ცვინგერის სასახლე დრეზდენის ცენტრში მდებარე შენობების კომპლექსია. მისი სამი მხარე XVIII საუკუნეში ააშენეს ავგუსტ II ძლიერის ბრძანებით და ბაროკოს თვალსაჩინო ნიმუშია. ამ შედევრის ავტორები არიან არქიტექტორი მათეუს დანიელ პეპელმანი და მოქანდაკე ბალთაზარ პერმოზერი. მეოთხე მხარე კი XIX საუკუნის შუა წლებში ააგეს ცნობილი არქიტექტორის, გოტრფიდ ზემპერის პროექტის მიხედვით. ცვინგერი სიტყვასიტყვით "გალიას" ნიშნავს. ძველად ევროპაში ცვინგერს ქალაქის შიგა და გარე კედლებს შორის არსებულ ტერიტორიას უწოდებდნენ. ის თავდაცვითი მიზნით გამოიყენებოდა: როდესაც მტერი მთავარ კარიბჭეს აიღებდა, ის ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდებოდა - გალიაში, ხაფანგში, სადაც მისი განადგურება ძნელი აღარ იყო. მაგრამ დრეზდენში ის არისტოკრატების დასართობი და თავშესაქცევი ადგილი უფრო იყო. აქ იმართებოდა რაინდთა ტურნირები, მეჯლისები, აღლუმები, საზეიმო მიღებები. აქვე იყრიდა თავს იარაღის კოლექციების ექსპონატები და ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები.
ცვინგერის სასახლე პავილიონებისგან, გალერეებისგან, მუზეუმებისგან და შადრევნებისგან შედგება. გირჩევთ, მისი დათვალიერება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით დაიწყოთ. თუ ეზოში Theaterplatz-იდან (თეატრის მოედნიდან) შეხვალთ და იარაღის დარბაზს გასცდებით, ჯერ "გერმანული პავილიონი" შეგხვდებათ.
შემდეგ "ზარების პავილიონი" მოდის, რომელიც ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი ფაიფურის საათით.
ყოველ 15 წუთში ერთხელ ორმოცი ზარი გერმანელი კომპოზიტორების მიერ შექმნილ კლასიკურ მელოდიებს ასრულებს. ზარები მეისენის ფაიფურის ფაბრიკაშია დამზადებული. ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს გერმანელები გლოკენშპილს უწოდებენ. ის გერმანიის ბევრ ქალაქში გვხვდება. ყველაზე დიდი ბერლინშია, ტირგარტენის პარკში.
"ზარების პავილიონს" მოჰყვება "ფაიფურის პავილიონი", იგივე ფაიფურის მუზეუმი, სადაც ფაიფურის სამეფო კოლექციაა განთავსებული.
აქ თავმოყრილია XVIII საუკუნეში შეძენილი ჩინური და იაპონური ფაიფურის ძვირფასი ნიმუშები, ნახავთ იმარის ნაკეთობებს, მინისა და ცინის დინასტიების ფაიფურს. მუზეუმში არის, აგრეთვე, მეისენის ფაიფური. სულ დაახლოებით 20 ათასი ნივთია.
ცვინგერის მშვენებაა გვირგვინიანი შესასვლელი (Kronentor). ეს გახლავთ იტალიური ბაროკოს სტილის ორიარუსიანი თაღი, რომელიც ანტიკური ღმერთების ქანდაკებებითაა შემკული, თავზე კი პოლონეთის მოოქროვილი გვირგვინი ადგას, ვინაიდან იმ დროს ავგუსტ ძლიერი პოლონეთის მეფეც იყო. კრონენტორი ცვინგერის მთავარი სიმბოლოა.
შემდეგ მოდის ფიზიკა-მათემატიკის სალონი (მუზეუმი).
მუზეუმი წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ მოახერხა კაცობრიობამ ისეთი პარამეტრების გაზომვა, როგორიცაა სიგრძე, ტემპერატურა, წონა, მანძილი და მოცულობა. აქვეა უძველესი რუკები, გლობუსები, ასტრონომიული ხელსაწყოები, საათი, რომელიც დედამიწის ნებისმიერი ქალაქის დროს უჩვენებს (სულ 2 ათასამდე ექსპონატია). მუზეუმის განსაკუთრებული სიამაყეა პასკალინა - 1650 წელს შექმნილი შემკრები ხელსაწყო, ბლეზ პასკალის მიერ გამოგონებული გამომთვლელი მანქანის პროტოტიპი.
კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა "კედლის პავილიონია".
პირველი სართულის კიბეს ოვალურ დარბაზში მივყავართ, სვეტებისა და თაღოვანი ფანჯრების თანაბარი რიგები ქანდაკებებითაა დამშვენებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი სახლის მფლობელი, ავგუსტ II ძლიერია. იმპერატორი მითოლოგიური გმირივითაა გამოსახული - ეს არის ნახევარღმერთი ჰერაკლე. მას მხრებით დედამიწა უჭირავს.
ახლა კი "ფრანგული პავილიონის" ჯერიც დადგა.
"ფრანგული პავილიონის" მიღმა მყუდროდ განთავსებულა "ნიმფების საბანაო" (ან "ნიმფების ბანაობა"), რომელშიც ჰარმონიულად შერწყმულა საზეიმო დიდებულება და ინტიმური ატმოსფერო:
დაბოლოს, "ძველი ოსტატების გალერეა". ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ის დრეზდენის სამხატვრო გალერეის სახელითაა ცნობილი.
ეს მუზეუმი თავისი 750 ნახატით მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გალერეად მიიჩნევა. მასში ინახება XV-XVIII საუკუნეების მხატვრების ნამუშევრები, ძირითადად, იტალიური, აგრეთვე, ჰოლანდიური და ფლამანდიული ხელოვნების ნიმუშები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რაფაელის "სიქსტის მადონა", ჯორჯონეს "მძინარე ვენერა", ტიციანის, რუბენსის, რემბრანდტის, დიურერისა და სხვა ცნობილი მხატვრების შედევრები.
ცვინგერის სასახლის მისამართია: Theaterplatz 1.
მუშაობის გრაფიკია:
- ეზოსა და პარკში შესვლა შესაძლებელია დილის 6 საათიდან;
- პარკი იკეტება: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით 22:00-ზე, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით 20:00-ზე;
- სასახლის მუზეუმები მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
ბილეთის ღირებულებაა:
- სასახლის პარკსა და გარე გალერეებში შესვლა უფასოა;
- ცვინგერ-ბილეთი (Zwinger-Ticket) შესაძლებლობას იძლევა, დაათვალიეროთ ძველი ოსტატების გალერეა, ფიზიკა-მათემატიკის სალონი, ფაიფურის მუზეუმი და ღირს - მოზრდილებისთვის 14 ევრო, პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის 10,50 ევრო, 17 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა;
- მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკის სალონის/ფაიფურის მუზეუმის დათვალიერება: მოზრდილებისთვის 6 ევრო, პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის 4,50 ევრო;
- ერთდღიანი ბილეთი, რომლითაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა მუზეუმი, გარდა "ისტორიული მწვანე კამარისა" (Historisches Grünes Gewölbe): მოზრდილებისთვის - 24 ევრო, 17 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოა.
მისასვლელად ისარგებლეთ: ტრამვაით №3, 7 - გაჩერება Postplatz, №1, 2, 4, 8, 9, 11, 12 - გაჩერება Theaterplatz; ავტობუსით Dresden-Bühlau, მარშრუტი 11 - გაჩერება Postplatz, ან ავტობუსით Dresden-Prohlis, მარშრუტი 2 - გაჩერება Postplatz; ელექტრომატარებლით S-Bahn, მარშრუტი S4, S8, S9 - გაჩერება Theaterplatz.
ცვინგერის სასახლის ოფიციალური საიტია: skd.museum/en/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.