ბალიოს სახლი ბარსელონაში ესპანეთის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. მისი ავტორია ანტონიო გაუდი - სახელგანთქმული ესპანელი არქიტექტორი. ეს მისი ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც წმინდა მოდერნიზმის სტილით შექმნა. 1962 წელს ბალიოს სახლი ბარსელონის მხატვრულ ძეგლად გამოაცხადეს, 7 წლის შემდეგ მას ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭს, 2005 წლიდან კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. მას ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. ბალიოს სახლი კიდევ ორ მოდერნისტულ ნაგებობასთან - ლეო მორერას სახლი და ამალიეს სახლი - ქმნის ბარსელონის ცნობილ "უთანხმოების კვარტალს" ან "განხეთქილების ვაშლს" სტილისტური კონტრასტის გამო.
სახლის ფართობია 4300 კვადრატული მეტრი, სიმაღლე - 32 მეტრი. მას აქვს 8 სართული, მანსარდა და სარდაფი.
ბალიოს სახლს ზოგჯერ "კასა ბატლიოს" ან "ბატლოს სახლსაც" უწოდებენ. მასზე ანტონიო გაუდი 1904-1906 წლებში მუშაობდა. თავდაპირველად ტექსტილის მაგნატს ჟოზეპ ბალიო-ი-კასანოვასს თავისი სახლის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება სურდა, თუმცა არქიტექტორმა მისი სრული რეკონსტრუქცია გადაწყვიტა და ორი ახალი ფასადი დააპროექტა: მთავარი გამოდის პროსპექტზე Passeig de Gracia, მეორე კი - კვარტალის შიგნით.
სახლი გარედან თითქმის ზუსტად ასახავს ლეგენდას წმინდა გიორგიზე, რომელმაც ხმლით განგმირა უზარმაზარი დრაკონი (გველეშაპი). თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მისი სახურავი გაუდის საყვარელ მითოლოგიურ პერსონაჟს ჰგავს, საკვამურის მილები - წმინდა გიორგის ჯვრით დამშვენებულ ხმლის ვადას, მომცრო ორიგინალური გალერეები კი - საშინელი ურჩხულის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის ძვლებს, რის გამოც ბალიოს სახლს "ძვლების სახლსაც" უწოდებენ.
ექსტერიერი ჩონჩხი გეგონებათ, აივნები - თავის ქალები, სვეტები კი - ძვლები. თავის ქალებითა და ძვლებით არის მორთული, აგრეთვე, ბელეტაჟის სვეტები.
არანაკლებ აღფრთოვანებას იწვევს პატარა აივნები, რომლებიც თავის ქალის ზედა ნაწილს ჰგავს თვალბუდეებით დარაბების ნაცვლად. ექსტერიერის დასკვნითი ელემენტია უჩვეულო სახურავი. ის თავისი პირდაპირი დანიშნულების გარდა, მნიშვნელოვან ესთეტიკურ ფუნქციასაც ასრულებს. ამ კონსტრუქციის მთავარი ელემენტებია სოკოს ფორმის საკვამურები და ე.წ. "ასოტეა", მცირე ღია ადგილი, რომელიც გადმოსახედი მოედნის სახით გამოიყენება.
ეფექტს აძლიერებს მოზაიკური "ქერცლი". ის დამზადებულია ნატეხი კერამიკული შორენკეცებით და გამოყენებულია კედლების მოსაპირკეთებლად. ამინდისა და სინათლის ძალის მიხედვით, ის ცისარტყელას ფერებად მოჩანს. ამავე მანერითაა გაფორმებული სახლის შიგა ეზოც. განსხვავება მხოლოდ ფერებშია.
ბალიოს სახლის კიდევ ერთი გამორჩეული თავისებურება ის არის, რომ მასში ვერ ნახავთ სწორ ხაზებს. ფასადის ყველა დეკორატიულ ელემენტზე მათ ცვლის კლაკნილი, ტალღოვანი და თაღოვანი ხვეულები. ყოველი წლის 23 აპრილს ბალიოს სახლის ფასადს ვარდებით ამშვენებენ სწორედ იმ წმინდა გიორგის დღის აღსანიშნავად, რომელმაც ურჩხული დაამარცხა.
დიდებულია სახლის ინტერიერიც. აი, მაგალითად, როგორ გამოიყურება კიბე:
ბუხარი:
სალონი და მზის მსგავსი ჭაღები:
მანსარდა:
შიგა სივრცე:
სარდაფში ჩასასვლელი:
ბალიოს სახლის მუშაობის რეჟიმი:
- სამშაბათი-ხუთშაბათი - 09:00-18:30;
- პარასკევი-ორშაბათი - 09:00-20:00.
ბალიოს სახლში შესვლა ფასიანია.
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი ბილეთი - 35 ევრო;
- მოზრდილებისთვის ბილეთი ურიგოდ შესვლით - 43 ევრო;
- მოზრდილებისთვის ურიგოდ შესვლით, ბალიოს პირადი ოთახის დათვალიერებით, შესვლის თარიღის შეცვლისა და ბილეთის გაუქმების უფლებით - 45 ევრო;
- 13-17 წლის მოზარდებისთვის - 19 ევრო;
- სტუდენტური ბილეთით - 29 ევრო;
- 65 წელს გადაცილებულებისთვის - 32 ევრო;
- 12 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა (უფროსის თანხლებით).
ეს არის ფასები, თუ ბილეთს საიტზე შეიძენთ. სალაროში 4 ევროთი მეტის გადახდა მოგიწევთ.
ბალიოს სახლის მისამართია: Paseo de Gracia, 43.
ბალიოს სახლთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს იასამნისფერი L2, მწვანე L3 ან ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Passeig de Gràcia;
- ავტობუსით №22, 24, გაჩერება Pg. de Gràcia — Consell de Cent; №7, H10, V15, გაჩერება Pg. de Gràcia — Aragó.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბალიოს სახლის ოფიციალურ საიტს: http://www.casabatllo.es.
ბარსელონაში ბილეთებისა და ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია