უფასო ონლაინ-მეგზური რომში


 რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის მეტრო, ავტობუსი და ტრამვაი. ქალაქში ტროლეიბუსის ერთი მარშრუტიცაა, ოღონდ ტროლეიბუსი მარშრუტის მხოლოდ ნაწილს გადის სადენებით, დანარჩენ გზას კი - აკუმულატორებითა და დაშვებული ბიგელებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომის ქუჩებში მისთვის გამოყოფილ ზოლებში მოძრაობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს მუნიციპალური კომპანია - ATAC (Agenzia del trasporto autoferrotranviario del Comune di Roma), ამიტომ ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის რეგიონალური მატარებლებისთვისაც, ერთიანი ბილეთები მოქმედებს.


სტატიის შინაარსი


1. სატარიფო ზონები

2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები

3. ტურისტული ბარათები

4. რომის მეტროპოლიტენი

5. ავტობუსი რომში

6. ტრამვაი და ტროლეიბუსი რომში

7. ელექტრომატარებელი რომში

8. ტაქსი რომში


განათავსე შენი რეკლამა აქ!






1. სატარიფო ზონები


რომის სატრანსპორტო სისტემაში 7 სატარიფო ზონაა, მაგრამ ვინაიდან თვითონ რომი (ქალაქის ფარგლებში) ორ ზონას მოიცავს, რომის სატრანსპორტო ზონები შემდეგია: A, B, C, D, E, F. რომის აეროპორტები ფიუმიჩინო და ჩამპინო B ზონაში მდებარეობს. აი, როგორ გამოიყურება ეს ზონები სქემაზე:



2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები


რომის ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქმედებს ერთიანი ბილეთი Metrebus ან BIT. ის უნდა შეიძინოთ მგზავრობამდე - სალაროებში მეტროს შესასვლელთან, თამბაქოს და გაზეთების ჯიხურებში, სპეციალურ ავტომატებში (გაითვალისწინეთ, რომ ავტომატები 4 ევროზე მეტ ხურდას არ იძლევიან). ბილეთის ყიდვა ავტობუსის ან ტრამვაის მძღოლთანაც შეგიძლიათ, ოღონდ საღამოს 9 საათის შემდეგ, თანაც ერთ-ნახევარჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ.


ასე გამოიყურება ბილეთების შესაძენი ავტომატები მეტროს სადგურებში:



მეტროში შესვლისას ან ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლისას აუცილებელია ბილეთის კომპოსტირება. დაუკომპოსტირებელი ბილეთით მგზავრობა იგივეა, რაც უბილეთოდ მგზავრობა. ამისთვის კი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ (100-დან 500 ევრომდე, პლუს ბილეთის ღირებულება. თუ ადგილზე გადაიხდით, 50 ევროს შეღავათს გაგიწევენ).



ახლა ვნახოთ, რა სახის ბილეთები არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის:


BIT (biglietto integrato a tempo) - ბილეთი ერთი მგზავრობისთვის. მისი მოქმედების ვადაა 100 წუთი კომპოსტირების შემდეგ.


ბილეთების ღირებულებაა - 1,50 ევრო.


ბილეთის გამოყენება შეგიძლიათ ავტობუსში, ტრამვაიში, ტროლეიბუსში, მეტროში, რეგიონალურ მატარებლებში საქალაქო მარშრუტებზე Trenitalia (მხოლოდ 2-ე კლასში), Roma — Lido, Roma — Giardinetti, Roma — Viterbo. ამ ბილეთს ვერ გამოიყენებთ ავტობუსის მარშრუტებზე Roma Tiburtina/Termini — Fiumicino Airport და რეგიონალურ მატარებლებში ხაზზე Roma Termini — Fiumicino Airport.


Roma 24/48/72 ore - ულიმიტო სამგზავრო ბილეთი 24/48/72 საათის განმავლობაში.


ბილეთის ღირებულებაა:


- 24-საათიანი - 7 ევრო;

- 48-საათიანი - 12,50 ევრო;

- 72-საათიანი - 18 ევრო.


ბილეთის გამოყენება-არგამოყენების პირობები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.


ყურადღება მიაქციეთ, რომ ზემოაღნიშნული ბილეთები ძალაშია 00:00 საათამდე.


CIS (carta integrata settimanale) - ულიმიტო ერთკვირიანი პერსონალური სამგზავრო ბარათი. ვინაიდან ბარათი პერსონალურია, მათში თქვენი მონაცემები უნდა შეიტანოთ.


ბილეთის ღირებულებაა - 24 ევრო.


ბილეთის გამოყენება-არგამოყენების პირობები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.


აი, როგორ გამოიყურება ზემოთ მოყვანილი ხუთი ბილეთი:



Metrebus Card (Mensile Roma personale) - ულიმიტო ერთთვიანი პერსონალური სამგზავრო ბარათი. ვინაიდან ბარათი პერსონალურია, მათში თქვენი მონაცემები უნდა შეიტანოთ.



ამ ბარათით მხოლოდ ქალაქის ფარგლებში შეგიძლიათ მგზავრობა. ფიუმიჩინოს აეროპორტამდე ის არ გამოგადგებათ.


ბარათის ღირებულებაა - 35 ევრო.


სატარიფო ზონებში - რომის გარეუბნებსა და ლაციოს რეგიონში - მგზავრობისთვის მოქმედებს ერთდღიანი BIRG, სამდღიანი BTR, შვიდდღიანი CIRS ბილეთები.


ბილეთის ღირებულება ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია წარმოდგენილი (გაითვალისწინეთ, რომ პირველი და მეორე ზონა იგივე A ზონაა. შესაბამისად, მესამე - B ზონაა, მეოთხე - C ზონა და ა.შ.):



10 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://romaflex.atac.roma.it/default.aspx.


3. ტურისტული ბარათები


რომში რამდენიმე სახის ტურისტული ბარათია. მათგან ყველაზე ბიუჯეტურია Roma Pass. ის ორგვარია: 48-საათიანი და 72-საათიანი. ეს ბარათები უფლებას გაძლევთ, შეუზღუდავად იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რეგიონალური მატარებლებით საქალაქო მარშრუტებით Roma — Lido, Roma — Giardinetti, Roma — Viterbo, უფასოდ ეწვიოთ სიაში ჩამოთვლილთაგან ერთ/ორ მუზეუმს, შეღავათი მიიღოთ სხვა მუზეუმებისა და გამოფენების დათვალიერებისას, გეძლევათ ბუკლეტი მუზეუმების და გამოფენების ჩამონათვალით, აგრეთვე რომის რუკა.



ბარათის ღირებულებაა:


- 48-საათიანი - 32 ევრო;

- 72-საათიანი - 52 ევრო.


ბარათის შეძენა შეგიძლიათ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, ATAC, Trenitalia, FrecciaClub-ის სალაროებში, აგრეთვე ონლაინ რეჟიმში, რითაც თავიდან აიცილებთ რიგში დგომას. ამის გასაკეთებლად, ასევე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.romapass.it/en/buy/#PITvisitberlin.de/en/belin-welcome-card.


ამ ბარათის გარდა კიდევ არის Omnia Card, Rome City Card, All-Access Pass, მაგრამ ისინი უფრო ძვირია.


4. რომის მეტროპოლიტენი


რომის მეტროპოლიტენი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა - ის 1955 წელს გაიხსნა. მასში 3 ხაზი (A - ნარინჯისფერი, B - ლურჯი, C - მწვანე) და 74 სადგურია. ქსელის სიგრძე კი - 60 კმ. სქემაზე აგრეთვე შეხვდებით B ხაზის B1 განშტოებასა და პერსპექტივაში არსებულ მეოთხე, D ყვითელ ხაზს.


რომის მეტროპოლიტენი ძალზე მოსახერხებელი და პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. იხილეთ რომის მეტროს სქემა:



დეტალურად რომის მეტროპოლიტენის შესახებ.


5. ავტობუსი რომში


ავტობუსი რომში ყველაზე მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალებაა, ვინაიდან მას ძალზე განვითარებული ქსელი აქვს და საკმაოდ ხშირად დადის - დაახლოებით 10 წუთში ერთხელ. არსებობს ჩვეულებრივი, ექსპრეს და ღამის ავტობუსი.


ჩვეულებრივი ავტობუსი ყვითელი ან წითელია. გაჩერებებზე მარშრუტის ნომრები წითლად, ცისფრად ან შავადაა აღნიშნული.


ექსპრესავტობუსი (espressi) მწვანე ფერისაა. ისინი უფრო ნაკლებ გაჩერებაზე ჩერდებიან. გაჩერებაზე მარშრუტის ნომერი მწვანე კვადრატშია მოქცეული.


ზემოაღნიშნული ორი სახი ავტობუსი მუშაობს 05:30-06:00-დან შუაღამემდე. დარჩენილ პერიოდში შეგიძლიათ ისარგებლოთ ღამის ავტობუსით (autobus notturni). გაჩერებაზე ისინი აღნიშნულია მუქი ლურჯი ნომრითა და ყვითელი ბუთი, ნომრის მარშრუტში შედის, აგრეთვე, ასო n.



თუ გინდათ, რომ თქვენთვის საჭირო ავტობუსი გაჩერდეს, დადექით გაჩერებაზე და მძღოლს ხელით ანიშნეთ. როცა მომდევნო გაჩერებაზე ჩასვლა გინდათ, ხელი მიაჭირეთ ყვითელ ღილაკს. გაიგონებთ ხმამაღალ ზარს, ჩასასვლელის თავზე კი აინთება წარწერა Fermata prenotata, რაც ნიშნავს: "გაჩერება შეკვეთილია". გაჩერებებზე ცისფრად აღნიშნულია მარშრუტები, რომლებიც დადიან მხოლოდ სამუშაო დღეებში (feriale), წითლად - შაბათ-კვირას (festivo), შავად - ყოველდღე. თუ ავტობუსის მარშრუტი აღნიშნულია წარწერით Sciopero, ეს ნიშნავს, რომ ამ მარშრუტზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ.


რომის ცენტრში ზოგჯერ თვალს მოჰკრავთ პატარა ავტობუსებს - bussini ecologici. ეს ეკოლოგიური ავტობუსებია. მართალია, ჩვეულებრივ ავტობუსებზე ნელა გადაადგილდებიან, სამაგიეროდ, ქალაქის ძველ, ვიწრო ქუჩებში თავისუფლად მოძრაობენ.



6. ტრამვაი და ტროლეიბუსი რომში


რომში ტრამვაის ექვსი ხაზია. ტრამვაი ქალაქში დილის 5:30-დან შუაღამემდე მოძრაობს. რომის ტრამვაი ორი სახისაა: ძველი, წითელი, და ახალი, მწვანე. ავტობუსებისგან განსხვავებით, ტრამვაი აუცილებლად ჩერდება ყველა გაჩერებაზე, თუმცა მაინც აჯობებს, რომ ჩასვლის წინ მაინც დააჭიროთ ხელი ყვითელ ღილაკს.



ამჟამად რომში ტროლეიბუსის მხოლოდ ერთი მარშრუტია - 90 Express. ის გზის ნაწილს ელექტროსადენების დახმარებით გადის, ნაწილს კი - უბიგელებოდ, აკუმულატორების საშუალებით, მარშრუტით "ტერმინი - ლარგო ლაბია" (დაახლოებით 12 კილომეტრი ერთ მხარეს).



7. ელექტრომატარებელი რომში


რომში საგარეუბნო მატარებლების 8 ხაზია - FR1, FR2, FR3, FR4, FR5, FR6, FR7, FR8 (Ferrovie Regionale), - აგრეთვე საქალაქო ელექტრომატარებლების 3 ხაზი (რომი - ლიდო, რომი - ვიტერბრო და რომი - ჯარდინეტი). საგარეუბნო მარშრუტების საერთო სიგრძე 672 კილომეტრია, სულ 128 სადგურია. მარშრუტების უმრავლესობა იწყება სადგურ ტერმინიდან. ქალაქში კიდევ 8 რკინიგზის სადგურია. მათგან გამოვყოფთ ტიბურტინასა და ოსტიენცეს.



მატარებლით მგზავრობის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ სადგურში, ავტომატებში ან ონლაინრეჟიმში. მატარებელში ასვლამდე ბილეთი აუცილებლად უნდა დააკომპოსტიროთ მოყვითალო-ნარინჯისფერ აპარატებში, რომლებიც ყოველი პლატფორმის დასაწყისშია განთავსებული.


ფიუმიჩინოს აეროპორტსა და ტერმინის სადგურს შორის მოძრაობს ელექტრომატარებელი Leonardo Express (ბილეთის ფასი - 14 ევრო). აეროპორტიდან რომში ჩასვლა შეგიძლიათ, აგრეთვე, Regionale და Regionale Veloce ელექტრომატარებლებით, რაც გაცილებით იაფი, 8 ევრო დაგიჯდებათ, ოღონდ ის Termini-ში არ მივა, არამედ გაჩერდება შემდეგ გაჩერებებზე: Trastevere, Ostiense, Tuscolana, Tiburtina.


ონლაინრეჟიმში ბილეთების შეძენა შეგიძლიათ Trenitalia-ს ოფიციალურ საიტზე: www.trenitalia.com.


8. ტაქსი რომში


რომში ტაქსი თეთრი ფერისაა. ტაქსიში ჩასხდომა ღირს 3 ევრო დღისით, 5 ევრო - შაბათ-კვირას და 7 ევრო - ღამით (22:00-დან 06:00-მდე), 1 კილომეტრის საფასური კი პირველ ზონაში 1,14 ევროა, მეორეში - 1,35 ევრო, მესამეში - 1,66 ევრო. მძღოლი ვალდებულია გაგაფრთხილოთ, რომ ტარიფი იცვლება. თუ მანქანა 20კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობს, ერთი წუთი 0,50 ევრო ღირს. ბარგის ერთი ერთეულის გადატანა უფასოდ შეგიძლიათ, ყოველ დამატებით ბარგზე, რომლის ზომაც 35x25x50-ს აღემატება, 1 ევროს გადახდა მოგიწევთ.



დააკვირდით, რომ ტაქსის ჰქონდეს წითელი ნიშანი SPQR, რაც იმის მაუწყებელია, რომ მას რეკომენდაციას უწევს მუნიციპალიტეტი, თორემ არაკეთილსინდისიერი მძღოლი გაცილებით მეტს გადაგახდევინებთ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!