უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


 დრეზდენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დრეზდენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად განვითარებული ქსელია. ის მოსახერხებელია როგორც ქალაქელებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ქალაქის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ ავტობუსით ან ტრამვაით მიხვიდეთ, უფრო სწრაფად გადაადგილებისთვის კი - ელექტრომატარებლით. დრეზდენის ტრანსპორტი სისუფთავითა და პუნქტუალობით გამოირჩევა. გაჩერებებზე სპეციალური ტაბლოებია განთავსებული, რომლებზეც მითითებულია, რამდენ წუთში მოვა კონკრეტული მარშრუტის ავტობუსი თუ ტრამვაი. გზის რემონტის ან გაფიცვის შემთხვევაში, განცხადება წინასწარ კეთდება.


დრეზდენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის ტრამვაი (Straßenbahn), ავტობუსი (Bus) და ელექტრომატარებელი (S-bahn). დრეზდენში მეტრო არ არის. ყველა ჩამოთვლილ ტრანსპორტში მოქმედებს ერთი და იგივე ბილეთები. ისინი არ გამოდგება ფუნიკულიორით და ბორნით მგზავრობისას.


განათავსე შენი რეკლამა აქ!





სტატიის შინაარსი


1. სატარიფო ზონები

2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები

3. ტრამვაი დრეზდენში

4. ავტობუსი დრეზდენში

5. ელექტრომატარებელი დრეზდენში

6. საწყალოსნო ტრანსპორტი დრეზდენში

7. ფუნიკულიორი დრეზდენში

8. ტაქსი დრეზდენში



1. სატარიფო ზონები


დრეზდენში გადასაადგილებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მოგიწევთ მე-10 სატარიფო ზონაში მგზავრობა (Tarifzone Dresden 10). ამავე ზონას ეკუთვნის აეროპორტი და პილნიცი.



სატრანსპორტო რუკა სატარიფო ზონებით დრეზდენში განთავსებულია როგორც ტრამვაისა და ავტობუსის შიგნით, ისე მათ გაჩერებებზე.


2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები


დრეზდენის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ბილეთების რამდენიმე სახეობა არსებობს. დეტალურად განვხილოთ თითოეული მათგანი.


Einzelfarth - ერთი მგზავრობა, ერთი სატარიფო ზონა, მაქსიმუმ 1 საათი ერთი მიმართულებით.


ბილეთის ღირებულებაა:

- მოზრდილებისთვის - 3,20 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2,10 ევრო;


4er-Karte Kurzstrecke - 4 ხანმოკლე მგზავრობა, თითოეულით მაქსიმუმ 4 გაჩერება გადაჯდომის გარეშე, 2 კმ მანძილზე.


ბილეთის ღირებულებაა - 7,50 ევრო;


Tageskarte Einzelperson - ერთდღიანი სამგზავრო ბილეთი ერთი ადამიანისთვის. ერთი სატარიფო ზონა, მომდევნო დღის დილის 04:00-მდე.


ბილეთის ღირებულებაა:

- მოზრდილებისთვის - 8,60 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისა და პენსიონერებისთვის 60 წლიდან - 7,20 ევრო;


NachtTicket - ღამის ბილეთი. სატარიფო კავშირი, მოქმედების დრო - 18:00-06:00.


ბილეთის ღირებულებაა - 8,60 ევრო;


Familientageskarte - ერთდღიანი ბილეთი ოჯახისთვის; მაქსიმუმ 2 მოზრდილი და 6-14 წლის მაქსიმუმ 4 ბავშვი, ან მაქსიმუმ 6 ბავშვი; ერთი სატარიფო ზონა. ძალაშია მომდევნო დილის 04:00-მდე.


ბილეთის ღირებულებაა - 13,10 ევრო;


Kleingruppen-Tageskarte - ერთდღიანი სამგზავრო ბილეთი მაქსიმუმ 5-კაციანი ჯგუფისთვის. ერთი სატარიფო ზონა. ამ ბილეთით ჯგუფს შეუზღუდავად შეუძლია გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მთელი დღე მომდევნო დილის 04:00-მდე. ძალაშია კომპოსტირების მომენტიდან.


ბილეთის ღირებულებაა - 21,70 ევრო;


Wochenkarte - ერთკვირიანი (7-დღიანი) ბილეთი; დრეზდენის სატარიფო ზონა.


ბილეთის ღირებულებაა:

- მოზრდილებისთვის - 27,90 ევრო, კლიენტის მოქმედ ბარათთან ერთად - 20,90 ევრო.


Dresden Welcome Card - ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი ბარათები ტურისტებისთვის. ამ ბარათებით უფასოდ და ულიმიტოდ იმგზავრებთ ავტობუსით, ტრამვაით და ელექტრომატარებლით S-Bahn, მიიღებთ შეღავათებს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას (მაგალითად, უფასოდ შეხვალთ დრეზდენის სამხატვრო გალერეასა და ალბერტინუმში), ფასდაკლებას ზოგიერთ მაღაზიასა და კაფე-რესტორანში.


ბარათის ღირებულებაა:

- ერთდღიანი - 17 ევრო, ორდღიანი - 24 ევრო, სამდღიანი - 33 ევრო; ოჯახისთვის (2 უფროსი და 15 წლამდე 4 ბავშვი), შესაბამისად, 21, 35 და 45 ევრო.


არსებობს სხვა სახის ბილეთებიც. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალურ საიტზე: www.dvb.de/en-gb.


ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გაჩერებებსა და ტრამვაიში განთავსებულ ყვითელ ავტომატებში, დრეზდენის სატრანსპორტო კომპანიის (DVB) მომსახურების პუნქტებში და ავტობუსების მძღოლებთან. ტრამვაიში არსებული ავტომატები მხოლოდ მონეტებს იღებენ და იქ მხოლოდ დრეზდენის სატარიფო ზონის ბილეთებს იყიდით. თუ დრეზდენის გარეთ მიდიხართ, ბილეთი გაჩერებაზე შეიძინეთ. ტრანსპორტში - მძღოლთან ან ავტომატში - ნაყიდი ბილეთი უკვე კომპოსტირებულია. გაჩერებებსა და მომსახურების პუნქტებში შეძენილი ბილეთები ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლისთანავე უნდა დააკომპოსტიროთ, მატარებლის კი - პლატფორმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმის სახით, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოგიწევთ (კონტროლიორთან თავის მართლება არ გაგივათ).


3. ტრამვაი დრეზდენში


დრეზდენში ტრამვაი ტრანსპორტის უმთავრესი და ყველაზე მოსახერხებელი სახეობაა. პირველი ტრამვაი ქალაქში შორეული 1872 წლიდან არსებობს. სულ არის 13 მარშრუტი, 154 გაჩერება და 210-კილომეტრიანი გზა. ქალაქში, ძირითადად, Flexity Classic Bombardier-ის თანამედროვე ტრამვაი დადის.



მარშრუტების სიგრძე 11-დან 38 კილომეტრამდეა, მგზავრობის ხანგრძლივობა საწყის და საბოლოო პუნქტებს შორის - 35-80 წთ. მარშრუტის მიხედვით, ტრამვაი დილის 04:00-დან შუაღამემდე მოძრაობს 3-15 წუთის ინტერვალით. ზოგიერთი მარშრუტი 24 საათის განმავლობაში მოძრაობს.


4. ავტობუსი დრეზდენში


ტრამვაით დრეზდენის თითქმის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება მოხვედრა, მაგრამ ქალაქში არის მოშორებული რაიონები, სადაც ავტობუსებითაც მიხვალთ. დრეზდენის ავტობუსების ქსელი 27 მარშრუტისგან შედგება. მათში გარკვევა საკმაოდ ადვილია - გაჩერებებზე მათ შესახებ სრულ ინფორმაციას იხილავთ.



ქალაქში დადის როგორც დღის, ისე ღამის ავტობუსები. დღის ავტობუსები დილის 4 საათიდან 22:00-მდე მუშაობენ, 10-15-წუთიანი ინტერვალით. დრეზდენის ავტობუსები ახალი და თანამედროვეა.


5. ელექტრომატარებელი დრეზდენში (S-Bahn)


დრეზდენში, გერმანიის სხვა ქალაქების მსგავსად, მიწისზედა მატარებლების კარგად განვითარებული ქსელი არსებობს, ანუ ქალაქში მატარებლით გადაადგილება შეიძლება. სულ 3 მარშრუტია S1, S2 და S3. დრეზდენსა და მის გარეუბნებში ორმოცდაათამდე გაჩერებას აღმოაჩენთ. დრეზდენის ფარგლებში ჩვეულებრივი ბილეთის გამოყენება შეგიძლიათ. თუ სხვა ქალაქში მიემგზავრებით, ბილეთი რკინიგზის სადგურების სალაროებში ან იქ განთავსებულ ავტომატებში შეიძინეთ.


დრეზდენის მთავარი რკინიგზის სადგურია Dresden HBF (Dresden Hauptbahnhof).



აქ ტრამვაისა და ავტობუსის ბევრი ძირითადი მარშრუტი გადის. აქვე ჩამოდგებიან მატარებლები ევროპის ქვეყნებიდან და გერმანიიდან. სხვათა შორის, ამ სადგურზე ჩერდებიან საერთაშორისო ავტობუსები, მაგალითად, პრაღიდან და ბერლინიდან.


აი, როგორ გამოიყურება დრეზდენის S-Bahn-ის რუკა:



6. საწყალოსნო ტრანსპორტი დრეზდენში


დრეზდენში მდინარე ელბის ერთი ნაპირიდან მეორეზე ბორნითაც შეიძლება მოხვედრა. სულ სამი მარშრუტია: Johannstadt – Neustadt, Niederpoyritz – Laubegast და Kleinzschachwitz – Pillnitz.


მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით მოზრდილებისთვის 1,80 ევროა, 15 წლამდე ბავშვებისთვის - 1,20 ევრო, აქეთ-იქით კი მოზრდილებისთვის 2,70 ევრო, 15 წლამდე ბავშვებისთვის კი 1,80 ევრო.


7. ფუნიკულიორი დრეზდენში


ყველამ როდი იცის, რომ დრეზდენით ტკბობა საინტერესო გადმოსახედი მოედნებიდან შეიძლება, რომლებამდეც ფუნიკულიორი მიგიყვანთ. სულ ორი ფუნიკულიორია. ერთია - Schwebebahn, გადმოსახედი მოედნით 274 მეტრ სიმაღლეზე.



ეს, ფაქტობრივად, მონორელსია, ოღონდ ვაგონი რელსის ქვეშ მოძრაობს.


მეორეა - Standseilbahn, გადმოსახედი მოედნით 647 მეტრ სიმაღლეზე. ეს კლასიკური ფუნიკულიორია, რომელიც 1895 წლიდან მუშაობს.



მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით მოზრდილებისთვის 4 ევროა, 15 წლამდე ბავშვებისთვის - 2,50 ევრო, აქეთ-იქით კი მოზრდილებისთვის 6 ევრო, 15 წლამდე ბავშვებისთვის 3,50 ევრო.


8. ტაქსი დრეზდენში


დრეზდენში ტაქსი ავტობუსებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში მოძრაობს. თუ ტაქსით მგზავრობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: ტელეფონით მისი შეკვეთა უფრო ძვირი დაგიჯდებათ; უმრავლეს შემთხვევაში შეკვეთა მხოლოდ გერმანულ ენაზე შეიძლება; ფულის გადახდისას მძღოლის მიერ დასახელებული თანხა მრიცხველის ჩვენებას უნდა დაემთხვეს, თქვენ კი ჩეკი და ხურდა გეკუთვნით; აჯობებს, ტაქსიში მათთვის განკუთვნილ სპეციალურ სადგომზე ჩაჯდეთ.


დრეზდენში ტაქსით გადაადგილების საფასური ფიქსირებულია და ასე გამოიყურება:


- ჩასხდომა - 2,80 ევრო;

- 1 კილომეტრი - 1,50-2 ევრო (დამოკიდებულია დროსა და ქალაქში არსებულ საცობებზე).








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!