უფასო ონლაინ-მეგზური რომში


ვატიკანი - სახელმწიფო სახელმწიფოში

ვატიკანი, იგივე ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი, ჯუჯა სახელმწიფო ანკლავია ქალაქ რომის ტერიტორიის შიგნით და იტალიასთან ასოცირდება. საერთაშორისო სამართალში ვატიკანის სტატუსია წმინდა საყდრის, რომის კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო ხელმძღვანელობის რეზიდენციის დამხმარე სუვერენული ტერიტორია. ვატიკანში მდებარეობს რომის პაპის რეზიდენცია, აგრეთვე მთელი რიგი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და მუზეუმები, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას. შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა. ამ საიტზე იპოვით ყველაფერს, რაც ამ პროცესში დაგეხმარებათ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ოფიციალური სახელწოდება "ვატიკანი" პირველად გამოყენებული იქნა ლატერანის ხელშეკრულებაში. ის 1929 წელს დაიდო წმინდა საყდარსა (წმინდა ეპარქიასა) და იტალიის მთავრობას შორის, რომელმაც თანამედროვე ქალაქი-სახელმწიფოს სტატუსი დაადგინა. ეს სახელწოდება აიღეს ვატიკანის ბორცვიდან, რომელზეც მდებარეობს სახელმწიფო. თვითონ ვატიკანის ბორცვის სახელწოდება მოდის ქალაქ "ვატიკუმის" ეტრუსკული დასახელებიდან, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. ლეგენდების თანახმად, ეტრუსკელი წინასწარმეტყველები (მოგვიანებით - რომაელი ავგურები) თავიანთ წინასწარმეტყველებებს - "ვატინაციებს" ახმოვანებდნენ. ისტორიულად, ვატიკანის სახელმწიფოს გაჩენამდე, სიტყვა "ვატიკანი" ნიშნავდა "პაპის სასახლეს". ვატიკანის ოფიციალური სახელწოდება იტალიურიდან ითარგმნება, როგორც ქალაქ ვატიკანის სახელმწიფო.


ვატიკანი თეოკრატიული სახელმწიფოა. წმინდა საყდრის (ეპარქიის) სუვერენი, რომლის ხელშიც თავმოყრილია აბსოლუტური საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, არის რომის პაპი, რომლებსაც კარდინალები ირჩევენ. პაპი სიცოცხლის ბოლომდე პაპია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი. ვატიკანს მართავს ადმინისტრაციული ორგანო - წმინდა საყდრის დანიშნული პაპის კომისია, - რომელსაც სათავეში 5 წლის ვადით უდგას გუბერნატორი. წესრიგს იცავს შვეიცარიელი გვარდიელებისგან შემდგარი პაპის გვარდია (დაახლოებით 100 ჯარისკაცი).


ვატიკანის მოსახლეობა დაახლოებით 1000 კაცია.


ვატიკანს აქვს საკუთარი დროშა და გერბი, რომელზეც გამოსახულია წმინდა პეტრეს გასაღებები და რომის პაპის ტიარა.



ვატიკანს აქვს საკუთარი სატელეფონო კავშირი, საფოსტო უწყება, რკინიგზის სადგური, რადიოსადგური Radio Vaticano, ნაგვის გასატანი სპეციალური სამსახური და სტამბა, სადაც საკანონმდებლო ბიულეტენი, ყოველდღიური გაზეთი და ყოველწლიური ცნობარი იბეჭდება.


ვატიკანის ოფიციალური ენაა იტალიური და ლათინური.


ვატიკანის ფულის ერთეულია ევრო.


ვატიკანი გადასახადებს არ იხდის. შემოსავლის წყაროა შემოწირულობები მთელი მსოფლიოს კათოლიკეებისგან და ტურიზმი (საფოსტო მარკებისა და სუვენირების გაყიდვა, მუზეუმების დათვალიერებისთვის დაწესებული თანხები).


აი, როგორ გამოიყურება ვატიკანის რუკა:



ვატიკანში მრავალი ღირსშესანიშნაობაა. ამიტომ, თუ რომში რამდენიმე დღით ჩახვალთ, ერთი დღე ვატიკანის დათვალიერებისთვის გამოყავით.


დავიწყოთ წმინდა პეტრეს მოედნით - გრანდიოზული და მსოფლიოში ცნობილი მოედნით ვატიკანის ცენტრში, სადაც უამრავი მორწმუნე იკრიბება რომის პაპის მოსასმენად.



მოედანი ორი მხრიდან სვეტების კოლონადით არის შემოსაზღვრული. ის ლორენცო ბერნინის პროექტის მიხედვით არის აგებული XVII საუკუნეში. მოედანს ამშვენებს ძველი ობელისკი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 40 წელს ჩამოიტანეს ეგვიპტიდან. მისი სიმაღლე 25 მეტრია. მოედანზე შესვლა ნებისმიერ დროს უფასოა.


წმინდა პეტრეს მოედნის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა წმინდა პეტრეს ტაძარი - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ეკლესია. ბაზილიკა რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში შენდებოდა. მის შექმნაში მონაწილეობდნენ უნიჭიერესი ოსტატები: ბრამანტე, ბერნინი, მიქელანჯელო, რაფაელი და სხვები. ტაძარში 60 ათასი ადამიანი ეტევა.



თუ ბაზილიკის გუმბათზე ახვალთ, თქვენს წინაშე ქალაქის შესანიშნავი ხედი გადაიშლება.


დეტალურად წმინდა პეტრეს ტაძრის შესახებ =>>


შემდეგი ღირსშესანიშნაობაა ვატიკანის, ანუ რომის პაპის სასახლე - რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია.



ეს არის გადასასვლელებითა და დერეფნებით შეერთებული სხვადასხვა ეპოქისა და სტილის სასახლეების, დარბაზებისა და გალერეებისგან შემდგარი მასშტაბური არქიტექტურული ანსამბლი. ტურისტებს მხოლოდ მისი ერთი ნაწილის დათვალიერება შეუძლიათ.


აღორძინების ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლია ბელვედერის სასახლე - ის ვატიკანის სასახლეების არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია. მასში შედის დარბაზები, გალერეები და შიგა ეზოები, სადაც მოთავსებულია ცნობილი ქანდაკებები და ხელოვნების შედევრები.



ბელვედერის სასახლის ეზოში, ე.წ. "პინიას ეზოში", დგას გირჩის ქანდაკება. ის I-II საუკუნეებშია დამზადებული.



გირჩის ქვედა ნაწილში ბარელიეფებია, რომლებზეც რომაელი ათლეტები არიან გამოსახულნი, მარცხნივ და მარჯვნივ კი - ფარშავანგები. ცნობილია გირჩის მნიშვნელობის სამი გავრცელებული ვერსია. პირველი - გირჩი სიცოცხლის წყაროს სიმბოლოა. ქრისტიანობაში ფიჭვი სიცოცხლის ხეა, გირჩი კი აღდგომისა და უკვდავების სიმბოლო; მეორე - გირჩი ჯალღუზისებრი (გირჩისებრი) ჯირკვლის (ეპიფიზის) სიმბოლოა; მესამე - გირჩი ადამიანის "მესამე თვალის" სიმბოლოა, რომელიც მის სულიერ სამყაროს უკავშირდება.



ამავე ეზოში იხილავთ, აგრეთვე, 4 მეტრი დიამეტრის მბრუნავ ოქროს სფეროს, რომელშიც პატარა სფეროა მოთავსებული. ეს ძეგლი 1990 წელს შექმნა იტალიელმა მოქანდაკემ არნალდო პომოდორომ.



ავტორის ჩანაფიქრით, დიდი სფერო სამყაროა, პატარა - დედამიწა. ამით მას დღევანდელობის იმ ნეგატივის ჩვენება უნდოდა, რასაც კაცობრიობა გარემოს აყენებს.


ბელვედერის სასახლის შიგა კვადრატულ ეზოში მდებარეობს პიუს-კლიმენტის მუზეუმი. ეს სახელწოდება რომის ორ პაპს უკავშირდება - პიუს VI-სა და კლიმენტ XIV-ს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ მუზეუმის დაარსებაში.



ეზოს თითოეულ კუთხეში თითო ნიშაა აპოლონის, ლაოკოონის, პერსევსისა და ჰერმესის ძველი, ცნობილი ქანდაკებების ასლებით. ასე გამოიყურება "ლაოკოონი და მისი შვილები":



მუზეუმში რამდენიმე დარბაზია. ესენია - ცხოველების დარბაზი:



ქანდაკებების გალერეა:



როტონდის (მრგვალი) დარბაზი, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია წითელი პორფირის დიდი ფიალა, აღებული იმპერატორ ნერონის "ოქროს სახლიდან"; აქვეა ჰერაკლეს ქანდაკება.



გეოგრაფიული რუკების გალერეა:



გობელენების გალერეა (რაფაელის ნახატების მიხედვით):



ამ გალერეაში იხილავთ გობელენს "იესოს აღდგომა":



ბელვედერისა და პაპის სასახლეების ერთ-ერთი დამაკავშირებელი ელემენტია ბრამანტეს კიბე. არსებობს ორი ასეთი კიბე. პირველი, ორიგინალი, არქიტექტორმა დონატე ბრამანტემ შექმნა 1505 წელს.



ეს კიბე ფართო საზოგადოებისთვის, პრაქტიკულად, მიუწვდომელია. მის დასათვალიერებლად მხოლოდ სპეციალური ტურები ეწყობა.


1932 წელს ჯუზეპე მომომ მისი ერთგვარი ასლი შექმნა.



მასზე მოძრაობისას შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ესკალატორით გადაადგილდებით. კიბის თავზე შუშის გუმბათია:



ვატიკანში რვა მუზეუმია. გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს. გრიგორიანული ეტრუსკული მუზეუმი (შედგება 22 დარბაზისგან):



გრიგორიანული ეგვიპტური მუზეუმი (შედგება 9 დარბაზისგან):



ვატიკანის ბიბლიოთეკა. მის საცავებში ორ მილიონამდე წიგნი, გრავიურა, მონეტა, ძველი ხელნაწერი, ტექსტი და რუკა ინახება.



ვატიკანის პინაკოთეკა, სადაც თავმოყრილია XII-XIX საუკუნეების ნახატები, კარავაჯოს, რაფაელის, ჯოტოს, პერუჯინოს, ტიციანისა და სხვათა შედევრები:




სიქსტეს კაპელა 1473-1481 წლებში ააგო არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით. აქ იკრიბებიან კარდინალები რომის ახალი პაპის ასარჩევად. კაპელა მოხატულია მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, როდელისა და პერუჯინოს ფრესკებით.



დეტალურად სიქსტეს კაპელის შესახებ =>>


აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ რაფაელის დარბაზები და ლოჯიები. ოთხი დარბაზი და ღია გალერეა მარადიული ქალაქის ხედით რაფაელ სანტისა და მისი მოწაფეების ფრესკებითაა მოხატული, რომლებზეც ისტორიულ და ბიბლიურ სიუჟეტებს იხილავთ.




ბორჯიას აპარტამენტები XV საუკუნის მიწურულს აიგო, როგორც რომის პაპის ალექსანდრე VI-ის პირადი მოსასვენებელი. აპარტამენტებში შედის პინტუროკიოს მოხატული ხუთი ოთახი, საგანძური და პონტიფიკოსის საძინებელი.




განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვატიკანის ბაღები. აქ მრავალი უნიკალური სახეობის მცენარე, აგრეთვე ყვავილნარი, ქანდაკება და შადრევანია.



ვატიკანის ბაღებში მდებარეობს ხელოვნური მღვიმე "გროტა-დი-ლურდე". ის 1902 წელსაა შექმნილი. მღვიმეში განთავსებულია ქალწულ მარიამის ქანდაკების ასლი.



დაბოლოს, ლეონინის კედელი, რომელიც 848-852 წლებში აიგო, როგორც თავდაცვითი ზღუდე. მისი სიმაღლე 12 მეტრია, სიგრძე კი 3 კილომეტრამდე. ის გარს ერტყმის ვატიკანსა და ბორგოს რაიონს და ვატიკანს რომისგან გამოყოფს. სან-პელეგრინოს კარი მთავარი შესასვლელია ორგანიზებული ექსკურსიებისთვის.



ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ღირსშესანიშნაობებისა, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ ვატიკანში.


ვატიკანის მუზეუმები მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:00-18:00.


კვირაობით მუზეუმები დაკეტილია, გარდა ყოველი თვის ბოლო კვირადღისა, როდესაც ის ღიაა 09:00-დან 14:00-მდე და შესვლა ყველასთვის უფასოა. დღესასწაულების დროს მუზეუმები დაკეტილია. ეს დღეებია: 1-ლი და 6 იანვარი, 19 მარტი, 2 აპრილი, 1-ლი მაისი, 29 ივნისი, 14 და 15 აგვისტო, 1-ლი ნოემბერი, 8, 25, 26 დეკემბერი.


ბილეთის ღირებულებაა:


- სტანდარტული ბილეთი ვატიკანის მუზეუმებში შესასვლელად - 17 ევრო;

- იგივე ბილეთი ონლაინ-დაჯავშნით ურიგოდ შესასვლელად - 21 ევრო;

- შეღავათიანი ბილეთი (6-17 წლის ბავშვებისთვის, 25 წლამდე სტუდენტებისთვის, მღვდელმსახურებისა და სემინარიის მოსწავლეებისთვის) - 8 ევრო;

- იგივე ბილეთი ონლაინ-დაჯავშნით ურიგოდ შესასვლელად - 12 ევრო;


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს A ხაზით - გაჩერება Ottaviano;

- ავტობუსით №11, 23, 32, 81, 590, 982 - გაჩერება Risorgimento; №64, 40 - ექსპრეს-მარშრუტები სადგურ ტერმინიდან (Termini) ტაძრამდე; №116 - გაჩერება Terminal Gianicolo;

- ტრამვაით №19 - გაჩერება San Pietro.


დეტალებისა და უახლესი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ვატიკანის მუზეუმების ოფიციალურ საიტს: www.museivaticani.va/content/museivaticani/en.html.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!