ვენის ეკლესიები და ტაძრები ხელოვნების ნიმუშებია. ისინი კაცობრიობის სულიერი და ზნეობრივი განვითარების ისტორიას ასახავენ. მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით აგებულნი, იმავდროულად, საინჟინრო აზროვნების ძეგლებიცაა. საკულტო ნაგებობები მონუმენტურობითა და დიდებული ფორმებით, მოწესრიგებულობითა და სიკოხტავით გამოირჩევა. აქ ყველა აღმსარებლობის ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. ვენაში რამდენიმე ათეული ეკლესია და ტაძარია. მათი უმრავლესობა, ბუნებრივია, ქრისტიანობას უკავშირდება. მოგაწვდით ინფორმაციას რამდენიმე მათგანის შესახებ.
სტატიის შინაარსი
6. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია
8. წმინდა ფრანცისკ ასიზელის ეკლესია
1. წმინდა შტეფანის ტაძარი
დავიწყოთ წმინდა შტეფანის ტაძრით, რომელიც შტეფანსპლაცზე მდებარეობს. მას "შტეფანსდომსაც" უწოდებენ, ვენელები კი, უბრალოდ, "შტეფის". ეს ტაძარი ვენის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და სიამაყეა.
დეტალურად წმინდა შტეფანის ტაძრის შესახებ =>>
2. კარლსკირხე - წმინდა კარლის ეკლესია
ტაძრის მშენებლობის საბაბი გახდა 1713 წლის შავი ჭირის ეპიდემია. კარლ VI-მ დაიფიცა, რომ ამ უბედურებისგან გათავისუფლების შემდეგ გრანდიოზულ ტაძარს ააგებდა ზეციური მფარველის, წმინდა კარლის სახელზე (კანონიზებული კარდინალი კარლო ბორომეო მილანში გაჩენილი შავი ჭირის დროს თავდაუზოგავად ეხმარებოდა ავადმყოფებს). მშენებლობა 1716-1737 წლებში მიმდინარეობდა. არქიტექტორ ერლახის დაწყებული საქმე მისმა შვილმა, იოზეფ ერლახმა დაასრულა. აქ იტალიურ ბაროკოს ერწყმის ძველბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ისლამური არქიტექტურის ელემენტები.
ტაძრის სიმაღლე 72 მეტრია, ცენტრალური გუმბათის დიამეტრი - 25 მეტრი. ეკლესიაში ლიფტიც ფუნქციონირებს. არის ორგანიც.
ეკლესია შიგნიდანაც ისეთივე ლამაზია, როგორიც გარედან: ჭერი და კედლები უნიკალური ფრესკებითაა მოხატული. ყოველი ხატისა და ფრესკის გვერდით ბაროკოს სტილის ძირითადი მახასიათებლებია - ქერუბიმებისა და მომღერალი ანგელოზების ქანდაკებები.
აი, როგორ გამოიყურება მთავარი საკურთხეველი:
გვერდითი საკურთხეველი:
ტაძრის მისამართია Kreuzherrengasse 1.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Karlsplatz, U1, U2 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 8 ევრო, 10 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ. Vienna Card-ის მფლობელებისთვის - 5 ევრო.
ოფიციალური საიტი: http://www.karlskirche.at.
3. ვოტივკირხე
ვოტივკირხე, ანუ აღთქმის ეკლესია, დიდებული ტაძარია გოტიკური სტილის ორი 99-მეტრიანი კოშკით. ეკლესიის გვერდით ვენის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი მდებარეობს.
ეს ეკლესია 1856-1879 წლებში აშენდა იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ზე 1853 წელს განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, როგორც მადლიერების გამოხატულება განგების მიმართ. საჭირო თანხის შეგროვებაში მონაწილეობა 300 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ტაძარში განთავსებულია მუზეუმი, სადაც მრავალი ძვირფასი საეკლესიო ნივთია. მათგან აღნიშვნის ღირსია "ანტვერპენული საკურთხეველი", რომლის დამზადებაც XV საუკუნეში დაიწყეს ბრიუსელში და ანტვერპენში დაასრულეს. ეკლესიაში არის ორგანიც და აქ განრიგის მიხედვით იმართება საორგანო მუსიკის კონცერტი, საეკლესიო ღონისძიებები, წირვა და სხვა რიტუალები.
ეკლესიაში შესვლა უფასოა, მუზეუმის დათვალიერება კი 4 ევრო ღირს.
მისამართია - Rooseveltplatz 8.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2 ხაზით, გაჩერება Shottentor.
ოფიციალური საიტი: https://www.votivkirche.at.
4. წმინდა პეტრეს ეკლესია
წმინდა პეტრეს ეკლესია, იგივე პეტერსკირხე, ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესია ვენაში. იგი 1733 წელს ააგო იოჰან ჰილდებრანდტმა იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ბრძანებით, თუმცა მის ადგილას ჯერ კიდევ IV საუკუნეში იყო ეკლესია, რომელიც დაინგრა, შემდეგ კი შუა საუკუნეებში ის ხანძარმა შთანთქა.
შენობა შედგება ვესტიბიულისა და იქ მოთავსებული ორგანისგან, 56 მეტრი სიმაღლის გუმბათისგან, მთავარი საკურთხევლისგან, კათედრისგან, სამრეკლოებისგან, წმინდანების ნაწილებისგან, აკლდამისგან. აი, როგორ გამოიყურება შიგა ინტერიერი:
მოხატული ჭერი:
ორგანი:
გვერდითი საკურთხეველი:
კათედრა:
პეტერსკირხე ქალაქის ისტორიულ ცენტრში, გრაბენის ქუჩის გვერდით, წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარეობს.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Karlsplatz, U1, U2 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
ოფიციალური საიტი: http://peterskirche.at.
5. მარია ამ გეშტადე
კათოლიკური ეკლესია მარია ამ გეშტადე 1414 წელს გაიხსნა და ვენის ისტორიული ცენტრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით ნიშნავს "მარია ნაპირზე" - ეკლესია ხომ დუნაის შენაკადის (ახლანდელი დუნაის არხის) ნაპირთან ააშენეს.
ამ გოტიკურ ტაძარს გარედან აქვს სრულიად გლუვი კედლები და საუცხოო სამრეკლო, აგრეთვე, 56 მეტრი სიმაღლის კოშკი, რომელიც 1419-1428 წლებში ააგეს. მისი ფანჯრები შუა საუკუნეების ვიტრაჟებს შეიცავს.
1862 წლიდან ეკლესიაში ინახება წმინდა კლემენს მარია ჰოფბაუერის ნეშტი, რომელსაც ვენის მფარველად მიიჩნევენ.
ეკლესიას რელიეფებითა და ქანდაკებებით დამშვენებული სამი შესასვლელი აქვს. იმართება წირვა და კონცერტები ორგანის თანხლებით. ღამით სამრეკლო შიგნითად არის განათებული და ის უზარმაზარ აჟურულ ფარნად გადაიქცევა ხოლმე.
ეკლესიის მისამართია: Salvatorgazze 12.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Karlsplatz, U1, U2 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
ოფიციალური საიტი: https://www.redemptoristen.com/maria-am-gestade/.
6. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია
წმინდა სამების ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია წითელი აგურითაა აშენებული, ბიზანტიური სტილით. აქვს რვაკუთხა კოშკი და გუმბათოვანი სახურავი.
ბერძნული სათვისტომო ვენაში XVII საუკუნეში გაჩნდა. ის, ძირითადად, ვაჭრებისგან შედგებოდა. წმინდა სამების ეკლესია 1787 წელს აიგო (არქიტექტორი პეტერ მოლნერი).
ეკლესიის კედლები და ჭერი უხვად არის მოხატული ფრესკებით.
1963 წელს წმინდა სამების ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავსტრიის მიტროპოლიის საკათედრო ტაძრის სტატუსი მიანიჭეს.
ეკლესიის მისამართია: ფლაიშმარკტის 13.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Swedenplatz, U1 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
7. კაპუცინების ეკლესია
კაპუცინების ეკლესია ჰოფბურგის სასახლესთან ახლოს მდებარეობს. ის ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელთა უკანასკნელი განსასვენებელია. ეკლესიაში საიმპერატორო აკლდამაა.
კაპუცინების ბერმონაზონთა ორდენის ეკლესია 1617 წელს დააარსა იმპერატორის მეუღლე ანამ. 1632 წელს ის აკურთხეს, 1760 წელს კი მას პორტალი მიაშენეს.
1633 წლიდან კაპუცინების მოკრძალებული, როგორც ორდენის წესები მოითხოვს, ეკლესია ჰაბსბურგების დაკრძალვის ადგილი გახდა. საძვალეში დინასტიის 147 წარმომადგენელი განისვენებს - გულისა და შიგა ორგანოების გარეშე (გულები წმ. ავგუსტინის ეკლესიაში ინახება ვერცხლის ურნებში, ორგანოები კი - წმ. შტეფანის ტაძარში, სპილენძის ურნებში).
იმპერატორთა საძვალეში სარკოფაგები და საფლავის ქვები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განთავსებული.
მისამართი - Neuer Markt 1.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება stephansplatz, U1 და U3 ხაზების გადაკვეთაზე.
8. წმინდა ფრანცისკ ასიზელის ეკლესია
ამ ტაძარს საიუბილეო ეკლესიასაც უწოდებენ (ფრანც იოზეფის ტახტზე ასვლიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით) და მექსიკურ ეკლესიასაც (ვინაიდან Mexikoplatze-ზე მდებარეობს).
ტაძრის მშენებლობა 1900 წელს დაიწყო და 1913 წელს დასრულდა (არქიტექტორი - ვიკტორ ლუნცი). ნაცრისფერი ქვისა და წითელი კრამიტის კონტრასტი შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის.
ტაძარი შიგნიდან საკმაოდ მოკრძალებულია. ძალზე ლამაზია ელისაბედის კაპელა. სამლოცველო იმპერატორის მეუღლე სისის ეძღვნება, რომელიც ანარქისტმა ლიუკენმა მოკლა ჟენევაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბიზანტიური ოქროს მოზაიკა.
მისამართი - Mexikoplatz 12.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Vorgartenstraße, U1 ხაზი.
9. იეზუიტების ეკლესია
იეზუიტების, იგივე საუნივერსიტეტო ეკლესია, 1623-1627 წლებში აიგო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტების შერწყმის პერიოდში. ეკლესია 1631 წელს აკურთხეს.
1884 წელს ვენის უნივერსიტეტმა ახალ შენობაში დაიდო ბინა, მაგრამ ეკლესიას კვლავაც საუნივერსიტეტოს ეძახიან.
ეკლესია გარედან ძალზე მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა, მრავალთა აზრით, მისი ინტერიერი ულამაზესია ვენაში. შიგნით მდიდრულად მორთული საკურთხევლები, მოოქროვილი ქანდაკებები, მარმარილოს სვეტები, ფსევდოგუმბათი და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო გელით.
მისამართი - Doktor-Ignaz-Seipel-Platz, 1.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება stephansplatz, U1 და U3 ხაზების გადაკვეთაზე.
10. სინაგოგა
სინაგოგა "შტადტემპელი" ერთადერთია 94 ებრაული ტაძრიდან, რომელიც 1938 წელს დარბევას გადაურჩა - ყველა დანარჩენი განადგურდა.
1826 წელს აგებული ეს შენობა დღესაც ვენის ებრაული ცხოვრების ცენტრია. იგი ერთ-ერთია ევროპის იმ მცირერიცხოვანი სინაგოგებიდან, სადაც ლოცვა კანტორული და საგუნდო სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს.
შიგა ინტერიერი ტრადიციული სინაგოგის კლასიკური სახითაა შექმნილი. აქ მომცრო გუმბათის ქვეშ, რომელსაც სვეტები იჭერს, განთავსებულია მოოქროვილი საკურთხეველი, მთავარი კათედრა და მცნებები.
მისამართი - Seitenstettengasse 4.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Schwedenplatz, U1 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
11. სხვა ეკლესიები
მე ათი ეკლესია აღგიწერეთ. ვენაში კიდევ ძალიან ბევრი ეკლესიაა. მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
ანაკირხე - წმინდა ანას ეკლესია:
აიგო 1320 წელს გოტიკის სტილით, 1629-1634 წლებში გადაკეთდა ბაროკოს სტილში. აქ ინახება წმინდა ანას ხელი.
მისამართი - Annagasse 3B.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Stephansplatz, U1, U2 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
წმინდა ავგუსტინეს ეკლესია:
აგებულია XII საუკუნეში. აქ ინახება ჰაბსბურგების საიმპერატორო დინასტიის 54 წარმომადგენლის დაბალზამებული გული. აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, საკურთხეველი და მარია ტერეზიას საყვარელი ქალიშვილის, კრისტინას, საფლავის ქვა.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი - გაჩერება Karlsplatz, U1 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.
მინორიტების ეკლესია:
ეს ეკლესია 1340-1400 წლებში ააგეს ფრანცისკანელთა ორდენის ბერებმა. XIX საუკუნეში მას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ მინორიტები ფუფუნებაზე უარს ამბობდნენ, ეკლესია მაინც შთამბეჭდავია.
ამ ტაძრის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე არის ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" მოზაიკური ასლი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის შეკვეთით ჯაკომო რაფაელიმ შეასრულა.
თუ ამ ეკლესიას მოინახულებთ, ნამდვილად არ ინანებთ.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U3 ხაზით, გაჩერება Herrengasse .
ისლამის ცენტრი ვენაში:
ეს ავსტრიის უდიდესი მეჩეთია. მდებარეობს ფლორიდსდორფის რაიონში. გაიხსნა 1979 წელს. მინარეთის სიმაღლე 32 მეტრია, გუმბათის სიმაღლე - 16 მეტრი, დიამეტრი - 20 მეტრი.
სხვათა შორის, ბოლო დროს ავსტრიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. შარშან ავსტრიის ხელისუფლებამ შვიდი მეჩეთი დახურა და იმამების ნაწილი ქვეყნიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ისინი თურქ ნაციონალისტებთან კავშირში შეიმჩნეოდნენ.
ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი გიამბეთ ვენის ეკლესია-მონასტრების შესახებ. იმასაც დავძენ, რომ ეს აშკარად არასრული სიაა, მაგრამ მე უმთავრესის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია