უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ნეაპოლის სამეფო თეატრი "სან კარლო"

ნეაპოლში, პლებისციტის მოედნის გვერდით, მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, დიდებული და ამაყი ოპერის თეატრი "სან კარლო" (Real Teatro Di S.Carlo). ის უძველესია ევროპაში, კერძოდ, 41 წლით უფროსია მილანის ცნობილ "ლა სკალაზე" და 55 წლით - ვენეციის "ლა ფენიჩეზე". ნეაპოლელები ძალიან ამაყობენ თავიანთი თეატრით. მისი ტრადიციები თითქმის სამი ასეული წლის შემდეგაც კი უცვლელია, სცენაზე კი მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავები გამოდიან. გიამბობთ, რით არის გამორჩეული ეს თეატრი, სად ნახოთ მისი რეპერტუარი და როგორ მოხვდეთ სპექტაკლზე.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თეატრი "სან კარლო" აიგო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე შარლ III დე ბურბონის ბრძანებით, რომელსაც სურდა, რომ ნეაპოლში ახალი და დიდი თეატრი ყოფილიყო 1621 წელს აგებული ძველი და შელახული სან ბართოლომეოს თეატრის ნაცვლად. "სან კარლო" აიგო არქიტექტორ ჯოვანი ანტონიო მედრანოს პროექტით. არქიტექტორმა ანჯელო კარასალემ თეატრი სამეფო სასახლესთან დააკავშირა დახურული გალერეით, რათა მონარქს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებოდა თეატრის ლოჟიდან საკუთარ აპარტამენტებში მოსახვედრად. თეატრი გაიხსნა 1737 წლის 4 ნოემბერს, მეფის დაბადების დღეს. ახალი თეატრის ინტერიერი ლურჯ და ოქროსფერ ფერებში (ბურბონების ოფიციალური ფერები) გადაწყდა და ყველას ხიბლავდა თავისი არქიტექტურით. მაყურებელთა დარბაზს ჰქონდა 5 იარუსი და დიდი სამეფო ლოჟა. პირველი ოპერა, რომელიც "სან კარლოს" სცენაზე დაიდგა, იყო დომენიკო საროს "აქილევსი სკიროსზე". 1816 წელს თეატრი ხანძარმა გაანადგურა, მაგრამ სულ რაღაც 9 თვეში ის ხელმეორედ ააგეს არქიტექტორ ანტონიო ნიკოლინის პროექტის მიხედვით და 1817 წლის 12 იანვარს ახალი "სან კარლო" გაიხსნა იოჰან სიმონ მაირის ოპერით "პარტენოპეს ოცნება". მას ცნობილი ფრანგი მწერალი სტენდალიც ესწრებოდა, რომელმაც ქების სიტყვები არ დაიშურა თეატრის მიმართ.



თეატრს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1844 წელს, როცა ინტერიერი შეცვალეს და მთავარი ფერები გახდა წითელი და ოქროსფერი, 1890 წელს, როცა მასში საორკესტრო ორმო მოაწყვეს, და მოგვიანებით, როცა თეატრის ელექტროფიცირება მოახდინეს. 2007-2008 წლებში მთლიანად შეცვალეს სკამები, გაიყვანეს კონდიციონირების სისტემა და მოაოქროვეს ყველა დეკორატიული რელიეფი. ამჟამად მაყურებელთა დარბაზი 1386 ადამიანზეა გათვლილი.



"სან კარლოს" თეატრმა თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთი სრული სეზონი გამოტოვა, მიუხედავად დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სარემონტო სამუშაოებისა და რეკონსტრუქციების დროს. მაგალითად, 1816 წელს, როცა ხანძარი გაჩნდა, 1943 წელს, როცა თეატრი დაბომბვის შედეგად დაზიანდა, 1969 წელს, როცა მეხის დაცემამ ფასადის ნაწილი ჩამოანგრია.



"სან კარლოს" სცენაზე მუშაობდნენ მხოლოდ საუკეთესო ოსტატები - კომპოზიტორები, მუსიკოსები, ვოკალისტები და დირიჟორები. აქ იდგმებოდა ჯოაკინო როსინის, გაეტანო დონიცეტის, ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, რუჯერო ლეონკაველოსა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ოპერები. ვოკალისტებისგან გამოვყოფთ ენრიკო კარუზოს, მარია კალასს, მარიო დელ მონაკოს, ფრანკო კორელის, მონსერატ კაბალიეს, ლუანო პავაროტის, პლასიდო დომინგოს, ხოსე კარერასსა და სხვ., დირიჟორებისგან - არტურო ტოსკანინის, იგორ სტრავინსკის, გაბრიელ სანტინის, კლაუდიო აბადოს და სხვ.



ასე გამოიყურება თეატრის ჰოლი:



2011 წელს თეატრთან გაიხსნა მუზეუმი და ისტორიული დოკუმენტების არქივი МеМUS. თითქმის 300 კვ.მ.-ზე განთავსებულია 3D გალერეა, 50 ადამიანზე გათვლილი ღონიძიებების ჩასატარებელი დარბაზი და წიგნების მაღაზია, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ წიგნები თეატრზე, საკონერტო აუდიო- და ვიდეოდისკები.



თეატრის მისამართია: Via San Carlo 98/F.


მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით №R2, R3, 82, გაჩერება San Carlo, №R4, გაჩერება Medina; მეტროს 1-ლი ხაზით, გაჩერება Toledo.


თეატრში ექსკურსიით შესვლა შეგიძლიათ ყოველდღე, МеМУС კი ოთხშაბათობით დაკეტილია.


30-წუთიანი საექსკურსიო ბილეთის ღირებულებაა: 9 ევრო, 30 წლამდე და 60 წელს გადაცილებულთათვის - 7 ევრო, ოჯახისთვის (2 მოზრდილი+18 წლამდე 2 მოზარდი) - 26 ევრო, МеМУС-ში შესვლა - 3 ევრო.


სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ფასია 20-500 ევრო.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.teatrosancarlo.it/.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!