ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი გოტიკური წმინდა ვიტას საკათედრო ტაძარი (სრული სახელწოდებაა წმინდა ვიტას, ვაცლავისა და ვოიტეხის ტაძარი) პრაღის ყოველი წერტილიდან მოჩანს. ის იმდენად უნიკალური და განუმეორებელია, რომ მის წინაშე გოტიკური სტილის ყველა სხვა ღირსშესანიშნაობა ფერმკრთალდება. წმინდა ვიტას ტაძარს პრაღის გრადის მარგალიტსაც უწოდებენ. წარმოუდგენელია, რომ ტურისტი პრაღაში ჩავიდეს და ამ ტაძარს არ ეწვიოს. წმინდა ვიტას ტაძარი გავრცელებულ სტერეოტიპებს ანგრევს და გვარწმუნებს, რომ გოტიკა ადამიანს არა მხოლოდ მის უსუსურობას აგრძნობინებს, არამედ კიდეც შთააგონებს და ძალასაც ჰმატებს.
კათედრალური ტაძარი ჩეხური კულტურისა და ისტორიის განსახიერებაა. მის კედლებს მიღმა ინახება მეფეთა საძვალეები, მეფედ კურთხევისთვის საჭირო რეგალიები და სახელმწიფო ხელისუფლების დამადასტურებელი ძვირფასი ნივთები. აქვე მდებარეობს პრაღის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია.
ტაძრის მშენებლობა 1344 წელს დაიწყო X საუკუნის ეკლესიის (როტონდის) ფუნდამენტზე. XI საუკუნეში როტონდა ბაზილიკად გადააკეთეს, XIV საუკუნეში კი იან ლუქსემბურგელმა ამ ადგილას გრანდიოზული ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ამ საქმეს მრავალმა ისტორიულმა მოვლენამ შეუქმნა დაბრკოლება, ბევრი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა სამუშაოს. მშენებლობის პროცესი ძალზე გაიწელა და მხოლოდ 1929 წელს დასრულდა!
ტაძრის, კერძოდ, მთავარი კოშკის სიმაღლე 124 მეტრია, სამხრეთის დიდი კოშკის კი - 96,5 მეტრი. დასავლეთის მხარეს მდებარეობს ორი "ტყუპი" კოშკი, თითოეულის სიმაღლე 82 მეტრია, მათ შორის კი 10 მეტრი დიამეტრის ფანჯარა-როზეტებია.
ყველაფერი რელიეფებითა და ქანდაკებებითა დამშვენებული. დასავლეთის ფასადს ქიმერები და გორგულიები იცავენ.
ტაძრის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს "ოქროს ჭიშკარი" - უმაღლესი წოდების მღვდელმსახურთა მთავარი, სამთაღოვანი შესასვლელი, რომელსაც მოზაიკით გაკეთებული "საშინელი სამსჯავრო" ამშვენებს.
ამავე მხარეს არის სამრეკლო კოშკი. მისი სიმაღლეა 96,5 მეტრი. მთავარი ზარი 15 ტონას იწონის. კოშკი დამშვენებულია 1597 წელს შექმნილი საოცარი საათით, რომელსაც ორი ციფერბლატი აქვს: საათებისა და წუთების.
სამხრეთის კოშკზე შეგიძლიათ ახვიდეთ გადმოსახედ მოედანზე, რისთვისაც ხვეული კიბით 298 საფეხურის ავლა მოგიწევთ. იქიდან პრაღის ულამაზეს პანორამას იხილავთ.
წმინდა ვიტას ტაძრის ინტერიერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს: 30-მეტრიანი კამარა, დახვეწილი კათედრა, მოჩუქურთმებული დეტალები, 28 ცილინდრული სვეტი, კაპელები, ლამაზი ფერადი ვიტრაჟები, რომლებიდანაც ტაძარში შუქი შემოდის.
გეომეტრიულად ტაძარი შიგნიდან შთამბეჭდავი ზომის (124მ x 60მ) ლათინური ჯვრის ფორმას იმეორებს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილს მთავარი საკურთხეველი განსაზღვრავს.
წმინდა ვიტას ტაძარში დგას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანი, იმართება საორგანო მუსიკის კონცერტები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტაძრის ბიბლიოთეკა - აქ თავმოყრილია შუა საუკუნეების ეპოქის ნაშრომების სერიოზული კოლექცია.
საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიტრაჟები. მათი საშუალებით ტაძარში თითქოს ზეციური შუქი შემოდის.
ეს ვიტრაჟები 100 წლის განმავლობაში იქმნებოდა. ნახატებში გამოყენებულია ჩეხეთთან დაკავშირებული წმინდანებისა და დიდმოწამეების ცხოვრების მოტივები.
ტაძარში გამორჩეული ადგილი წმინდა ვაცლავის კაპელას უჭირავს. სამხრეთის აპსიდში წმინდა ვაცლავის სამლოცველოა განთავსებული. აქ ინახება ჩეხეთის მიწების მფარველის - წმინდა ვაცლავის ნეშტი. ქვის აკლდამა ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკულ კვარცხლბეკზე დგას.
წმინდა ვაცლავის კაპელის ზემოთ მდებარეობს მეფედ კურთხევის დარბაზი, სადაც ამ პროცედურისთვის საჭირო რეგალიები ინახება.
ტაძრის შიგა სივრცეს ორ ნაწილად ჰყოფს ტრიფორიუმი. ეს აივანი-გალერეა მიწიერ და ზეციურ ნაწილებს შორის მდებარეობს. ტრიფორიუმში განთავსებულია ტაძრის შემქმნელების, სამეფო დინასტიების წარმომადგენლებისა და არქიეპისკოპოსების ბიუსტები.
XIX საუკუნეში შექმნილი საკურთხევლის წინ მდებარეობს თეთრი მარმარილოს აკლდამა. მის სახურავს ამშვენებს ფერდინანდ I-ის, მისი მეუღლისა და ვაჟიშვილის რელიეფური გამოსახულებები. ეს მავზოლეუმის მიწისზედა ნაწილია - ქვემოთ სამეფო კრიპტაა.
საკათედრო ტაძრის შესასვლელი ღიაა ზამთრის სეზონში - 15:40-მდე, ზაფხულის სეზონში - 16:40-მდე. კვირაობით შესვლა - 12:00-დან, დანარჩენ დღეებში - 09:00-დან.
ტაძრის გარედან დათვალიერება უფასოა. შიგნით შესასვლელად ბილეთის შეძენა მოგიწევთ. მარშრუტის მიხედვით ფასი 250-350 კრონაა. გადმოსახედ მოედანზე ასვლა - 150 კრონა. გათვალისწინებულია შეღავათები ბავშვებისთვის, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის.
დეტალების დასაზუსტებლად და სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ წმინდა ვიტას ტაძრის ოფიციალურ საიტს: www.katedralasvatehovita.cz/en.
წმინდა ვიტას ტაძრის მისამართია: III. nádvoří 48/2, Praha 1.
იქ მოსახვედრად პრაღის გრადამდე უნდა მიხვიდეთ, ამიტომ იმავე რჩევას მოგცემთ, რაც პრაღის გრადის შემთხვევაში მოგეცით:
წმინდა ვიტას ტაძრამდე მისასვლელად აჯობებს ჩაჯდეთ ტრამვაიში №22 (გაჩერებამდე Pražský hrad - ვარიანტი 1), დათვალიერების შემდეგ კი დაეშვათ ციხედარბაზის 230 მეტრი სიგრძის ძველი კიბით მეტროს A ხაზამდე (სადგური Malostranská).
ვარიანტი 1 (ყველაზე პირდაპირი და მარტივი) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Pražský hrad, შეუხვიეთ მარცხნივ (გადადით გზაზე) და გაუყევით ქუჩას U Prašného mostu, გადადით დენთის ხიდზე და ხუთიოდე წუთში პრაღის გრადის მეორე ეზოს შადრევანთან აღმოჩნდებით;
ვარიანტი 2 (მსუბუქი გასეირნება აღმართში) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Pohořelec (გადადით გზაზე), გასცდით Loretánské náměstí-ს, დაეშვით Loretánská-ს ქუჩაზე და 10 წუთში პრაღის გრადის პირველი ეზოს შესასვლელთან აღმოჩნდებით;
ვარიანტი 3 (უფრო რთული, ვინაიდან აღმართში სიარული მოგიწევთ, თუმცა მალა სტრანას სახლების სახურავების შესანიშნავი ხედით დატკბებით) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Malostranské náměstí. იქიდან იწყება ნერუდოვას ქუჩა. მიდით ზამკოვას ქუჩამდე, გაუყევით მას და ტუნოვსკას ქუჩაზე გახვალთ. შეუხვიეთ მარცხნივ, გაიარეთ დაახლოებით 50 მეტრი ახალ კიბემდე, დატკბით მალა სტრანას ლამაზი სახურავებით და ადით გრადჩანის მოედნამდე, პრაღის გრადის შესასვლელამდე;
ვარიანტი 4 (მოკლე აღმართი საუცხოო ხედით) - მეტროს A ხაზით მიდით გაჩერებამდე Malostranská, გაიარეთ დაახლოებით 100 მეტრი ტრამვაის სვლის მიმართულებით, შეუხვიეთ მარცხნივ ციხესიმაგრის ძველ კიბეზე, გასცდით წმინდა ვაცლავის ვენახს პრაღის გრადის ჭიშკრისკენ "ნა ოპიში". აქ, გადმოსახედ მოედანზე, თქვენ წინ შესანიშნავი ხედი გადაიშლება მდინარე ვლტავაზე;
ვარიანტი 5 (მხოლოდ ზაფხულში) - ტრამვაით №22 მიდით გაჩერებამდე Královský letohrádek (გადადით გზაზე). შემდეგ დედაფალ ანას საზაფხულო სასახლიდან სამეფო ბაღი გაიარეთ და 15-20 წუთში პრაღის გრადის საცხენოსნო სკოლასთან აღმოჩნდებით.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია