ნაციონალური მუზეუმი და გალერეა კაპოდიმონტე (Museo e Gallerie Nazionali di Capodimonte) ნეაპოლის მთავარი მუზეუმი სამხატვრო გალერეაა. კაპოდიმონტე მაღალ ბორცვია, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე შარლ III დე ბურბონს ამ ადგილებში ნადირობა უყვარდა. მან ბრძანა, რომ ბორცვის წვეროზე, პარკში, საზაფხულო სამეფო რეზიდენცია აეგოთ. სასახლის პროექტი შეადგინა ჯოვანი ანტონიო მადრანომ, პარკის კეთილმოწყობა კი ფერდინანდო სანფელიჩეს დაავალეს. მუზეუმი ნეაპოლური მხატვრობისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების უდიდესი და უმთავრესი საცავია მთელ იტალიაში. აქ ასზე მეტი დარბაზია. მუზეუმის გარშემო კი 120 ჰექტარზე პარკია გაშენებული. კაპოდიმონტეს ბორცვიდან შეგიძლიათ ნეაპოლის ხედებით დატკბეთ.
სასახლის მშენებლობა 1757 წელს დასრულდა. მეფემ თავისი დედისგან, ელიზაბეტა ფარნეზესგან, მემკვიდრეობით მიიღო ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები, რომელსაც სათავე დაუდო კარდინალმა ალესანდრო ფარნეზემ (მოგვიანებით ის გახდა რომის პაპი პავლე III). კოლექცია მნიშვნელოვნად გაზარდა მისმა შვილიშვილმა (მასაც ალესანდრო ფარნეზე ერქვა და კარდინალი იყო).
1738 წელს შარლ III დე ბურბონი დაქორწინდა საქსონიის პრინცესა მარია ამალიაზე, ავგუსტ ძლიერის შვილიშვილზე. ავგუსტ ძლიერის დროს გამჟღავნდა ფაიფურის საიდუმლო და ქალაქ მეისენში ფაიფურის ცნობილი მანუფაქტურა გაიხსნა. ნეაპოლშიც ააგეს ფაიფურის სამეფო ფაბრიკა კაპოდიმონტეს სასახლესთან ახლოს. სწორედ იქ დამზადდა დეტალები დედოფლის ფაიფურის, იგივე ჩინური სალონისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი დარბაზია კაპოდიმონტეს სასახლეში. მისი ჭერი ფერადი ფაიფურითაა დაფარული და სტუკოთია შეღებილი. ეს ჩინური სტილითაა შესრულებული.
პირველ სართულზეა, აგრეთვე, ცნობილი სამეფო აპარტამენტები, ფერწერული ტილოები, დახვეწილი ავეჯი, ყოველდღიურობის ძვირფასი ნივთები. ეს ყველაფერი თვალსაჩინოდ უჩვენებს გამომსახველობითი ხელოვნების ისტორიულ ეტაპებსა და განვითარებას ნეაპოლსა და კაპოდიმონტეში ბურბონების დროით დაწყებული, იოჰიმ მიურატისა და კაროლინა ბონაპარტეს ნაპოლეონური ფუფუნებით გაგრძელებული და სავოიის მეფეთა პერიოდით დამთავრებული.
მეორე სართულზე განთავსებულია ნეაპოლის გალერეის კოლექციები, ადგილობრივი და ჩამოსული ოსტატების შექმნილი გობელენები, ფერწერული ტილოები. პირველ ორ სართულზე იხილავთ რაფაელის, მიქელანჯელოს, ტიციანის, კარავაჯოს, მაზაჩოს, ბოტიჩელის, კორეჯოს, გოიის, ელ გრეკოს, ჯ. ბელინისა და სხვათა ნახატებს.
მესამე სართულზე რამდენიმე დარბაზში წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნება. მაგალითად, ენდი უორჰოლის ცნობილი ნახატი "ვეზუვი".
მუზეუმში წარმოდგენილია, აგრეთვე ცეცხლსასროლი და სხვა სახის იარაღის დიდი კოლექცია, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის ნაკეთობები, ანტიკვარული ავეჯი, ფაიფურისა და მაიოლიკის კოლექციები სხვადასხვა სამეფო რეზიდენციიდან.
სასახლის ქვეშ, კაპოდიმონტეს ბორცვის ძირში, მდებარეობს სან ჯენაროს კატაკომბები, სადაც წმინდა იანუარიუსის სხეულია მოთავსებული.
კაპოდიმონტეს მისამართია: Via Miano, 2.
მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით №168, 178, გაჩერება Porta Piccola, №C63, გაჩერება Porta Grande, №604, გაჩერება Viale Colli Aminei.
მუშაობს ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, 08:30-19:30; მეორე სართული - 09:30-17:00.
ბილეთის ღირებულებაა: 14 ევრო, 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის - 8 ევრო, 18 წლამდე - უფასოა. ყოველი თვის პირველ კვირადღეს შესვლა უფასოა.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.