უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


ბარსელონის მეტროპოლიტენი

ბარსელონის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი 1924 წელს გაიხსნა. ამჟამად კატალონიის დედაქალაქის მეტრო შედგება 11 სრულფასოვანი ხაზისა და L12-გან, რომელიც L6-ს 2016 წელს გამოეყო და მასში მხოლოდ ორი სადგურია. 1-5 და 9-11 ხაზებს განაგებს კომპანია TMB, 6-8-სა და 12-ს კი - FGC. ბარსელონის მეტროს ხაზები აღინიშნება ნომრითა და განსაზღვრული ფერით. მეტროპოლიტენის სისტემის ნაწილია, აგრეთვე, ფუნიკულიორი მონჟუიკის მთაზე. იგეგმება L12 ხაზის გაფართოება და L13 ხაზის გაყვანა.


ბარსელონის მეტროპოლიტენის მომსახურებით ყოველწლიურად დაახლოებით 492 მილიონი მგზავრი სარგებლობს. მისი ხაზების საერთო სიგრძე 151 კილომეტრია, სადგურების რაოდენობა კი - 187.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბარსელონის მეტროპოლიტენი ერთი თავისებურებით გამოირჩევა, რასაც "ბარსელონურ გადაწყვეტილებას" უწოდებენ: სადგურებზე ორი პლატფორმის ნაცვლად, სამია - ორი განაპირა და ერთი "კუნძულოვანი", ანუ შუა. ასე რომ, ვაგონში შესვლა ორივე მხრიდან შეიძლება, რაც გაცილებით მოსახერხებელია მგზავრებისთვის, თან მატარებლის დაყოვნების დროც მცირდება.


ვინაიდან ბარსელონის მეტროპოლიტენს ორი კომპანია განაგებს, TMB-ს ხაზებიდან FGC-ს ხაზებზე გადაჯდომა ერთი ბილეთით აკრძალულია. თუ მსგავსი გადაჯდომა გიწევთ, უნდა გახვიდეთ და კვლავ შემოხვიდეთ სხვა ტურნიკეტიდან. თუ ერთჯერადი ბილეთი გაქვთ, სხვა კომპანიის ხაზზე გადაჯდომისას ახალი ბილეთის შეძენა მოგიწევთ. თუ სამგზავრო ბარათი გაქვთ, მაგალითად, T-Casual, 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ ისე გადაჯდეთ, რომ ხელმეორედ გადახდა არ მოგიწევთ.


კომპანია TMB-ს სადგურები აღნიშნულია რომბითა და მასში ჩაწერილი M ასოთი, კომპანია FGC-ს კი საკუთარი ლოგოტიპი აქვს.



მეტროპოლიტენის მუშაობის რეჟიმია:


- ორშაბათი-ხუთშაბათი - 05:00-00:00;

- პარასკევი-შაბათი - 05:00-02:00;

- კვირა და დღესასწაულები - 05:00-00:00;

- 24 დეკემბერი - 05:00-23:00.


როგორც ზემოთ ვთქვით, ბარსელონის მეტროპოლიტენში 12 ხაზია. თითოეული მათგანი ასო L-ითა და რიცხვით აღინიშნება, ერთმანეთისგან კი ფერითაც განსხვავდებიან. ესენია:


- L1 (წითელი): Hospital de Bellvitge–Fondo;

- L2 (იასამნისფერი): Paral·lel–Badalona Pompeu Fabra;

- L3 (მუქი მწვანე): Zona Universitària–Trinitat Nova;

- L4 (ყვითელი): Trinitat Nova–La Pau;

- L5 (ლურჯი): Cornellà Centre–Vall d’Hebron;

- L6 (იისფერი): Pl. Catalunya–Reina Elisenda;

- L7 (ყავისფერი): Pl. Catalunya–Av. Tibidabo;

- L8 (ვარდისფერი): Pl. Espanya–Molí Nou-Ciutat Cooperativa;

- L9 (ნარინჯისფერი): La Sagrera–Can Zam;

- L10 (ცისფერი): La Sagrera–Gorg;

- L11(ღია მწვანე): Trinitat Nova–Can Cuiàs;

- L12 (ნაცრისფერი): Sarrià–Reina Elisenda.


ვინაიდან ბარსელონის მეტროპოლიტენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობაა, მგზავრობისას ჩვეულებრივი ბილეთები და ბარათები გამოიყენება. მათ შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეძენილი და დაკომპოსტირებული ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორი დაგაჯარიმებთ. ჯარიმა კი 100 ევროა.



მეტროთი მგზავრობისას ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ტაბლოებსა და მაჩვენებლებს, რათა შემთხვევით სხვა მიმართულებით არ წახვიდეთ.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!