უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბარსელონა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი ქალაქი, უბრალოდ, ვერ იარსებებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საგულდაგულოდ მოფიქრებული და განშტოებული ქსელისგან. გარდა ამისა, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარებას ხელი ტურისტების მოდინებამაც შეუწყო. ბარსელონის სატრანსპორტო სისტემაში შედის: მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი,სარკინიგზო ტრანსპორტი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა და ტაქსი. ამ სისტემას მართავს რამდენიმე კომპანია, როგორიცაა FGC და TMB, ყველას კი ხელმძღვანელობს ორგანიზაცია Autoritat del Transport Metropolità, (შემოკლებით ATM), ბარსელონის მთავარი სატრანსპორტო სამმართველო, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ქალაქს, არამედ მის მრავალრიცხოვან გარეუბნებსაც.


სტატიის შინაარსი


1. სატარიფო ზონები

2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები

3. ტურისტული ბარათები

4. ბარსელონის მეტროპოლიტენი

5. ავტობუსი ბარსელონაში

6. ტრამვაი ბარსელონაში

7. ელექტრომატარებელი ბარსელონაში

8. ფუნიკულიორი ბარსელონაში

9. საბაგირო ბარსელონაში

10. ტაქსი ბარსელონაში


განათავსე შენი რეკლამა აქ!






1. სატარიფო ზონები


პროვინცია ბარსელონა მოიცავს ქალაქსა და მის შემოგარენს. სწორედ ამის მიხედვით ხდება დაყოფა რამდენიმე სატრანსპორტო ზონად (ქალაქისთვის და პროვინციისთვის). თუ თქვენი მოგზაურობის მიზანია დასვენება უშუალოდ ქალაქში, საფუძვლად უნდა აიღოთ საქალაქო ინტეგრირებული ზონალური ქსელი. თუ შემოგარენშიც აპირებთ სიარულს, ბილეთის ფასი დანიშნულების პუნქტის სიშორის მიხედვით გაიზრდება.


ტარიფების ინტეგრირებული სისტემა ნიშნავს, რომ უნდა შეიძინოთ ერთი სატრანსპორტო ბილეთი, რათა იმგზავროთ სხვადასხვა სახის ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, სარკინიგზო ქსელი Ferrocarrils de la Generalitat de Catalunya და Rodalies de Catalunya). ეს სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ სხვადასხვა სახის ტრანსპორტით (გადაჯდეთ განსაზღვრული დროის განმავლობაში, იმგზავროთ ბილეთით გათვალისწინებულ ზონებში).


ტარიფების ინტეგრირებული სისტემა მოიცავს 296 მუნიციპალიტეტს, რომლებიც დაყოფილია 6 სატარიფო ჯგუფად და სექტორებად, ამასთან 2-6 ზონები ისე დიდია, რომ თვითონაც დაყოფილია ნაწილებად და აღსანიშნავად ასოები აქვს დამატებული (მაგალითად, 3A ან 2B). ერთიანი და განუყოფელი მხოლოდ 1-ლი ზონაა. ის ბარსელონის ცენტრს მოიცავს, რომელიც ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესოა. თუკი კატალონიის დედაქალაქის სტუმარს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება სურს, მისთვის სულაც არ არის აუცილებელი ბარსელონის სიღრმეში შესვლა. ასე ის ფულს დაზოგავს. შეგახსენებთ, რომ მგზავრობის საფასური ერთი და იგივეა მეტროში, ავტობუსში, ტრამვაისა და ელექტრომატარებლებში.



2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები


ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ბილეთების მრავალი სახეობა არსებობს. მათში კარგად გასარკვევად დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი. გაითვალისწინეთ, რომ 4 წლამდე ბავშვებს ბილეთი არ სჭირდებათ. უბილეთო მგზავრობისთვის 100 ევროთი დაჯარიმდებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სპეციალურ ავტომატებში მეტროში და მიწისზედა ტრანსპორტის გაჩერებებზე, გაყიდვის წერტილებსა და საინფორმაციო ცენტრებში, ავტომატებში Servicaixa, თამბაქოს ჯიხურებში.



Bitllet senzill - ბილეთი ერთჯერადი მგზავრობისთვის:


ეს არის ინდივიდუალური არაინტეგრირებული ბილეთი, რომელიც ძალაშია მხოლოდ ერთჯერადი მგზავრობისთვის TMB კომპანიის ავტობუსებში, მეტროში (გარდა სადგურებისა Aeroport T1 და Aeroport T2 L9 Sud ხაზზე) ან ფუნიკულიორზე Montjuïc. გამოყენების ვადაა 2 საათი კომპოსტირების შემდეგ.


ბილეთის ღირებულებაა: 2,55 ევრო.


Bitllet aeroport - ბილეთი აეროპორტამდე/აეროპორტიდან:


ეს არის ინდივიდუალური არაინტეგრირებული ბილეთი ერთჯერადი მგზავრობისთვის L9 Sud ხაზის Aeroport T1 და Aeroport T2 სადგურებსა და მეტროს სხვა სადგურებს შორის. მოქმედებს მხოლოდ მეტროში.


ბილეთის ღირებულება - 5,50 ევრო.


T-Dia - ერთდღიანი (24-საათიანი) სამგზავრო ბილეთი:


ეს არის ინდივიდუალური, კომპოსტირებიდან 24-საათიანი გამოყენების ბილეთი, რომლითაც შეგიძლიათ მრავალჯერადად იმგზავროთ ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბარსელონის ზონალური ქსელის საზღვრებში, აგრეთვე ერთხელ იმგზავროთ (ორივე მხარეს) L9 Sud ხაზის Aeroport T1 და Aeroport T2 სადგურებიდან/სადგურებამდე. ამ ბილეთის ტარიფსა და მახასიათებლებს განსაზღვრავს კომპანია АТМ.


ბილეთის ღირებულებაა:


- 1-ლი ზონისთვის - 11,20 ევრო;

- 1-2 ზონისთვის - 17,10 ევრო;

- 1-3 ზონისთვის - 21,50 ევრო;

- 1-4 ზონისთვის - 24 ევრო;

- 1-5 ზონისთვის - 26,85 ევრო;

- 1-6 ზონისთვის - 30,05 ევრო.


T-casual - ბილეთი 10 მგზავრობისთვის:


ეს არის ინტეგრირებული მულტიპერსონალური ბარათი ათჯერ მგზავრობისთვის ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებზე: TMB-სა და FGC-ს ტრანსპორტზე, RENFE-ს მატარებლებზე. არ მოქმედებს L9 Sud ხაზის Aeroport T1 და Aeroport T2 სადგურებისთვის. ამ ბილეთის ტარიფსა და მახასიათებლებს განსაზღვრავს კომპანია АТМ.


ბილეთის ღირებულებაა:


- 1-ლი ზონისთვის - 12,15 ევრო;

- 1-2 ზონისთვის - 23,90 ევრო;

- 1-3 ზონისთვის - 32,55 ევრო;

- 1-4 ზონისთვის - 41,85 ევრო;

- 1-5 ზონისთვის - 48,10 ევრო;

- 1-6 ზონისთვის - 51,15 ევრო.


ბილეთი ავტომატის (სლოტის) სპეციალურ ღრეჩოში უნდა მოათავსოთ, შემდეგ გამოიღოთ და მშვიდად გაიაროთ ტურნიკეტი. ბილეთის მეორე მხარეს თარიღი და დრო აღინიშნება. ტურნიკეტზე დისპლეია, რომელიც უჩვენებს, კიდევ რამდენჯერ გაქვთ მგზავრობის უფლება. შეგიძლიათ ეს ბილეთი თქვენს თანამგზავრსაც გადასცეთ, ოღონდ თუ ისიც გამოიყენებს მას, ცხადია, ეს კიდევ ერთ მგზავრობად ჩაითვლება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ბილეთით ყოველ ზონაში განსაზღვრული დროის განმავლობაში შეგიძლიათ სამჯერ უფასოდ გადაჯდეთ სხვა სახის ტრანსპორტზე. მაგრამ თუ, ვთქვათ, მეტროდან გამოხვალთ, ავტობუსში გადაჯდებით და კვლავ მეტროში შესვლას დააპირებთ, მოგიწევთ ხელმეორედ დააკომპოსტიროთ ბილეთი და კიდევ ერთი მგზავრობის უფლება დაგაკლდებათ.


მაქსიმალური დრო ბილეთის პირველ გამოყენებასა და ბოლო გადაჯდომას შორის: 1-ელ ზონაში - 1:15, 1-2 ზონაში - 1:30, 1-3 ზონაში - 1:45, 1-4 ზონაში - 2:00, 1-5 ზონაში - 2:15, 1-6 ზონაში - 2:30.


ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტ ელ-პრატის მატარებლის სადგურის შესასვლელთან ან მეტროს ნებისმიერ სადგურში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილეთი არ მოქმედებს აეროპორტამდე მისასვლელ ექსპრესავტობუსზე Aerobus.


გაუფრთხილდით ამ ბილეთს, ვინაიდან თუ დაზიანდება, მას ავტომატი ვეღარ წაიკითხავს. თუ ასე მოხდა, მიიტანეთ ის სადგურის პერსონალის ფანჯარასთან და უთხარით, რომ ბარათი აღარ მუშაობს (ესპანურად "Esta tarjeta no funciona" - "ესტა ტარხეტა, ნო ფუნქსიონა"). ამის შემდეგ უფასოდ მოგცემენ ახალ ბარათს იმ რაოდენობის მგზავრობის უფლებით, რამდენიც გქონდათ დარჩენილი.


T-usual - 30-დღიანი სამგზავრო ბილეთი:


ეს არის ინდივიდუალური სამგზავრო ბარათი, რომლითაც შეგიძლიათ ულიმიტოდ იმგზავროთ 30 დღის განმავლობაში. მაქსიმალური დრო ბილეთის პირველ გამოყენებასა და ბოლო გადაჯდომას შორის 75 წუთია. ბილეთი მოქმედებს, აგრეთვე, L9 Sud ხაზის Aeroport T1 და Aeroport T2 სადგურებისთვის. ეს ჩვეულებრივ ტურისტებს არ გამოადგებათ. მას უფრო მეტად ის გამოიყენებს, ვინც ბარსელონაში ერთი თვით აპირებს დარჩენას. ეს ინდივიდუალური ბილეთია და მას ვერავის გადასცემთ, როგორც ეს T-casual-ის შემთხვევაში შეგეძლოთ.


ბილეთის ღირებულებაა:


- 1-ლი ზონისთვის - 21,35 ევრო;

- 1-2 ზონისთვის - 28,75 ევრო;

- 1-3 ზონისთვის - 40,35 ევრო;

- 1-4 ზონისთვის - 49,40 ევრო;

- 1-5 ზონისთვის - 56,65 ევრო;

- 1-6 ზონისთვის - 60,70 ევრო.


აი, როგორ გამოიყურება ზოგიერთი ბილეთი:



ბარსელონაში ყოფნისას ყურადღება მიაქციეთ ტურნიკეტების ერთ განსაკუთრებულობას. თუ ეს ჩვეულებრივი ტურნიკეტია (შუშის კარის გარეშე), ბილეთი დააკომპოსტირეთ მარცხნივ მდებარე ავტომატში და გაიარეთ ტურნიკეტი, რომელიც ავტომატიდან მარჯვნივაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წესრიგის დამრღვევად ჩაითვლებით. თუკი ეს შუშისკარიანი ტურნიკეტია, ბილეთი დააკომპოსტირეთ მარჯვნივ მდებარე ავტომატში და გაიარეთ ტურნიკეტი, რომელიც ავტომატიდან მარცხნივაა. შუშისკარიანი ტურნიკეტები მხოლოდ მეტროს ზოგიერთ სადგურსა და RENFE-ს მატარებლებში შეგხვდებათ.


ყველა ტიპის სამგზავრო ბილეთებსა და ბარათებს გაეცანით TMB-ს ოფიციალურ საიტზე: https://www.tmb.cat/en/barcelona-fares-metro-bus/single-and-integrated/choose-ticket.


3. ტურისტული ბარათები


ევროპის დიდ ქალაქებში ტურისტების ხელშესაწყობად მოქმედებს ტურისტული ბარათები. ასევეა ბარსელონაშიც. არსებობს რამდენიმე სახის ტურისტული ბარათი, რომლებიც მომსახურების სხვადასხვა პაკეტს გთავაზობენ. ისინი შესაძლებლობას გაძლევენ ეკონომია გააკეთოთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. თუმცა თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, გაწყობთ ამგვარი ბარათის შეძენა, თუ ჩვეულებრივი ბილეთის ყიდვას ამჯობინებთ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, მოგზაურობის ხანგრძლივობაზე, დასათვალიერებელი ღირსშესანიშნაობების რაოდენობაზე და ა.შ.


Barcelona Card - ეს ბარათი უფლებას გაძლევთ, შეუზღუდავად იმგზავროთ ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, საგარეუბნო ელექტრომატარებლები), აეროექსპრესით ბარსელონის აეროპორტამდე/აეროპორტიდან, უფასოდ დაათვალიეროთ 20-ზე მეტი მუზეუმი და ღირსშესანიშნაობა, ფასდაკლებით ეწვიოთ 26 მუზეუმს, მიიღოთ ფასდაკლება ზოგიერთ რესტორანში, ბარში, კლუბში, მაღაზიაში, საჩუქრად მიიღოთ ქალაქის რუკა და მეტროპოლიტენის სქემა.


ბარათის ღირებულებაა:


- 72-საათიანი, მოზრდილებისთვის, ოფისში/საიტზე 55/49,50 ევრო;

- 72-საათიანი, 4-12 წლის ბავშვებისთვის, ოფისში/საიტზე - 32/28,80 ევრო;

- 96-საათიანი, მოზრდილებისთვის, ოფისში/საიტზე - 65/58,50 ევრო;

- 96-საათიანი, 4-12 წლის ბავშვებისთვის, ოფისში/საიტზე - 42/37,80 ევრო;

- 120-საათიანი, მოზრდილებისთვის, ოფისში/საიტზე - 77/69,30 ევრო;

- 120-საათიანი, 4-12 წლის ბავშვებისთვის, ოფისში/საიტზე - 47/42,30 ევრო.



ბარათის შეძენა შეგიძლიათ ოფისებში ან ოფიციალურ საიტზე: https://bcnshop.barcelonaturisme.com/shopv3/en/product/buy/1/barcelona-card.html?o=. იქვე იხილავთ დამატებით ინფორმაციას.


Hola Barcelona Travel Card - ეს ერთგვარი ულიმიტო სამგზავრო ბარათია ტრანსპორტის უმეტეს სახეობაში გამოსაყენებლად 48, 72, 96 ან 120 საათის განმავლობაში. ეს ტრანსპორია მეტრო, ტრამვაი, დღის ავტობუსი, ფუნიკულიორი Montjuïc, RENFE-ს საგარეუბნო მატარებელი, მგზავრობა აეროპორტამდე/აეროპორტიდან.


ბარათის ღირებულებაა:


- 48-საათიანი, ოფისში/საიტზე - 17,50/16,62 ევრო;

- 72-საათიანი, ოფისში/საიტზე - 25,50/24,22 ევრო;

- 96-საათიანი, ოფისში/საიტზე - 33,30/31,63 ევრო;

- 120-საათიანი, ოფისში/საიტზე - 40,80/38,76 ევრო.



ბარათის შეძენა შეგიძლიათ ოფისებში ან ოფიციალურ საიტზე: https://bcnshop.barcelonaturisme.com/shopv3/en/product/947/hola-barcelona-travel-card-.html?o=b. იქვე იხილავთ დამატებით ინფორმაციას.


4. ბარსელონის მეტროპოლიტენი


ბარსელონის მეტრო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი მდგენელია. გზების უმეტესი ნაწილი მდებარეობს მიწისქვეშ, თუმცა გარეუბნებში საკმაო რაოდენობის მიწისზედა სადგურიცაა.


ATM-ის ოფიციალური საიტის თანახმად, კატალონიის დედაქალაქის მეტრო შედგება 11 სრულფასოვანი ხაზისა და L12-გან (2016 წელს გამოეყო L6-ს და მხოლოდ ორი სადგურისგან შედგება), რომლებსაც ორი სხვადასხვა ორგანიზაცია აკონტროლებს: 1-5-სა და 9-11-ს ATM განკარგავს, 6-8-სა და 12-ს - FGC. მეტროპოლიტენის სისტემის ნაწილია, აგრეთვე, ფუნიკულიორი, რომელიც Montjuïc-ის მთაზე მდებარეობს.



დეტალურად ბარსელონის მეტროპოლიტენის შესახებ >>


5. ავტობუსი ბარსელონაში


ბარსელონის ავტობუსების ქსელი ასზე მეტ მარშრუტს მოიცავს: 6-დან 196-მდე. როგორც ხვდებით, ამ შუალედში ყველა ნომრის ავტობუსი არ დადის. ავტობუსების მოძრაობას, ისევე, როგორც მეტროს ხაზების უმრავლესობას, განსაზღვრავს კომპანია TMB. მარშრუტების საერთო სიგრძე დაახლოებით 920 კილომეტრია, გაჩერებების რაოდენობა კი ათასს აჭარბებს.


გაჩერებებს ადვილად იცნობთ: ისინი ან სპეციალური ნიშნითაა აღნიშნული, ან ყველასთვის ნაცნობი გასაჩერებელი კომპლექსია. მათ უმრავლესობას საგანგებოდ გაკეთებული პლატფორმა აქვს, რაც ავტობუსში შესვლას ამარტივებს. იმისათვის, რომ მოახლოებული ავტობუსი გაჩერდეს, მძღოლს ხელით უნდა ანიშნოთ.


ავტობუსში ასვლისას თქვენი ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ. თუ არ გაქვთ, ერთჯერად ბილეთს მძღოლთან იყიდით. შესასვლელთან დიდხანს ნუ შეყოვნდებით და სალონის სიღრმისკენ გადაინაცვლეთ. ზოგიერთი ადგილი ინვალიდებისთვის, ფეხმძიმე ქალებისა და პენსიონერებისთვისაა განკუთვნილი, ასე რომ, იქ ნუ დაჯდებით. გაჩერებებს ხმამაღლა აცხადებენ. თქვენი დანიშნულების პუნქტის მოახლოებისას ხელი დააჭირეთ გაჩერების მოთხოვნის ღილაკს ("Request stop").


გაჩერებებზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ქალაქის ავტობუსების ქსელზე. ნებისმიერი მგზავრი მიხვდება, რომელი მარშრუტი სჭირდება, რა მიმართულებით წავიდეს და სად გადაჯდეს. აუცილებელი ინფორმაცია სპეციალურ ეკრანებზე აისახება. ქალაქში, აგრეთვე, დადის ავტობუსი Tomb Bus (დიაგონალის პროსპექტზე), Port Bus (ნავსადგურამდე) და Tibibus (გასართობ პარკამდე ტიბიდაბოს ბორცვზე).




ღამის ავტობუსი NitBus:


განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ღამის ავტობუსები, რომელთა მართვასაც ახორციელებს კომპანია AMT. სულ არსებობს 20 მარშრუტი. ისინი ღამის საათებში (22:00-06:00) ბარსელონიაში ძირითადი მიმართულებებით მოძრაობენ 20 წუთის ინტერვალით. ტარიფი იგივეა, რაც დღისით.



ღამის ავტობუსი №16, №17, №18 აეროპორტამდე მიგიყვანთ. დღისით ამაში დაგეხმარებათ ავტობუსი №46 და შატლი Aerobus. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ მოვხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში და ცენტრიდან აეროპორტში, იხილეთ სტატია ბარსელონის აეროპორტი.


6. ტრამვაი ბარსელონაში


ტრამვაი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კატალონიის დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში. ის ბარსელონის შორეულ რაიონებს ვენტრთან აკავშირებს. ტრამვაის მარშრუტებს აკონტროლებს კომპანია TRAM, თუმცა გამოყოფენ ტრამვაის ორ სისტემას - Trambaix-სა და Trambesòs-ს. მართალია, პირველი ტრამვაი, ე.წ. "კონკა", ბარსელონაში 1872 წელს გაჩნდა და მალე მან მთელი ქალაქი მოიცვა, 1900-იან წლებში კი მისი ელექტრიფიკაციაც მოხდა, ჯერ 1936-1939 წლების სამოქალაქო ომმა მიაყენა მას დიდი ზიანი, შემდეგ კი სხვა გარემოებებმა, და 2000 წლისთვის ბარსელონაში ტრამვაის მხოლოდ ერთი ხაზიღა შემორჩა. მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში ტრამვაი მომრავლდა, ამ საკითხს ბარსელონაშიც მიუბრუნდნენ და 2004 წელს მუნიციპალურ სატრანსპორტო სისტემაში ექსპლუატაციაში შევიდა ზემოაღნიშნული ორი სისტემა. Trambaix-ს განეკუთვნება T1, T2, T3 ხაზები, Trambesòs-ს კი - T4, T5, T6 ხაზები. ეს 6 ხაზი მოიცავს 29 კილომეტრსა და 56 გაჩერებას.


ტრამვაის მუშაობის საათებია: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას - 05:00-00:00, პარასკევს, შაბათსა და სახელმწიფო დღესასწაულებების წინადღით - 05:00-02:00.


ბარსელონაში ტრამვაი მომწვანო-მოთეთრო ფერისაა. წინიდან ასო T და მარშრუტის ნომერი აწერია.



მარშრუტი Trambaix აკავშირებს Baix Llobregat-ის რაიონს T1, T2, T3 ხაზების ბოლო გაჩერებასთან - Francesc Macià-ს მოედანთან. ყოველწლიურად ამ ხაზებით 15 მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდება.


მარშრუტი Trambesòs აკავშირებს Badalona-სა და Sant Adrià de Besòs-ს ცენტრთან მიმდებარე რაიონებთან. მაგალითად, T4 მიდის Ciutadella-Vila Olímpica-დან უშუალოდ Estació de Sant Adrià-მდე, T5 - Glòries-დან Badalona-ს სადგურ Gorg-ამდე, T6-ც - Gorg-ამდე, ოღონდ Estació de Sant Adrià-დან.


სხვა დიდი ტურისტული ქალაქების მსგავსად, ბარსელონაშიც არის ძველებური ტრამვაი, რომელსაც ლურჯი ტრამვაი (Tramvia Blau) ჰქვია. ის 1901 წლიდან დადის. საწყისი გაჩერებაა მეტროს L7 ყავისფერი ხაზის ბოლო გაჩერება Av. Tibidabo, დანიშნულების პუნქტი კი - ტიბიდაბოს ფუნიკულიორი.



ეს ტრამვაი ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. ხაზის სიგრძე 1276 მეტრია, ტრამვაის სიჩქარე - 13 კმ/სთ, გზის დახრილობა - 8%, სიმაღლეებს შორის სხვაობა - 93 მეტრი (137 მეტრიდან ახვალთ 230 მეტრამდე). მუშაობს დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე ან 19:30-მდე (სეზონის მიხედვით).


გაითვალისწინეთ, რომ ლურჯ ტრამვაიში ჩვეულებრივი ბილეთები არ მოქმედებს. სპეციალური ბილეთის შეძენა მძღოლთან მოგიწევთ. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 3 ევროა, ორივე მიმართულებით კი - 4,70 ევრო.


7. ელექტრომატარებელი ბარსელონაში


ბარსელონისა და მისი გარეუბნების დამაკავშირებელ სარკინიგზო ტრანსპორტს განკარგავს ორი ესპანური კომპანია: RENFE და FGC, რომლებიც ბარსელონის მეტროს ოპერატორებიც არიან.



სარკინიგზო ქსელი დაყოფილია ექვს პირობით ზონად, რომელთა ცენტრიც ბარსელონის მთავარი სადგური სანტსია (Sants-Estació). ბევრი სადგურიდან შესაძლებელია ქალაქის მეტროპოლიტენის ხაზებზე გადაჯდომა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ქალაქში გადაადგილებას.


სანტს-ესტასიოს სადგური ემსახურება როგორც საგარეუბნო, ისე შორი დანიშნულების მატარებლებს. ქალაქის მთავარ სადგურებამდე მისვლა სწორედ ელექტრომატარებლებითაა ყველაზე მოსახერხებელი. აეროპორტიდან ბარსელონაში ელექტრომატარებელი საათში 1-2-ჯერ გადის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი ბილეთები, ისე სხვადასხვა სამგზავრო ბარათები.


ელექტომატარებლები მუშაობენ 05:00-დან 00:00-მდე, შაბათს კი - ოცდაოთხი საათის განმავლობაში.


8. ფუნიკულიორი ბარსელონაში


ბარსელონაში სამი ფუნიკულიორია.


ფუნიკულიორი მონჟუიკი (Montjuïc) - ბარსელონის ყველაზე ცნობილი ფუნიკულიორია. ის აკავშირებს მეტროს სადგურ Paral.lel-სა (L2, L3 ხაზი) და ცნობილ მონჟუიკის მთასა და მის ღირსშესანიშნაობებს.



ეს ფუნიკულიორი 1928 წლიდან მუშაობს. ის მეტროს ეკუთვნის და მასზე იგივე ბილეთები ვრცელდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებზე. თუ მეტროს სადგურ Paral.lel-მდე მეტროთი მიხვალთ, ახალი ბილეთის შეძენა არ დაგჭირდებათ - უბრალოდ, ფუნიკულიორზე გადაჯდებით, როგორც ერთი სადგურიდან მეორეზე.


ფუნიკულიორი 758 მეტრ გზას 2 წუთში ფარავს და 76 მეტრ სიმაღლეზე ადის. მას ერთდროულად 400 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.


ფუნიკულიორის ზედა სადგური ესაზღვრება მონჟუიკის საბაგირო გზის ქვედა სადგურს. ამ საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ მუნჟუიკის მთის წვერზე, სადაც მონჟუიკის ციხეკოშკი (Castell de Montjuïc) მდებარეობს.


ფუნიკულიორი მუშაობის რეჟიმი შემოდგომა-ზამთრის სეზონში:


- ორშაბათი-პარასკევი - 07:30-20:00;

- შაბათ-კვირა და დღესასწაულები - 09:00-20:00.


ფუნიკულიორი მუშაობის რეჟიმი გაზაფხული-ზაფხულის სეზონში:


- ორშაბათი-პარასკევი - 07:30-22:00;

- შაბათ-კვირა და დღესასწაულები - 09:00-22:00.


ფუნიკულიორი ვალვიდრერა (Vallvidrera) - ეს "მთის ლიფტი" მდებარეობს ბარსელონის ამავე სახელწოდების რაიონში და აკავშირებს Metro del Vallès ხაზის რკინიგზის სადგურ Peu de Funicular-ს (უახლოესი მეტროს სადგურია Reina Elisenda L6 ხაზზე) ტიბიდაბოს მთის წვერთან. ფუნიკულიორი 1906 წელს გაიხსნა. 1998 წელს მას მოდერნიზაცია ჩაიტარდა. გზის სიგრძე 729 მეტრია, სიმაღლე - 165 მეტრი. ერთ ჯერზე მას 50 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. სამუშაო დღეებში დადის 6 წუთში ერთხელ, შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე ინტერვალი უფრო დიდია.



ამ ფუნიკულიორზე მოქმედებს ისეთივე ტარიფები, როგორიც მეტროში.


ფუნიკულიორი ტიბიდაბო (Tibidabo) - ბარსელონის ყველაზე ძველი ფუნიკულიორია. ის 1901 წელს გაიხსნა. იმავდროულად, ყველაზე გრძელიცაა - 1152 მეტრი.



ეს ფუნიკულიორი აკავშირებს დოქტორ ანდრეუს მოედანს (Plaça del Doctor Andreu) და ტიბიდაბოს მთის წვერს, სადაც მრავალი ღირსშესანიშნაობაა.


ბილეთის ღირებულებაა:


- თუ ატრაქციონების პარკში შესასვლელი ბილეთი გაქვთ - 4,10 ევრო; წინააღმდეგ შემთხვევაში - 7,70 ევრო.


9. საბაგირო ბარსელონაში


საბაგირო მონჟუიკი (Telefèric de Montjuïc) - მუშაობს 2007 წლიდან. საბაგიროზე მოძრაობს 55 შუშის კაბინა 2,5-5 მ/წმ სიჩქარით და გადის 752 მეტრ მანძილს თითქმის 85 მეტრ სიმაღლეზე. საწყისი სადგურია Parc de Montjuïc, შუალედური - Mirador (შეგიძლიათ ჩახვიდეთ), საბოლოო - Castell de Montjuïc. კაბინაში ეტევა რვა ადამიანი.



საბაგიროს მისამართია: Avinguda de Miramar. იქამდე მისასვლელად დაგჭირდებათ მონჟუიკის ფუნიკულიორი Montjuïc Funicular, L2 და L3 ხაზების სადგურ Paral·lel-დან ან ავტობუსი №55 და №150.


მუშაობის რეჟიმია:


- იანვარი-თებერვალი - 11:00-18:00;

- მარტი-აპრილი-მაისი - 11:00-18:30;

- ივნისი-ივლისი-აგვისტო-სექტემბერი - 11:00-19:00;

- ოქტომბერი - 11:00-18:30;

- ნოემბერი-დეკემბერი - 11:00-18:00.


ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის, ერთი მიმართულებით - 10,50 ევრო, ორივე მიმართულებით - 16 ევრო;

- 4-12 წლის ბავშვებისთვის, ერთი მიმართულებით - 8,50 ევრო, ორივე მიმართულებით - 11,60 ევრო;

- 4 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


ერთი მიმართულებით ბილეთის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე, სალაროში. თუკი ორივე მიმართულების ბილეთს ინტერნეტით შეიძენთ, მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას, რაც ასახულია ზემოთ მოყვანილ ფასებში. ბილეთის ინტერნეტით შესაძენად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.holabarcelona.com/tickets/cable-car-montjuic-barcelona. იქვე იხილავთ დამატებით ინფორმაციას.


საბაგირო Transbordador Aeri del Port - მუშაობს 1931 წლიდან და აკავშირებს ბარსელონის ნავსადგურის რაიონს, სავაჭრო-გასართობ ცენტრ მარემაგნუმსა და ბარსელონეტას პლაჟს მონჟუიკის მთასთან. მისი სიგრძე 1300 მეტრია. ერთ-ერთი განაპირა საყრდენია 78 მეტრი სიმაღლის წმინდა სებასტიანის კოშკურა. მასზე მგზავრები ლიფტით აჰყავთ. შუა გზაზე განთავსებულია 107 მეტრი სიმაღლის კოშკურა Jaime I. ბოლო გაჩერებაა სადგური Miramar მონჟუიკზე (ზღვის დონიდან 57 მეტრი). კაბინაში 19 ადამიანი ეტევა. მგზავრობის ხანგრძლივობა 10 წუთია.



აი, როგორ გამოიყურება მარშრუტი ზემოდან:



მუშაობის რეჟიმია:


- იანვარი-თებერვალი - 11:00-17:30;

- მარტი-აპრილი-მაისი - 10:30-19:00;

- 1 ივნისი-11 სექტემბერი - 10:30-20:00;

- 12 სექტემბერი - 27 ოქტომბერი - 10:30-19:00;

- 28 ოქტომბერი - 31 დეკემბერი - 11:00-17:30.


ბილეთის ღირებულებაა:


- ერთი მიმართულებით - 12,50 ევრო, ორივე მიმართულებით - 20 ევრო;

- 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


წმინდა სებასტიანის კოშკურამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს L4 ხაზით, გაჩერება Barceloneta, ან ავტობუსით V15/ V19/45/59/D20/47. მირიმარის კოშკურამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს L3 ხაზით, გაჩერება Paral·lel (და 16 წუთი ფეხით), ან ავტობუსით №55, №150.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.telefericodebarcelona.com/en/telefericodebarcelonaen/.


10. ტაქსი ბარსელონაში


ბარსელონაში 11 ათასზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული ტაქსია. მათი ცნობა ძალზე ადვილია - ეს არის შავად შეღებილი ყვითელკარიანი ავტომობილი. ისინი შეგიძლიათ გააჩეროთ ქუჩაში (ცხადია, მოძრაობის წესების დაურღვევლად), მონახოთ ტაქსის სადგომზე ან შეუკვეთოთ ტელეფონით/მობილურით. გამოძახების შემთხვევაში, იმ მანძილის შესაბამისი თანხის დამატება მოგიწევთ, რომელიც თქვენს მისამართამდე უნდა გაიაროს, ოღონდ ეს თანხა 4 ევროზე მეტი ვერ იქნება.



ყველა მანქანაში მრიცხველი აყენია. მოქმედებს 3 ძირითადი ტარიფი:


- Т1 - დღისით სამუშაო დღეებში (08:00-20:00): ჩასხდომა - 2,60 ევრო, 1 კმ მანძილი - 1,27 ევრო;

- Т2 - ღამით სამუშაო დღეებში (20:00-08:00), დღისით შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე (6:00-20:00), ორშაბათისა და დღესასწაულების მომდევნო პირველი სამუშაო დღის ღამეს (00:00-08:00): ჩასხდომა - 2,60 ევრო, 1 კმ მანძილი - 1,56 ევრო;

- 1 საათი ლოდინი: 25,60 ევრო;

- მგზავრობის მინიმალური საფასური ტელეფონით/მობილურით გამოძახებისას - 7 ევრო;


გადახდა შეგიძლიათ როგორც ნაღდი ფულით, ისე ბარათით. ოღონდ წინასწარ გაარკვიეთ, არის თუ არა მანქანაში ტერმინალი. თუ ნაღდი ფულით იხდით, წვრილი კუპიურები მოამზადეთ, ვინაიდან ბარსელონაში მძღოლს ხურდის სახით 20 ევროზე მეტის დაბრუნების უფლება არა აქვს.


თუ აეროპორტიდან მოდიხართ, საფასური ისევე ითვლება, როგორც ქალაქში გადაადგილებისას, ოღონდ 3,10 ევროს დამატება მოგიწევთ. მგზავრობის მინიმალური თანხა კი 21 ევროა.


თუ ტაქსიში რამე დაგრჩათ და იცით იმ კომპანიის სახელწოდება, რომლის მომსახურებითაც ისარგებლეთ, პირველ ყოვლისა, იქ დარეკეთ. თუ არ იცით, აკრიფეთ ნაპოვნი ნივთების სამსახურში (93-70-70-600), ნაპოვნი ნივთების ბიუროში (010) ან მიდით მისამართზე Placa de Carles Pi i Sunyer, 8—10.


რატომ არის ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი ფერის?


იცით, რომ ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი ფერისაა?


მხოლოდ შავ-ყვითელი ფერის - მერიის 1926 წლის სპეციალური განკარგულებით.


სხვათა შორის, კატალონიური სიმბოლიკის მიხედვით, შავი - სამგლოვიარო ფერია, ყვითელი - სირცხვილის. ასე რომ, ბარსელონაში ტაქსები თან დაატარებენ გლოვასა და სირცხვილს.


და როგორც ყველაფერი ბარსელონაში, ესეც გაუდის ხსოვნას ეძღვნება.



ანტონიო გაუდი იმ ქალაქში დაიღუპა, რომელიც თვითონ ააშენა: არ იქნებოდა გაუდი - არ იქნებოდა ბარსელონა.თავის მსოფლიო სახელს ის სწორედ ამ ნახევრად შეშლილ არქიტექტორს უნდა უმადლოდეს, რომელიც უცნაურ შენობებს ინჟინერ-დამპროექტებლების, ნახაზების, გაანგარიშებებისა და წინასწარი გეგმის გარეშე აგებდა.


სახლები, რომლებსაც აივნების ნაცვლად თვალები აქვთ, სასახლეები სახურავზე განთავსებული ზოოპარკით, სხმული ჭიშკარი დრაკონის სახით, მაქმანებიანი კოშკები, ჩვეულებრივი ქალაქური ტიპის სახლის სახურავზე გაწოლილი დინოზავრი, ტაძარი, რომელიც მხოლოდ რაღაცით მიგვანიშნებს, რომ ტაძარია - ამ ადამიანს ბარსელონაში ყველაფრის უფლებას აძლევდნენ, და ისიც თავს არ ზოგავდა.


ბარსელონა პატარა შტატგარეშე ადგილი იყო, სანამ მასში არ გაჩნდა უცნაური ადამიანი, რომელიც ჯიბით უმ კვერცხებს დაატარებდა (იმიტომ, რომ კვერცხი - სილამაზისა და მარადიულობის სიმბოლოა), ვერ იტანდა მართ კუთხეებს (ვინაიდან მართი კუთხე - ადამიანის მოგონილია, ღმერთისგან კი ეს - წრეა), აშენებდა სახლებს გადახურვის გარეშე (NASA-მ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გამოიყვანა ფორმულა ასეთი შენობების ასაგებად) და მზად იყო, ქვაში ჯადოქრობა აესახა.


გაუდის ნიჭი კიდევ ერთმა უცნაურმა ადამიანმა, ძალიან მდიდარმა ბარსელონელმა მეწარმემ -ეუსები გუელმა შეამჩნია და ნება მისცა გაუდის ყველაფერი აეშენებინა, რასაც მოისურვებდა, თანაც - იქ და ისე, როგორც მოეპრიანებოდა.


ასე მიიღო გაუდიმ ბარსელონის ერთპიროვნულად განკარგვის უფლება. და უნდა ითქვას, რომ მათ შორის, ვისაც ოდესმე რომელიმე ქალაქის ერთპიროვნულად განკარგვის უფლება მიუღია, ცოტა ვინმე თუ იყო მისებრ გულმოწყალე ადამიანების, ხელოვნებისა და სილამაზის მიმართ.


1926 წლის 7 ივნისს ანტონიო გაუდი, ჩვეულებისამებრ, ქალაქში სეირნობდა, თან ღრუბლებს მისჩერებოდა - სწორედ ისინი მიაჩნდა ბუნების სრულყოფილ ქმნილებად, ხელოვანი ადამიანის შთაგონების წყაროდ.


ის 74 წლის იყო. ძალიან ცუდად ეცვა - არა იმიტომ, რომ უკეთესად გამოწყობა არ შეეძლო. უბრალოდ, ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდა.


ბარსელონაში კი ახალი შემოსული იყო ტრამვაი.


და მოხუცმა რკინის ურჩხული ვერ შეამჩნია.


არცერთმა მეეტლემ არ დაძრა თავისი ეტლი, ვერცერთმა მძღოლმა ვერ გარისკა თავისი მანქანის დაძვრა - აშკარად ჩანდა, რომ დაშავებული მოხუცი ფულს ვერ გადაიხდიდა. უქრისტიანეს ბარსელონაში არავის გაახსენდა სიტყვები მათეს სახარებიდან: "ამიტომ ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი." რა რჯული! რა სახარება! მადლობა რაში გამოვიყენო, სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი...


ბოლოს ისევ ბარსელონის წესრიგის დამცველებმა გადაიყვანეს უსახლკაროთა საავადმყოფოში.


სამი დღე ეძებდა ქალაქი თავის გაუდის - ვერავინ მოისაზრა, რომ ის უსახლკაროთა საავადმყოფოში იქნებოდა. მას "წმინდა ოჯახის ტაძრის" კაპელანმა მიაგნო.


გაუდი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.


და მაშინ ბარსელონის მერიამ უბრძანა ქალაქის ყველა მეეტლესა და ტაქსის მძღოლს, რომ ამიერიდან და სამარადჟამოდ ეტარებინათ გლოვის ფერი (შავი) დიდებული გაუდის პატივსაცემად და სირცხვილის ფერი (ყვითელი) ადამიანთა გულქვაობის ნიშნად.



გაუდი გაცილებით გულმოწყალე აღმოჩნდა ბარსელონის მიმართ.










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!