად, 200E ავტობუსში, რომელიც ბუდაპეშტის აეროპორტსა და მეტროს უახლოეს სადგურს შორის მოძრაობს.
ერთჯერადი ბილეთი გადაჯდომით (transfer ticket) - ეს ბილეთი უფლებას გაძლევთ, იმგზავროთ ორი სახეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგალითად, თუ აეროპორტში ხართ, ჯერ ავტობუსით იმგზავრებთ, შემდეგ კი მეტროთი (ერთი ხაზის ფარგლებში). ბილეთის ღირებულება 530 ფორინტია. ქვემოთ სწორედ ასეთ ტრანსფერ-ბილეთს ხედავთ, უფრო სწორად - 2 ცალს. პირველი დააკომპოსტირეთ პირველი სახეობის ტრანსპორტში და აუცილებლად შეინახეთ, მეორე კი - მეორეში.
10-ბილეთიანი ბლოკი (block of 10 tickets). - 10 ბილეთისგან შემდგარი ბლოკი. თითოეული მათგანი ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთხელ მგზავრობის უფლებას გაძლევთ. მისი გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ადამიანსაც შეუძლია, მაგალითად, 5 ცალი თითოეულს. ღირებულება 3000 ფორინტია, კომპოსტირების შემდეგ მოქმედების ვადა სტანდარტულია: 80 წუთი დღისით, 120 წუთი ღამის ტრანსპორტით. ბილეთების ერთად შენახვა აუცილებელი არაა.
ზემოთ მოყვანილი სურათიდან პირველი სამი უკვე გავარჩიეთ. მოდი, სხვებსაც შევეხოთ.
1-დღიანი სამგზავრო ბილეთი (Budapest 24-hour travelcard) - ამ ბილეთით შეგიძლიათ იმდენჯერ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 24 საათის განმავლობაში, რამდენჯერაც მოისურვებთ. შეძენისას მისი ამოქმედების ვადას თვითონ ირჩევთ. კომპოსტირება საჭირო არაა. საკმარისია, მძღოლს ან კონტროლიორს უჩვენოთ. ეს ბილეთი დუნაიზე მდინარის ტრამვაით გასეირნების უფლებასაც გაძლევთ, ოღონდ შაბათ-კვირის გარდა. მისი ღირებულება 2500 ფორინტია. მნიშვნელოვანი შეღავათია.
3-დღიანი სამგზავრო ბილეთი (Budapest 72-hour travelcard) - ამ ბილეთის გამოყენების წესი 1-დღიანის ანალოგიურია. მისი ღირებულება 5500 ფორინტია.
7-დღიანი სამგზავრო ბილეთი (Budapest 7-day travelcard) - ამ ბილეთის გამოყენების წესი იგივეა, რაც 1-დღიანისა და 7-დღიანის, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. თუ პირველი ორით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ეს - სახელობითია. მისი შეძენისას ფოტოსურათიან დოკუმენტს მოგთხოვენ - საზღვარგარეთის პასპორტს ან მართვის მოწმობას. ღირებულება 6500 ფორინტია.
24-საათიანი ჯგუფური სამგზავრო ბილეთი (Budapest 24-hour group travelcard) - ეს ბილეთი უფლებას აძლევს 1-5 კაცამდე ჯგუფს, რომლებიც ერთად მოგზაურობენ, შეუზღუდავად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 24 საათის განმავლობაში. ამოქმედების დრო ბილეთზე მიეთითება. ღირებულება 5000 ფორინტია.
5-დღიანი სამგზავრო ბილეთი ერთი თვის განმავლობაში (5/30 BKK 24-hour travelcard) - ეს არის ერთმანეთზე გადაბმული 5 ბილეთი, თითოეული 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. თქვენ თვითონ ირჩევთ დღეებს, როდესაც ამ ბილეთების გამოყენებას აპირებთ. წინასწარ მხოლოდ 30-დღიან პერიოდს განსაზღვრავთ, მასში ცალკეულ დღეებს კი როცა ინებებთ, მაშინ გაააქტიურებთ. ამისთვის ბილეთზე კონკრეტულ დღეს და დროს (საათსა და წუთს) გადახაზავთ და დროის ათვლაც დაიწყება. ღირებულება 4550 ფორინტია.
სხვა სახის სამგზავრო ბილეთებიც არსებობს. მათ აღწერასა და ფასს ბილეთების შესაძენ ავტომატში იხილავთ. თუ ყველაფრის უფრო დაწვრილებით გაგება გსურთ, ეწვიეთ ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრასპორტის ოფიციალურ საიტს და თქვენთვის სასურველი ენა აირჩიეთ.
ვნახოთ, როგორ გამოიყურება ბილეთების შესაძენი ავტომატი.
თუ ერთდღიან ან შვიდდღიან სამგზავრო ბილეთს შეიძენთ, არ დაგავიწყდეთ მდინარის ტრამვაი ან კბილა ტრამვაი. გვარიანად ისიამოვნებთ, დამატებითი ფულის გადახდა კი არ მოგიწევთ.
ალბათ, უკვე დარწმუნდით, რომ ბუდაპეშტში უამრავი სახის სამგზავრო ბილეთი არსებობს. ამის მიზანი კი ისაა, რომ როგორც უნგრელებმა, ისე ჩამოსულმა ტურისტებმა, ფულის დაზოგვა შეძლონ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ბუდაპეშტში ბილეთს არ შეიძენთ და ისე იმგზავრებთ? მით უმეტეს, რომ მიწისზედა ტრანსპორტში კონდუქტორები არ არიან, მეტროში კი ტურნიკეტები არ დგას და შესვლა თავისუფალია. დაბეჯითებით გირჩევთ, ეს აზრი თავიდან ამოიგდოთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მარშრუტზე მუშაობენ კონტროლიორები, რომლებიც არა მხოლოდ სამგზავრო ბილეთის წარდგენას მოგთხოვენ, არამედ შეამოწმებენ, დააკომპოსტირეთ თუ არა ის. ისინი ხშირად დგანან მეტროს გამოსასვლელებთან, სხვა ტრანსპორტის გაჩერებებზე. ბუდაპეშტში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 25 ათასი ფორინტია (თუ ადგილზე გადაიხდით, თანხა 12 ათასამდე შემცირდება, თუ 30-დღიან ვადაში ვერ ჩაეტევით, თანხა 50 ათასამდე გაიზრდება). ასე რომ, ბილეთის ყიდვა და კომპოსტირება გიჯობთ.
ბუდაპეშტში მგზავრობისას ფულის დაზოგვისთვის კი გირჩევთ:
- თუ უნგრეთის დედაქალაქში სამი დღით ჩადიხართ და ტრანსპორტის ხშირად გამოყენებას აპირებთ, 72-საათიანი სამგზავრო ბილეთი შეიძინეთ;
- თუ აეროპორტიდან რკინიგზის ან ავტობუსების სადგურზე წასვლას და ბუდაპეშტის დატოვებას აპირებთ, ან ცენტრში მდებარე სასტუმრომდე/აპარტამენტამდე მისვლა გსურთ, შემდეგ კი ფეხით ივლით, იყიდეთ ტრანსფერ-ბილეთი - ბილეთი გადაჯდომის უფლებით;
- თუ ძალიან აქტიური ტურისტი ხართ და მუზეუმებში სიარული გიყვართ, Budapest Card იყიდეთ;
- თუ სამნი ან ოთხნი მოგზაურობთ, 24-საათიანი ჯგუფური სამგზავრო ბილეთი შეიძინეთ და მნიშვნელოვან თანხას დაზოგავთ;
- თუ ერთი თვის განმავლობაში ბუდაპეშტში რამდენჯერმე აპირებთ ჩასვლას, 5/30 BKK 24-hour travelcard გჭირდებათ.
სამგზავრო ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მეტროს სადგურების სალაროებში (თუმცა ის ყველა სადგურში არაა), საგაზეთო ჯიხურებსა და ფოსტის განყოფილებებში. ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სამგზავრო ბილეთების შესაძენად ყველაზე მოსახერხებელი მაინც ავტომატებია. ისინი მეტროს ყველა სადგურზეა, აგრეთვე ცენტრში, მიწისზედა ტრანსპორტის თითქმის ყველა გაჩერებაზე. ავტობუსში საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე საბანკო ბარათით.
ეკრანის ქვედა ნაწილში სხვადასხვა ქვეყნის დროშებია ჩამწკრივებული, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ენა აირჩიოთ (სამწუხაროდ, ეს ქართულს არ შეეხება).
ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო ბილეთის ყიდვა ბუდაპეშტში ჩაფრენისთანავე, აეროპორტშივე შეგიძლიათ. 2A ტერმინალში სუფთა ზონიდან გახვალთ თუ არა, ბილეთების გაყიდვის დახლი ხელმარჯვნივ მდებარეობს.
თუ ავტობუსიდან, ტრამვაიდან ან ტროლეიბუსიდან ჩასვლას აპირებთ, გაჩერებამდე წინასწარ მიაჭირეთ თითი კართან არსებულ ღილაკს.
2. ტურისტული ბარათები
ბუდაპეშტში ეგრეთ წოდებული ტურისტული ბარათის - Budapest Card - შეძენაც შეგიძლიათ. არსებობს ერთდღიანი ბარათი - Budapest Card for 24 hours, ორდღიანი - Budapest Card for 48 hours, სამდღიანი - Budapest Card for 72 hours, ოთხდღიანი - Budapest Card for 96 hours, ხუთდღიანი - Budapest Card for 120 hours და სამდღიანის მეორე სახეობა - Budapest Card Plus for 72 hours,, რომელთა ღირებულება, შესაბამისად, 29, 43, 56, 69, 82 და 87 ევროა. მის მფლობელს გარდა უფასო მგზავრობისა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობით, შეუძლია უფასოდ მიიღოს მონაწილეობა ორ საქვეითო ექსკურსიაში (ინგლისურენოვანი გიდით), უფასოდ ეწვიოს ლუკაჩის საბანაოს, უფასოდ შევიდეს ზოგიერთ მუზეუმში და სხვა შეღავათებსაც ეზიაროს.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ სტატია Budapest Card.
3. ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი
მეტროპოლიტენის ხაზი ქალაქში 1886 წელს გაიხსნა. ამ თვალსაზრისით, ბუდაპეშტი პირველი ქალაქია კონტინენტურ ევროპაში, სადაც მეტრო გაჩნდა. უნგრეთის დედაქალაქის მეტროს 5 ხაზი აქვს, რომელთაგანაც ერთი მშენებარეა და ის ოთხივე დანარჩენს ხაზს დაუკავშირდება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი.
4. ავტობუსი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტის ავტობუსები, პირობითად, დღის და ღამის ავტობუსებად იყოფა. დღის ავტობუსების ნომრებია 5-დან 298-მდე და დადიან დილის 04:20-დან ღამის 23:20-მდე. ღამის ავტობუსების ნომრებია 901-999 და ისინი მოძრაობენ ღამის 23:40-დან დილის 04:20-მდე. თითოეულს ინდივიდუალური გრაფიკი აქვს.
როგორც წესი, ავტობუსები ყველა გაჩერებაზე ჩერდებიან. ასვლა ხორციელდება წინა კარიდან, ჩამოსვლა - უკანა კარიდან. დამატებით რეისებს ნომრის შემდეგ ასო A აწერიათ. ისინი მაშინ დადიან, როცა ძირითადი მარშრუტების განტვირთვაა საჭირო. არსებობს, აგრეთვე, ექსპრეს-ავტობუსები, რომლებიც მხოლოდ მარშრუტის მთავარ გაჩერებებზე ჩერდებიან. ასეთებს ნომრის შემდეგ ასო E აწერიათ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ავტობუსი №100Е და ავტობუსი №200Е. ისინი აეროპორტში მიგიყვანენ. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბუდაპეშტის აეროპორტი.
ავტობუსების ყველა მარშრუტი, გრაფიკი და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბუდაპეშტის ტრანსპორტის ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/.
5. ტრამვაი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტის ტრამვაის ხაზები ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ ტრამვაით მეტი ადამიანი სარგებლობს, ვიდრე მეტროთი. ლიანდაგებზე მოძრავი ტრამვაი ბუდაპეშტში პირველად 1866 წელს გაჩნდა, პირველი ელექტროტრამვაი კი - 1887 წელს.
ტრამვაის აქვს ნომრები 1-დან 69-მდე და მუშაობენ დილის 04:20-დან ღამის 00:20-მდე (გრაფიკი მარშრუტზეა დამოკიდებული). განრიგი გაჩერებებზეა გამოკრული. მოძრაობის ინტერვალი არ აღემატება 10 წუთს. ჩასხდომა ხდება წინა კარიდან, ჩამოსვლა - უკანა კარიდან.
ტრამვაის ყველა მარშრუტი, გრაფიკი და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბუდაპეშტის ტრანსპორტის ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/.
6. ტროლეიბუსი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში პირველი ტროლეიბუსი 1933 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ქალაქში მუდმივად ვითარდება ტროლეიბუსების ქსელი და ამჟამად პეშტის მთელ ტერიტორიას მოიცავს. უნგრეთის დედაქალაქში სულ ტროლეიბუსების 15 მარშრუტია. ტროლეიბუსში ასვლა ხორციელდება წინა კარიდან, ჩასვლა - უკანა კარიდან.
ბუდაპეშტში ტროლეიბუსები მოძრაობენ დილის 04:20-დან საღამოს 23:30-მდე. ღამით ისინი არ დადიან. ტროლეიბუსების ყველა მარშრუტი, გრაფიკი და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბუდაპეშტის ტრანსპორტის ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/. მათი გრაფიკი გაჩერებებზეც არის გამოკრული.
7. ელექტრომატარებელი ბუდაპეშტში
უნგრეთში რკინიგზას, ძირითადად, სახელმწიფო კომპანია MÁV განკარგავს. ბუდაპეშტში რამდენიმე სარკინიგზო გაჩერებაა. მათგან მთავარი სამია: კელეტი, ნიუგატი და დელი. HÉV (Helyiérdekű Vasút) - არის ბუდაპეშტის საგარეუბნო მატარებლები, ანუ საგარეუბნო ელექტრომატარებლები. HÉV-ის სისტემას მართავს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანია BKV და შედგება 5 სარკინიგზო ხაზისგან (H5, H6, Н7, Н8, Н9), რომლებიც ბუდაპეშტის ცენტრს გარეუბნებთან აკავშირებს.
ბუდაპეშტის ფარგლებში HÉV-ით მგზავრობისას მოქმედებს ბუდაპეშტის საზოგადობრივი ტრანსპორტის ბილეთები, გარეუბნებში მგზავრობისას კი ცალკე ბილეთი უნდა შეიძინოთ. ელექტრომატარებლები მოძრაობენ დილის 04:20-დან საღამოს 23:20-მდე. ზუსტ განრიგს შეიტყობთ სადგურებში ან კომპანია BKK-ს ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/. იქვე გაეცნობით სხვა დეტალებსაც.
საბავშვო რკინიგზა
ბუდაპეშტში მდებარეობს საბავშვო რკინიგზა, რომელიც 1948 წლიდან ფუნქციონირებს. ის იმ მიზნით გაკეთდა, რათა ბავშვები სარკინიგზო სპეციალობებს გასცნობოდნენ. ის ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მარშრუტი ტყეში და გორაკებიან ადგილებში გადის. მისი სიგრძე 11,7 კილომეტრია და მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზია, სადაც მოძრაობასა და კომერციულ მომსახურეობას ბავშვები ახორციელებენ.
გზაში 9 სადგურია. მგზავრობის ხანგრძლივობა - 40-50 წუთი. მთავარ სადგურში (Hűvösvölgy) მდებარეობს საბავშვო რკინიგზის მუზეუმი.
მგზავრობის ღირებულებაა:
- ერთჯერადი მგზავრობა მოზრდილებისთვის (+18) - 1000 ფორინტი;
- იქით-აქეთ მგზავრობა მოზრდილებისთვის (+18) - 1800 ფორინტი;
- ერთჯერადი მგზავრობა 6-18 წლის ბავშვებისთვის - 500 ფორინტი;
- აქეთ-იქით მგზავრობა 6-18 წლის ბავშვებისთვის - 900 ფორინტი;
- 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
დეტალებსა და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://gyermekvasut.hu/.
8. ფუნიკულიორი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტის ფუნიკულიორს "ბუდავარი შიკლოს" უწოდებენ (Budavári Sikló). მისი საშუალებით შეგიძლიათ ჯაჭვის ხიდთან ადამ კლარკის მოედნიდან ბუდას ციხეკოშკთან მოხვდეთ. გზის სიგრძე 100 მეტრია, სიმაღლეებს შორის სხვაობა - 48 მეტრი. ის აიგო 1870 წელს გრაფ სეჩენის ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ თავიდან ვაგონებს ორთქლის ძრავა ამოძრავებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფუნიკულიორი მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაახლოებით 40 წელი არ მუშაობდა. ის მხოლოდ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში აღადგინეს შემორჩენილი ესკიზების მიხედვით.
დღესდღეობით ფუნიკულიორი ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. იქიდან საუცხოო ხედები იშლება.
ფუნიკულიორი მუშაობს ყოველდღე დილის 08:00-დან საღამოს 22:00-მდე. მისი საშუალებით ბუდას ციხეკოშკამდე 95 წამში ახვალთ. ფუნიკულიორი გადის ყოველ 5-10 წუთში მგზავრთა მოთხოვნით.
ქვედა სადგურამდე მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №16, 105 ან ტრამვაით №19, 41, ზედა სადგურამდე კი - ავტობუსით №16, 16A, 116.
მგზავრობის ღირებულებაა:
- აქეთ-იქით მგზავრობა მოზრდილებისთვის (+15) - 3000 ფორინტი;
- იქით-აქეთ მგზავრობა 3-14 წლის ბავშვებისთვის (თუ 15-ის არ გამხდარა) - 2000 ფორინტი;
- 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
- თუ მხოლოდ ერთი მიმართულებით იმგზავრებთ, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე მიმართულებით მგზავრობისთვის ყიდვის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში.
დეტალებსა და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/travel-information/public-transport/funicular/.
9. საბაგირო ბუდაპეშტში
ბუდაპეშტში ფუნქციონირებს საბაგირო (Libegő). მისი საშუალებით შეგიძლიათ ახვიდეთ ან დაეშვათ იანოშის მთიდან. მუშაობს მხოლოდ კარგ ამინდში. მთაზე კარგი გადმოსახედი მოედანია. საბაგირო საკმაოდ ექსტრემალური სახის ტრანსპორტია და არ არის რეკომენდებული ხანში შესული ადამიანებისა და ოჯახებისთვის პატარა ბავშვებით.
საბაგირო გაიხსნა 1970 წელს. ტრასის სიგრძე 1040 მეტრია, სიმაღლეებს შორის სხვაობა - 262 მეტრი. მგზავრობის ხანგრძლივობა - 12 წუთი.
მგზავრობის ღირებულებაა:
- აქეთ-იქით მგზავრობა მოზრდილებისთვის (+19) - 2000 ფორინტი;
- იქით-აქეთ მგზავრობა 3-18 წლის ბავშვებისთვის (თუ 19-ის არ გამხდარა) - 1000 ფორინტი;
- 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
დეტალებსა და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/travel-information/public-transport/chairlift/.
10. ბორანი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტში მიედინება მდინარე დუნაი - ევროპის ერთ-ერთი მთავარი არტერია. ვინაიდან უნგრეთის დედაქალაქის სასახლეები, ეკლესიები, საინტერესო შენობები და პარკები წინა ფასადით დუნაისკენაა მიმართული, მდინარეზე გასეირნება ქალაქის სტუმრების საექსკურსიო პროგრამის აუცილებელი პუნქტი გახდა.
ბორანი - ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობაა. 2019 წლიდან ზოგიერთი ბორნის მოძრაობა შეიზღუდა. უცვლელად დადის მხოლოდ ბორანი D14 Csepel-Királyerdő-დან Soroksár, Molnár-sziget-მდე. ბორნის მუშაობის საათებია 07:00-20:00. მოძრაობის ინტერვალი - 30 წთ.
მგზავრობის ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 170 ფორინტი;
- მოსწავლეებისა და პენსიონერებისთვის - 110 ფორინტი;
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ბარათები, რომლებიც შეიძინეთ ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის.
დეტალებსა და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/travel-information/public-transport/boat-services/.
11. ტაქსი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტში ტაქსის მანქანებს ყვითელი სანომრე ნიშნები და ყვითლად განათებული ფირფიტები აქვთ სახურავზე. ყველა მათგანი აღჭურვილია ტაქსომეტრით.
მგზავრობის ღირებულების დათვლა ხდება შემდეგნაირად: ჩასხდომის საფასური + თანხა ყოველ კილომეტრზე მრიცხველის მიხედვით. ხშირად ამას ემატება ლოდინის თანხაც, ამასთან ლოდინად ითვლება, აგრეთვე, გადაადგილება 15კმ/სთ-ზე ნაკლები სიქარით.
ოფიციალური ტარიფი ასეთია:
- ჩასხდომა - 1000 ფორინტი;
- ყოველი კილომეტრის გავლა - 400 ფორინტი;
- ლოდინის ყოველი წუთი - 100 ფორინტი;
დეტალებსა და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/travel-information/cars-and-freight-transport/taxi-services/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია