მონსერატის მონასტერი ესპანეთში - კატალონიის სულიერი სიმბოლო და მომლოცველების ფართოდ ცნობილი ცენტრია. წმინდა ადგილი ბარსელონიდან 50 კილომეტრის დაშორებითაა, მონსერატის მთის ძირში, რაც კატალონიურად "დაჭრილ (დახერხილ) მთებს" ნიშნავს. ტაძარი ზღვის დონიდან 725 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალი 1236 მეტრია. 10 კილომეტრის სიგრძისა და 5 კილომეტრი სიგანის მთის მასივი კირქვის კლდეებისგან შედგება. ის ესპანეთში ჩასული მრავალი ტურისტის ყურადღებას იპყრობს. ტერიტორია კატალონიის ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული. აქ ბევრი სამთო ბილიკია გზის მაჩვენებლებით, იზრდება 1500-ზე მეტი სახეობის მცენარე. 2003 წლიდან მუშაობს საბაგირო და ფუნიკულიორი, ვინაიდან მთები მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად გადაიქცა. საინტერესოა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა სახელს უწოდებს უცნაურ კლდეებს - "მუმია", "ეპისკოპოსის მუცელი", "სპილოს ხორთუმი", "აქლემი". 1987 წელს მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია ეროვნული მნიშვნელობის პარკად გამოცხადდა.
მონსერატის მონასტერი აქ წმინდა ქალწულ მარიამის პატივსაცემად აიგო. 880 წელს ადგილობრივმა მწყემსებმა მთის გამოქვაბულში მარიამ ღვთისმშობლის ხის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელსაც ხელში ახალშობილი ეჭირა. ის იმდენად მძიმე იყო, რომ გამოქვაბულიდან ვერ გამოიტანეს და ადგილზე დატოვება გადაწყვიტეს.
IX საუკუნეში მონსერატის მთებში ოთხი კათოლიკური სავანე გაჩნდა. ბენედიქტელი ბერები აქ XI საუკუნეში მოვიდნენ. 1025 წელს პირველი ქვა საძიკველში ჩადო გავლენიანმა აბატმა ოლიბამ. მოგვიანებით მას ძეგლი დაუდგეს.
მონასტერი რომანულ სტილში ააგეს. 1522 წელს აქაურობა მოილოცა იეზუიტების ორდენის დამფუძნებელმა ლაიოლამ. ცოტა ხნის შემდეგ ააშენეს აღორძინების სტილის ტაძარი გოტიკური ელემენტებით, რომელიც 1592 წელს აკურთხეს. 1610 წელს აქ გადმოასვენეს რომის ორი პაპის ნეშტი: ალექსანდრ VI-ისა და კალისტ III-ის.
ნაპოლეონის გამოჩენამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1811 წელს მისმა ჯარმა თითქმის ყველაფერი დაანგრია. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ტაძრის აღდგენა დაიწყეს. პროცესი ასი წელი გაგრძელდა. როდესაც შენობა დასრულდა, ის კატალონიის სიმბოლო და ბურჯი გახდა, ვინაიდან ხალხის ისტორიას ასახავს. მხოლოდ აქ ატარებდნენ წირვას და ქორწინებებს ერთ დროს (დიქტატორ ფრანკოს მმართველობისას) აკრძალულ კატალანიურ ენაზე.
აღდგენილი ტაძარი რამდენიმე სტილის ნაზავია, რომელშიც მოდერნიზმი ჭარბობს. მთავარი პორტალის ზემოთ იესო და 12 მოციქულია გამოსახული:
იქ შეგიძლიათ ცენტრალური მოედნიდან მოხვდეთ:
კლდისგან გამოკვეთილი 8-ტონიანი საკურთხეველი ემალითა და ვერცხლითაა მორთული. შიგნით არის, აგრეთვე, რგოლი-ბალდახინი სამყაროს შექმნის გამოსახულებით, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ნიშა-სამლოცველო, კატალონიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანი, ვიტრაჟები და როზეტი ღვთისმშობლისა და მისი ცხოვრების გამოსახულებებით, ნახატები და კაპელები.
ყველაზე საინტერესო ღვთისმშობლის კაპელაა, კერძოდ, ვერცხლის ტახტი და მონსერატის ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და სფეროთი, რომელიც სამყაროს სიმბოლოა. ქრისტიანებს შორის გავრცელებულია ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ე.წ. "შავ მადონას" (La Moreneta) ღვთიური ძალა აქვს, ამიტომ ქალები მასთან სხვადასხვა თხოვნით მიდიან. ლეგენდის თანახმად, ის წმინდა ლუკამ გამოკვეთა, წმინდა პეტრემ კი ესპანეთში წაიღო. 718 წელს ქანდაკება მონსერატის მთებში დამალეს, რათა სარაცინებისგან დაეცვათ, შემდეგ კი დაიკარგა. "შავი მადონა" 890 წელს აღმოაჩინეს მწყემსებმა მღვიმიდან გამომავალი ანგელოზური სიმღერისა და იდუმალებით მოცული ნათების წყალობით, თუმცა ის არ შემორჩა და მონასტერში XII საუკუნეში შექმნილი მისი ასლია.
ამჟამად მონსერატის მონასტერში 80-მდე ბენედიქტელი ბერი ცხოვრობს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმი მართლმადიდებლური ხატების უნიკალური კოლექციით, ძვირფასეულობით, ქანდაკებებით, XV-XX საუკუნეების მხატვრობის ნიმუშებით. მუზეუმის ექსპონატებს შორის არის კარავაჯოს, მონეს, დეგას, ელ გრეკოს, პიკასოს, დალის ნახატები.
მონასტერს აქვს ბიბლიოთეკაც, რომელშიც შუა საუკუნეების 300 ათასზე მეტი წიგნი ინახება, მათ შორის - 400 ხელნაწერი.
მონსერატის მონასტერს ჰყავს 9-14 წლის ბიჭებისგან შემდგარი მომღერალთა გუნდი - Escolania de Montserrat. ის ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან არსებობს. გუნდი თითქმის ყოველდღე მონაწილეობს დღისა და საღამოს წირვებში. კერძოდ, 13:00-ზე სრულდება ქალწულ მარიამისადმი მიძღვნილი ჰიმნი Virolai de Montserrat.
მონსერატის აღმოსავლეთ კიდეზე არქიტექტორმა ჟუზეპ სუბირაქსმა ააგო მარადისობისკენ მიმავალი სიმბოლური კიბის საფეხურები: ქვა - ცეცხლი - მიწა - მცენარე - ცხოველი - ადამიანი - ანგელოზი - ცა - შემოქმედი.
მონსერატის მონასტერში შესვლა უფასოა.
მონსერატის მონასტრის მისამართია: Monistrol de Montserrat.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- ავტობუსით (კომპანია Autocares Julià). გადის ბარსელონიდან 09:15-ზე დღეში ერთხელ მთელი წლის განმავლობაში. მონასტრიდან ბრუნდება 17:00-ზე 1-ლი ოქტომბრიდან 31 მაისის ჩათვლით და 18:00-ზე 1-ლი ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. ჩასხდომა ავტოსადგურში რკინიგზის სადგურ "სანტსთან" (Plaça dels Paisos Catalans). იქ მისასვლელად დაგჭირდებათ მეტროს მწვანე L3 ან ლურჯი L5 ხაზი, გაჩერება Sants. მიდის მონასტრამდე (Plaza del Funicular). მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 25 წუთი. ბილეთის ღირებულება - 5,10 ევრო;
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Pl.Espanya; მიჰყევით გზის მაჩვენებლებს, რათა მოხვდეთ FGC-ს მატარებლების R5 ხაზზე მანრესას (Manresa) მიმართულებით. ეს მატარებლები მოძრაობენ 08:36-დან 16:36-მდე 30-60 წუთის ინტერვალით. მგზავრობის ხანგრძლივობა 60-70 წთ. თქვენი დანიშნულების პუნქტი იქნება Montserrat-Aeri ან Monistrol de Montserrat მონსერატის მთის ძირში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აპირებთ მონსერატის მთაზე ასვლას: საბაგიროთი (Aeri) თუ ფუნიკულიორით (Cremallera).
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის (14+) ერთი მიმართულებით მონსერატამდე. მასში შედის მგზავრობა მატარებლით ბარსელონის სადგურ Pl.Espanya-დან მონსერატის მთამდე, აგრეთვე ორიდან ერთ-ერთი თქვენი არჩევანის მიხედვით: საბაგიროთი მგზავრობა მონასტრამდე (5 წთ.), რისთვისაც უნდა ჩამოხვიდეთ Montserrat-Aeri-ში, ან ფუნიკულიორით Cremallera (15 წთ.), რისთვისაც უნდა ჩამოხვიდეთ სადგურ Monistrol de Montserrat-ში - 14,55 ევრო;
- მოზრდილებისთვის (14+) იგივე, ოღონდ იქით-აქეთ - 26,30 ევრო;
- ბავშვებისთვის იგივე ბილეთი ერთი მიმართულებით - 10,35 ევრო, იქით-აქეთ - 19,30 ევრო;
- 60 წელს გადაცილებულებისთვის ერთი მიმართულებით - 13,70 ევრო, იქით-აქეთ - 24,90 ევრო;
- ბილეთი ფუნიკულიორით მონასტრიდან მონსერატის მთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წვერომდე (1000 მეტრი ზღვის დონიდან), კერძოდ, წმინდა იოანეს სავანემდე (Sant Joan): ერთი მიმართულებით - 9,10 ევრო, იქით-აქეთ - 11,50 ევრო;
- ბილეთი ფუნიკულიორით მონასტრიდან მღვიმემდე Santa Cova: ერთი მიმართულებით - 3,50 ევრო, იქით-აქეთ - 5,50 ევრო;
- ბილეთი მონსერატის მუზეუმში შესასვლელად: მოზრდილებისთვის - 8 ევრო, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის - 6,50 ევრო, 8-16 წლის ბავშვებისთვის - 4 ევრო, აუდიოგიდი - დამატებით 2,20 ევრო;
- ბილეთი Trans Montserrat - 45 ევრო; ამ ბილეთში შედის: 1) მგზავრობა მატარებლით ბარსელონიდან მონსერატის მთის ძირამდე აქეთ-იქით, შემდეგ კი მონასტრამდე საბაგიროთი და ფუნიკულიორით Cremallera (ეს წინასწარ უნდა შეარჩიოთ); 2) მონასტრიდან ორი ფუნიკულიორით მგზავრობა იქით-აქეთ მონსერატის მთის წვერომდე და მღვიმემდე Santa Cova; 3) ორჯერ უფასოდ მგზავრობა ბარსელონის მეტროთი; 4) მონსერატის მთის აუდიოვიზუალურ ზონაში შესვლა; 5) ამ ბილეთზე შეღავათი არ ვრცელდება;
- ბილეთი ToT Montserrat - 68,25 ევრო; ამ ბილეთში შედის ყველაფერი, რაც წინა ბილეთში. დამატებით შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ მონსერატის მუზეუმში და უფასოდ ისადილოთ მონსერატის რესტორანში (შვედური მაგიდა).
ასე გამოიყურება ფუნიკულიორი Cremallera:
საბაგირო:
ფუნიკულიორი Santa Cova:
ფუნიკულიორი Sant Joan:
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მონსერატის მონასტრის ოფიციალურ საიტს: http://www.abadiamontserrat.net.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია