უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ეიფელის კოშკი განსაკუთრებული პოპულარობით შეყვარებულებს შორის სარგებლობს. ბევრს ძალზე რომანტიკულ საქციელად მიაჩნია კოშკის თავზე გულის სწორისთვის ხელის თხოვნა. თუმცა თავის დროზე ეიფელის კოშკი ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოს წარმოადგენდა. ამჟამად ის ნამდვილ არქიტექტურულ შედევრად არის აღიარებული. მას არაერთი მხატვრისთვის, მუსიკოსისთვის, მწერლისთვის, კინორეჟისორისთვის, ფოტოგრაფისა და სხვა ხელოვანისთვის მოუვლენია შთაგონება. ტურისტები არა მხოლოდ სურათებს უღებენ მას, არამედ მიილტვიან, რომ ზედ ავიდნენ და ქალაქის პანორამაც დააფიქსირონ. სამწუხაროდ, ეიფელის კოშკზე ზოგჯერ თვითმკვლელების ადიან.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ეიფელის კოშკს "რკინის ქალბატონს" უწოდებენ - ის მთლიანად რკინისგან, უფრო სწორად, ფოლადის კონსტრუქციებისგან შედგება.



ეიფელის კოშკის მშენებლობა 2 წელი, 2 თვე და 5 დღე გრძელდებოდა და 1889 წელს დასრულდა პარიზში გასამართ მსოფლიო გამოფენასა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მისი ავტორია გუსტავ ეიფელი, რომლის ბიუსტიც იქვეა აღმართული.



ეიფელის კოშკის სიმაღლე ანტენასთან ერთად 324 მეტრია, მასა 10100 ტონა, ლითონის კარკასი 7300 ტონას იწონის.


ეიფელის კოშკი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:


- ესპლანადა - ქვედა მოედანი (დონე). აქ მდებარეობს საინფორმაციო სტენდი, გუსტავ ეიფელის ბიუსტი. ქვემოთ შემორჩენილია ჰიდრავლიკური მექანიზმები, რომლებიც უწინ კოშკის პირველი ლიფტების მოძრაობას უზრუნველყოფდნენ.


- პირველი სართული (დონე) - 57 მეტრი. აქ გადმოსახედი მოედანი არ არის, თუმცა პოპულარობით სარგებლობს მინის იატაკი. პირველ დონეზე შეგიძლიათ დაისვენოთ, წაიხემსოთ, უყუროთ ფილმს, იყიდოთ სუვენირები, უფრო მეტი შეიტყოთ ნაგებობის შესახებ ინტერაქტიური სტენდების საშუალებით. აქვეა რესტორანი "58 Tour Eiffel" და გუსტავ ეიფელის დარბაზი პანორამული ფანჯრებით;


- მეორე სართული (დონე) - 115 მეტრი. აქ მდებარეობს პირველი გადმოსახედი, საიდანაც დაინახავთ პარიზის მთავარ ღირშესანიშნაობებს, აგრეთვე, სუვენირების მაღაზია და რესტორანი "ჟიულ ვერნი".


- მესამე სართული (დონე) - 276 მეტრი. აქედან პარიზის შთამბეჭდავ ხედებს იხილავთ. აქვე მდებარეობს გუსტავ ეიფელის აღდგენილი ოფისი, სადაც იხილავთ ეიფელის შეხვედრას ცნობილ გამომგონებელ თომას ედისონთან.



ამ დონეზე ასულებს დაგხვდებათ ბარი და ასტრონომიული და მეტეოროლოგიური ობსერვატორია.



ეიფელის კოშკზე ასასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ კიბით (სულ 1792 საფეხურია) ან ლიფტით (ასეთი სამია). აღსანიშნავია, რომ ეს ლიფტები ერთად წელიწადში 100 ათას კილომეტრს გადიან, რაც იგივეა, რომ დედამიწას 2,5-ჯერ შემოუაროთ.



ეიფელის კოშკის ასლი მსოფლიოს ოცდაათამდე ქალაქშია. შემოგთავაზებთ ერთ-ერთს, ლას-ვეგასში:



ეიფელის კოშკის თავზე დაყენებული პროჟექტორის ათი კილომეტრზე ანათებს.



პირველი აივნის ქვეშ, პარაპეტის ოთხივე მხარეს, ამოტვიფრულია 72 ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ინჟინრისა და იმ პირების სახელები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გუსტავ ეიფელის პირმშოს შექმნაში.


ეიფელის კოშკი ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს. ასე რომ, მისი პოვნა ძალზე ადვილია.



ეიფელის კოშკის ზუსტი მისამართია: მარსის ველი, ანატოლი ფრანსის პროსპექტი 5 (Champ de Mars, 5 Avenue Anatole France, 75007 Paris).



ეიფელის კოშკამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროთი: მე-9 ხაზი (სადგური Trocadéro), მე-6 ხაზი (სადგური Bir Hakeim), მე-8 ხაზი (სადგური Ecole militaire).


- მატარებლით RER, C ხაზი. გაჩერება სადგური Champ de mars — Tour Eiffel.


- ავტობუსით: № 2, 30, სენას სანაპიროს მხრიდან. გაჩერება Tour Eiffel; №42, ესპლანადაზე აღმოსავლეთ შესასვლელის მხრიდან. გაჩერება Tour Eiffel/Monttessuy; №42, 82, 86, მარსის ველის მხრიდან. გაჩერება Champ de Mars; №72, ტროკადეროს ბაღების მხრიდან სენას მოპირდაპირე სანაპიროზე. გაჩერება Pont d’Iena.


ბილეთების ღირებულება:


- კიბით მეორე დონემდე: მოზრდილებისთვის 11,80 ევრო, 12-24 წლის ახალგაზრდებისთვის - 5,90 ევრო, 4-11 წლის ბავშვებისა და ინვალიდებისთვის - 3 ევრო, 4 წლამდე - უფასოდ;


- ლიფტით მეორე დონემდე: მოზრდილებისთვის 18,80 ევრო, 12-24 წლის ახალგაზრდებისთვის - 9,40 ევრო, 4-11 წლის ბავშვებისა და ინვალიდებისთვის - 4,70 ევრო, 4 წლამდე - უფასოდ;


- კიბით მეორე დონემდე და ლიფტით წვერომდე: მოზრდილებისთვის 22,40 ევრო, 12-24 წლის ახალგაზრდებისთვის - 11,20 ევრო, 4-11 წლის ბავშვებისა და ინვალიდებისთვის - 5,70 ევრო, 4 წლამდე - უფასოდ;


- ლიფტით მეორე დონემდე და წვერომდე: მოზრდილებისთვის 29,40 ევრო, 12-24 წლის ახალგაზრდებისთვის - 14,70 ევრო, 4-11 წლის ბავშვებისა და ინვალიდებისთვის - 7,40 ევრო, 4 წლამდე - უფასოდ.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეიფელის კოშკის, ბილეთების (ონლაინ ყიდვის ჩათვლით) და მუშაობის საათების შესახებ იხილეთ ოფიციალური საიტი: www.toureiffel.paris.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!