უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 გელერტის საბანაოები (Gellert furdo)

ბუდაპეშტში ცამეტი წყალსამკურნალოა, მაგრამ მათ შორის "ულამაზესის" ტიტულს გელერტის საბანაოები ფლობს. გადმოცემით, მისი სამკურნალო თვისებები საკუთარ თავზე პირველად განდეგილმა ბერმა გამოსცადა, როდესაც მის ზევით მდებარე გამოქვაბულში დაიდო ბინა. მან არასწორად ივარაუდა, რომ მთავარი წყალი კი არა, ტალახი იყო. სინამდვილეში ყველაფერი მღვრიე წყლის დამსახურებაა. მოდერნის სტილის შენობა, სასახლეს რომ ჰგავს, თავისი ვიტრაჟული ფანჯრებით, მარმარილოს სვეტებით, ბრინჯაოს ქანდაკებებითა და სასმელი შადრევნებით ას წელზე მეტია, რაც ტურისტების მიზიდულობის ცენტრია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ჟამთააღმწერლის მიხედვით, განმკურნავ აბაზანებს ჯერ კიდევ XIII საუკუნეში იღებდა არპადების დინასტიის წარმომადგენელი მეფე ანდრაშ II. სწორედ მისი ბრძანებით ააგეს წყაროებთან პირველი საავადმყოფო. ბუდაში შემოსულმა ოსმალებმა მის ადგილას თურქული აბანოები მოაწყვეს.


საბანაო კომპლექსის მშენებლობას თავი იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა მოაბა და გელერტის საბანაოები ოფიციალურად 1918 წელს გაიხსნა. არქიტექტორებმა დიდებული სასტუმრო-წყალსამკურნალო შექმნეს: ქანდაკებებით დამშვენებული თაღოვანი ჭიშკრები, მარმარილოს სვეტები, ვიტრაჟული ფანჯრები ეპიკურ პოემათა სცენებით, მოზაიკური იატაკი, ჟოლნაის პიროგრანიტით მოპირკეთებული აუზები.



მომდევნო წლებში კომპლექსი მნიშვნელოვნად განვითარდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ის თითქმის მთლიანად გაანადგურა. 2008 წელს გრანდიოზული რეკონსტრუქცია ჩაატარეს და სპა-სასტუმრო პირვანდელი სახით აღადგინეს. ამჟამად ეს ნაგებობა უდავოდ გაგაოცებთ თავისი დიდებულებითა და პომპეზურობით.



გელერტის მთის წყაროები საბანაოებს მინერალური წყლით ამარაგებს, რომლის ტემპერატურა 38-43 გრადუსს შორის მერყეობს დუნაიში წყლის დონის მიხედვით.


ამჟამად გელერტის საბანაოებში ათი დახურული და ორი ღია აუზი ფუნქციონირებს. აქ არის ტალღებიანი, დასაჯდომი, ჰიდრომასაჟის, თერმული, სამედიცინო, გამაგრილებელი, თავგადასავლებისა და საბავშვო აუზი.



გელერტის საბანაოებში ბალნეოთერაპიისა და სპა-მომსახურების მთელი სპექტრია: ნახშირორჟანგისა და მარგალიტის აბაზანები, ტალახით მკურნალობა, მარილიანი კამერები, სამკურნალო, გამომაცოცხლებელი, ცხელი ქვების, ტაილანდური და "შოკოლადის" მასაჟი, აგრეთვე არომამასაჟი.



გელერტის საბანაოების წყალი შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, მეტაბორისა და სილიციუმის მჟავებს. აი, რა ჩვენებების დროსაა ისინი განსაკუთრებით სასარგებლო: ხერხემლის, მალთაშორისი დისკოების და ნევრალგიური დაავადებები, სახსრების ანთება და შევიწროება, პოსტტრავმული თერაპია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ასთმა, ბრონქიტი.



ზოგიერთ აუზში აუცილებელია საცურაო ქუდის დახურვა (შეგიძლიათ გამქირავებელ პუნქტში აიღოთ). სტუმრებმა აუზები დაკეტვამდე 15 წუთით ადრე უნდა დატოვონ.


მამაკაცებისა და ქალების გასახდელები განცალკევებულია. იქ დგას სკამები და პატარა კარადები, სადაც ტანსაცმელს შეინახავთ. თუ სხვებთან ერთად გამოცვლა არ გსურთ, შეგიძლიათ კაბინის ბილეთი შეიძინოთ.



აუზს თქვენთვის სასურველი წყლის ტემპერატურის მიხედვით აირჩევთ. შეგიძლიათ საუნაშიც შეიხედოთ, გაირუჯოთ, ქოლგის ქვეშ ყავა ან ლუდი მიირთვათ.



გელერტის საბანაოების მისამართია: Kelenhegyi út, 2. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.


ბილეთის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დეტალური და უახლესი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, ეწვიოთ ოფიციალურ საიტს: https://www.gellertfurdo.hu/ და ინფორმაციას დეტალურად გაეცნოთ. Budapest Card-ის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია შეღავათები.


გელერტის საბანაოებთან მისასვლელად ისარგებლეთ:

- მეტროთი: მწვანე M4 ხაზი, გაჩერება Szent Gellért tér;

- ტრამვაით: №19, 41, 47, 48, 49, 56, 56A, გაჩერება Szent Gellért tér;

- ავტობუსით: №7, 133E, 907, 973;, გაჩერება Szent Gellért tér.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!