ბარსელონა შედარებით უსაფრთხო ქალაქად ითვლება, მაგრამ იქაც მრავლად არიან ჯიბგირები და თაღლითები, რომლებიც მუდმივად იგონებენ მოტყუების ახალ-ახალ სქემებს. ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოთ. ვიცი, ფიქრობთ, რომ მსგავსი არაფერი შეგემთხვევათ, რომ ამ მხრივ ყველა დიდი ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნის გაკეთებას - უამრავი ტურისტი მინახავს, რომლებიც თითქოს განზრახ იწვევენ უსიამოვნებას. არადა, მარტივი ზომების მიღებაა საჭირო, რათა ვინმეს თაღლითობას არ ემსხვერპლოთ. ჩამოგითვლით რამდენიმე პუნქტს. თუ მათ გაითვალისწინებთ, ადვილად დაიცავთ თავს ქურდობისა და თაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობებისგან.
ჯიბის ქურდებს იოლად მოსახელთებელი მსხვერპლი სჭირდებათ. თუ ყურადღებიანი სახე გექნებათ და ძვირფასი ნივთების აფიშირებას არ მოახდენთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგქურდონ.
ჯიბგირები და თაღლითები, როგორც წესი, ჯგუფურად მოქმედებენ. ერთი (ან რამდენიმე) ადამიანი ყურადღებას გაგიფანტავთ და დაგაბნევთ, მეორე კი გაგქურდავთ. თუ მოგიახლოვდებიან და დაჟინებით მოგთხოვენ ყურადღების მიქცევას, სწრაფად გაეცალეთ.
აი, რამდენიმე თაღლითობა, რომელსაც შესაძლოა გადაეყაროთ ბარსელონაში:
- სათითეებით (ჭიქებით) თამაში - სამიდან ერთ სათითეში (ჭიქაში) პატარა ბურთს ათავსებენ, შემდეგ სათითეებს სწრაფად უცვლიან ადგილს. უნდა გამოიცნოთ, რომელშია ბურთი, ოღონდ წინასწარ თანხა უნდა დადოთ. შესაძლოა თქვენს დასანახავად ვინმემ მოიგოს, მაგრამ არ გაბრიყვდეთ, ვინაიდან ყველანი ერთი დაჯგუფების წევრები არიან;
- თაღლითი პოლიციელის ფორმით - ქუჩაში ტურისტთან შესაძლოა ვითომდა პოლიციელი მივიდეს და ნივთების გაჩხრეკა მოსთხოვოს. ასიდან 99 შემთხვევაში ისინი თაღლითები არიან. მოსთხოვეთ დოკუმენტის წარდგენა და უთხარით, რომ ამას მხოლოდ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში გააკეთებთ, ან მაშინვე დარეკეთ პოლიციაში;
- ჩიტის სკინტლი - თაღლითი მხარზე ფარულად მოგაცხებთ არასასიამოვნო სუნის ცოტაოდენ ნივთიერებას, შემდეგ დაგიძახებთ და შემოგთავაზებთ, რომ მას ცხვირსახოცით მოგაცლით. ამასობაში კი რამეს მოგპარავთ;
- მოხტუნავე ფიგურების გაყიდვა - ქუჩაში ყიდიან ფიგურებს, რომლებიც მაგნიტოფონის მუსიკის ხმაზე თითქოს თავისით ხტუნაობენ. სინამდვილეში გატყუებენ. თუ იყიდით, მალევე აღმოაჩენთ, რომ ის არ მუშაობს;
- ყვავილები ტურისტებისთვის - თუ მამაკაცი ქალთან ერთად მისეირნობს, მასთან ყვავილებით მოვაჭრე მიდის და აშკარად ძვირად სთავაზობს ყვავილს. ამას დაჟინებით აკეთებს, რათა თავი უხერხულად აგრძნობინოს და შეაძენინოს;
- მოტყუება მაღაზიაში - როდესაც ტურისტი მაღაზიაში ბარათით იხდის, მოლარეს ისეთი სახე აქვს, თითქოს ტელეფონით ლაპარაკობს, სინამდვილეში კი ბარათს უღებს სურათს, რათა მოგვიანებით მისი მონაცემები გამოიყენოს;
- სამაჯურების "გამყიდველები" - ქუჩაში ტურისტთან ვიღაც მიირბენს და სწრაფად წამოაცმევს ხელზე სამაჯურს. სანამ დაბნეული ტურისტი ვითარებაში გარკვევას ცდილობს, "გამყიდველის" თანამზრახველი რამეს აგწაპნით.
ზემოთ ჩამოთვლილი არასრული სიაა. შესაძლოა თავი მოგზაურად მოგაჩვენონ, რუკა გაშალონ და დახმარება გთხოვონ, ან სოციალური გამოკითხვის რომელიღაც ფირმის წარმომადგენლად გაასაღონ თავი, ან სასტუმროს ნომერში მოგადგნენ სპეციალური უნიფორმით, ვითომდა ნომრის შესამოწმებლად. თუ შეუშვებთ, ერთი ყურადღებას გაგიფანტავთ, მეორე კი რამეს მოგპარავთ.
ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას სიფრთხილის ზომების მისაღებად:
- ნუ ატარებთ თან ძვირფას ნივთებსა და დოკუმენტებს. ისინი სასტუმროს სეიფში დატოვეთ, თან კი პასპორტის ასლი წაიღეთ. სასურველია, იმდენი თანხა წაიღოთ, რამდენიც შესაძლოა იმ დღეს დაგჭირდეთ;
- ზურგჩანთა მკერდისკენ შეატრიალეთ და ისე ატარეთ;
- კაფე-რესტორნებში ჩანთა სკამზე არ გადაკიდოთ. ხელჩანთა მუხლებზე დაიდეთ. თუ დიდი ჩანთა გაქვთ, ძირს მოათავსეთ და თვალი ადევნეთ;
- არ შეინახოთ საფულე და ტელეფონი უკანა ჯიბეში;
- ნუ დადგებით შუა ქუჩაში რუკით ხელში - ამით ქურდებს ანიშნებთ, რომ გამოუცდელი ტურისტი ხართ;
- გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა წაგგლიჯონ კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი;
- ყურადღებით იყავით ბანკომატიდან თანხის აღებისას. ამისთვის შედარებით წყნარი ადგილი შეარჩიეთ;
- არ ეწვიოთ ბარსელონის საშიშ რაიონებს (მაგალითად, ლა მინას), არ იაროთ ჩაბნელებულ ადგილებში, მით უმეტეს - მარტო;
- გაფრთხილდით რამბლის ქუჩაზე, წმინდა ოჯახის ეკლესიაში, რკინიგზის სადგურზე, მეტროში და პლაჟზე, აგრეთვე, სასტუმროს ვესტიბიულში, ტრანსპორტის გაჩერებებზე და ტრანსპორტში;
- მოერიდეთ უცნობ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან მოახლოებას ან შეხებას ცდილობენ.
საგანგებო ვითარების სამსახურების ტელეფონის ნომრებია: პოლიცია - 092, 091 ან 088; სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 061; სახანძრო - 080; საგანგებო სამსახური ზოგადად - 112; ცნობათა ბიურო - 095.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია