უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 პრაღის გრადი - გრანდიოზული კომპლექსი

პრაღის გრადი სასახლეებისა და ტაძრების კომპლექსია, ძველი ჩეხეთის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან მოვლენებზე მოგვითხრობს. ის შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიაში და გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს უდიდესი ციხედარბაზი და უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენცია. პრაღის გრადი ჩეხეთის დედაქალაქის მთავარი სიმბოლოა და გრადჩანის რაიონში მდებარეობს. მას შვიდ ჰექტარზე მეტი უჭირავს და სამ შიგა ეზოდაა გაყოფილი, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული არქიტექტურული კომპლექსია. პრაღიდან ამ უმთავრესი ღირსშესანიშნაობის დაუთვალიერებლად წამოსვლა უპატიებელი "დანაშაულია".


პრაღის გრადის (Pražský hrad) ისტორია თავისი ფესვებით IX საუკუნეში მიდის, როდესაც პირველი მთავრის, ბორჟივოს, ბრძანებით მდინარე ვლტავას მარცხენა ნაპირზე პირველი ქრისტიანული ტაძარი ააგეს. დაახლოებით იმავე დროს მდინარის მეორე მხარეს ააშენეს ვიშეგრადი, მოგვიანებით გაჩნდა სტარე მესტო, ნოვე მესტო, მალა სტრანა და გრადჩანი - დღესდღეობით პრაღის ოთხი ცალკეული რაიონი.


განათავსე შენი რეკლამა აქ!





920 წელს, ვრატისლავ I-ის მმართველობისას, აღმოსავლეთის მხრიდან წმინდა ირჟის ტაძარს ჩაეყარა საფუძველი. უკვე 929 წელს მისმა ვაჟმა ვაცლავმა ოდნავ დასავლეთით წმინდა ვიტას სამლოცველო ააგო. საუკუნეების განმავლობაში ამ ეკლესიებს აფართოებდნენ და რეკონსტრუქციას უტარებდნენ. ამჟამად სწორედ ისინია პრაღის გრადის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები.



გადიოდა დრო, იცვლებოდნენ მმართველები, იცვლებოდა კულტურა. პრაღის გრადში ახალი სასახლეები, მოედნები და ბაღები გაჩნდა. რომანული სტილი ჯერ გოტიკამ შეცვალა, შემდეგ ბაროკომ, ბოლოს კი რენესანსმა. დღეს პრაღის გრადი 70 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და მას ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს. აქ მართლაც ბევრი რამაა სანახავი.


  ცენტრალური შესასვლელი

კომპლექსში სამი შესასვლელიდან შეიძლება შესვლა, თუმცა მთავარი მატიაშის ჭიშკარია გრადჩანის მოედნის მხრიდან. შესასვლელთან ოქროს თაღი და ბაროკოს სტილის ქანდაკებებია, ტურისტებს კი საპარადო მუნდირებში გამოწყობილი გუშაგები ხვდებიან. თაღს ჩეხეთის სახელმწიფოსა და ავსტრიის იმპერიის სიმბოლოები ამშვენებს, ქვის ქანდაკებები კი ჭიშკრის დამცველებს განასახიერებენ.



თუ კარგად დააკვირდებით, ჭიშკრის ზემოთ წარწერასაც შეამჩნევთ: "1614 წელი". მიიჩნევენ, რომ სწორედ ისაა მთავარი ჭიშკრის მშენებლობის დასრულების თარიღი.


  პრაღის გრადის პატარა ეზო: ღირსშესანიშნაობები

  შადრევანი

მატიაშის ჭიშკარში შესვლის შემდეგ პატარა ეზოს დაინახავთ. ცენტრში 1686 წელს მოქანდაკე იერონიმ კოლის აგებული შადრევანია, მაგრამ ვინაიდან მაშინ ქვეყანას ლეოპოლდ I მართავდა, მას ლეოპოლდის შადრევანს უწოდებენ, ქვის თასზე კი ასო "L"-ია ამოკვეთილი. შადრევნის სფერო სამ ლომს უჭირავს, დიდი თასი კი - ანტიკურ გმირებს: მერკურის, ვულკანს, ნეპტუნსა და ჰერაკლეს.



  ჭა

შადრევნის გვერდით XVIII საუკუნის ჭა მდებარეობს. მისი სიღრმე 14 მეტრია, თვითონ კი რენესანსის სტილის აჟურული ცხაურა ამშვენებს. XX საუკუნის დასაწყისამდე ჭას პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, ამჟამად კი ის უმოქმედოდაა.



ჭის მიღმა პრაღის გრადის ჩრდილოეთი შესასვლელია. აქედან, "დენთის ხიდის" გავლით, სამეფო ბაღში შეიძლება მოხვედრა. ჭიშკარს გუშაგები დარაჯობენ.


  წმინდა ჯვრის სამლოცველო

პატარა ეზოშივე მდებარეობს წმინდა ჯვრის სამლოცველო. ის იმპერატორის მეუღლის, მარია ტერეზიას ბრძანებით ააშენეს, რათა აქაურობას მეტი პომპეზურობა შეეძინა. ამჟამად სამლოცველოში საგამოფენო დარბაზია მოწყობილი, სადაც მნახველებს საგანძურის დათვალიერება შეუძლიათ.



  მთავარი ეზო

  წმინდა გიორგის (ირჟის) ქანდაკება

მთავარი ეზოს ცენტრში წმინდა ირჟის (გიორგის) ქანდაკებაა. ის 1373 წელს შეიქმნა, დროთა განმავლობაში რამდენჯერმე დაზიანდა. ბოლო აღდგენის შემდეგ ქანდაკება ძველ სამეფო სასახლეში გადაიტანეს, მის ადგილას კი ბრინჯაოს ასლი დადგეს.



  წმინდა ვიტას ტაძარი

მთავარი (მესამე) ეზოს და მთელი პრაღის ძირითადი ღირსშესანიშნაობა წმინდა ვიტას ტაძარია. თაღქვეშ გავლისთანავე მნახველი შენობის განსაცვიფრებელ ფასადს ხედავს.



ტაძარი თითქმის 600 წელი შენდებოდა. პირველი ქვა კარლ IV დადო XIV საუკუნის შუა წლებში, მშენებლობა კი 1929 წელს დასრულდა.


საკათედრო ტაძარი გოტიკურ სტილშია შესრულებული. მას ამშვენებს ბრინჯაოსქანდაკებებიანი სამი პორტალი, 80 მეტრი სიმაღლის ორი ქვის კოშკი და სამხრეთის დიდი, 96 მეტრი სიმაღლის კოშკი სამრეკლოთი. კოშკზე ორი ციფერბლატია: ერთი საათებს უჩვენებს, მეორე - წუთებს.



ტაძრის ინტერიერის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ გადმოსახედ მოედანზე ახვიდეთ და პრაღას ჩიტის თვალსაწიერიდან მოავლოთ თვალი.


დეტალურად წმინდა ვიტას ტაძრის შესახებ =>>


  ძველი სამეფო სასახლე

მესამე ეზოში მდებარეობს, აგრეთვე, ძველი სამეფო სასახლეც, რომელიც ჩეხეთის მეფეებისა და მთავრების ძირითადი რეზიდენცია იყო (XII საუკუნის შუაგულიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე). ის გვიანდელი გოტიკური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია.



აქ შეგიძლიათ იხილოთ ექსპოზიცია "პრაღის გრადის ისტორია", აგრეთვე, ეწვიოთ თემატურ დარბაზებს: "განათლების ისტორია", "სუფრის ისტორია" და ა.შ.


  წმინდა ირჟის (გიორგის) ბაზილიკა

მესამე ეზო მთავრდება წმინდა ირჟის (გიორგის) მოედნით, სადაც განთავსებულია წმინდა ირჟის (გიორგის) საკათედრო ბაზილიკა. ის რომანულ სტილშია შესრულებული. შენობას უნიკალური ისტორია აქვს: მისი მშენებლობა 920 წელს დაიწყო და იქ მრავალი ჩეხი მმართველის საძვალეა.



ბაზილიკის თეთრი კოშკები XII საუკუნეში აშენდა და მათ ახლაც იმდროინდელი სახე აქვთ. აი, ტაძრის წითელი ფასადი კი XVII საუკუნეში გაჩნდა. უწინ ტაძარში დიდგვაროვანთა ოჯახებიდან წამოსული მორჩილი ქალიშვილები იმყოფებოდნენ.


  პრაღის გრადის გალერეა

ჩეხეთის უძველესი ფერწერული კოლექციის გაცნობა სურათების გალერეაში შეგიძლიათ. აქ გამოფენილია XVII საუკუნის ჰოლანდიელი, იტალიელი, გერმანელი და ფლამანდიელი მხატვრების ტილოები, მათ შორის, ტიციანის, კრანახის, რუბენსის, აგრეთვე, XVIII-XX საუკუნის ჩეხური სკოლის მხატვრების.



სურათების გალერეას საფუძველი XVI საუკუნეში ჩაუყარა რუდოლფ II-მ ჰაბსბურგების დინასტიიდან. იგი ცნობილი იყო, როგორც ხელოვნების დამფასებელი, მეცენატი და ალქიმიკოსების დამცველი.


  ზლატა ულიჩკა (ოქროს ქუჩა)

კოლორიტული ქუჩა პრაღის გრადის ცენტრში, ყოფილი ციხესიმაგრის თაღებში ჩაშენებული პატარ-პატარა ნაირფერი სახლებით, სადაც შუა საუკუნეებში პრაღის მცველებთან ერთად ცხოვრობდნენ მეფის ალქიმიკოსები, რომლებიც მისთვის ოქროს, ფილოსოფიურ ქვასა და ნაირგვარ ელექსირებს ამზადებდნენ. სხვათა შორის, №22 სახლში 1916-197 წლებში ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა ცხოვრობდა.



  პრაღის გრადის ბაღები

სამეფო ბაღი - 1534 წელს დააარსა ფერდინანდ I-მა ჰაბსბურგების დინასტიიდან. ბაღი გრადის კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მემკვიდრეობაა. თავდაპირველად ის იტალიურ ყაიდაზე გააშენეს, ახლა კი XIX საუკუნის ინგლისური ბაღის სახე აქვს. მთავარი შესასვლელი პრაშნის ხიდთან მდებარეობს.



ჩამოვთვლი კიდევ რამდენიმე ბაღს. გარგიტოვსკის ბაღი:



სამოთხის ბაღი:



ბაღი ბასტიონზე:



  გუშაგების ცვლა

საპატიო ყარაულის ცვლა სანახაობრივი ღონისძიებაა. საზეიმო ცვლა ხდება ყოველდღე 12:00-ზე, სტანდარტული კი ყოველ საათში ერთხელ. გუშაგები დგანან პრაღის გრადის ცენტრალურ შესასვლელთან, მეორე ეზოს შესასვლელთან და შავ კოშკთან.



ახლა შემოგთავაზებთ პრაღის გრადის სქემას:



განვმარტავთ აღნიშვნებს: I - სამეფო სასახლე, II - პრაღის გრადის ისტორია, III - წმინდა გიორგის ბაზილიკა, IV - საგანძური, V - ზლატა ულიჩკა, VI - სურათების გალერეა, VII - დენთის კოშკი, VIII - წმინდა ვიტას ტაძარი, IX - როჟმბერგის სასახლე, X - წმინდა ვიტას სამხრეთის კოშკი, 1 - სამეფო ბაღი, 2 - სამხრეთის ბაღები, 3 - ირმების თხრილი.


პრაღის გრადის მისამართია: Hrad I. nádvoří č. p 1, Hradčany, 119 08 Prague 1.


პრაღის გრადის მუშაობის საათებია:


- კომპლექსი ღიაა 06:00-დან 22:00-მდე (მთავარი შესასვლელიდან);

- წმინდა ვიტას ტაძარი - 09:00-17:00 (ორშაბათი-შაბათი), 12:00-17:00 (კვირა);

- ექსპოზიცია "პრაღის გრადის ისტორია" - 10:00-18:00;

- სურათების გალერეა - 10:00-18:00;

- ბაღები - 10:00-18:00 (აპრილი-ოქტომბერი).


პრაღის გრადში შესვლა უფასოა, მაგრამ ცალკეული ობიექტების შიგნიდან დასათვალიერებლად ბილეთის ყიდვა მოგიწევთ. ბილეთები სამგვარია: სრული, შეღავათიანი (6-16 წლის ბავშვები, სტუდენტები 26 წლამდე, პენსიონერები 65 წელს ზემოთ) და ოჯახური (1-2 მოზრდილი +1-5 ბავშვი). 6 წლამდე ბავშვისთვის ბილეთის შეძენა საჭირო არ არის.


არსებობს 3 ტური:

- A: ძველი სამეფო სასახლე, გამოფენა "პრაღის გრადის ისტორია", წმინდა გიორგის ბაზილიკა, ზლატა ულიჩკა, წმინდა ვიტას ტაძარი, როჟმბერგის სასახლე;

- B: ძველი სამეფო სასახლე, წმინდა გიორგის ბაზილიკა, ზლატა ულიჩკა, წმინდა ვიტას ტაძარი;

- C: წმინდა ვიტას საკათედრო ტაძრის საგანძური, სურათების გალერეა.


ბილეთების ფასია (ძალაშია 2 დღის განმავლობაში):

- ტური A: სრული - 350 კრონა, შეღავათიანი - 175 კრონა, ოჯახური - 700 კრონა;

- ტური B: 250/125/500;

- ტური C: 350/175/700;

- გამოფენა "პრაღის გრადის ისტორია": 140/70/280;

- პრაღის გრადის სურათების გალერეა: 100/50/200;

- დენთის კოშკი + გამოფენა"სასახლის გვარდია": 70/40/140;

- წმ. ვიტას საკათედრო ტაძრის საგანძურის გამოფენა: 250/125/500;

- წმ. ვიტას ტაძრის სამხრეთის გადმოსახედი კოშკი: 150 კრონა.


პრაღის გრადამდე მისასვლელად აჯობებს ჩაჯდეთ ტრამვაიში №22 (გაჩერებამდე Pražský hrad - ვარიანტი 1), დათვალიერების შემდეგ კი დაეშვათ ციხედარბაზის 230 მეტრი სიგრძის ძველი კიბით მეტროს A ხაზამდე (სადგური Malostranská).



ვარიანტი 1 (ყველაზე პირდაპირი და მარტივი) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Pražský hrad, შეუხვიეთ მარცხნივ (გადადით გზაზე) და გაუყევით ქუჩას U Prašného mostu, გადადით დენთის ხიდზე და ხუთიოდე წუთში პრაღის გრადის მეორე ეზოს შადრევანთან აღმოჩნდებით;


ვარიანტი 2 (მსუბუქი გასეირნება აღმართში) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Pohořelec (გადადით გზაზე), გასცდით Loretánské náměstí-ს, დაეშვით Loretánská-ს ქუჩაზე და 10 წუთში პრაღის გრადის პირველი ეზოს შესასვლელთან აღმოჩნდებით;


ვარიანტი 3 (უფრო რთული, ვინაიდან აღმართში სიარული მოგიწევთ, თუმცა მალა სტრანას სახლების სახურავების შესანიშნავი ხედით დატკბებით) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Malostranské náměstí. იქიდან იწყება ნერუდოვას ქუჩა. მიდით ზამკოვას ქუჩამდე, გაუყევით მას და ტუნოვსკას ქუჩაზე გახვალთ. შეუხვიეთ მარცხნივ, გაიარეთ დაახლოებით 50 მეტრი ახალ კიბემდე, დატკბით მალა სტრანას ლამაზი სახურავებით და ადით გრადჩანის მოედნამდე, პრაღის გრადის შესასვლელამდე;


ვარიანტი 4 (მოკლე აღმართი საუცხოო ხედით) - მეტროს A ხაზით მიდით გაჩერებამდე Malostranská, გაიარეთ დაახლოებით 100 მეტრი ტრამვაის სვლის მიმართულებით, შეუხვიეთ მარცხნივ ციხესიმაგრის ძველ კიბეზე, გასცდით წმინდა ვაცლავის ვენახს პრაღის გრადის ჭიშკრისკენ "ნა ოპიში". აქ, გადმოსახედ მოედანზე, თქვენ წინ შესანიშნავი ხედი გადაიშლება მდინარე ვლტავაზე;


ვარიანტი 5 (მხოლოდ ზაფხულში) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Královský letohrádek (გადადით გზაზე). შემდეგ დედაფალ ანას საზაფხულო სასახლიდან სამეფო ბაღი გაიარეთ და 15-20 წუთში პრაღის გრადის საცხენოსნო სკოლასთან აღმოჩნდებით.


დეტალების დასაზუსტებლად და სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პრაღის გრადის ოფიციალურ საიტს: www.hrad.cz/en/prague-castle-for-visitors.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!