რაიხსტაგი გერმანიის პარლამენტის შენობაა. 1894-1933 წლებში აქ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის სხდომები იმართებოდა. 1999 წლიდან ნაგებობას ბუნდესტაგი ეწოდა - გერმანიის რესპუბლიკის ფედერალური კრება. დღეს ის ბერლინის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომლის სანახავადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩამოდის. რაიხსტაგი ყველას, პირველ ყოვლისა, თავისი რთული და მდიდარი წარსულით იზიდავს, რაც განუყოფელია გერმანიის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომისგან.
გერმანიის სამთავროების გაერთიანების შემდეგ იმპერიის პარლამენტს ღირსეული შენობა სჭირდებოდა. მდინარე შპრეის ნაპირზე სამთავრობო ნაგებობის ასაშენებლად შერჩეული ადგილი დიპლომატ რაძინსკის ეკუთვნოდა, რომელიც მის გასხვისებაზე უარს ამბობდა. ეს მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ მოხერხდა. მშენებლობა 1884 წელს დაიწყო ვილჰელმ I-ის დროს და 10 წლის შემდეგ დასრულდა, როდესაც ქვეყნის სათავეში ვილჰელმ II იდგა. პროექტის ავტორი არქიტექტორი პაულ ვალოტი გახლდათ. მან იტალიური აღორძინების სტილი ამჯობინა. ასე გამოიყურებოდა შენობა თავდაპირველად:
კვადრატულ ნაგებობას ოთხი კოშკი ამშვენებს - გერმანიის სამეფოების - პრუსიის, ბავარიის, საქსონიის, ვიურტემბერგის - სიმბოლო.
1933 წელს რაიხსტაგში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დამნაშავე ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ცეცხლის წაკიდება კომუნისტებს დააბრალეს. ამან ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერს, რომ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსულიყო.
რაიხსტაგი აღადგინეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ის სანახევროდ დაინგრა.
1972 წლისთვის არქიტექტორმა პაულ ბაუმგარტნერმა, ფაქტობრივად, ხელმეორედ ააგო რაიხსტაგი, ოღონდ უგუმბათოდ. პარლამენტი აქ სხდომებს აღარ მართავდა და შენობა ისტორიის მუზეუმს გადაეცა.
1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, პარლამენტი - ბუნდესტაგი - ბონიდან ბერლინში გადმობარგდა და კვლავ რაიხსტაგში დაიდო ბინა. რეკონსტრუქციას ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერი ხელმძღვანელობდა. მან სახურავზე, შენობის ცენტრში, გრანდიოზული გუმბათი ააგო. აღდგენილი რაიხსტაგი 1999 წელს გაიხსნა.
აი, როგორ გამოიყურება თანამედროვე გუმბათი:
ის 120 ტონას იწონის და არა მხოლოდ ამშვენებს შენობას, არამედ მისი ეკოენერგოსისტემის ნაწილიცაა. გუმბათის შიგნით 30 რიგად განთავსებული 360 სარკისგან შემდგარი კონუსია. კომპიუტერული პროგრამა სარკეების დახრილობას ისე არეგულირებს, რომ შიგნით ნებისმიერ ამინდში იდეალური განათება იყოს.
რაიხსტაგის მთავარი შესასვლელის თავზე წარწერაა: "გერმანელ ხალხს":
გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო რაიხსტაგის გუმბათში ტურისტებისთვის თავისუფლად შესვლა აკრძალულია. მათ განკარგულებაში მხოლოდ გადმოსახედი მოედანია. შენობისა და გუმბათის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე უნდა ჩაეწეროთ. ექსკურსიის ხანგრძლივობა 90 წუთია. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ სპეციალური ონლაინ-ფორმა შეავსოთ რაიხსტაგის საიტზე: bundestag.de/en/visittheBundestag/dome/tours. შენობაში შესვლამდე სპეციალური შემოწმების გავლა მოგიწევთ. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესვლა უფასოა. ექსკურსია სხვადასხვა ენაზე იმართება.
რაიხსტაგამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს U55 ხაზით, გაჩერება U Bundestag;
- ავტობუსით №100, გაჩერება Reichstag/Bundestag;
- საგარეუბნო ელექტრომატარებლით S1, S2, S25, გაჩერება Brandenburger Tor.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.