უფასო ონლაინ-მეგზური ვენაში


 ავსტრიის პარლამენტის შენობა

ავსტრიის პარლამენტის შენობა, რომელსაც "ვენის რაიხსტაგსაც" უწოდებენ, 1874-1884 წლებში აშენდა. ეს დიდებული კომპლექსი ბარონმა თეოფილ ედუარდ ჰანსენმა დააპროექტა, რინგშტრასეს ანსამბლის ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა. ამ შენობაში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს ჰარმონია და სილამაზე, თავშეკავებულობა და თავისუფლება. მეორე მსოფლიო ომის დროს პარლამენტის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ 1955-1956 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად ორიგინალური ინტერიერის უდიდესი ნაწილის აღდგენა მოხერხდა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ცენტრალური შესასვლელის წინ დგას სიბრძნის ძველბერძნულ ქალღმერთ ათენა პალადას დიდი ქანდაკება, რომელიც ავსტრიელ პოლიტიკოსებსა და კანონმდებლებს "მიანიშნებს", რომ ისტორიის გაკვეთილები და დემოკრატიული ფასეულობები არ დაივიწყონ.



შენობის კიბეზე ანტიკური ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების ქანდაკებებია, მათ შორის ჰეროდოტეს, ქსენოფონეს და სხვ.



პარლამენტის შენობას 13500 კვადრატულ მეტრზე მეტი უჭირავს. მასში 100-ზე მეტი ოთახია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნაციონალური საბჭოსა და ფედერალური საბჭოს დარბაზები. აქვეა მოსალაპარაკებელი, სპორტული, დასასვენებელი და სხვა ოთახები, ბიბლიოთეკა და ა.შ. ამავე შენობაში იმართება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ცერემონიები.


თუკი პარლამენტის შენობაში დიდი შესასვლელი პორტალიდან შეხვალთ, რომელიც ათენის აკროპოლის ერეხთეიონის პორტალის ბრინჯაოს ასლია, მოხვდებით ე.წ. "ზედა ვესტიბიულში". იქ დაინახავთ ტრენტოს მარმარილოსგან გაკეთებულ ექვს შვიდმეტრიან სვეტს. მარცხნივ და მარჯვნივ კიბეები ქვედა ვესტიბიულში მიგიყვანთ. კიბეების თავზე, ნიშებში, იხილავთ ძველბერძნული ღმერთების მარმარილოს ასლებს. მარცხნივ აპოლონი, ათენა, ზევსი, ჰერა და ჰეფესტოა, მარჯვნივ - ჰერმესი, დემეტრა, პოსეიდონი, არტემიდა და არესი.



ალოიზ შრამის დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის ფრიზზე, რომელიც ნიშების ზემოთ იწყება და ატრიუმამდე მიდის, კიბის უჯრედზე გამოსახულია მსოფლიოს მატერიალური კეთილდღეობა: მარცხნივ - ხალხთა მატერიალური ინტერესები, მარჯვნივ - საზოგადოების აყვავება. მარცხენა დერეფნებში გადმოცემულია სპარტას სახელმწიფოს იდეები, მარჯვენაში - ათენის სახელმწიფოსი. ატრიუმში, რომელიც ვესტიბიულისგან ორი იონური სვეტითაა გამოყოფილი, ფრიზი სვეტებიან დარბაზში შესასვლელი დიდი კარის თავზე გამოსახავს სამეფო ტახტზე დაბრძანებულ ავსტრიას და ასახიერებს სიყვარულს სამშობლოსადმი, რომლისთვისაც არაფერი უნდა დაიშურო, თავიც კი უნდა გაწირო. მეომრები ერთგულების ფიცს დებენ, ქალები კი ძღვენს სწირავენ.



აი, ძველბერძნული პართენონის სტილის მარმარილოს სვეტებიანი დარბაზი, რომლის უკანაც ფედერალური კრების სხდომათა დარბაზია.



აქ სულ 24 კორინთული სვეტია. თითოეული მათგანი მონოლითია და 16 ტონას იწონის.



კარარას მარმარილოსგან დამზადებული ქანდაკებები გამოსახავენ ისტორიულ პიროვნებებს. ესენი არიან: ნუმა პომპილიუსი, ცინცინატუსი, ფაბიუს მაქსიმუსი, აუგუსტუსი, უფროსი კატონი, გაიუს გრაკჰუსი, ციცერონი, მანლიუს ტორკატუსი, უმცროსი სენეკა, კონსტანტინე დიდი და სხვ. მათ ზემოთ განთავსებული ფრიზები აუგუსტ ეიზენმენგერის დახატულია და მოგვითხრობენ სამოქალაქო ცხოვრების წარმოშობის ისტორიას.



სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ტურისტები მას ვერ დაათვალიერებენ. ამ დროს დეპუტატები და სხვა თანამშრომლები ჰოფბურგსა და ეპშტეინის სასახლეში მუშაობენ. რესტავრაციის შემდეგ პარლამენტი საზეიმოდ გაიხსნება 2023 წლის 12 იანვარს, ექსკურსიები კი განახლდება 16 იანვრიდან.


პარლამენტის შენობა მდებარეობს რინგშტრასეზე, ჰოფბურგის სასახლესთან ახლოს, ვენის რატუშისა და სხვა ღირსშესანიშნაობების გვერდით. იქ მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრამვაით №1, 2, 71, D, U2Z (გაჩერება "Parlament","Ring", "Volkstheater"), ავტობუსით №25, 38, 60, 66 (გაჩერება "Ring", "Volkstheater U", "Rathausplatz", "Burgtheater") და მეტროთი (U3 ხაზის გაჩერება "Volkstheater", "Herrengasse" და U2 ხაზის გაჩერება "Schottentor").


დროებით რეზიდენციასა და ეპშტეინის სასახლეს შეგიძლიათ ეწვიოთ ექსკურსიით. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პარლამენტის ოფიციალური საიტი: https://www.parlament.gv.at.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!