ნეაპოლში არსებობს გამოთქმა: "როცა თამაშობს "ნაპოლი", ქალაქის ქუჩებში რჩებიან მხოლოდ ქალები... და მათი საყვარლები". ნეაპოლი - ქალაქი-მითია, ქალაქი-გამოცანა. იტალიის ჩრდილოეთისთვის აფრიკა სადღაც ნეაპოლის მახლობლად იწყება, თვითონ ნეაპოლელებისთვის კი ნამდვილი იტალია მხოლოდ იქ არის, სადა ისინი ცხოვრობენ. ნეაპოლში ყველაფერი ნამდვილია, შეულამაზებელი. კამორა, ნაგავი, ჯიბგირები, ვიწრო ქუჩები, შავკანიანი ყმაწვილები, რომლებიც ელიტურ ბრენდებს იმდენად ყიდიან, "რამდენიც არ დაგენანებათ". ნეაპოლი - ეს ყველაზე გემრიელი პიცაა მსოფლიოში, მოშიშინე მოცარელა ცხელ ცომზე და წვრილად დაჭრილი პროშუტო, გულისხმიერი ადამიანები, რომელთაგანაც ყველას უნდა თქვენთან ერთად ყავის დალევა. ნეაპოლი - ეს ათობით დიალექტია, რომლებზეც საუბრობენ ვეზუვის ძირში გაფენილ ათობით პატარა ქალაქში. ნეაპოლი - ეს ფეხბურთია.
ნეაპოლელთა საყვარელი საფეხბურთო გუნდი "ნაპოლია", რომელიც 1926 წელს დაარსდა.
"ნაპოლის" ფერია ლაჟვარდოვანი, ცისფერი, კლუბის მეტსახელი კი "აზური" (იტალიურად "ცისფერი"). კიდევ ერთი მეტსახელია I ciucciarelli (იტალიურად - "პატარა ვირები/ვირუკელები"). ის შეარქვეს 1926/1927 წლის ძალზე წარუმატებელი სეზონის შემდეგ. საქმე ის არის, რომ იმდროინდელი "ნაპოლის" გერბზე გამოსახული იყო შავრა ცხენი - ნეაპოლის სიმბოლო. გაისმა მოწოდებები, რომ ნუ არცხვენდნენ ქალაქის სიმბოლოს, ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს კი ვირებს უწოდებდნენ. ეს თავდაპირველად შეურაცხმყოფელი სახელი არა მხოლოდ შერჩა კლუბს, არამედ მისი თილისმაც კი ვირი გახდა. "ნაპოლის" კიდევ ერთი მეტასახელია "პართენოპეელები". თუ გაინტერესებთ, რატომ, იხილეთ სტატია ყველაფერი ნეაპოლის შესახებ.
ასე გამოიყურება "ნაპოლის" ემბლემა:
"ნაპოლის" საკუთარი ჰიმნი არა აქვს, თუმცა ბევრი ასეთად მიიჩნევს პინო დანიელეს ცნობილ სიმღერას ნეაპოლზე (Pino Daniele - Napule è). ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ვარიანტებად ითვლებოდა სიმღერა "ნაპოლი" ნინო დ'ანჯელოს შესრულებით და სიმღერა "O surdato ‘nnammurato" (მუსიკა - ენრიკო კანიო, ტექსტი - ანიელო კალიფანო).
"ნაპოლი" საშინაო მატჩებს ატარებს დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე. თავდაპირველად მას ერქვა "სტადიო დელ სოლე", ანუ "მზის სტადიონი", არაფორმალურად - "ფურიგროტა", ნეაპოლის გარეუბნის სახელწოდების მიხედვით, სადაც ის მდებარეობდა, შემდეგ, 1963 წლიდან 2020 წლამდე - "სან პაოლო", პავლე მოციქულის პატივსაცემად.
სტადიონზე ეტევა 60240 ადამიანი, რაც მესამე მაჩვენებელია იტალიაში მილანის "ჯუზეპე მეაცას" (იგივე "სან-სიროს") და რომის ოლიმპიური სტადიონის შემდეგ, მაყურებელთა მხარდაჭერის მიხედვით კი მეოთხე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" 10 მილიონამდე ადამიანი უჭერს მხარს საზღვარგარეთ. კლუბის პრეზიდენტია აურელიო დე ლაურენტისი.
წლების განმავლობაში "ნაპოლი" საშუალო დონის გუნდად ითვლებოდა და წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა. აღმასვლა დაიწყო 1965 წლიდან, როცა კლუბში თამაშობდნენ იმ დროის პოპულარული ფეხბურთელები: დინო ძოფი, ჟოზე ალტაფინი, ომარ სივორი, ანტონიო იულიანო, და კულმინაციას მიაღწია 80-იან წლებში, როცა 1984 წელს "ნაპოლიმ" "ბარსელონიდან" იმ დროისთვის რეკორდულ თანხად - 12 მილიონ დოლარად - შეიძინა არგენტინელი დიეგო მარადონა. 1985/1986 წლების სეზონში "ნაპოლიმ" მე-3 ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი "სკუდეტო" მოიგო, ანუ იტალიის ჩემპიონი გახდა. ამას მოჰყვა ვერცხლის მედლები იტალიის მომდევნო ჩემპიონატში, 1989 წელს უეფას თასის მოგება, 1989/1990 წლებში კი "სკუდეტოს" მეორედ დაუფლება. მარადონა ნეაპოლელებისთვის გახდა კულტურული და სოციალური ხატი.
"ნაპოლის" გამარჯვებების ეპოქა დაასრულა იტალიაში ჩატარებულმა ფეხბურთის 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა. ნახევარფინალში ნეაპოლის "სან პაოლოს" სტადიონზე ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ არგენტინისა და იტალიის ნაკრებები. მატჩის წინ მარადონამ სამხრეთ იტალიის მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ არგენტინისთვის ეგულშემატკივრათ, ვინაიდან იტალიაში ჩრდილოელები და სამხრეთელები არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ. პასუხად "ნაპოლის" გულშემატკივრებმა ბანერი გაშალეს, წარწერით: "დიეგო, გვიყვარხარ, მაგრამ ჩვენ იტალიელები ვართ". ამის შემდეგ მარადონას ურთიერთობა გულშემატკივრებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან გაუარესდა. არგენტინელი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა, თვითონ სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობდა. მალე დოპინგ-ტესტმა აჩვენა, რომ მარადონა კოკაინს მოიხმარდა. მას დისკვალიფიკაცია მისცეს 15 თვით და "ნაპოლიში" აღარასოდეს უთამაშია. კლუბის საქმეები უკან-უკან წავიდა, ვალი გაიზარდა. 2004 წელს "ნაპოლი" გაკოტრებულად გამოცხადდა და მან არსებობა შეწყვიტა. "ნაპოლის" აღორძინება აურელიო დე ლაურენტისს უკავშირდება, რომელიც კლუბის პრეზიდენტი გახდა და მისი ყველა უფლება გამოისყიდა, მათ შორის სახელი, გერბი და ა.შ.
იყო ნეაპოლში და არ წახვიდე ფეხბურთის მატჩზე - ეს ცოდვაა. მრავალთა აზრით, ნეაპოლი ყველაზე რელიგიური ქალაქია იტალიაში, თუ მთელ ქრისტიანულ სამყაროში არა. ქალები კვირის წირვას არ აცდენენ, მამაკაცები - საყვარელი გუნდის თამაშებს. მათთვის ესეც რელიგიაა. საყვარელი გუნდი - მთელი სიცოცხლის სიყვარულია, და ჭკვიანი ქალი მას არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ გაუწევს მეტოქეობას. ცოლი - წმიდათაწმიდაა, ფეხბურთი - მარადიულობასთან ზიარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყვარელ გუნდში არის ის, ვისიც მთელ ქალაქს სჯერა. ქალებსაც და ბავშვებსაც კი. უწინ "ნაპოლიში" ასეთი "ღმერთი" იყო დიეგო მარადონა. შემდეგ ედისონ კავანი გამოჩნდა. ბოლოს კი...
2022 წელს "ნაპოლიმ" შეიძინა ქართული ფეხბურთის იმედი და ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მან გუნდში 77-ე ნომერი აირჩია...
და იმავე სეზონში "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა! იტალიის ჩემპიონატის იმ გათამაშებაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე იყო 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 4 გამომუშავებული პენალტი. იგი იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
იტალიის სერია A-ს 2023–24 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე ორჯერ პენალტი მოიპოვა, მისმა გუნდმა კი სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.
ხვიჩამ თავისი ქცევითა და გამორჩეული სათამაშო სტილით თავიდანვე დაიპყრო ნეაპოლელთა გულები.
ადგილობრივები მას ზოგჯერ კვარას ან კვარადონას ეძახიან. "ნაპოლის" გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მათი საყვარელი გუნდი ისევე გაიბრწყინებს, როგორ ეს ლეგენდარული დიეგო მარადონას დროს მოხდა. წარმატება ვუსურვოთ ქართველ ფეხბურთელს!!!
რაც შეეხება კლუბის რეკორდებს, ყველაზე მეტი მატჩი "ნაპოლის" რიგებში ჩაატარა მარეკ ჰამშიკმა - 520, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა დრის მერტენსმა - 148. ყველაზე დიდი ანგარიშით "ნაპოლიმ" მოიგო "პრო პატრიასთან" 1955-1956 წლების სეზონში - 8:1, ყველაზე დიდი ანგარიშით "ნაპოლი დამარცხდა "ტორინოსთან" 1927/1928 წლების სეზონში - 0:11.
"ნაპოლის" რამდენიმე შეურიგებელი მეტოქე ჰყავს. მათგან უმნიშვნელოვანესია "რომა". დანარჩენებიდან უნდა გამოვყოთ "ლაციო", "ვერონა", "სალერნიტანა" და "აველინო". მეგობრებიდან კი აღსანიშნავია "ჯენოა" (1982 წელს ამ გუნდებმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ფრედ, 2:2 ითამაშეს, რამაც "ჯენოა" ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა), "ანკონა", "პალერმო", "კატანია" და "მესინა".
აუცილებლად უნდა შევეხოთ "ნაპოლის" გულშემატკივრებს. ისინი კლუბის ყველაზე მძიმე დღეებშიც მგზნებარედ და ენერგიულად უჭერდნენ მხარს საყვარელ გუნდს და ამით მის მიმართ უსაზღვრო ერთგულებას გამოხატავდნენ. როდესაც "ნაპოლი" ქვედა დივიზიონებში თამაშობდა, ნეაპოლელები კვლავაც დიდი რაოდენობით ესწრებოდნენ მის მატჩებს და ნებისმიერ ფასად ყიდულობდნენ სეზონურ აბონემენტებს, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ კლუბის ბიუჯეტში.
"ნაპოლის" საწვრთნელი ბაზა მდებარეობს ნეაპოლიდან 35 კილომეტრის დაშორებით კასტელვოლტურნოში. იქ არის სამი სათამაშო მოედანი ბუნებრივი ბალახით, კარგად მოწყობილი სამედიცინო ლაბორატორია, საკონფრენიო დარბაზი, ვიდეოოთახი და დარბაზი, სადაც კლუბის ატრიბუტიკა იყიდება.
"ნაპოლის" ოფიციალური საიტია https://sscnapoli.it/.
"ნაპოლის" მწვრთნელი 2021-2023 წლებში იყო ლუჩანო სპალეტი, ამჟამად კი ამ თანამდებობას ანტონიო კონტე იკავებს.
- იტალიის 3-გზის ჩემპიონი: 1986/87, 1989/90, 2022/23;
- იტალიის 8-გზის ვიცეჩემპიონი: 1967/68, 1974/75, 1987/88, 1988/89, 2012/13, 2015/16, 2017/18, 2018/19;
- იტალიის 11-გზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი: 1932/33, 1933/34, 1965/66, 1970/71, 1973/74, 1980/81, 1985/86, 2010/11, 2013/14, 2016/17, 2021/22;
- იტალიის თასის 6-გზის მფლობელი: 1961/62, 1975/76, 1986/87, 2011/12, 2013/14, 2019/20;
- იტალიის თასის 4-გზის ფინალისტი: 1971/72, 1977/78, 1988/89, 1996/97;
- იტალიის სუპერთასის 2-გზის მფლობელი: 1990, 2014
- იტალიის სუპერთასის 2-გზის ფინალისტი: 2012, 2020;
- უეფას თასის მფლობელი 1989 წელს;
- ინტერტოტოს თასის მფლობელი 2008 წელს;
- ალპების თასის ნფლობელი 1966 წელს;
- ანგლო-იტალიური ლიგის თასის მფლობელი 1976 წელს.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.