უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის შთამბეჭდავი ხიდები

ბუდაპეშტის ხიდები აუცილებლად იმსახურებს იმას, რომ მათ შესახებ ცალკე მოგითხროთ. ხიდი ისედაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ქალაქისთვის, მნიშვნელოვანი ორიენტირია, მისი ორი ნაწილის შემაერთებელია, არქიტექტურის რომელიმე სტილის ნიმუშია. ამ ყველაფერთან ერთად, ბუდაპეშტის ხიდები ის ადგილია, სადაც მსოფლიო რეკორდები მყარდება და საიდანაც შესანიშნავი სურათების გადაღება შეიძლება. მას შემდეგ, რაც ამ სტატიას წაიკითხავთ, ან საკუთარი თვალით იხილავთ ამ ხიდებს, დარწმუნდებით, რომ ბუდაპეშტის ხიდები მართლა შთამბეჭდავი და ულამაზესია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბუდაპეშტის ორ ნაწილს, წარსულში კი ორ დამოუკიდებელ ქალაქს, ათამდე ხიდი აერთებს. მათი უმეტესობა მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული შედევრია. მოგითხრობთ რამდენიმე მათგანის შესახებ.


სტატიის შინაარსი


1. სეჩენის ჯაჭვის ხიდი

2. ერჟებეტის ხიდი

3. თავისუფლების ხიდი

4. მარგიტის ხიდი

5. სხვა ხიდები


1. სეჩენის ჯაჭვის ხიდი


ჯაჭვის ხიდს სეჩენის სახელი XIX საუკუნის ცნობილი უნგრელი პოლიტიკოსის, რეფორმატორისა და მწერლის, გრაფ იშტვან სეჩენის პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც მნიშვნელოვანი თანხა და ენერგია დახარჯა მის შესაქმნელად. ხიდი 1849 წელს გაიხსნა და იმ დროს მსოფლიოს უგრძეს ხიდად მიიჩნეოდა. მისი ცენტრალური მალი 202 მეტრია.



ჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტის პირველი ხიდი იყო, ამიტომ მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქელებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის. პროექტის ავტორია ბრიტანელი ინჟინერი უილიამ კლარკი. ეს არის ერთგვარი ასლი მის მიერვე დიდი ბრიტანეთის ქალაქ მარლოში აგებული "მარლოს ხიდისა".



ხიდს ლომები გახსნიდან სამი წლის შემდეგ დაამატეს. ისინი მოქანდაკე იანოშ მარშალკომ შექმნა. ერთ-ერთი ანეკდოტის თანახმად, მას ლომებისთვის ენის გაკეთება დაავიწყდა. როდესაც ქალაქში მითქმა-მოთქმა ატყდა, მოქანდაკემ თითქოს სირცხვილს ვეღარ გაუძლო და დუნაიში გადაეშვა, მანამდე კი ბიჭს, რომელმაც უსაყვედურა, დაუყვირა: "დაე, შენს ცოლს ჰქონდეს ისეთივე ენა, როგორიც ჩემს ლომებს აქვთ!" ცხადია, ამ ლომებს ენა აქვთ, ოღონდ სამი მეტრის სიმაღლეზე ქვემოდან არ ჩანს.



სეჩენის ჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტის ერთ-ერთი სიმბოლოა. 2001 წელს უნგრელმა მფრინავმა პეტერ ბეშენეიმ ამ ხიდქვეშ გადატრიალებული თვითმფრინავით გაიფრინა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ხიდი ააფეთქეს, მაგრამ ომის შემდეგ უნგრელებმა ის კვლავ აღადგინეს.



ხიდი იმ ბორცვის პირდაპირ მდებარეობს, რომელზეც სამეფო სასახლეა აღმართული.


2. ერჟებეტის ხიდი


ამ ხიდს სახელი ელისაბედ (უნგრულად - ერჟებეტ) ბავარიელის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლე და უნგრეთის დედოფალი-კონსორტი იყო. მას ძალიან უყვარდა უნგრული კულტურა, ისტორია, ენა და ლიტერატურა, რაც მადლიერმა ხალხმა ასე დაუფასა.


ერჟებეტის დაკიდული ხიდი 1897-1903 წლებში ააშენეს. აი, ასე გამოიყურებოდა ის თავიდან:



ეს ორიგინალური ხიდი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ააფეთქეს უკან დახევისას. ერჟებეტის ხიდი ერთადერთია ბუდაპეშტში, რომლის საწყისი ფორმით აღდგენა არ მოხერხდა. ახალი ხიდის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა. ახლა მას უფრო მარტივი ფორმა აქვს და უფრო განიერია.



ხიდი დუნაის ყველაზე ვიწრო ადგილასაა აშენებული, ამიტომ გრძელი არაა. ამჟამად მისი სიგრძე 290 მეტრია, სიგანე - 27.1 მეტრი.


2009 წელს ხიდზე განათება დააყენეს იაპონელი სპეციალისტის მოტოკო იიშის პროექტის მიხედვით და ახლა ის ღამის საათებში ლამაზად ანათებს, ეროვნული დღესასწაულების დროს კი მასზე უნგრეთის დროშის ფერები მოჩანს.



2005 წელს ერჟებეტის ხიდზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა მკოცნელთა რაოდენობის მიხედვით. ამ აქციაში 5875 წყვილი მონაწილეობდა, რაც გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.



ბუდას მხრიდან ერჟებეტის ხიდი გელერტის ბორცვის ძირში მდებარეობს. პეშტის მხრიდან მასთან მისასვლელად უნდა ჩამოხვიდეთ მეტროს სადგურზე, სახელწოდებით Ferenciek tér. ხიდის ორივე მხარეს ტრამვაიც მოძრაობს: პეშტის მხრიდან - ნომერი 2, ბუდას მხრიდან - ნომერი 18, 19, 41.






3. თავისუფლების ხიდი


ეს "ხიდი ვამჰაზის მოედანზე" აშენდა 1894-1896 წლებში იანოშ ფეკეტეჰაზის პროექტის მიხედვით. აი, როგორ გამოიყურებოდა იგი 1902 წელს:



მან რამდენიმე სახელი გამოიცვალა. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა ხიდი ააფეთქეს, თუმცა ის ერთ წელიწადში აღადგინეს. სწორედ მაშინ ეწოდა მას თავისუფლების ხიდი. ამჟამად ის ასე გამოიყურება:



თავისუფლების ხიდი რკინისგანაა დამზადებული. მისი სიგრძე 333 მეტრია, სიგანე - 20 მეტრი. აი, რას ამბობდა მისი არქიტექტორი: "ახალი ხიდის შექმნისას ჩემი ამოცანა იყო უბრალოება, სილამაზე და ეკონომია". მზეზე უნგრეთის პირველი მეფის, წმინდა იშტვანის, გვირგვინი ბზინავს, ხიდის ოთხ წვეროს ტურულები ამშვენებს. ტურული ფრინველია უნგრული მითოლოგიიდან.




თქმულების თანახმად, ტურულები ღვთის მაცნეები არიან. ისინი ყველაზე მეტად შავარდენს ჰგვანან.



პეშტის მხრიდან ხიდთან ახლოს ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზარია, ბუდას მხრიდან - გელერტის საბანაოები. მის სიახლოვეს მდებარეობს მეტროს სადგური (M4 ხაზი) Fővám tér.


ასე გამოიყურება თავისუფლების ხიდი ღამით:



ახლა ჩვენი სტატიის ბოლო, მეოთხე ხიდზე გადავდივართ.


4. მარგიტის ხიდი


მარგიტის ხიდი ბუდაპეშტის ერთ-ერთი უძველესი ხიდია. მისი მშენებლობა 1872 წელს დაიწყო და 1876 წელს დასრულდა. პროექტის ავტორია ფრანგი ინჟინერი ერნესტ გუენი.



ხიდი შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთს კუნძულ მარგიტზე უერთდებიან 165-გრადუსიანი კუთხით.



მეორე მსოფლიო ომის დროს, ბუდაპეშტის სხვა ხიდების მსგავსად, მარგიტის ხიდიც დაინგრა, ოღონდ ეს 1945 წელს კი არა, 1944 წელს მოხდა - შემთხვევითმა აფეთქებამ ხიდი დაანგრია, რასაც 600 ადამიანი ემსხვერპლა.



2009-2011 წლებში კიდევ ერთხელ განახორციელეს ხიდის რეკონსტრუქცია.


სტატიის ბოლოს ბუდაპეშტის კიდევ სამი, შედარებით ახალი ხიდის სურათებს შემოგთავაზებთ.


5. სხვა ხიდები


მედიერის ხიდი:



ხიდი აგებულია 2008 წელს.



რაკოცის ხიდი:



ხიდი აგებული 1995 წელს. მისი თავისებურება ისაა, რომ 35 მეტრის სიმაღლეზე სარკეებია დაყენებული გზის გასანათებლად.



არპადის ხიდი:





© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!