მონჟუიკი ცნობილი მთაა როგორც ბარსელონაში, ისე მთელ ესპანეთში. ის ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სიმაღლე 173 მეტრია. აქ გაიმართა მსოფლიო გამოფენა 1929 წელს და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1992 წელს. მონჟუიკის მთა უამრავ ტურისტს იზიდავს დიდი რაოდენობის პარკებისა და ღირსშესანიშნაობების წყალობით. აქ თვითონ ბარსელონელებიც სიამოვნებით ატარებენ დროს. მონჟუიკის მთის გაჩენის ისტორია დაზუსტებით დღესაც არ არის დადგენილი. არსებობს ორი ძირითადი ვერსია. ერთის მიხედვით, ის შეიძლება იყოს "იუპიტერის მთა" (ლათ. mons Jovicus), მეორის მიხედვით - "ებრაელების მთა" (ძველკატალანიურად Mont juïc).
ხელსაყრელი ადგილმდებარების წყალობით მონჟუიკი ყოველთვის სტრატეგიულ როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში. ოდესღაც სწორედ ეს შემაღლებული ადგილი აირჩიეს დასასახლებლად იბერიელებმა. 1640 წელს ტერიტორიის დასაცავად აქ ციხესიმაგრე ააშენეს, რომლის ბასტიონებსაც მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ ბარსელონის დასაცავად როგორც ზღვიდან, ისე ხმელეთიდან. თანდათანობით თავდაცვითი ფუნქციები დაიკარგა და XX საუკუნეში მთა საზოგადოებრივ პარკად გადაიქცა.
მონჟუიკის მთაზე ბევრი ღირსშესანიშნაობაა.
პირველ ყოვლისა, მთის ძირში ეწვიეთ "ჯადოსნურ შადრევნებს" (Font Màgica). იქ საუცხოო ფერებითა და მუსიკით დატკბებით.
მის ზემოთ მდებარეობს კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი - (MNAC), რომელიც ეროვნულ სასახლეშია განთავსებული 1934 წლიდან.
შენობა ესპანური რენესანსის კლასიკური სტილით აიგო 1926 წელს და მისგან ქალაქის შესანიშნავი პანორამა მოჩანს.
MNAC რომანული ხელოვნების მთავარი მსოფლიო ცენტრია, თუმცა შეგიძლიათ დატკბეთ, აგრეთვე, გოტიკური პერიოდისა და XIX-XX საუკუნეების შედევრებითაც. ხელოვნებაში რომანული მოძრაობა ხასიათდება წაგრძელებული ფორმებითა და ენერგიული ფერებით. მისი აყვავება XI-XIII საუკუნეების პერიოდზე მოდის. აქ თავმოყრილი რომანული ხელოვნების ნიმუშების უდიდესი ნაწილი მთელი პირენეის ნახევარკუნძულის ძველი ეკლესიებიდანაა აღებული. მუზეუმში იხილავთ პიკასოს, დალის, გაუდის, ველასკესის, ელ გრეკოს, რუბენსის, გოიას და სხვათა ნამუშევრებს.
მუზეუმში განთავსებულია:
- კატალონიური ნუმიზმატიკის, მონეტების, მედლებისა და ჭედურობის განყოფილება;
- ნახატებისა და გრავიურების განყოფილება;
- ხელოვნების ისტორიის ბიბლიოთეკა;
- ფოტოგრაფიის განყოფილება;
- რომანული მხატვრული სექცია;
- გოტიკური სექცია;
- აღორძინების ხანის, ბაროკოს (მათ შორის ტისენ-ბორნემიცის კოლექცია), XIX-XX საუკუნეების სექციები.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს:
მუზეუმში შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 12 ევრო;
- 16 წლამდე და 65 წელს ზემოთ - უფასოდ.
- შაბათობით 15:00-დან, ყოველი თვის პირველ კვირადღეს და ღია კარის დღებში - უფასოდ.
ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მუზეუმის ოფიციალურ საიტს: http://www.museunacional.cat.
კალატრავას ტელეანძა (იგივე ტელეფონიკის ტელეანძა):
ნეოფუტურისტული სტილის ეს ანძა 1992 წელს დაიდგა სანტიაგო კალატრავას პროექტის მიხედვით. მისი სიმაღლე 136 მეტრია.
ოლიმპიური კომპლექსი (ოლიმპიური რგოლი):
კომპლექსში შედის სტადიონი, ორი აუზი, ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, ოლიმპიადისადმი მიძღვნილი მუზეუმი და სპორტის სასახლე Sant Jordi:
მონჟუიკის ციხესიმაგრე - Castell de Montjuïc:
ეს ბარსელონის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ნაგებობაა. თავდაპირველად აქ საგუშაგო კოშკი იდგა, რომელმაც ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ამჟამინდელი ციხესიმაგრე 1640 წელს ააგეს კატალონიელთა აჯანყების დროს ჰაბსბურგების დინასტიის წინააღმდეგ. 1940 წელს აქ დახვრიტეს ლუის კომპანისი - კატალონიის მთავრობის მეთაური. 1963 წელს მასში სამხედრო მუზეუმი გახსნეს.
ჟოან მიროს ფონდი - Fundació Joan Miró:
ჟოან მირო ცნობილი ესპანელი ავანგარდისტი და სიურრეალისტია. ის, როგორც სალვადორ დალი, კატალონიელთა ნამდვილი სიამაყეა. შენობაში წარმოდგენილია მიროსა და მისი თანამედროვეების ნამუშევრები: ნახატები, გრაფიკული მინიატიურები, ქანდაკებები, უზარმაზარი გობელენიც კი, რომლებიც მნახველში ფანტაზიის გააქტიურებას უწყობენ ხელს. აქ გამოფენებიც იმართება.
შესვლა ფასიანია და 12 ევრო ღირს.
"ესპანური სოფელი" (Poble Espanyol):
მონჟუიკის "ჯადოსნური შადრევნების" მსგავსად, "ესპანური სოფელიც" 1929 წლის საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით შეიქმნა. ის ესპანეთის სხვადასხვა რეგიონების ასზე მეტი ისტორიული ძეგლის ბუნებრივ, სრულმასშტაბიან ან ოდნავ მცირე ასლებს წარმოადგენს. 40 ათას კვადრატულ მეტრზე კატალონიის, არაგონი, კასტილიისა და სხვა რეგიონებისთვის დამახასიათებელი სახლები, მონასტრები, ციხეკოშკები და ციხესიმაგრეებია განთავსებული.
ცენტრად მთავარი მოედანი (Plaza Mayor) ითვლება. მუზეუმს ღია ცის ქვეშ ხელოსანთა ქალაქსაც უწოდებენ. აქ ნახავთ, როგორ ამზადებენ თიხისა თუ შუშის ჭურჭელს, ქსოვილებს, ტყავეულს. შეგიძლიათ შეიაროთ მაღაზიებში, კაფეებში. ნამდვილად არ მოიწყენთ.
შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა:
- 12 წელს ზემოთ - 14 ევრო;
- სტუდენტებისთვის - 10,50 ევრო;
- პენსიონერებისთვის - 9 ევრო;
- 4-12 წლის ბავშვებისთვის - 9 ევრო;
- 4 წლამდე - უფასოდ.
ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ "ესპანური სოფლის" ოფიციალურ საიტს: http://www.poble-espanyol.com.
CaixaForum Barcelona:
თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ეს უნიკალური ცენტრი განთავსებულია მოდერნისტულ შენობაში (ყოფილ ტექსტილის ფაბრიკაში). CaixaForum Barcelona გთავაზობთ მრავალფეროვან პროგრამებს, დაწყებული თეატრალური წარმოდგენებიდან და მუსიკალური კონცერტებიდან, დამთავრებული თემატური სამხატვრო გამოფენებითა და ბავშვთა ღონისძიებებით.
მონჟუიკის მთაზე არის, აგრეთვე, ბოტანიკური ბაღი (Jardí Botànic de Barcelona):
და მოსენ კოსტა და ლიობერის ბაღები (Jardins Mossèn Costa i Llobera), რომლებშიც მხოლოდ ეგზოტიკური მცენარეები იზრდება:
კატალონიის არქეოლოგიური მუზეუმი (Museu d'Arqueologia de Catalunya):
მუზეუმი არსებობს 1991 წლიდან. იქ განთავსებულია ექსპონატები, რომლებიც კატალონიის განვითარებაზე მოგვითხრობენ.
ეთნოლოგიური მუზეუმი (Museu Etnològic):
მუზეუმი აშენდა და ფუნქციონირებს 1973 წლიდან. მასში მოთავსებულია როგორც ადგილობრივი, ისე აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ოკეანიის კულტურის ამსახველი 5 ათასამდე ექსპონატი. აქცენტი გაკეთებულია ყოველი რეგიონის სოციალურ ასპექტებზე, მათ მსგავსებასა და განსხვავებაზე.
მონჟუიკის მთა იწყება ესპანეთის მოედნიდან. იქ მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს წითელი L1 და მწვანე L3 ხაზით - გაჩერება Pl. España;
- მონჟუიკის მთაზე შეგიძლიათ ახვიდეთ ფეხით, ავტობუსით №55, 150 ან ფუნიკულიორით Montjuïc, რომელიც დადის მეტროს L2/L3 ხაზის სადგურიდან Paral.lel. მონჟუიკის მთიდან მონჟუიკის ციხესიმაგრემდე ახვალთ საბაგიროთი. ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია