დრეზდენის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ფრაუენკირხეს, ისტორია უჩვეულო და იდუმალებითაა მოცული. ის სათავეს მეთერთმეტე საუკუნიდან იწყებს, როდესაც საქსონიის ტერიტორიაზე სორბები - სლავური ტომები - ცხოვრობდნენ. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილას მაშინ მონასტერი მდებარეობდა, რომელიც ჯერ კიდევ დრეზდენის დაარსებამდე ააშენეს. მოგვიანებით, დაახლოებით 1142 წელს აქ რომანული სტილის ეკლესია იდგა, დღეს კი ფრაუენკირხე იწონებს თავს - გერმანიის ყველაზე დიდი პროტესტანტული ეკლესია. 91 მეტრი სიმაღლის ეს "ბაროკოს ხელოვნების სასწაული" არქიტექტორმა გეორგ ბერმა შექმნა ავგუსტ ძლიერის ბრძანებითა და ქალაქის საბჭოს თანხმობითა და მხარდაჭერით.
ფუნდამენტს ტრადიციული სამნავიანი სტილის ჯვრის ფორმა კი არა აქვს, არამედ სწორი რვაკუთხედის. შვიდი მხრიდან შესასვლელი კარია განთავსებული, რომელთაგანაც თითოეული ლათინური ანბანის კონკრეტული ასოთია აღნიშნული. მერვე ნაწილი საკურთხევლისაა. არქიტექტორმა შეგნებულად თქვა უარი მთავარი შესასვლელის შექმნაზე: ევანგელისტური ეკლესიის პოსტულატების თანახმად, როგორც ყველა ადამიანია თანასწორი ღმერთის წინაშე, ისე ტაძრის ყველა შესასვლელიც ტოლფასოვანი უნდა იყოს.
ფრაუენკირხეს უზარმაზარი გუმბათი ამშვენებს. ის მთლიანად ქვიშაქვისგანაა გაკეთებული და 12 ტონას იწონის. სიმაღლე 24 მეტრია, დიამეტრი - 26 მეტრი. მისი გაზნექილი ძირი ზარს მოგაგონებთ, ამიტომ ფრაუენკირხეს "ქვის ზარსაც" უწოდებენ.
გუმბათის თავზე ე.წ. ფარანია (Laterne), სადაც გადმოსახედი მოედანია მოწყობილი. აქედან, 67 მეტრი სიმაღლიდან, ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. აქედან მოჩანს ბრიულის ტერასა, ცვინგერის სასახლე, სახვითი ხელოვნების აკადემია, მდინარე ელბა. გაითვალისწინეთ, რომ ლიფტი მხოლოდ 24 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ, შემდეგ კი ფეხით მოგიწევთ ასვლა.
გუმბათის წვეროზე ჯვარია აღმართული. ფრაუენკირხეს ჯვარს საინტერესო ისტორია აქვს: 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, დრეზდენი დაიბომბა და ფრაუენკირხე თითქმის მთლიანად დაინგრა.
აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1993 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა. გათხრების დროს ნანგრევებში ძველი ჯვარი აღმოაჩინეს. ის გუმბათს აღარ დაადგეს და, როგორც სიწმინდე, ეკლესიის შიგნით მოათავსეს. ახალი 8-მეტრიანი ჯვარი დაამზადა ალან სმიტმა, ინგლისელმა, ვისი მამაც 1945 წელს დრეზდენის დაბომბვაში მონაწილეობდა. 2004 წელს, 22 ივნისს, 60 ათასი დრეზდენელისა და ქალაქის სტუმრების თვალწინ ჯვარი ფრაუენკირხეს გუმბათზე დადგეს - შერიგებისა და მეგობრობის სიმბოლო - და მას "შერიგების ჯვარს" (Versöhnungskreuz) უწოდებენ, რაც ყველა ადამიანისა და რელიგიის მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს. ტაძრის აღდგენისას ძველი, ომგამოვლილი ქვებიც გამოიყენეს, ამიტომ ეკლესიის ზოგიერთი ნაწილი გარედან მუქი ფერისაა.
ფრაუენკირხეს წინ დგას მარტინ ლუთერის ქანდაკება. შეგახსენებთ, რომ მარტინ ლუთერი იყო გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. სწორედ მის სახელს უკავშირდება ლუთერანობა.
გუმბათი შიგნიდან მოხატულია ევანგელისტების - იოანეს, მათეს, მარკოზისა და ლუკას გამოსახულებებით, აგრეთვე რწმენის, იმედის, სიყვარულისა და გულმოწყალების ალეგორიებით.
მდიდრული, მოოქროვილი საკურთხევლის ავტორია იოჰან კრისტიან ფაიგე. გაოცებას იწვევს ჩუქურთმებისა და ქანდაკებების სიმრავლე, აგრეთვე გამოსახულებების სიღრმე. ცენტრში ბიბლიური სცენაა სახარებიდან: იესო გეთსამანიის ბაღში ლოცულობს, იქვე მის თანამებრძოლებს სძინავთ, შორს კი უკვე მოჩანან ჯარისკაცები, რომლებიც ქრისტეს დასაპატიმრებლად მოიჩქარიან.
ფრაუენკირხეს შედარებით მცირე ზომების მიუხედავად, მასში ბევრი ადამიანი ეტევა, ვინაიდან დასაჯდომი ადგილები რამდენიმე სართულზე იარუსებადაა განლაგებული.
ფრაუენკირხესთვის ორგანი გოტფრიდ ლიბერმანმა დაამზადა. ეკლესიის გახსნისთანავე ამ ორგანზე კონცერტებს მართავდა იოჰან სებასტიან ბახი. სამწუხაროდ, 1945 წლის დაბომბვის დროს ეს ინსტრუმენტი მთლიანად განადგურდა. ახალი ორგანი 2005 წელს შეიქმნა. ის საკურთხევლის ზემოთაა განთავსებული.
ფრაუენკირხე მოქმედი ტაძარია და ღიაა ყოველდღე 18:00-მდე. შესვლა უფასოა.
გადმოსახედ მოედანზე ასვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 10 ევრო, 6-15 წლის ბავშვებისთვის, პენსიონერებისა და ინვალიდებისთვის - 5 ევრო, Dresden Welcome Card-ის ან Dresden City Card-ის მფლობელებისთვის - 6 ევრო.
ფრაუენკირხეს მისამართია: Georg-Treu-Platz 3.
ფრაუენკირხამდე მისასვლელად ისარგებლეთ: ტრამვაით №1,2,3,4,6,7,12 ან ავტობუსით №75. უახლოესი გაჩერებებია Altmarkt და Pirnaischer Platz.
ფრაუენკირხეს ოფიციალური საიტია: frauenkirche-dresden.de.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.