თუ ბარსელონის დანახვა მაღლიდან გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ქალაქის თავზე აღმართულ წმინდა მთა ტიბიდაბოს. შთამბეჭდავი პანორამის გარდა აქ რამდენიმე საინტერესო ღირსშესანიშნაობაც გელოდებათ. ტიბიდაბო ზღვის დონიდან 512 მეტრზე მდებარეობს და ბარსელონის ყველაზე მაღალი წერტილია. სახელწოდება "ტიბიდაბო" მათეს სახარების ლათინური ვარიანტიდან მომდინარეობს და ითარგმნება, როგორც "შენ მოგცემ". გადმოცემის თანახმად, ამ სიტყვებით მიმართა ეშმაკმა იესო ქრისტეს, რათა ის ძალაუფლებითა და სილამაზით ეცდუნებინა. სწორედ ამ ადგილას ააგეს "წმინდა გულის ტაძარი", რომელზეც ღვთის შვილის ქანდაკება დგას. იესოს ხელები გაუშლია, თითქოს გულში იხუტებს ყველას თავის ცოდვებიანად.
ტიბიდაბოს მთაზე რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ერთი მათგანია იესოს წმინდა გულის ტაძარი (Templo Sagrado Corazón de Jesús):
ის შედგება ერთმანეთზე შემდგარი ორი ეკლესიისგან და ჯერ კიდევ 1886 წელს აშენებული ერმიტაჟისგან. კრიპტაში შესასვლელის ზემოთ, თაღის ზედა ნაწილში, ნახევრად წრიულ ფრესკაზე გამოსახულია იესო ქრისტე, რომელსაც ადიდებენ ისტორიული პერსონაჟები: ქრისტეფორე კოლუმბი, ესპანეთის დედოფალი იზაბელა, მეფე ფერდინანდი და სხვები. ფრესკის ქვემოთ მოჩანს ტახტზე მჯდომი ბარსელონის მფარველი ღვთისმშობელი ბავშვით ხელში. შესასვლელის აქეთ-იქით დგას კატალონიის მფარველის, წმინდა გიორგისა, და ესპანეთის მფარველის, წმინდა იაკობის ქანდაკებები.
ტაძრის ოთხ მომცრო კოშკზე განთავსებულია 12 მოციქულის ქანდაკებები, მთავარ კოშკზე კი იესო ქრისტეს 7-მეტრიანი ქანდაკება.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია კრიპტის ინტერიერი.
ვიტრაჟებზე საკურთხევლის ზემოთ გამოსახულია ქალწული მარიამი კათოლიკური რწმენის სხვადასხვა ხალხების წარმოდგენით, სხვა ვიტრაჟები კი ეძღვნება იესო ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა წმინდანების ცხოვრების ეპიზოდებს. არის ვიტრაჟი, წარწერით "შენ მოგცემ".
ტაძარსა და კრიპტაში შესვლა უფასოა. გადმოსახედ მოედანზე ლიფტით ასვლა 3 ევრო ღირს.
ატრაქციონების პარკი ტიბიდაბო (Parque de Atracciones Tibidabo):
ტიბიდაბოს პარკში ოცზე მეტი შესანიშნავი ატრაქციონია.
ერთდღიანი ბილეთების ღირებულებაა:
- პარკი ატრაქციონებით: შესვლა -35 ევრო, ბავშვები (90-120 სმ.) - 14 ევრო;
- პანორამული ზონა: შესვლა თავისუფალია, მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება - 19 ევრო, სიმბოლური ატრაქციონები მოზარდებისთვის (არაუმაღლეს 120 სმ.) - 10,50 ევრო.
მუშაობის რეჟიმი:
- მარტი-ივნისი - შაბათ-კვირა;
- ივლისი - ოთხშაბათი-კვირა;
- აგვისტო - ყოველდღე;
- სექტემბერი-დეკემბერი - შაბათ-კვირა;
- იანვარი-თებერვალი - არ მუშაობს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: http://www.tibidabo.cat.
ფაბრის ობსერვატორია (Observatorio Fabra):
ობსერვატორია 1904 წელს გაიხსნა მარკიზ ალელია ფაბრის შემოწირულობის წყალობით. ის მეცნიერებისა და ხელოვნების სამეფო აკადემიის შემადგენლობაში შედის. მასში პლანეტებს, კომეტებსა და ასტეროიდებს აკვირდებიან.
ობსერვატორიაში შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა:
- დღისით: მოზრდილებისთვის - 3 ევრო, 14 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;
- ღამით: მოზრდილებისთვის - 15 ევრო, 12 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
ტელეანძა კოლსეროლა (Torre de Collserola):
ანძა იწონის 3 ათას ტონას. მისი სიმაღლე 288 მეტრია. ანძის შუაში 13-სართულიანი შენობაა. ანძაზე მოწყობილია გადმოსახედი მოედანი. მასზე ასვლის ფასი 5 ევროა.
ტიბიდაბოს მთაზე ასასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს ყავისფერი L7 ხაზით, გაჩერება Av.Tibidabo. ეს ბოლო გაჩერებაა. მეტროდან გამოსვლის შემდეგ ან "ლურჯ ტრამვაიში" ჩაჯექით, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ მიეკუთვნება, ან ჩვეულებრივი ავტობუსით №196. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხვდებით დოქტორ ანდრეუს მოედანზე. აქ ჩაჯდებით ტიბიდაბოს ფუნიკულიორზე და დანიშნულების პუნქტამდე მიხვალთ.
- ელექტრომატარებლით S1 ან S2, გაჩერება Peu de Funicular. გადაჯდებით ვალვიდრერას ფუნიკულიორზე, რომელიც მეტროს სახეობაში გადის, ჩამოხვალთ გაჩერებაზე Vallvidrera Superior და ავტობუსით №111 მთის წვერზე ახვალთ. ეს ყველაზე ეკონომიური ვარიანტია. მონჟუიკის მთიდან მონჟუიკის ციხესიმაგრემდე ახვალთ საბაგიროთი.
- ავტობუსით T2A "Tibibus", რომელიც გადის კატალონიის მოედნიდან. ბილეთი ერთ მხარეს 3 ევრო ღირს და მას მძღოლთან შეიძენთ. მისი მინუსი ის არის, რომ დიდი ინტერვალით მოძრაობს.
ბილეთებისა და ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია