გელერტის მთას ხშირად ბორცვს უწოდებენ, რადგან მისი სიმაღლე მხოლოდ 235 მეტრია. მას ეს სახელი უნგრელი განმანათლებლისა და კათოლიკე წმინდანის პატივსაცემად უწოდეს, რომლის ქანდაკებაც მთის ფერდობზე დგას და კარგად მოჩანს დუნაიზე მდინარის ტრამვაით გასეირნებისას. გელერტის მთიდან საუცხოო ხედი იშლება. იქიდან ქალაქს თითქოს ზემოდან დაჰყურებთ. აქ მრავალი ღირსშესანიშნაობაა. გელერტის მთას ჩამოსული ტურისტების უმეტესობა სტუმრობს. ის საუკეთესო ადგილია ფოტოსურათების გადასაღებად.
ციტადელი
XVIII საუკუნეში უნგრელებს ამ მთის ფერდობებზე ყურძენი მოჰყავდათ და ჰაბსბურგებისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ. მოგვიანებით სცადეს კიდეც ამის გაკეთება, თუმცა წარუმატებლად. ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა, როგორც უნგრელების აჯანყება 1849-1850 წლებში. მისი ჩახშობის შემდეგ ვენაში გადაწყვიტეს, ბუდაპეშტში ციხესიმაგრე აეშენებინათ და ამისთვის გელერტის მთა შეარჩიეს, საიდანაც ქვემეხებს ბუდასაც მიაწვდენდნენ და პეშტსაც. ასე გაჩნდა ციტადელი.
ციხესიმაგრეში ავსტრიელთა გარნიზონი ჩააყენეს, თუმცა 1867 წელს დუალისტური მონარქიის დამყარებისა და ავსტრია-უნგრეთის შექმნის შემდეგ ციტადელმა ფუნქცია დაკარგა. ბუდასა და პეშტის მოსახლეობას მისი მიწასთან გასწორება სურდა, მაგრამ მხოლოდ ალაყაფის კარის მონგრევით დაკმაყოფილდა.
თავისუფლების ქანდაკება
ციტადელიდან ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით მაღალი ძეგლი დგას, რომელიც ქალაქის მრავალი წერტილიდან მოჩანს. ბუდაპეშტის თავისუფლების ქანდაკება გელერტის მთაზე 1947 წელს აღმართეს ნაცისტებისგან უნგრეთის გათავისუფლების აღსანიშნავად, კომპოზიციის ცენტრში 26-მეტრიან კვარცხლბეკზე ბრინჯაოში ჩამოსხმული ქალის 14-მეტრიანი ქანდაკება დგას, რომელსაც თავზემოთ პალმის ტოტი უჭირავს.
მთავარი ქანდაკების გვერდით კიდევ ორი სკულპტურა მოჩანს.
გელერტის მთიდან საუცხოო ხედი იშლება და მშვენივრად მოჩანს ბუდაპეშტის ხიდები და მთავარი ღირსშესანიშნაობები.
ფილოსოფიური ბაღი ბუდაპეშტში
სინამდვილეში "ფილოსოფიური ბაღი" პატარა მოედანია, სადაც ბრინჯაოს 8 ქანდაკება დგას.
ხუთი მათგანი - აბრაამი, ბუდა, იესო, ლაო-ძი და ეხნატონი - მრგვალ კვარცხლბეკზე აღუმართავთ, რომლის შუაშიც პატარა ბურთულაა (დედამიწა). იქვე მოჰანდას განდი, დარუმა (ბოდჰიდჰარმა) და ფრანცისკ ასიზელი დგანან. ფილოსოფიური ბაღი ბუდაპეშტში გელერტის მთაზე 2001 წელს გაჩნდა. მისი ავტორი უნგრელი მოქანდაკე ნანდორ ვაგნერია.
იესოსა და ბუდას წარდგენა არ სჭირდებათ. ამიტომ მხოლოდ დანარჩენებზე ვთქვათ ორი სიტყვა: აბრაამი - ბიბლიური პერსონაჟია, რომელიც ებრაელი ხალხის წინაპრად მიიჩნევა; ლაო-ძი - ჩინელი ფილოსოფოსი (VI-V საუკ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე), დაოსიზმის ფუძემდებელი; ეხნატონი - ეგვიპტის ფარაონი, რომელმაც ქვეყანაში დიდი რელიგიური რეფორმა განახორციელა და ღმერთ ატონის კულტი შემოიღო; ბოდჰიდჰარმა - ბუდიზმის მიმდევარი (VI საუკ.), ჩანის მოძღვრების დამაარსებელი; მოჰანდას განდი - თანამედროვე ინდოეთის ცნობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ე.წ. არაძალადობრივი ფილოსოფიის ავტორი; ფრანცისკ ასიზელი - ფრანცისკანელთა ორდენის დამაარსებელი (XII-XIII საუკ.), წმინდანი.
ბუდასა და პეშტის შეხვედრა
ფილოსოფიური ბაღიდან 200 მეტრის დაშორებით სკულპტურული კომპოზიცია დგას, რომელსაც "ბუდასა და პეშტის შეხვედრას" უწოდებენ. ის უნგრულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "მეფე ბუდა და დედოფალი პეშტი". მარტა ლეშენის ქანდაკება 1982 წელს დაიდგა. მის ქვემოთ გელერტის მთის ქვეშ მდებარე წყალსაცავია.
კომპოზიცია ბუდაპეშტის ორ მხარეს განასახიერებს, რომლებსაც დუნაი ჰყოფთ. ბევრს ჰგონია, რომ ის ბუდაპეშტის შექმნას ეძღვნება, მაგრამ ეს ასე არაა, ვინაიდან ბუდაპეშტი სამი ქალაქის - ბუდას, პეშტისა და ობუდას - შერწყმით შეიქმნა 1873 წელს.
გელერტის მთაზე მღვიმეა (მას ხშირად წმინდა იოანეს სახელით მოიხსენიებენ, იქ, ვითომდა, ოდესღაც მცხოვრები ბერის პატივსაცემად), რომელშიც მოქმედი ეკლესიაა განთავსებული. მღვიმე მთის ძირში მდგარ პაულინების მონასტერს უკავშირდება.
გელერტის მთის ძირში მისასვლელად ისარგებლეთ:
- ერჟებეტის ხიდის მხრიდან: ავტობუსით - №8E, 108E, 110, 112, გაჩერება Döbrentei tér; ტრამვაით - №19, 41, 56, 56A, გაჩერება Rudas Gyógyfürdő.
- თავისუფლების ხიდის მხრიდან: მეტროთი - მწვანე M4 ხაზი, გაჩერება Szent Gellért tér; ავტობუსით - №7, გაჩერება Szent Gellért tér M; ტრამვაით - №19, 41, 47, 49, 56, 56A, გაჩერება Szent Gellért tér M.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია