ტიუილრის ბაღი კლასიკურ ფრანგულ სტილშია გაშენებული და პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული ადგილია. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს თანხმობის მოედანს, რივოლის ქუჩას, ლუვრსა და სენას შორის. ტიუილრის ბაღს ხშირად თეატრს ადარებენ ღია ცის ქვეშ, სადაც დეკორაციების როლს ქანდაკებები, მცენარეები და ლანდშაფტის სხვადასხვა ელემენტები ასრულებენ. ტიუილრის ბაღი ნამდვილი ოაზისია მუდამ მოფუსფუსე პარიზის შუაგულში. ყველა გზა ამ პარკში მოდის, ასე რომ, რომელი ისტორიული ღირსშესანიშნაობაც არ უნდა დაათვალიეროთ, მას აუცილებლად შეამჩნევთ.
რამდენიმე საუკუნის წინათ ბაღის გვერდით ტიუილრის სასახლეც იდგა, მაგრამ ის პარიზის კომუნის დროს დაანგრიეს. ჩვენს დროში ტიუილრის ბაღი პარიზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგულარული, ანუ "ფრანგული" ბაღია, რაც ნიშნავს მკაცრ გეომეტრიას ხეივნების მოხაზულობასა და ხეების დარგვის ადგილებთან დაკავშირებით. XVII საუკუნეში პარკების ეს სტილი იყო გავრცელებული - ადამიანები არქიტექტურული ჩანაფიქრის მიხედვით გამოხატავდნენ ბუნებაზე მათ ძალაუფლებას.
XV საუკუნეში ტიუილრის ბაღის ადგილი ლუვრის ციხესიმაგრის კედლებს მიღმა მდებარეობდა და ის პარიზის გარეუბანი იყო. იქ მოიპოვებდნენ თიხას კრამიტის საწარმოებლად. კრამიტს ფრანგულად "ტიუილი" ჰქვია და სწორედ ამ სიტყვას უკავშირდება "ტიუილრი".
პირველი პარკი ამ ადგილას 1564 წელს გაჩნდა ეკატერინე მედიჩის გადაწყვეტილებით, რომელსაც სურდა, რომ ჰქონოდა ახალი სასახლე და ბაღი მის გარშემო სასეირნოდ. არსებობს ეჭვი ის იქ მომწამვლელი მცენარეების გაშენებას გეგმავდა არასასურველი ხალხის თავიდან მოსაცილებლად.
XVII საუკუნეში ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორის, ანდრე ლენოტრის, ძალისხმევით პარკი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მალე პოპულარობაც მოიპოვა. ატრაქციონებისა და მყუდრო პავილიონების გარდა, მნახველებს იმ დროისთვის უჩვეულო ფუფუნება აოცებდათ - საზოგადოებრივი ტუალეტები.
1871 წელს პარკი მნიშვნელოვნად დაზიანდა: რევოლუციონერებმა ტიუილრის სასახლე და პარკში მდებარე ნაგებობების ნაწილი გაანადგურეს. ახალი ხელისუფლება პარკს არ სწყალობდა, ვინაიდან ერთ დროს ნაპოლეონმა სწორედ ტიუილრი აირჩია თავის რეზიდენციად.
მისი აღორძინება მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს დაიწყო, ლუვრის მასშტაბური რესტავრაციის დაწყების კვალდაკვალ.
ტიუილრის ბაღი არაერთი მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა. შეგახსენებთ მხოლოდ ერთს - ედუარდ მანეს. ცნობილია მისი ნახატი "მუსიკა ტიუილრის ბაღში":
ლენოტრის დროიდან ბაღი დიდად არ შეცვლილა. პარიზელებსა და ქალაქის სტუმრებს უყვართ აქ მოსვლა, რათა ხმაურსა და ფუსფუსს მოსცილდნენ და დაისვენონ. მდელოები, ყვავილნარები დ ხეები ყოველთვის იდეალურად არის მოვლილი.
ბაღის ხუთ ფართო ხეივანში მრავალი ქანდაკება და ქვის ელემენტია. გაჩვენებთ რამდენიმე მათგანს:
ტიუილრის ბაღის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მუზეუმი "ორანჟერი". თავდაპირველად ორანჟერეაში ფორთოხლის მოშენებას გეგმავდნენ, მაგრამ სინამდვილეში შენობას გამოფენების გასამართავად იყენებენ. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ცნობილი იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნახატები.
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იხილავთ გალერეას "ჟე-დე-პომ" - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, თუმცა მასში ოდესღაც ჩოგბურთის კორტები იყო.
აქვეა ტრიუმფალური თაღი, რომელიც იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ბრძანებით ააგეს მისი არმიის გამარჯვებების აღსანიშნავად.
პარკის ფართობი 25,5 ჰექტარია, სიგრძე - 920 მეტრი, სიგანე - 325 მეტრი. ბაღში 3 ათასზე მეტი მცენარეა, მათ შორის 1800 ხე.
ტიუილრის ბაღის ზუსტი მისამართია: 111, rue de Rivoli, 75001, Tuileries Garden. მუშაობს ყოველდღე დილის 7.00-დან. შესვლა უფასოა.
ტიუილრის ბაღამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ ფეხით პარიზის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას, როგორიცაა ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშკი და ელისეს მინდვრები.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია