უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


სანტა კიარას ეკლესია ნეაპოლში

სანტა კიარა (Santa Chiara), იგივე წმინდა კლარა ასიზელის ეკლესია (კლარა იტალიურად კიარაა), რელიგიურ შენობათა კომპლექსია ნაპოლში, რომელიც შეიცავს მონასტერს, სამრეკლოს, ანჟუელთა დინასტიის მეფეთა საძვალეს და არქეოლოგიურ მუზეუმს. როგორც ამბობენ, თუ შეყვარებულები ამ ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს, ისინი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ ერთად, სიღარიბისა და ღალატისგან შორს. ამიტომ სანტა კიარას ეკლესია დიდი პოპულარობით სარგებლობს დაქორწინების მსურველ ნეაპოლელ ახალგაზრდა ქალიშვილებსა და ვაჟებს, ასევე ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს შორის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ტაძარი ააგეს 1310-1328 წლებში მეფე რობერტ I ანჟუელის ბრძანებით. ჩანაფიქრის მიხედვით, ის ანჟუს დინასტიის მონარქთა საძვალე უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად ის ოთხი მონასტრისგან შედგებოდა, ბოლოს კი ორი დარჩა - ფრანცისკანელი ბერებისა და კლარისინელი მონაზვნების, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან სულიერად და ორგანიზაციულად.


ბაზილიკა პროვანსულ-გოტიკური სტილით აიგო. მოგვიანებით, მორიგი რემონტის დროს, ის ბაროკოს სტილით შეცვალეს. II მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს, მონასტერი ძალზე დააზიანა მოკავშირეთა საჰაერო დაბობვამ. ომისშემდგომი რესტავრაციის დროს მონასტერი კვლავ გოტიკური სტილით აღადგინეს.


ცალკე მდებარეობს სამრეკლო, რომლის მშენებლობაც 1328 წელს დაიწყო და მხოლოდ აღორძინების ხანაში დასრულდა.



ასე გამოიყურება ეკლესიის ინტერიერი:




საკურთხეველი:



ტაძარში დაკრძალული არიან: მეფე რობერტ ბრძენი, ნეაპოლელი ბურბონების სამეფო სახლის წევრები, მათ შორის მეფე ფერდინანდ I, ფრანცისკ I, ფერდინანდ II, აგრეთვე, ნეტარი მარია კრისტინა სავოიელი - ფერდინანდ II-ის პირველი ცოლი, სალვო დ'აკვისტო - იტალიის ეროვნული გმირი, სანჩა მაიორელი - ნეაპოლის სამეფოს დედოფალი (1309-1343).


მონასტერში გახსნილია პატარა მუზეუმი.




ომისშემდგომი რესტავრაციის დროს ჩატარებული გათხრებისას მონასტრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ახ. წელთაღრიცხვით I საუკუნის რომაული ვილა. ის წარმოდგენილია მუზეუმის არქეოლოგიურ ზონაში. მუზეუმში არაერთი საინტერესო ნივთია.




განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მონასტრის ეზო, თუმცა მანამდე კლუატრის გალერეაში გავიაროთ, რომელიც მაიოლიკის ტექნიკითაა შესრულებული. თაღების ცოკოლი დაფარულია კერამიკის პანოებით, რომლებზეც რომანტიკული პეიზაჟებია გამოსახული.




კედლები ფრესკებითაა მოხატული.




ეკლესიას აქვს ულამაზესი ეზო (82მx87მ), რომლის პროექტის ავტორიცაა დომენიკო ანტონიო ვაკარო. აქ იხილავთ როკოკოს სტილის რვაკუთხა სვეტებსა და ძელსკამებს, შადრევნებს, ჯვრის ფორმის ორ ხეივანს. ყველაფერი მოხატულია ყვავილებით, მითოლოგიური და საყოფაცხოვრებო სცენებით.






ეკლესიის მისამართია: Via Santa Chiara, 49c. ეს არის ისტორიული ცენტრის შუაგული, ნუოვოს მოედანზე (Gesu Nuovo).


მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროს 1-ლი ხაზით, გაჩერება Dante.


ეკლესიის ეზოში შეხვალთ ყოველდღე: ორშაბათი-შაბათი - 09:00-17:30, კვირას - 10:00-14:30; ეკლესიაში - ორშაბათი-შაბათი - 08:00-12:45/16:30- 20:00, კვირას - 09:00-12:45/16:30-20:00.


ბილეთის ღირებულებაა 6 ევრო, 30 წლამდე სტუდენტებისა და 65 წელს გადაცილებულთათვის - 4,50 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.monasterodisantachiara.it/english/.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!