ბუდას ციხედარბაზი ბუდაპეშტის ისტორიული და კულტურული, თანაც ძალზე საინტერესო ძეგლია. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო. ბუდას სასახლეში განთავსებულია მუზეუმები, სხვა არქიტექტურული კომპლექსები, შადრევნები და სხვა. იმ ბორცვის ძირში, რომელზეც ბუდას ციხესიმაგრე დგას, დუნაიზე სეჩენის ჯაჭვის ხიდია გადებული, რომლითაც პეშტში შეიძლება მოხვედრა. სხვათა შორის, ბუდას ციხედარბაზი, იგივე სამეფო სასახლე, იმითაც არის ცნობილი, რომ იქ ყოველწლიურად იმართება ხელობათა ფესტივალი, ლუდის ფესტივალი და ღვინის ფესტივალი.
ბუდას ციხეკოშკის მოკლე ისტორია
ბუდას ციხესიმაგრე დუნაის ნაპირზე XIII საუკუნის შუა წლებში აიგო უნგრეთის მეფე ბელა IV-ის ბრძანებით, მონღოლ-თათართა შემოსევებისგან თავდასაცავად. მის კედლებს შიგნით და გარეთ თანდათან ქალაქი გაჩნდა, სახელწოდებით "ბუდა". მოგვიანებით ის პეშტსა და ობუდას შეერწყა და უნგრეთის დედაქალაქი გახდა.
წლების შემდეგ ბუდა მეფე სიგიზმუნდ I-მა და მეფე მატიაშმა გააფართოეს. თუმცა მას მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდა. 1526 წელს უნგრეთი ოსმალებმა დაიპყრეს და ბუდამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა და დაკნინდა. მისი რესტავრაცია მხოლოდ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო და 1749 წელს დასრულდა.
1849 წელს ბუდას ციხესიმაგრე არტურ გერგეის რევოლუციონერთა არმიამ გადაწვა. ახლის მშენებლობა 1875 წელს დაიწყო უნგრელი არქიტექტორის მიკლოშ იბლის პროექტით და 1912 წელს დასრულდა.
ბუდას განახლებული ციხეკოშკი ულამაზესი იყო ევროპაში. მაგრამ ჯერ ჰაბსბურგები ჩამოაგდეს ტახტიდან, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ბუდა გერმანელმა ფაშისტებმა დაიკავეს. გამათავისუფლებელი ბრძოლების შედეგად ციხესიმაგრისგან თითქმის არაფერი დარჩა. კიდევ ერთი რეკონსტრუქცია თითქმის მაშინვე დაიწყეს და 80-იანი წლებისთვის დაასრულეს, თუმცა ცალკეული სარესტავრაციო სამუშაოები დღესაც გრძელდება.
ჩვენს დროში ბუდას ციხეკოშკი ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ერთგვარი "ქალაქი ქალაქში". სადაც ბევრი საინტერესო ობიექტია:
- შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები;
- სამეფო სასახლე;
- შანდორის ნეოკლასიკური სასახლე - 2003 წლიდან აქ უნგრეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. მის წინ ყოველდღე, 12 საათიდან, ყარაულის ცვლა ტარდება, რაც საინტერესო სანახაობაა;
- მატიაშის ეკლესია ნეოგოტიკურ სტილში;
- უნგრეთის ეროვნული გალერეა, სადაც ხელოვნების 100 ათასზე მეტი ნიმუშია თავმოყრილი;
- ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი.
ბუდას ციხეკოშკის ტერიტორიაზე მრავალი ქანდაკება და შადრევანია. მათ შორის გამოირჩევა ბრინჯაოს ფრინველი ტურული, რომელსაც კლანჭებით ბარბაროსების ბელად ატილას ლეგენდარული ხმალი უჭირავს. თქმულების თანახმად, სწორედ ტურულმა მიასწავლა მომთაბარე ტომებს თანამედროვე ბუდაპეშტის ცენტრისკენ მიმავალი გზა.
კიდევ ერთი ქანდაკება ავსტრიელ მხედართმთავარს, გენერალისიმუს ევგენი სავოიელს გამოსახავს, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.
ბუდას ციხესიმაგრე ყოველდღე მასპინძლობს სტუმრებს, ნაციონალური გალერეა და ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი კი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
ნაციონალურ გალერეაში ბილეთის ღირებულება:
- მუდმივ გამოფენაზე: მოზრდილებისთვის - 3400 ფორინტი, ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1700 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი 6 წლამდე ბავშვებისთვის, ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის და Budapest Card-ის მფლობელებისთვის;
- დროებით გამოფენაზე: მოზრდილებისთვის - 3800 ფორინტი, ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1900 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი 6 წლამდე ბავშვისთვის და ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის;
ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმში ბილეთის ღირებულება:
- მოზრდილებისთვის - 2400 ფორინტი, ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1200 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი 6 წლამდე ბავშვებისთვის, ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
ბუდას ციხესიმაგრის მისამართია: Szent György tér 2, 1014. (წმინდა გიორგის მოედანი)
ბუდას ციხესიმაგრეში მოხვედრა შეიძლება ფეხით, ავტობუსით - №16, 16A, 105 და 116, ტრამვაით - №19, 410 ან ფუნიკულიორ "შიკლოთი".
აქ განთავსებული მუზეუმები ორშაბათობით არ მუშაობს.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ ბუდას ციხეკოშკის ოფიციალურ საიტზე: https://budacastlebudapest.com/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია