ციხედარბაზი-სასახლე პილნიცი, გერმანულად Schloss Pillnitz, აშენდა როგორც ვეტინების დინასტიის მონარქების ქალაქგარეთა რეზიდენცია. ეს დინასტია დიდხანს მართავდა საქსონიას და ეს მაშინ ხდებოდა, როცა საქსონია დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო იყო გერმანიის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ მაშინ პილნიცი ქალაქგარეთ მდებარეობდა, დღეს თითქმის დრეზდენის ცენტრშია, მდინარე ელბის ნაპირზე. XVII საუკუნეში ციხედარბაზმა სამხედრო დანიშნულება დაკარგა და კურფიურსტმა იოჰან გეორგ IV ის იყიდა და თავის საყვარელს, გრაფინია ფონ როხლიცს აჩუქა. მოგვიანებით ავგუსტ ძლიერმა კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის შეცვლა და მისი საფუძვლიანად გადაკეთება გადაწყვიტა. მას სურდა, რომ ციხედარბაზი ნამდვილი სასახლე გამხდარიყო - უფრო მსუბუქი და მხიარული. ასე გაჩნდა "ჩინური სტილის" ციხედარბაზის შექმნის იდეა.
მაშინ ეს მოდაში იყო და ახალი კურფიურსტი იმდროინდელი თანამედროვე ტენდენციებისკენ გადაიხარა. ამან სიმპათიური შედეგი გამოიღო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ციხედარბაზს კონკრეტული სტილი არა აქვს. ეს ბაროკოს, კლასიციზმისა და ახალი აღმოსავლური სიოს ნაზავია.
მომდევნო სურათზე კარგად ჩანს, რომ პილნიცი სამი სასახლისგან შედგება.
პირველია "წყლის სასახლე". ის 1721-1722 წლებში ააგეს. საფეხურებს პირდაპირ მდინარე ელბასთან მივყავართ. სახელიც, ალბათ, სწორედ ამან განაპირობა.
ერთ დროს აქ პატარა ნავმისადგომი იყო. მდინარეზე ვენეციური გონდოლა დაცურავდა მეფისა და დიდგვაროვნებისთვის, რომლებიც ზაფხულის სიცხეს გაურბოდნენ.
მეორეა "მთის სასახლე". ის 1722-1723 წლებშია აგებული.
აღსანიშნავია ამ ორი სასახლის დამაკავშირებელი 500 მეტრი სიგრძის წაბლნარის ხეივანი.
XIX საუკუნეში მესამე სასახლეც ააგეს პირველი ორის შესაერთებლად:
ახალ სასახლეში მდებარეობს მოქმედი კათოლიკური სამლოცველო. მისი კედლები და ჭერი კარლ კრისტიან ფოგელის მოხატულია.
კომპლექსის ტერიტორიაზე არის ჩინური სახლი. აქ ჩაის ცერემონიები იმართებოდა:
პილნიცის პარკის სიამაყეა იაპონური კამელია, რომელიც 230 წელზე მეტი ხნისაა.
ის აქ 1776 წელს ჩამოიტანეს ქოთნით და სამეფო კარის მებაღე ტერშიცკიმ სწორედ ამ ადგილას დარგო. ყოველი წლის ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით მას მისთვის სპეციალურად მოწყობილ, შუშისა და ფოლადისგან დამზადებულ 13 მეტრი სიმაღლის სათბურში მოაქცევენ ხოლმე სიცივისგან დასაცავად. კამელიის ყვავილობის დრო თებერვალი-აპრილია. ამ დროს ის დაახლოებით 35 ათასი ვარდისფერი ყვავილით იფარება.
პილნიცში შეგიძლიათ იხილოთ, აგრეთვე პალმის სახლი, შადრევანი, ინგლისური და ჩინური ბაღები და პავილიონები, აგრეთვე ორი მუზეუმი: პილნიცის ციხედარბაზის ისტორიისა და ხალხური რეწვის.
უკეთ ორიენტაციისთვის შემოგთავაზებთ პილნიცის ციხედარბაზ-სასახლისა და პარკის სქემას:
პილნიცის სასახლისა და პარკის მისამართია: August-Böckstiegel-Straße 2.
მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №2 ან ავტობუსით №63, 88, გაჩერება Pillnitzer Platz ან Leonardo-da-Vinci-Straße.
მუზეუმსა და პარკში შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა 8 ევრო, 16 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: schlosspillnitz.de/en/home.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.