უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 წმინდა ოჯახის ტაძარი - საგრადა ფამილია

საგრადა ფამილია (Sagrada Familia) ბარსელონის გასაოცარი სილამაზის ტაძარია, ანტონიო გაუდის მთავარი ქმნილება. ტაძრის კოშკები შორიდანაც კარგად მოჩანს. სახელგანთქმულმა ესპანელმა არქიტექტორმა არაერთი ათწლეული მოანდომა ტაძრის ფანტასტიკური ინტერიერებისა და ფასადების შექმნას, თუმცა მისი მშენებლობა დღესაც არ დასრულებულა და ის 2026 წლისთვის იგეგმება. მაგრამ ესპანელები არ ჩქარობენ: არსებობს ლეგენდა, რომ როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდება, სამყაროს აღსასრულიც დადგება. ამის მიუხედავად, ეკლესია მოქმედი რელიგიური ობიექტია. ასეთი ხანგრძლივობა იმით აიხსნება, რომ ტაძარი მხოლოდ შეწირულობების ხარჯზე შენდება, რითაც ხდება მოსანანიებელი ტაძრის საწყისი იდეის შენარჩუნება. უცნაური არქიტექტურული ნაგებობის სანახავად ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი მიდის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ტაძრის ისტორია მის მშენებლობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 1866 წელს წიგნებით მოვაჭრე ხოსე მარია ბოკაბელიამ დააფუძნა საზოგადოება "წმინდა იოსების მიმდევრები". 1874 წელს საზოგადოებამ გადაწყვიტა მოსანანიებელი ტაძრის აშენება "წმინდა ოჯახის" პატივსაცემად და შემოწირულობების წყალობით, 1881 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც 1882 წელს საძირკველში პირველი ქვა დაიდო. ეს საზეიმო მოვლენა მოხდა 19 მარტს, წმინდა იოსების ხსენების დღეს.


მშენებლობა დაავალეს არქიტექტორ ფრანცისკო დელ ვილიარ და ლოზანოს - კლასიკური სკოლის წარმომადგენელს, არქიტექტურის პროფესორსა და არქიტექტურის სკოლის დირექტორს. დამკვეთთან უთანხმოების გამო მან კონტრაქტი გაწყვიტა და 1883 წელს სამუშაოს შესასრულებლად მიიწვიეს 31 წლის ანტონიო გაუდი.


თავდაპირველად გაუდის თავისი წინამორბედის პროექტის დასრულება სურდა, მაგრამ დიდი შემოწირულობის მიღების შემდეგ ეკლესიის მთლიანად გადაკეთება გადაწყვიტა. ძალზე ღვთისმოსავი იყო და ახალი აღთქმის გამომხატველი არქიტექტურული შედევრის შექმნა ჩაიფიქრა. ის პარალელურად სხვა სამუშაოებსაც ასრულებდა, 1918 წლიდან გარდაცვალებამდე კი (1926 წლამდე) მხოლოდ ამ ტაძარზე მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. იქ შექმნა მან ნახაზების უმრავლესობა და თავისი იდეების მონახაზები. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი სამოქალაქო ომის დროს და ხანძრის შედეგად განადგურდა, რამაც ბაზილიკის დასრულება ძალზე გაართულა, ვინაიდან გაუდის მშენებლობის დეტალური გეგმა არ დაუტოვებია.


არქიტექტორის სიკვდილის შემდეგ აზრი ორად გაიყო. ზოგს მიაჩნდა, რომ ტაძრის დასრულებით უდიდეს ოსტატს პატივს მიაგებდნენ. სხვები ფიქრობდნენ, რომ მშენებლობის დასრულება გაუდის ჩანაფიქრის დაცინვა იქნებოდა. ამის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები დღესაც გრძელდება.


2010 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ ტაძარი აკურთხა და გამოაცხადა, რომ ის მზად იყო ყოველდღიური წირვის ჩასატარებლად.


გაუდის აზრით, ტაძრის ფასადებს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების საკვანძო ეპიზოდები უნდა გამოესახა: შობა, ღალატი და ჯვარზე გაკვრა, მკვდრეთით აღდგომა (დიდება).



არქიტექტორმა პროექტში ბაროკოს, მოდერნისა და მავრიტანიული სტილის ელემენტები შემოიტანა. გაუდის დიზაინი მოიცავს 18 შპილს: 12 მოციქულის, 4 სახარების ავტორის, ქალწულ მარიამისა და იესოს სიმბოლოს. მათგან ყველაზე მაღალს, ქრისტესადმი მიძღვნილ 170-მეტრიან კოშკს საგრადა ფამილია მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტაძრად უნდა გაეხადა. ასე რომ, ტაძრის სიმაღლე 170 მეტრია, 60 სანტიმეტრით ნაკლები, ვიდრე ბარსელონის თავზე აღმართული მთის მწვერვალია: გაუდის აზრით, ადამიანის ხელით შექმნილს ღმერთის ქმნილებისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. ნახაზებზე ეს კოშკები ორგანს ჰგავს - გაუდის ჩანაფიქრით, ქარიან ამინდში მათ უნიკალური მუსიკა უნდა შეექმნათ.



ქრისტეს შობის ფასადი სამ პორტალად იყოფა. ესენია: იმედი, რწმენა და გულმოწყალება. მათზე ბიბლიური სცენებია გამოსახული. შობის ფასადის პირდაპირ სამხრეთ-დასავლეთი კედელია. მისი ცენტრალური ფიგურა ჯვარზე გაკრული იესოა. ბარელიეფები ადამიანთა ცოდვებზე გვიამბობენ, ქვის ნაკეთობები - საიდუმლო სერობაზე, იუდას კოცნაზე, იესოს წამებაზე. ბარელიეფებზე იხილავთ, აგრეთვე, იესოს გასამართლებას, პილატეს, რომელიც ხელებს იბანს, გზას გოლგოთასკენ და იესოს გაკვრას ჯვარზე.






ქვაში გამოკვეთილი სახარება მთავრდება ახალი აღთქმის მთავარი მოვლენით - იესო ქრისტეს აღდგომით, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებით. დიდების კედელი, რომელიც ზეცაში მესიის ცხოვრებას ეძღვნება, საგრადა ფამილიას ტაძრის დასკვნითი ელემენტია. აქ, ყველაზე დიდ ფასადზე, მომავალში ცენტრალურ შესასვლელს გადმოიტანენ.



"წმინდა ოჯახის ტაძრის" ინტერიერი განსხვავდება ტრადიციული ტაძრების შიგა გაფორმებისგან. გაუდის სურდაბუნებასთან სრული ერთიანობისთვის მიეღწია, ამიტომ "საგრადა ფამილია" შიგნიდან მზის სხივებით მოფენილ ზღაპრულ ტყეს ჰგავს და არა კლასიკურ ეკლესიას.




ტაძარი ხუთ ნავად არის გაყოფილი რკინაბეტონის, პორფირისა და ბაზალტის სვეტებით, რომლებიც ცად ატყორცნილი გიგანტური ხეები გეგონებათ. ისინი კუთხით დგანან და არა ვერტიკალურად, თანაც ცვალებადი ფორმით: ჯერ - კვადრატი, შემდეგ - რვაკუთხედი, ბოლოს კი - ხის ვარჯივით განტოტებული წრე. სინათლე ისე შემოდის, იფიქრებთ, ფოთლებს შორის ვარსკვლავების ნათება მოჩანსო.




უნიკალური აკუსტიკა დიდი გუნდის არსებობას ითვალისწინებს. ტაძარი 30 ათას მლოცველზეა გათვლილი.


2005 წელს "საგრადა ფამილია" იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.



ტურისტებს ტაძრის თავზე ასვლა ლიფტით ან გრძელი ხრახნული კიბით შეუძლიათ.


ეკლესია ღიაა ყოველდღე - 09:00-18:00/19:00/20:00 (სეზონის მიხედვით); 25, 26 დეკემბერს, 1, 6 იანვარს - 09:00-14:00.


ბილეთების ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის 30 წელს ზემოთ, აუდიოგიდით - 26 ევრო; 30 წლამდე - 24 ევრო;

- მოზრდილებისთვის, 30 წელს ზემოთ, გიდით - 30 ევრო; 30 წლამდე - 28 ევრო;

- 11 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


"საგრადა ფამილიას" ტაძრის მისამართია: Mallorca, 401.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს იასამნისფერი L2 და ლურჯი L5 ხაზით, გაჩერება Sagrada Familia;

- ავტობუსით №19, 33, 34, 24, 50, 10, N1, N7, გაჩერება Sagrada Familia.


ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ "ბარსელონის წმინდა ოჯახის" ტაძრის ოფიციალურ საიტს: http://www.sagradafamilia.org.

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!