უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 დ'ორსეს მუზეუმი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი დ'ორსე პოპულარობით საფრანგეთის დედაქალაქში მესამე, მსოფლიოში კი მეათე ადგილზეა. მას ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს. ის განთავსებულია პარიზის ცენტრში, მდინარე სენის მარცხენა ნაპირზე, ტიუილრის ბაღის პირდაპირ. შენობა XIXსაუკუნის ფუფუნების ნიმუშია. მასში თავმოყრილია 1850-1910 წლების ევროპული ფერწერისა და ქანდაკების უდიდესი კოლექცია, რითაც ავსებს დროის შუალედს ლუვრისა და ჟორჟ პომპიდუს ცენტრის კოლექციებს შორის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





დ'ორსეს მუზეუმი რკინიგზის ყოფილი სადგურისა და მასთან მიმდებარე სასტუმროს შენობაში მდებარეობს. სადგური სპეციალურად ააშენეს 1900 წელს პარიზში გასამართი მსოფლიო გამოფენისთვის. 1939 წლიდან მატარებლების მიმოსვლა თითქმის შეწყდა. 1971 წელს მის დანგრევას აპირებდნენ, მაგრამ ჟორჟ პომპიდუს პრეზიდენტობისას გადაწყდა, რომ ის მუზეუმად გადაეკეთებინათ. ამას მოჰყვა რეკონსტრუქცია და 1986 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ის საზეიმოდ გახსნა.



დ'ორსეს მუზეუმის კოლექცია 10 ათასზე მეტ ნამუშევარს შეიცავს. მასში ხელოვნების ყველა სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა აქცენტი იმპრესიონისტებსა და პოსტიმპრესიონისტებზე კეთდება. ეს ყველაფერი სამ სართულზეა წარმოდგენილი.


პირველ სართულზე ინტერესს არა მხოლოდ ექსპოზიცია იწვევს, არამედ ინტერიერიც. ცენტრის გასწვრივ ორ მწკრივად განთავსებული ქანდაკებები რკინიგზის ლიანდაგს მოგაგონებთ, მის ორივე მხარეს კი, გვერდით დარბაზებში ფერწერის ნიმუშებია. აქ იხილავთ იმპრესიონისტული ეპოქის ნამუშევრებს: დელაკრუას, ბენუვილის, პისაროს, აგრეთვე მონესა და პისაროს ნახატებსაც. ძირითადად, რელიგიური ხელოვნებაა, როგორც ლუვრში, ოღონდ უფრო გვიანდელი პერიოდის.




არ გამოტოვოთ გუსტავ კურბეს უზარმაზარი ნამუშევრები და ერთი ცნობილი ნახატი, რომელმაც ისტებლიშმენტი პირღია დატოვა - ეს არის 1866 წელს შექმნილი "სამყაროს წარმოშობა". შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ ნახატმა კამათი გამოიწვია? თუ 18 წელი არ შეგსრულებიათ, ის გამოტოვეთ.




აქვეა პარიზის ცენტრის სამგანზომილებიანი ასლი თქვენს ფეხებქვეშ და ოპერა "გარნიეს" სუპერდეტალური, შემცირებული ვერსია.




მეორე სართულზე წარმოდგენილია იმპრესიონისტების ნამუშევრები. XIX საუკუნის ბოლოს მხატვრების ჯგუფმა ფერწერის ტრადიციულ ხერხებს გადაუხვია და ახალი სტილი შეიმუშავა, როიმელიც იმპრესიონიზმის სახელითაა ცნობილი. აქ იხილავთ მონეს, სეზანის, გოგენის, მილესა და, რა თქმა უნდა, ვინსენტ ვან გოგის ნახატებს. ეს მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული განყოფილებაა. ნახავთ, აგრეთვე, მოდერნის ეპოქის დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს და როდენის, მაიოლის, ბურდელისა და სხვათა ქანდაკებებს.



მესამე სართულზე იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების შედევრებია მოთავსებული. აქ იხილავთ მონეს, კურბეს, მანეს, პიკასოს, რენუარის, ტულუზ-ლოტრეკის, სეზანისა და სხვათა ნახატებს.ეს მუზეუმში თქვენი ვიზიტის კულმინაცია იქნება.



არ გამოტოვოთ გიგანტური საათი, რომელიც ქუჩას გადაჰყურებს. ამავე სართულზეა ტერასა შესანიშნავი ხედით სენაზე და მონმარტრზე, კერძოდ, საკრე-კერის ტაძარზე.




დ'ორსეს მუზეუმში არის საუცხოო რესტორანი, ორი კაფე, წიგნების მაღაზია, სუვენირების მაღაზიები, ტუალეტები და სხვ.


დ'ორსეს მუზეუმამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროთი: მე-12 ხაზი, სადგური Solférino;

- ელექტრომატარებლით RER C; სადგური Musée d’Orsay.

- ავტობუსით, ნომერი №24, 63, 68, 69,73, 83, 84, 94.


მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 1-ლი მაისისა და 25 დეკემბრისა. ხუთშაბათს - 9.30-21.45, დანარჩენ დღეებში - 9.30-18.00.


მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ღირებულება:


სრული - 16 ევრო; შეღავათიანი (თუ 18 წლამდე ახალგაზრდა გახლავთ) - 13 ევრო; მუზეუმში შესვლა (ღამის ტარიფი) - 12 ევრო; ყოველი თვის პირველ კვირადღეს შესვლა უფასოა.


დ'ორსეს მუზეუმის ზუსტი მისამართია: 62, rue de Lille.


ბილეთების ონლაინ რეჟიმში შესაძენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.musee-orsay.fr.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!