უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 ვიშეგრადი (Vyšehrad)

ვიშეგრადი პრაღის ისტორიული რაიონია, ჩეხების, როგორც ერის, დაბადების ლეგენდარული ადგილი. ის მდებარეობს კლოვან ბორცვზე, რომლის ძირშიც მდინარე ვლტავა მიედინება. ვიშეგრადს აგრეთვე უწოდებენ ჩეხეთის პირველი მმართველების ყოფილ რეზიდენციას - დროთა განმავლობაში ის სამხედრო ციხესიმაგრედ გადაიქცა. დღესდღეობით ვიშეგრადი გახლავთ მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობა. ვიშეგრადი ჩეხურად "მაღალ ციხესიმაგრეს" ნიშნავს - X საუკუნის ამ ნაგებობამდე ფეხით ასვლა არც ისე ადვილია. თუმცა მაინც დაბეჯითებით გირჩევთ მის ნახვას - სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იქიდან საუცხოო პანორამული ხედები იშლება.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მკვლევრების აზრით, ვიშეგრადის ციხესიმაგრე X საუკუნეში ააგეს. ის სამართლიანად ითვლება ჩეხეთის სახელმწიფოს პირველ ცენტრად (მეორე - პრაღის გრადია). ვიშეგრადი პრაღას 1884 წელს შეუერთდა, 1962 წელს კი მას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.



ლეგენდის თანახმად, მრავალი წლის წინათ ამ ადგილას სლავური ტომები გამოჩნდნენ, რომლებიც სადმე დასახლებას ცდილობდნენ. მათ ბელადს, კროკს, სამი ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი, ლიბუშე, ნათელმხილველი იყო. მას დაესიზმრა, რომ ტყეში ის კაცი უნდა მოეძებნათ, რომელიც თავისი სახლისთვის ზღურბლს აკეთებდა, და ამ ადგილას ახალი ქალაქი დაეფუძნებინათ. ლიბუშეს სიზმარი გაცხადდა: პეტრშინის ბორცვზე მდგომმა თავისი წინასწარმეტყველება წარმოთქვა იმის შესახებ, რომ მდინარე ვლტავას თავზე, ფრიალო კლდეზე, ციხესიმაგრე პრაღა აშენდებოდა (ჩეხურად "პრაგ" ზღურბლს ნიშნავს), რომ ამ ქალაქის დიდება ვარსკვლავებს მისწვდებოდა და მას მთელი მსოფლიო ქებას შეასხამდა.


ვიშეგრადში იმდენი ღირშესანიშნავი ადგილია, რომ მათი ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს. ამიტომ ყურაღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ.


თაბორის კარიბჭე - სწორედ აქედან მოუწევთ შესვლა ტურისტებს, რომლებიც ვიშეგრადამდე მეტროთი მივლენ.



თაბორის კარიბჭე 1656 წელს აიგო.


ვიშეგრადს კიდევ ორი შესასვლელი აქვს: ლეოპოლდის კარიბჭე, რომლის თავზეც არწივია გამოსახული,



და აგურის კარიბჭე, რომლის ორივე მხარეს კაზემატების ნაწილებია განთავსებული.



რაც შეეხება თვითონ ვიშეგრადის კაზემატებს, მათ სამხედრო მიზნით იყენებდნენ. ვინაიდან კაზემატებში მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი ტემპერატურა და ტენიანობაა, ამჟამად იქ კარლოვის ხიდის ქანდაკებების 6 ორიგინალი ინახება.



წმინდა მარტინის როტონდა XI საუკუნეშია აგებული და ის ვიშეგრადის უძველესი ნაგებობაა, თუმცა ჩინებულ მდგომარეობაშია. მასში XIX საუკუნის ფრესკებია შემონახული. როტონდაში შესვლა ფასიანია.



ეშმაკის სვეტი - ლეგენდის თანახმად, ტაძრის წინამძღვარმა ეშმაკთან გარიგება დადო: ეშმაკს მისი ყველა სურვილი უნდა შეესრულებინა, სანაცვლოდ კი წინამძღვრის სიკვდილის შემდეგ მის სულს დაეპატრონებოდა. ეს გარიგება ძალას დაკარგავდა, თუ რომელიმე სურვილი არ შესრულდებოდა. როდესაც მღვდელმსახურის აღსასრულის დღე მოახლოვდა, წმინდა პეტრეს იგი შეებრალა და გადაწყვიტა დახმარებოდა: წინამძღვარს ურჩია, რომ ეშმაკისთვის ტაძრის სვეტის მოტანა დაევალებინა, რაც მანამ უნდა მოესწრო, სანამ მღვდელი წირვას ატარებდა. ეშმაკი სვეტთან ერთად ვიშეგრადში გამოფრინდა, მაგრამ წმინდა პეტრემ მას ხელი შეუშალა. ეშმაკმა წირვის დასრულებამდე სვეტის მოტანა ვერ მოასწრო და გაბრაზებულმა მიწაზე დაანარცხა. სვეტი სამ ნაწილად დაიმტვრა, წინამძღვრის სული კი გადარჩა.



წმინდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკა ვიშეგრადის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ის XI საუკუნეს განეკუთვნება და პრაღის მრავალი ადგილიდან მოჩანს.



ტაძარი ნეოგოტიკურ სტილს მიეკუთვნება. ცენტრალური კოშკების სიმაღლე 58-60 მეტრია. ბაზილიკის შესასვლელს ძველებური გრავიურა ამშვენებს, მის გარშემო კი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნული სიმბოლო და ვიშეგრადის კაპიტულის ტრადიციული სიმბოლოა გამოსახული (გადაჯვარედინებული ორი გასაღები). ბარელიეფი "საშინელ სამსჯავროზე" მოგვითხრობს. შიგა ინტერიერში ლამაზ პანოებს, ვიტრაჟებსა და ფრესკებს იხილავთ. კედლები მოდერნის სტილშია მოხატული.





ტაძრის სიახლოვეს მდებარეობს ვიშეგრადის სასაფლაო. აქ არიან დაკრძალული მწერალი კარელ ჩაპეკი, კომპოზიტორები ბედრჟიხ სმეტანა და ანტონინ დვორჟაკი და სხვები.




სასაფლაოს მთავარი ნაწილია სლავინის აკლდამა. კომპლექსის ცენტრში ქვის მართკუთხა კვარცხლბეკია. მის ზედა სიბრტყეში სამშობლოს გენიის ქანდაკებაა - გარდაცვლილთა თავზე დახრილი სევდიანი ანგელოზი. მონუმენტის აქეთ-იქით ორი ალეგორიული ფიგურაა: მარცხნივ - დამწუხრებული, მარჯვნივ კი - გამარჯვებული სამშობლო.



ვიშეგრადში მრავალი პარკია, სადაც ბევრი ქანდაკება დგას, მაგალითად, ჩეხი გოლიათებისა და ცხენზე ამხედრებული მეფე ვაცლავის.




ეს არის არასრული სია იმისა, რისი ნახვაც ვიშეგრადში შეგიძლიათ, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ.


ვიშეგრადამდე მისასვლელად ისარგებლეთ:

- მეტროს წითელი C ხაზით, გაჩერებამდე Vyšehrad. მეტროდან გამოსვლის შემდეგ მოგიწევთ გზის მაჩვენებლების მიხედვით ათიოდე წუთი ფეხით იაროთ თაბორის კარიბჭემდე (კონგრეს-ცენტრი მარცხნივ მოიტოვეთ);

- ტრამვაით №7, 14, 18, 24, 93, 95, გაჩერებამდე Albertov;

- ტრამვაით №1, 2, 7, 14, 18, 24, 93, 95, გაჩერებამდე Ostrčilovo náměstí;

- ტრამვაით №2, 3, 7, 17, 92, გაჩერებამდე Výtoň.


ვიშეგრადის ოფიციალური საიტია: www.praha-vysehrad.cz.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!