უკვე ავღნიშნე და კვლავაც გავიმეორებ, რომ ნეაპოლი, კამპანიის რეგიონის დედაქალაქი, ულამაზესი და იტალიის გამორჩეული ქალაქია თავისი სამზარეულოთი, კონტრასტებით, უამრავი ეკლესიითა და ძველი ციხესიმაგრეებით, ქალაქის მეტროპოლიტენი კი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში. თუკი ნეაპოლში მხოლოდ ორი დღით ხართ ჩასული, გირჩევთ, პირველ დღეს ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ, რისთვისაც გამოიყენეთ სტატია ნეაპოლი 1 დღეში, მეორე დღე კი ვეზუვისა და პომპეის მონახულებას დაუთმეთ. გაცილებით ბევრს მოასწრებთ, თუ საექსკურსიო ტრანსპორტს გამოიყენებთ (იხ. ნეაპოლის საექსკურსიო ტრანსპორტი). სტატიის ბოლოში ჩამოგითვლით, კიდევ რისი ნახვა შეიძლება ნეაპოლში. ეს ყველაფერი აწონ-დაწონეთ, გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი, დრო და სურვილები, დაგეგმეთ, რა გსურთ, და ამის მიხედვით იმოქმედეთ. შეგიძლიათ საკუთარი მარშრუტიც შეადგინოთ.
მაშ, ასე. პირველ დღეს ვათვალიერებთ ქალაქის უმთავრეს ღირსშესანიშნაობებს, რისთვისაც ვიყენებთ სტატიას ნეაპოლი 1 დღეში.
მეორე დღეს ვეწვიოთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საშიშ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას - ვულკან ვეზუვის, რომელიც ნეაპოლიდან 12,5 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. დასანანი იქნება, თუ ნეაპოლში იქნებით და მას არ დაათვალიერებთ.
დეტალურად ვულკან ვეზუვის შესახებ =>>
ახლა გადავინაცვლოთ პომპეისკენ, ძველრომაული ქალაქისკენ, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის მრავალმეტრიანმა ფენამ დაფარა, ახლა კი მუზეუმია ღია ცის ქვეშ.
პომპეიდან ვეზუვამდე მისვლა შეგიძლიათ კომპანია EAV-ის ავტობუსით, Anfiteatro-ს მოედნიდან Vesuvio Q. 1000-მდე. ის ყოველ საათში ერთხელ გადის 15:30-მდე. მანძილი პომპეიდან ვეზუვამდე 25 კილომეტრია.
კიდევ რისი ნახვა შეიძლება ნეაპოლში:
დანტეს მოედანი - ეს სახელი შეერქვა სახელგანთქმული იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის პატივსაცემად. აქვე დგას მისი ქანდაკებაც.
მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში შემონახულია ძველი არქიტექტურული ობიექტი - ქალაქის კარიბჭე "პორტ ალბა". ის ქალაქის კედელში გაჭრეს 1625 წელს, როცა სამეფოს მართავდა ესპანეთის მეფისნაცვალი ჰერცოგი ალბა.
ეკლესია chiesa dei Girolamini - მდებარეობს ცენტრალურ ქუჩაზე Via Tribunali. მასში XVII საუკუნის ბევრი შედევრია. ბაროკოს სტილის მდიდრული ინტერიერის გამო ნეაპოლელები მას "ოქროს სახლს" უწოდებენ.
წმინდა გაეტანოს ქანდაკება (san Gaetano) - გაეტანო კათოლიკე წმინდანია. ითვლება მშობიარე ქალთა მფარველად. დაიღუპა ნეაპოლში სამოქალაქო არეულობის დროს, როდესაც სისხლისღვრის შეჩერებას ცდილობდა.
შადრევანი "ნეპტუნი" (Fontana del Nettuno) - მდებარეობს რატუშის მოედანზე (piazza del Municipio). შექმნილია XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე.
შადრევანი "გიგანტი" (Fountain of Giant) - მდებარეობს პართენოპეს ქუჩაზე, ნეაპოლის ისტორიულ ცენტრში, ციხეკოშკ "კასტელ დელ'ოვოს" მახლობლად. შექმნილია XVII საუკუნეში.
სან-გაუდიოზოს კატაკომბები (Catacombe di San Gaudioso) - მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, Piazza Sanita-ს 14-ში, ბაზილიკა Santa Maria della Sanita-ს ქვეშ.
კატაკომბებში ჩასასვლელი შენიღბულია უჩვეულოდ მაღალი საკურთხევლით.
სახელი უწოდეს წმინდა გაუდიოზოს პატივსაცემად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ნეაპოლის განვითარებაში. მიწისქვეშა გალერეების კედლის ნიშებში მარხავდნენ მრევლის წევრებს, მქადაგებლებსა და ეპისკოპოსებს. მათ შორის იყო წმინდა გაუდიოზო. აქ შემორჩენილია კლდეში გამოკვეთილი V-VI საუკუნეების სამლოცველოები, ფრესკები და მოზაიკა.
ამით დავასრულოთ. ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.