ბერლინში მრავალი ღირსშესანიშნაობაა - ტაძრები, ეკლესიები, ციხესიმაგრეები, მუზეუმები, ქანდაკებები, პარკები და ა.შ. აქ არც თანამედროვე შენობების ნაკლებობა შეიმჩნევა. ერთ დღეში მათი ნახვა, მით უმეტეს, მუზეუმების დათვალიერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ორ დღეში კი გაცილებით ბევრის მოსწრება შეიძლება. თუ ყურადღებით გაეცნობით სტატიას ბერლინი 1 დღეში, დაასკვნით, რომ საკმაოდ დატვირთული მარშრუტია და პირველ დღეს არცთუ ცოტა ღირსშესანიშნაობის ხილვა მოესწრება. ამიტომ ორიენტირად სწორედ ის ავიღოთ და ვნახოთ, რისი დამატება შეიძლება მეორე დღეს.
მეორე დღეს ერთხელაც გავიდეთ უნტერ-დენ-ლინდენის ქუჩაზე. აქ სანახავი დაგვრჩა მადამ ტიუსოს მუზეუმი, სადაც დგას ფროიდის, ჰიტლერის, ბრეხტის, აინშტაინისა და სხვა ცნობილი პიროვნებების ცვილის ფიგურები. სულ 120 ფიგურაა.
ცხენზე ამხედრებული ფრიდრიხ დიდის ქანდაკება:
ბერლინის სახელმწიფო ოპერა:
ჰუმბოლდტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც, სხვათა შორის, ალბერტ აინშტაინიც სწავლობდა:
ბებელპლაცი (ბებელის მოედანი). სწორედ ამ მოედანზე დაწვეს ნაცისტებმა ცნობილი გერმანელების წიგნები:
ამავე მოედანზეა წმინდა იადვიგა სილეზიელის ეკლესია (XVIII საუკ.):
ბრანდერბურგის ჭიშკართან ახლოს მდებარეობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი. ის იმ 6 მილიონ ებრაელს ეძღვნება, რომლებიც ფაშისტებმა მოკლეს:
აუცილებლად უნდა ვახსენოთ მდინარე შპრეეზე გადებული ლეგენდარული და ბერლინის ყველაზე ლამაზი ობერბაუმბრიუკეს ხიდი, რომელიც 1732 წლით თარიღდება:
ხიდი მდებარეობს მეტროს U1 ხაზის სადგურ U-Bahnhof Schlesisches Tor-თან.
იქვე, შუა მდინარეში, ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციაა - ე.წ. "მოლეკულური ადამიანი":
ალექსანდერპლაცთან ახლოს მდებარეობს ისტორიული კვარტალი ნიკოლაიფირტელი, სადაც აღმართულია ბერლინის უძველესი, XIII საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ნიკოლაიკირხე) და გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის ქანდაკება:
იქვე კი როკოკოს სტილის ეფრაიმის სასახლე (ეფრაიმი პრუსიელი ვაჭარი და ბანკირი იყო):
დაბოლოს, დაბეჯითებით გირჩევთ მოინახულოთ შარლოტენბურგის სასახლე:
ეს დახვეწილი სასახლე ბაროკოს სტილის ყველაზე დიდი არქიტექტურული ძეგლია ბერლინში. ის XVIII საუკუნეში ააშენეს, შემდეგ კი პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ I-მა თავის ცოლს, სოფია შარლოტა ჰანოვერელს აჩუქა. მისი დარბაზები, ინტერიერი, ექსტერიერი და პარკი გულგრილად არავის დატოვებს.
ბილეთის ღირებულებაა:
- ძველ სასახლეში შესვლა - 12 ევრო;
- ახალ ფლიგელში შესვლა - 10 ევრო;
- მთელი კომპლექსის დათვალიერება - 17 ევრო.
შარლოტენბურგის სასახლემდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს U7 ხაზით - გაჩერება Richard Wagner Platz, და შემდეგ ფეხით დაახლოებით 800 მეტრი;
- ავტობუსით M45 - გაჩერება Spandau; №109, 309 - გაჩერება Zoologischer Garten.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.