უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ ჩახლართული, თუმცა ძალზე განვითარებული სისტემაა. ის მრავალმილიონიანი და მრავალეროვნული ქალაქის ყოველ კუთხეს მოიცავს. სწორედ აქ არის თავმოყრილი ქვეყნის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც მთელ დედაქალაქშია მიმოფანტული. პარიზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი, ელექტრომატარებელი, საწყალოსნო და ტურისტულ-საექსკურსიო ტრანსპორტი. მონმარტრზე მოქმედებს ფუნიკულიორი, რომელიც ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში შედის. ისევე, როგორც ევროპის სხვა ქალაქებში, პარიზშიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ველოსიპედების გაქირავება. მოგაწვდით ინფორმაციას მგზავრობის ღირებულების, ბილეთების, აბონემენტებისა და ფულის დაზოგვის შესახებ.


სტატიის შინაარსი


1. ბილეთები და სამგზავრო ბარათები

2. პარიზის მეტროპოლიტენი

3. ელექტრომატარებელი RER

4. ტრანზილიენი

5. ტრამვაი პარიზში

6. ავტობუსი პარიზში

7. ფუნიკულიორი პარიზში


განათავსე შენი რეკლამა აქ!






1. ბილეთები და სამგზავრო ბარათები



პარიზში ბილეთების უმრავლესობას უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურა RATP (Régie Autonome des Transports Parisiens). პარიზის ტრანსპორტის ავტონომიური ოპერატორი ემსახურება მეტროპოლიტენს, ტრამვაის 8 ხაზს (კიდევ ორს - T4-სა და T11-ს - ემსახურება SNFC), RER-ისა და ავტობუსების ხაზების ნაწილს.


ნებისმიერი სახეობის ბილეთის შეძენა შეიძლება საგაზეთო კიოსკებში, თამბაქოს ჯიხურებში, მეტროს, რკინიგზის სადგურებისა და აეროპორტის სალაროებში, საინფორმაციო ბიუროებში ან ბილეთების სპეციალურ ავტომატებში.


თავდაპირველად გავერკვეთ რეგიონის ტერიტორიულ დაყოფასა და მოქმედ ტარიფებში. პარიზი შედის ილ-დე-ფრანსის რეგიონში. რეგიონი იყოფა სატრანსპორტო ზონებად. პარიზი 1-ლი ზონაა, გარეუბნები - დანარჩენი ზონები. პარიზის მეტრო მოიცავს პირველ ორ ზონას. RER მოიცავს ყველა ზონას, ოღონდ პარიზში (ანუ 1-ელ ზონაში) უნდა იყიდოთ ან ჩვეულებრივი ბილეთი (ერთი მგზავრობისთვის), ან სამგზავრო ბარათი. თუ RER-ით მოგზაურობთ და 1-ლი ზონიდან გადიხართ, ბილეთის ფასი პირდაპირ იქნება დამოკიდებული დანიშნულების პუნქტის ზონის სიშორეზე.


4 წლამდე ბავშვები მგზავრობენ უფასოდ, 4-10 წლის ბავშვებისთვის გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება ავტობუსში, მეტროში, ტრამვაისა და RER-ში.


  ბილეთების სახეობები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

Ticket t+ - ბილეთი ერთი მგზავრობისთვის 1-ლი ზონის ფარგლებში. მოქმედებს Île-de-France-ის ავტობუსებში (Orlybus და Roissbus-ის გარდა), მეტროში, RER-ში და მონმარტრის ფუნიკულიორზე. კომპოსტირების შემდეგ ბილეთის მოქმედების ვადა და შესაძლო გადაჯდომები (RATP-ის ოფიციალური საიტის თანახმად):


- მეტროს ერთი ხაზიდან მეორეზე - 2 საათი;

- მეტროდან RER-ზე ან RER-დან RER-ზე - 2 საათი;

- ავტობუსიდან ავტობუსზე (RATP და OPTILE ხაზები) - 90 წუთი;

- ავტობუსიდან ტრამვაიზე ან ტრამვაის ერთი ხაზიდან მეორეზე - 90 წუთი.


ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ გადაჯდეთ t+ ბილეთით, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ბილეთის კომპოსტირება ტრანსპორტის გამოცვლისას, რადგან თუ დროებითი შტამპი არ გექნებათ, დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. საკმაო ეკონომიას გააკეთებთ, თუ შეიძენთ Carnet-ს - ეს არის 10 ბილეთი t+ ფასდაკლებით.


t+ ბილეთი ღირს:


- t+ ერთი მგზავრობისთვის --- 2,50 ევრო;

- Carnet კომპლექტი (10 t+ ბილეთი) --- 17,35 ევრო (4-10 წლის ბავშვებისთვის --- 8,65 ევრო). ამ კომპლექტს მძღოლთან ვერ შეიძენთ.


თუ t+ ბილეთს სამგზავრო ბარათის - Navigo Easy-ს ბალანსზე შეიტანთ, ის უფრო იაფი დაგიჯდებათ, კერძოდ:


- t+ ერთი მგზავრობისთვის --- 2,15 ევრო;

- Carnet კომპლექტი (10 t+ ბილეთი) --- 17,35 ევრო (4-10 წლის ბავშვებისთვის --- 8,65 ევრო). ამ კომპლექტს მძღოლთან ვერ შეიძენთ.


Ticket t - ბილეთი ერთი მგზავრობისთვის 1-ლი ზონის ფარგლებში, ოღონდ გადაჯდომის გარეშე, როგორც ეს t+-ის შემთხვევაშია. ამ ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ მძღოლთან. ფასი - 2 ევრო.


Île-de-France ticket - ბილეთი ერთი მგზავრობისთვის ილ-დე-ფრანსის რეგიონში. ძალაშია მეტროში, RER-ში და SNCF-ში. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ზონას გადაკვეთთ. RATP-ის ტარიფების კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ აქ. მაგალითად, ბილეთი ორლის აეროპორტიდან ვერსალამდე 16,10 ევრო დაგიჯდებათ (შეღავათიანი - 12,65 ევრო).


Billet aéroport - ორლისა და შარლ-დე-გოლის აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით მისასვლელად აუცილებელია შეიძინოთ ბილეთების ცალკე სახეობა, რომელიც მოქმედებს ავტობუსებში, ტრამვაისა და RER-ში.


მგზავრობა შარლ-დე-გოლის აეროპორტიდან:


- ავტობუსი Roissybus (Opéra-მდე) --- 16,60 ევრო;

- ავტობუსი №350 (Gare de l’Est-მდე) და №351 (Place de la Nation-მდე) --- 2,15 ევრო;

- RER B სადგურები --- 11,80 ევრო.


მგზავრობა ორლის აეროპორტიდან:


- ავტობუსი Orlubus (Place Denfert-Rochereau-მდე) --- 11,50 ევრო;

- ავტობუსი №183 (Porte de Choisy-მდე) --- 2 ევრო;

- ავტობუსი Navette GO C + RER C --- 6,35 ევრო;

- ტრამვაი T7 (Villejuif-Louis Aragon-მდე) --- 2,15 ევრო;

- მეტროს ხაზი Orlyval (Gare d’Antony-მდე) --- 11,30 ევრო;


ბილეთები აეროპორტიდან წამოსასვლელად აჯობებს შეიძინოთ ავტომატებში ან RATP-ის სალაროებში.


Navigo Semaine - ულიმიტო სამგზავრო ბარათი ერთი კვირით. არსებობს ერთთვიანი და ერთწლიანიც. შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ზონა ან ყველა ზონა (ფასი ამაზეა დამოკიდებული). ბარათი პერსონალურია. მასზე მიეთითება სახელი და გვარი და უნდა ჩაიკრას ფოტოსურათი (გადაღება შეგიძლიათ გაყიდვის პუნქტებთან არსებულ ფოტოჯიხურებში). ეს ბარათი ყველას არ აწყობს: ბარათი მოქმედებას აქტივაციის მომენტიდან კი არ იწყებს, არამედ ორშაბათის 00:00-დან კვირის 23:59-მდე. მაგალითად, თუ პარიზში ოთხშაბათს ჩახვედით, Navigo-ს ყიდვა არ გაწყობთ, რადგან მას მხოლოდ კვირის დარჩენილ დღეებში გამოიყენებთ. გიჯობთ, Carnet შეიძინოთ. მაგრამ თუ პარიზში კვირის დასაწყისში ჩახვედით, Navigo პარიზსა და მის მიდამოებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მოგცემთ.


ბარათი მოქმედებს ყველგან, გარდა Orlyval ხაზისა.


ბარათის ღირებულება:

- ყველა ზონა --- 30,75 ევრო;

- 2-3 ზონა --- 28,20 ევრო;

- 3-4 ზონა --- 27,30 ევრო;

- 4-5 ზონა --- 26,80 ევრო.


Navigo Easy - ახალი უკონტაქტოდ შესავსები სამგზავრო ბარათი ტურისტებისთვის. 2019 წლის 12 ივნისიდან ტურისტებისთვის სპეციალურად გამოუშვეს ახალი სამგზავრო ბარათი, რომლის ბალანსზეც შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე სახეობის ჩვეულებრივი ბილეთი გქონდეთ (t+, Carnet, Navigo jour, Orlybus, Roissybus). ბარათი ქაღალდის ბილეთების შეცვლის მიზნით შეიქმნა. შესავსები ბარათის ფასი 2 ევროა. ის შეგიძლიათ სხვას გადასცეთ, მაგრამ ერთი მგზავრობის დროს მას ერთდროულად რამდენიმე მგზავრი ვერ გამოიყენებს. მისი შევსება მობილური აპლიკაციითაც შეგიძლიათ. Navigo Easy-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მის გასაფორმებლად არც ფოტოსურათია საჭირო და არც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ის პერსონალური არაა.


ყველა სახის სამგზავრო ბილეთებსა და ბარათებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.


(გირჩევთ, ყოველთვის იქონიოთ თან მეტროს გამოუყენებელი ბილეთები, ვინაიდან მეტროს ყველა სადგურის შესასვლელში როდი დგას ბილეთების გასაყიდი ავტომატები).


  ტურისტული ბარათები

ზოგიერთი ბარათი სპეციალურად ტურისტებისთვისაა შექმნილი, რაც დროსა და ფულს დაგაზოგვინებთ. შეიძენთ თუ არა მას, თქვენი გადასაწყვეტია, იმის მიხედვით, თუ რომელი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას აპირებთ.


Paris Museum Pass - ძალზე მოსახერხებელი ბარათია. იგი უფლებას გაძლევთ ეწვიოთ დედაქალაქის 60-ზე მეტ საუკეთესო მუზეუმს (სრული სია იხილეთ აქ). აგრეთვე ურიგოდ მოინახულოთ ტრიუმფალური თაღი, ლუვრი, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის კომპლექსი და სენტ-შანელი.


ბარათის ღირებულება:

- 2-დღიანი --- 62 ევრო;

- 4-დღიანი --- 77 ევრო;

- 6-დღიანი --- 92 ევრო.


Paris Visite - ეს სამგზავრო ბარათი მოქმედებს 1, 2, 3, ან 5 დღით, წინასწარ შერჩეულ სატრანსპორტო ზონებში, ყველა სახის ტრანსპორტზე (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, RER, SNCF), თუმცა უნდა ითქვას, რომ არცთუ მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა.


ბარათის ღირებულება ზონა 1-3-თვის:

- 1-დღიანი (მოზრდილი/ბავშვი) --- 13,95/6,90 ევრო;

- 2-დღიანი --- 22,65/11,30 ევრო;

- 3-დღიანი --- 30,90/15,45 ევრო;

- 5-დღიანი --- 44,45/22,20 ევრო.


ბარათის ღირებულება ზონა 1-5-თვის:

- 1-დღიანი (მოზრდილი/ბავშვი) --- 29,25/14,60 ევრო;

- 2-დღიანი --- 44/22 ევრო;

- 3-დღიანი --- 62,30/31,15 ევრო;

- 5-დღიანი --- 76/38 ევრო.


ეს ბარათი დაგეხმარებათ შემდეგ შემთხვევებში:

- ცვილის ფიგურების მუზეუმში - 30%-იანი ფასდაკლება (ჩვეულებრ. ბილეთი - 24,50 ევრო);

- პიკასოს მუზეუმში - 2 ევროს ფასდაკლება;

- L'Open Tour ტურისტული ავტობუსით - 6 ევროს ფასდაკლება;

- დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ მცირე ფასდაკლებაა მეორე ან მესამე ბილეთის შეძენისას, მაგრამ ყველაზე "საჭირო" და ცნობილ მუზეუმებში არ მოქმედებს.


Paris Pass - ამ ტურისტული ბარათით უფასოდ შეხვალთ ქალაქის ზოგიერთ მუზეუმში, უფასოდ იმგზავრებთ Hop On Hop Off ტურისტული ავტობუსით, უფასოდ და ულიმიტოდ იმგზავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფასოდ მიიღებთ ტურისტულ ცნობარს, ფასდაკლებას ბილეთების შეძენისას, რიგში არ იდგებით და ა.შ.


ბარათის ღირებულება:

- 2-დღიანი (მოზრდილი/2-17 წელი) --- 159/84 ევრო;

- 3-დღიანი --- 194/99 ევრო;

- 4-დღიანი --- 229/114 ევრო;

- 6-დღიანი --- 269/124 ევრო.


2. პარიზის მეტროპოლიტენი



პარიზის მეტრო ყველაზე მარტივი და ხელსაყრელი ხერხია ტურისტებისთვის ქალაქში გადასაადგილებლად. პარიზში მეტროს 300-ზე მეტი სადგური და 16 ხაზია. ყოველ ხაზს გამორჩეული ფერი აქვს. დეტალურად პარიზის მეტროპოლიტენის შესახებ.


3. ელექტრომატარებელი RER


ელექტრომატარებელ RER (Réseau Express Régional d'Île-de-France)-ის ხაზები პარიზის შორეულ გარეუბნებს ცენტრთან აკავშირებს. ისინი კომფორტული და თანამედროვეა, სწრაფად დადიან და განრიგს ზედმიწევნით ზუსტად იცავენ. RER-ს 5 ხაზი აქვს - A, B, C, D, E. სრული ინფორმაცია ელექტრომატარებლის შესახებ (ბოლო და შუალედური გაჩერებები) პლატფორმაზე ელექტრონულ ტაბლოზე ჩნდება. RER-ის სისტემის ერთ-ერთი უდავო პლუსი ის არის, რომ ამ მატარებლით სწრაფად და იაფად შეიძლება პარიზის ცენტრიდან შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებამდე მისვლა.



ელექტრომატარებელ RER-ის ბილეთის ფასი იგივეა, რაც მეტროსი, ოღონდ მანამ, სანამ მგზავრი ქალაქის ფარგლებში გადაადგილდება. აპარატები და საბილეთო სალაროები ელექტრომატარებლების სადგურებში მდებარეობს. თუ მგზავრობის მარშრუტი ქალაქის ფარგლებს სცილდება, სხვა ბილეთი უნდა შეიძინოთ, რომელიც ილ-დე-ფრანსის მთელ რეგიონში მოქმედებს. თუ მგზავრს ასეთი ბილეთი არა აქვს, ის ტურნიკეტს ვერ გაივლის და ჯარიმის გადახდა მოუწევს. ელექტრომატარებელ RER-ის ბილეთები, მეტროს ბილეთების მსგავსად, პარიზის შიგნით გადაადგილებას სრულად ფარავს. RER-ის ხაზებზე გადასაადგილებლად მეტროს ბილეთების გამოყენებაც შეიძლება.


ხაზების ნაწილს (A-სა და B-ს) კომპანია RATP ემსახურება, დანარჩენს (C, D-ს და E-ს) - SNCF. სქემებზე RER-ის ხაზები წრეში ჩაწერილი ასოებით გამოისახება.


მეტრო თუ RER - რა არის განსხვავება?


- მეტრო კლასიკური სისტემაა: ძირითადად მიწის ქვეშ დადის, თანაც ხშირად. გაჩერება ბევრია, სადგურებს შორის მცირე მანძილია;


- RER - სამგზავრო სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც ფარავს პარიზისა და გარეუბნების (ილ-დე-ფრანსი) უმეტეს ნაწილს. როგორც ავღნიშნეთ, RER-ის მოქმედების ზონაში შედის პარიზის ორი აეროპორტი (რუასი-შარლ დე გოლი და ორლი), აგრეთვე პარიზის დისნეილენდი და შატო ვერსალი.


მცირე არეულობა ქალაქის ცენტრში იქმნება, სადაც RER-ის სადგურები უფრო მეტადაა დაშორებული ერთმანეთს და რაღაცით ექსპრეს-მეტროს სისტემას გვაგონებს (უფრო გრძელი მატარებლები და უფრო სწრაფად გადაადგილება). პარიზის ცენტრში RER-ის სადგურები მეტროს სადგურებთანაა გაერთიანებული და ექვს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს ქმნის. RER-ზე ნებადართულია მეტროსა და Ticket t+-ის ბილეთების გამოყენება, ოღონდ ზონა 1-ის ფარგლებში ან პარიზის ცენტრში, რომელიც Boulevard Periphérique-ით (პერიფერიული ბულვარით) შემოიფარგლება.


4. ტრანზილიენი



ტრანზილიენი - საგარეუბნო მატარებლებია (ემსახურება კომპანია SNCF). ეს ელექტრომატარებლები, როგორც პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობა, ნაკლებად პოპულარულია, რადგან არცთუ კარგად უკავშირდება მეტროს სისტემას, რის გამოც ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთი და იმავე ბილეთის გამოყენება როგორც მასში, ისე მეტროში. სამაგიეროდ, მას ხშირად იყენებენ გარეუბანში სამგზავროდ. სამარშრუტო ხაზებზე Transilien კვადრატში ჩაწერილი ასოებით გამოისახება. ყოველი ხაზის სამარშრუტო რუკა და განრიგი წარმოდგენილია SNCF-ისა და Navigo-ს საიტებზე.


5. ტრამვაი პარიზში



ილ-დე-ფრანსის ტრამვაის ქსელი 10 ხაზისგან შედგება, რომელთაგანაც მხოლოდ ორი (T3a და T3b) გადის პარიზის ფარგლებში. ტრამვაის ყველა ხაზს (გარდა T4-სა და T11-სა) RATP ემსახურება. T4-ს SNCF მართავს, T11-ს, ანუ ტრამექსპრესს, კომპანია Transkeo, რომლის აქციონერიც SNCF-იცაა. ყურადღება მიაქციეთ ქალაქის ფარგლებში არსებულ ორ ხაზს: T3a გადის Pont du Garigliano-დან Porte de Vincennes-მდე და პირველ სატარიფო ზონაშია. T3b ხაზი გაჭიმულია Porte de Vincennes-დან Porte d’Asnières Marguerite Long-მდე და ისიც პირველ სატარიფო ზონაშია. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ხაზი მდოვრედ გადადის მეორეში და მათ ქალაქი წრეში აქვთ მოქცეული.


6. ავტობუსი პარიზში


პარიზში რამდენიმე ათასი ავტობუსი დადის. მათი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ პიკის საათებში შესაძლოა საცობში მოხვდეთ. ავტობუსები დილის ექვსი საათიდან საღამოს ცხრის ნახევრამდე მოძრაობს, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ზოგიერთი ავტობუსი მხოლოდ სამუშაო დღეებში დადის.



ავტობუსების გაჩერებებზე წერია მარშრუტების ნომრები, გადაადგილების სქემა, განრიგი, შესაძლო გადაჯდომა, მგზავრობის ღირებულება. რათა ავტობუსი გაჩერდეს, მძღოლს უნდა ანიშნოთ. შესვლა წინა კარიდან ხდება, კარი შიგნიდან ან გარედან წითელ ღილაკზე თითის მიჭერით იღება. ყურადღება მიაქციეთ ტაბლოს საქარე მინაზე - ზოგჯერ ბოლო გაჩერების სახელწოდება გადახაზულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბოლო გაჩერებამდე არ მიდის.


ავტობუსისთვის იგივე ბილეთი უნდა შეიძინოთ, როგორსაც მეტროსთვის ყიდულობთ. ფასი - 2,50 ევრო. ასეთი ბილეთი ქალაქშიც გამოგადგებათ და საგარეუბნო ზონაშიც. გამონაკლისია მიმართულება Balabus, Noctilien და 221, 297, 299, 350 და 351 მარშრუტები, რადგან ამ მარშრუტებით მგზავრობა დანიშნულების პუნქტის სიშორეზე იქნება დამოკიდებული (ზონალური სისტემით).


განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ავტობუსი Monmartrobus, რომელიც Pigalle-დან Jules Joffin-მდე მოძრაობს.



მინიავტობუსს მგზავრები მონმარტრის ვიწრო ქუჩებში დაჰყავს. გზაში შეგიძლიათ იხილოთ ფუნიკულიორი და საკრე-კერის ბაზილიკა.


ღამის ავტობუსი - Noctilien-ისა და Noctambus-ის ავტობუსები ღამის პირველის ნახევრიდან დილის ექვსის ნახევრამდე მოძრაობს. გაჩერებაზე გასაჩერებლად მძღოლს ხელით უნდა ანიშნოთ. ავტობუსს ადვილად იცნობთ: მთვარის ფონზე ბუა გამოსახული. თუ t+ ბილეთს გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის 1-2 ზონაში მოქმედებს. 1-3 ზონაში უკვე ორი ბილეთი დაგჭირდებათ. სხვა ავტობუსებზე გადაჯდომისას ახალი ბილეთის შეძენა მოგიწევთ. ღამის ავტობუსების ბოლო გაჩერებებია - შატლე, ვიქტორიის ავენიუ და სენ-მარტენის ქუჩა.


საქალაქთაშორისო ავტობუსები - პარიზში ასეთ სერვისს მრავალი კომპანია შემოგთავაზებთ. მაგალითად, ავტობუსების ქსელი Eurolines საფრანგეთის დედაქალაქს მთელ ევროპასა და პარიზის პროვინციებთან აკავშირებს. ამ საერთაშორისო ავტოსადგურის, გალიენის (Gallieni), მისამართია: 28, av. Du General de Gaulle 93541 Bagnolet, მეტროს სადგური Gallieni.


7. ფუნიკულიორი პარიზში


მონმარტრის ფუნიკულიორი გასასეირნებელი ტრანსპორტი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი საზოგადოებრივი, თუმცა მასზე სამგზავროდ მეტროპოლიტენის ბილეთებიც გამოგადგებათ. ფუნიკულიორის შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა და უკვე XX საუკუნის დასაწყისში განხორციელდა.


ფუნიკულიორი მხოლოდ ორი კაბინისგან შედგება, რომლებსაც მგზავრები საკრე-კერის ბაზილიკასთან აჰყავთ. ხაზის სიგრძე 108 მეტრია და ასეთი მანძილის დაძლევა ფეხითაც ადვილია, მაგრამ იყოთ მონმარტრზე და არ გაისეირნოთ ცნობილი ფუნიკულიორით, ერთგვარი "დანაშაულია". ფუნიკულიორი თავისთავად ღირსშესანიშნაობაა და ის მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებსა და კინოფილმშია მოყვანილი.



დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე - https://en.parisinfo.com/transport/103125/Funiculaire-de-Montmartre.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!