უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ნეაპოლი ერთ დღეში

ნეაპოლი, კამპანიის რეგიონის დედაქალაქი, ულამაზესი და იტალიის გამორჩეული ქალაქია თავისი სამზარეულოთი, კონტრასტებით, უამრავი ეკლესიითა და ძველი ციხესიმაგრეებით. ქალაქის მეტროპოლიტენი კი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში. რატომღაც მასზე გაცილებით ნაკლები ინფორმაციაა ინტერნეტში, ვიდრე რომზე, მილანზე, ფლორენციასა თუ ვენეციაზე. ამიტომ შემოგთავაზებთ მარშრუტს, რომელიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად დაათვალიეროთ ნეაპოლი ერთ დღეში, თუმცა თავიდანვე გეტყვით, რომ ამ ქალაქში იმდენი ღირსშესანიშნაობაა, რომ ყველაფრის სანახავად და გულდასმით გასაცნობად ერთი დღე კი არა, ერთი კვირაც არ გეყოფათ. გაცილებით ბევრს მოასწრებთ, თუ საექსკურსიო ტრანსპორტს გამოიყენებთ, როგორიცაა Citysightseeing Napoli. გადაიხდით დაახლოებით 24 ევროს და არც ღირსშესანიშნაობების ძებნა დაგჭირდებათ და არც მარშრუტის დაგეგმვა (იხ. ნეაპოლის საექსკურსიო ტრანსპორტი). მათ, ვისაც ეს გეძვირებათ, ვთავაზობ ალტერნატიულ ვარიანტს.


ექსკურსია დავიწყოთ გარიბალდის მოედნიდან ამავე სახელწოდების რკინიგზის სადგურიდან და დავასრულოთ სანტ-ელმოს ციხესიმაგრესთან ვომეროს ბორცვზე. გასეირნება გათვლილია 7 კილომეტრზე და შეიცავს ნეაპოლის მსოფლიოში ულამაზესი მეტროპოლიტენის სადგურების მონახულებასაც და ფუნიკულიორით მგზავრობასაც.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





გარიბალდის მოედნიდან (Piazza Garibaldi) მეტროში ჩავიდეთ და ხუთი ყველაზე საინტერესო სადგური გავიაროთ - Universita, Municipio, Toledo, Dante, Museo კავურის მოედნამდე (Piazza Cavour). ის ერთ-ერთია ნეაპოლის 12 ისტორიული მოედნიდან.



ამ მოედანზე მდებარეობს ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ინახება მრავალი ძვირფასი საგანი. მუზეუმში არის, აგრეთვე, "საიდუმლო კაბინეტი" რომის ეპოქის ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ნივთებითა და ფრესკებით.



დეტალურად ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ =>>


ახლომდებარე ქუჩების ლაბირინთში მოვძებნოთ Via Duomo, რომელიც მიგვიყვანს XIII საუკუნის წმინდა იანუარიუსის საკათედრო ტაძრამდე.



აქ იხილავთ ქალაქის ზეციური მფარველის ოქროს ბიუსტს, რომლის "თავშიც" წმინდა იანუარიუსის თავის ქალის ნაწილები ინახება.


დეტალურად წმინდა იანუარიუსის ტაძრის შესახებ =>>


Via Duomo-ს მართობულად გადის Via dei Tribunali - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი, ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ცნობილი ქუჩა. მასზე, ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, აღმართულია XVII საუკუნის ტაძარი პიო მონტე დელლა მიზერიკორდია (Pio Monte della Misericordia).



ეკლესიაში მოთავსებულია კარავაჯოს ცნობილი ნახატი "წყალობის შვიდი საქმე", აგრეთვე XV-XIX საუკუნეების სხვა ფერწერული ტილოები.



ახლომდებარე ბაზილიკებიდან გამოვყოფთ სან-ლორენცო მაჯორეს ეკლესიას, სადაც იხილავთ ჯოტოს ნეაპოლელი მოწაფეების ფრესკებს, და სან-პაოლო მაჯორეს ეკლესიას.


ამ ორ ეკლესიას შორის სან-გაეტანოს მოედანია. იქვეა ცნობილი ნეაპოლის კატაკომბები (Napoli Sotterranea).





კატაკომბებში შესვლა (40 მეტრის სიღრმეზე) ფასიანია (13 ევრო) და ხდება მხოლოდ გიდის თანხლებით.


მიწისქვეშა ქალაქიდან საფეხმავლო ქუჩით Via San Gregorio Armeno მიხვალთ ამავე სახელწოდების ეკლესიასთან, რომელშიც განთავსებულია მუსიკალური ლიტურგიული ინსტრუმენტების კოლექია, ხელნაწერთა არქივი და წმინდანთა წმინდა ნაწილები. Via San Gregorio Armeno მიგიყვანთ ქალაქის უძველეს, 2-კილომეტრიან სპაკანაპოლის ქუჩამდე (ითარგმნება, როგორც "ნეაპოლის შუაზე გამყოფი"), რომელსაც რუკაზე ვერ ნახავთ, ვინაიდან ის ერთმანეთზე გადაბმული ორი თანამედროვე ქუჩაა (Via San Biagio dei Librai, Via Benedetto Croce).



სეირნობისას არ გამოგრჩეთ სან-სევეროს კაპელა, სადაც თავმოყრილია XVIII საუკუნის საფლავზე დადგმული ქანდაკებების კოლექცია. მას მიაგნებთ, თუკი სპაკანაპოლის ქუჩიდან Via Nilo-ზე შეუხვევთ ნილოსის ღმერთის ქანდაკებასთან და მიხვალთ ქუჩამდე Via de Sanctis Francecso.



დავუბრუნდეთ სპაკანაპოლის ქუჩას სან-დომენიკო მაჯორეს ეკლესიის კედლების გაყოლებაზე. აქ განთავსებულ ნეაპოლის უნივერსიტეტში ოდესღაც სწავლობდნენ თომა აქვინელი, ჯორდანო ბრუნო და ტომაზო კამპანელა.



თუ სპაკანაპოლით განაგრძობთ გზას, აღმოაჩენთ უჩვეულო ეკლესიას Gesù Nuovo (ჯეზუ ნუოვო), რომლის კედლების ქვებიც დაწახნაგებულ ბრილიანტებს მოგაგონებთ. ბაზილიკაში სარკოფაგში დასვენებულია წმინდა ჯუზეპე მოსკატის ნეშტი, რომელიც ნეაპოლში ცხოვრობდა და ექიმად მუშაობდა.



"ჯეზუ ნუოვოს" მოედანზე აღმართულია "უბიწოდ ჩასახვის ობელისკი". ის შექმნილია XVIII საუკუნეში. მისი სიმაღლე 22 მეტრია. მარმარილოს მრავალფიგურიან კომპოზიციას ამშვენებს ქალწულ მარიამის ქანდაკება.



"ჯეზუ ნუოვოს" პირდაპირ დგას მონასტერი სანტა კიარა (Santa Chiara). ამბობენ, რომ თუ ახალგაზრდები აქ დაიწერენ ჯვარს, წინ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ელით.



უდავოდ მოგხიბლავთ როგორც ეკლესიის ინტერიერი, ისე მისი შიგა ეზო და ფრესკებით მოხატული გალერეები. არ გაუშვათ ხელიდან მათი ნახვის შესაძლებლობა.



დეტალურად სანტა კიარას მონასტრის შესახებ =>>


ჯეზუ ნუოვოს მოედნიდან Calata Trinita Maggiore-ს ქუჩით გავემართოთ Via Toledo-ს ქუჩისკენ, სადაც ბევრი მოდური ბუტიკი და მაღაზიაა. აქვე შეგიძლიათ ეწვიოთ უმბერტო პირველის გალერეას.



დეტალურად უმბერტო I-ის გალერეის შესახებ =>>


აქედან სან-კარლოს ქუჩა მიგიყვანთ ოპერის თეატრ "სან კარლომდე", რომლის სცენაზეც უმღერიათ ენრიკო კარუზოს, მარია კალასს, ლუჩანო პავაროტისა და სხვა სახელგანთქმულ მომღერლებს.



დეტალურად თეატრ "სან კარლოს" შესახებ =>>


თეატრთან ახლოს, ციხეკოშკ კასტელ ნუოვოში შეგიძლიათ ეწვიოთ ნეაპოლის ისტორიის მუზეუმს, გადმოსახედი მოედნიდან კი ლამაზი ხედებით დატკბეთ.



დეტალურად ციხეკოშკ კასტელ ნუოვოს შესახებ =>>


ახლა თეატრ "სან კარლოდან" მოპირდაპირე მხარეს ავიღოთ გეზი - პლებისციტის მოედნისკენ (Piazza del Plebiscito). ეს ქალაქის ყველაზე დიდი მოედანია და აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ის ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანს მოგაგონებთ.



დეტალურად პლებისციტის მოედნის შესახებ =>>


დადექით სახით სან ფრანჩესკო დი პაოლას ეკლესიის მიმართ და სურვილი ჩაიფიქრეთ, შემდეგ შეტრიალდით 180 გრადუსით, გაიარეთ ფერდინანდ I-ისა და კარლ III-ის ქანდაკებებს შორის. მიადგებით ნეაპოლის სამეფო სასახლეს (Palazzo Reale). გირჩევთ, შეხვიდეთ და დაათვალიეროთ, თუმცა შესვლა ფასიანია.



დეტალურად სამეფო სასახლის შესახებ =>>


ახლა გაუყევით Via Cesario Console-ს. ის მიგიყვანთ კასტელ დელ'ოვოს ციხეკოშკთან (Castel dell’Ovo), რაც იტალიურად "კვერცხის ციხეკოშკს" ნიშნავს. ეს დიდებული არქიტექტურული ძეგლი უამრავ ტურისტს იზიდავს.



დეტალურად ციხეკოშკ კასტელ დელ'ოვოს შესახებ =>>


დატკბით ვეზუვისა და ნეაპოლის ყურის ხედებით და დაადექით ქუჩას Via Pertenope. მიხვალთ გამარჯვების მოედნამდე (Piazza Vittoria). ეს სახელი მას ეწოდა ლეპანტოს 1571 წლის ცნობილი ბრძოლის აღსანიშნავად (ერთ მხარეს იდგა ოსმალეთის იმპერიის, მეორე მხარეს - ქრისტიანების, ძირითადად, ესპანეთის იმპერიისა და ვენეციის რესპუბლიკის ფლოტი. ბრძოლა ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა).



მოედანზე დგას, აგრეთვე, ზღვაში დაღუპულთა ობელისკი. აქვეა ბაღი "ვილლა კომუნალე" (Villa Comunale) შადრევნებით, ცნობილი ადამიანებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ნეოკლასიკური ქანდაკებებითა და ბიუსტებით. შეგიძლიათ ეწვიოთ ევროპის უძველეს აკვარიუმსაც.



დავბრუნდეთ თეატრთან და მივიდეთ ფუნიკულიორის ცენტრალურ სადგურთან Via Toledo-ზე. ნეაპოლში სულ 4 ფუნიკულიორის სადგურია და ყველა მათგანი ვომეროს ბორცვზე ადის - XIV საუკუნის სანტ ელმოს ციხესიმაგრემდე (Sant’Elmo) და ჩერტოზა დი სან მარტინოს მონასტრამდე (certosa di san martino).




აქ უმთავრესად იმიტომ ადიან, რომ გადმოსახედი მოედნებიდან გადმოიხედონ და ქალაქისა და ყურის საუცხოო ხედებით დატკბნენ, რაც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ. ქალაქში დაბრუნება შეიძლება გაჩერებიდან Morghen. იქიდან ფუნიკულიორი ჩავა სადგურ Montesanto-მდე. მის გვერდით არის რკინიგზის სადგური და მეტროს მეორე ხაზის სადგური. ასე რომ, გარიბალდის სადგურამდე მისვლა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.



ჩვენი მარშრუტი დასრულებულია. ნეაპოლში კიდევ უამრავი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ მათ დათვალიერებას, უბრალოდ, ვერ მოასწრებთ.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!