უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა

ამ სინაგოგას "დიდს" ტყუილუბრალოდ როდი უწოდებენ - ის მართლაც ყველაზე დიდი სინაგოგაა ევროპაში. მასში ერთდროულად 3000 მორწმუნე ეტევა. ის XIX საუკუნის შუა წლებში აშენდა, კერძოდ, 1854-1859 წლებში. პროექტის ავტორი ლუდვიგ ფერსტერია, რომელსაც ორი ადგილობრივი არქიტექტორიც ეხმარებოდა. ეს სინაგოგა დოჰანის ქუჩაზე მდებარეობს და ამ სახელითაცაა ცნობილი - "დოჰანის ქუჩის სინაგოგა". აღსანიშნავია, რომ 1939 წელს სინაგოგა ააფეთქეს და მისი აღდგენა მხოლოდ 1998 წელს მოხერხდა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა ორსართულიანი შენობაა წითელი და თეთრი აგურით აგებული სამი ნეფითა და ფერადი კერამიკით მორთული ფასადით. ძირითად ნაგებობას ორი 44-მეტრიანი კოშკი ადგას თავზე.


ამ ტერიტორიის გარშემო ებრაელთა მჭიდრო დასახლება იყო და სწორედ ამან განაპირობა მის შუაგულში სინაგოგის აშენება. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა საკუთარი შტაბი პირდაპირ სინაგოგაში განათავსეს, ებრაელთა კვარტალში კი გეტო შექმნეს.


სინაგოგის ეზოში ებრაელთა სასაფლაოა, სადაც ნაციზმის მსხვერპლნი არიან დასაფლავებულნი - დაახლოებით 7 ათასი ადამიანი.



ებრაელებს საკულტო ნაგებობათა გვერდით სასაფლაოს მოწყობა არ ახასიათებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და სასაფლაო სხვაგან არ გადაიტანეს. პირიქით, სასიკვდილოდ ნაწამები ებრაელების ხსოვნის პატივსაცემად ქანდაკება დადგეს (ავტორი - იმრე ვარგა). ლითონის თითოეულ ფოთოლზე უნგრელ ებრაელთა საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელებია დაწერილი.





სინაგოგის შიგა ინტერიერი კათოლიკური ტაძრების ნეოგოტიკას მოგაგონებთ. ეს აღმოსავლური და დასავლური არქიტექტურის ერთგვარი ნაზავია.


ტაძარში დაყენებულ ორგანზე 1859 წელს ფერენც ლისტი და კამილ სენ-სანსი უკრავდნენ. 1996 წელს ძველი ორგანი ახლით შეცვალეს.


ტაძრის გვერდით მდებარეობს ბუდაპეშტის ებრაული მუზეუმის შენობა, რომელიც 1929-1931 წლებში ააგეს იმ სახლის ადგილას, რომელშიც დაიბადა სიონიზმის ფუძემდებელი თეოდორ ჰერცლი.


სინაგოგაში შესვლა შეგიძლიათ: პარასკევი - 10:00-14:00, კვირა-ხუთშაბათი - 10:00-16:00. ეს დრო იცვლება წელიწადის დროების მიხედვით. დასაზუსტებლად იხილეთ საიტი https://jewishtourhungary.com/.


სინაგოგაში შესვლა ფასიანია:


- მოზრდილებისთვის - 8000 ფორინტი;

- სტუდენტებისთვის - 6200 ფორინტი;

- 6-12 წლის ბავშვებისთვის - 2900 ფორინტი.

- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


ტაძრამდე მისასვლელად უნდა ჩამოხვიდეთ მეტროს სადგურ Deák Ferenc tér-ზე და ფეხით 5-7 წუთი იაროთ.


დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ დიდი სინაგოგის ოფიციალურ საიტზე http://www.dohany-zsinagoga.hu/.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!