ჰუნდერტვასერის სახლის შიგნით და ფასადზე სწორ ხაზებს ვერსად ნახავთ. ეს არაჩვეულებრივი, მომხიბლველი სანახაობაა - უცნაური ატრაქციონი. მისი შემქმნელის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის აზრით, ადამიანებს უჭირთ სტანდარტულ კოლოფა სახლებში ცხოვრება და ამგვარი შენობების ყურება. იგი ნაირფერ სახლებს ქმნიდა სახურავისა და ფანჯრის ღიობების სხვადასხვა დონით, მხიარული გუმბათებითა და უცნაური თაღებით, ბალახით სახურავებზე და ხეებით საცხოვრებელი ბინების ნიშებში. იდეალური სახლის არქიტექტურული კონცეფცია ჰუნდერტვასერმა თავის რამდენიმე მანიფესტში აღწერა.
ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი ბავშვობიდანვე არაორდინალური პიროვნება იყო. მან ორჯერ მიანება თავი აკადემიაში სწავლას, თუმცა საფუძვლიანად გაეცნო იმპრესიონისტების შემოქმედებას, ტრანსავტომატიზმის თეორიასა და ავანგარდულ მიმართულებებს. მოგვიანებით საკუთარი გრაფიკული სტილი შექმნა და შემოქმედებითი აკადემია - პინტორარიუმი დააარსა.
ჰუნდერტვასერის თეორიას ყველაზე თვალსაჩინოდ მისი სახლი წარმოაჩენს, რომელიც ხე-მცენარეებითაა დაფარული. შენობის შიგნით მრავალდონიანი იატაკი, მომრგვალებული კუთხეები და უსწორმასწორო კიბეებია.
ორმოცდაათ ბინაში ორასამდე ადამიანი ცხოვრობს. სახლის გარშემო ყოველთვის ტურისტები ირევიან, მაგრამ შენობაში არავის უშვებენ - ქვემოთ განცხადებაა გამოკრული, რომ მობინადრეები არ შეაწუხონ. ბევრი ასეთ მუდმივ ყურადღებას ვერ უძლებს და ბინიდან გადადის, თუმცა მათ ადგილს მყისვე სხვები იკავებენ.
უწესრიგოდ განთავსებული ფანჯრები განსხვავებული ზომისაა.
საინტერესოა, რომ ჰუნდერტვასერს ყოველთვის სხვადასხვანაირი წინდები ეცვა. შეკითხვაზე, თუ რატომ იქცეოდა ასე, იგი ასე პასუხობდა: "თქვენ რატომ გაცვიათ ერთნაირი?"
ჰუნდერტვასერი გულის შეტევით გარდაიცვალა წყნარ ოკეანეში ლაინერით მოგზაურობისას. იგი ახალ ზელანდიაშია დაკრძალული, ბედნიერი მიცვალებულების სასაფლაოზე.
ჰუნდერტვასერის სახლის პირდაპირ ჰუნდერტვასერის "სოფელია" - სავაჭრო-საგამოფენო ცენტრი, სადაც ოსტატის ნამუშევრებსა და სუვენირებს იხილავთ. იქაც სრული ასიმეტრია, ფერთა სიუხვე და მრავალი უცნაურობაა, ტუალეტიც კი ასეთია!
სხვათა შორის, აქედან ფეხით 10 წუთის სავალზე ვენის ხელოვნების სახლია, იგივე ჰუნდერტვასერის მუზეუმი.
მისამართი: Kegelgasse 37-39. მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №1, გაჩერება Hetzgasse, ან მეტროს U3 ხაზით, გაჩერება Rochusgasse.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია