უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 კატალონიური კერძები ბარსელონაში

ბარსელონის სამზარეულო სასიამოვნოდ გაგაოცებთ. კატალონიაში ყველაფერი კატალონიურადაა და არა ესპანურად. განსაკუთრებით, თუ საქმე ჭამას ეხება. ბარსელონაში კი საკმაოდ ბევრი გურმანია. აქაური სამზარეულო ძალზე დემოკრატიული, მსუბუქი და, იმავდროულად, დახვეწილია. ბარსელონაში მრავალფეროვანი კერძებია, რომლებიც ყველაზე მომთხოვნ გურმანსაც დააკმაყოფილებს. ხშირად კატალონიას დახვეწილი კერძების სამშობლოს უწოდებენ, ბარსელონას კი - კულინარიული შედევრების დედაქალაქს. აქ ხშირად იმართება "კულინარიული" ექსკურსიები ძველ ქალაქში, ეწყობა გასტრონომიული ბაზრობები და გამოფენები. შემოგთავაზებთ ბარსელონის სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს ფოტოსურათებითა და მოკლე აღწერით.


ესკუდელია დ'ოლა (Escudella d’Olla) - ცხელი სუპი და რაგუ ერთად. ჯერ ამზადებენ ბულიონს რამდენიმე სახის ხორცისგან, სისხლიანი ძეხვის ჩათვლით, შემდეგ კი ბოსტნეულსა და ატრიას ამატებენ. სუფრაზე თანმიმდევრობით მოაქვთ მსუყე ბულიონი და პასტა, ხორცი და ბოსტნეული:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პაელია (Paella):



ეს არის ბრინჯი, მომზადებული ბულიონში თევზთან, ბოსტნეულთან, ქათამთან და შაფრანთან ერთად. შეუცვლელი კერძია ბარსელონელთა სადღესასწაულო და საკვირაო სუფრაზე. ამზადებენ დიდ ჭურჭელში.


შავი ბრინჯი (Arròs negre) - ამ კერძსაც დიდ ჭურჭელში ამზადებენ. ბრინჯის გარდა იყენებენ კალმარს, თევზს, მიდიასა და პომიდორს. რეცეპტის მთავარი საიდუმლო მელანთევზის მელანია, რომელიც კერძს დამახასიათებელ შავ ფერსა და სურნელს აძლევს. კარგი "შავი ბრინჯი" ყოველთვის მოაქვთ allioli-ს სოუსთან (სახლის ნივრის მაიონეზი) ერთად:



ფიდეუა (Fideuà) - პაელიას სახესხვაობაა. მას აკეთებენ ვერმიშელით (fideus), თევზით, კრევეტებით, კალმარებით, მოლუსკებითა და allioli-ს სოუსით:



ბომბას (Bombas) - კროკეტი კარტოფილისგან თეთრი allioli-თ ან სანელებლიანი წითელი სოუსით. შეიქმნა სამოქალაქო ომის დროს, როცა რევოლუციონერების ხელყუმბარებმა ადგილობრივ შეფმზარეულს მსგავსი კერძის მომზადება შთააგონა:



ესკეიშადა-დე-ბაკალა (Esqueixada de bacallà) - სალათა, რომლის მთავარი ინგრედიენტია დამარილებული ვირთევზა. მასში შედის, აგრეთვე, წვრილად დაჭრილი პომიდორი, ხახვი, წითელი წიწაკა და შავი ზეთისხილი. ამატებენ Romesco-ს სოუსს (ნუში, ნიორი, ცხარე წიწაკა და პომიდორი):



კანელონი (Canelons) - მაკარონის ფურცლებს მილივით ახვევენ და წვრილად დაჭრილი ხორცით ან ფარშით ავსებენ (შეიძლება ისპანახით და ყველითაც). ამატებენ "ბეშამელის" სოუსს (რძე, ფქვილი, კვერცხი, ჯავზი) და აცხობენ ჰაერღუმელში:



ტაპასი (Tapas) - ნებისმიერი საუზმეული ლუდზე ან ღვინოზე მისაყოლებლად. მაგალითად, შემწვარი მწვანე წიწაკა, მელანთევზი გრილზე, შემწვარი კალმარი, თევზის მწვადი ბოსტნეულით, დამარილებული ვირთევზა პურზე და სხვ.:



კრემა კატალანა (Crema Catalana) - ნაზი მოხარშული კრემი დარიჩინით, ციტრუსითა და ხრაშუნა კარამელის ქერქით:



ჩუროსი (Churros) - ეს არის დესერტი. მზადდება ტკბილი მოხარშული ცომისგან, რომელიც ჰაერღუმელში იწვება. მიირთმევენ რძიან ყავასთან ერთად ან აწობენ გამდნარ შოკოლადში:



ბუტიფარა (Butifarra) - ხორცის სოსისი თეთრი ლობიოთი, შემწვარი კარტოფილით ან სალათით:



პა ემბ ტომატეკ (pa amb tomàquet) - შებრაწული პური პომიდვრით. პურზე ხეხავენ ნიორსა და პომიდორს, ამატებენ ზეითუნის ზეთსა და მარილს. გამოიყენება, როგორც გარნირი:



ესკალივადა (Escalivada) - ინგრედიენტებია: ბადრიჯანი, წითელი ტკბილი წიწაკა, ხახვი, ნიორი, მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი. შეიძლება შეიწვას ჰაერღუმელში:



ხამონი (Hamon) - მზადდება ღორის უკანა ფეხისგან, რომელსაც ჯერ ამარილებენ, შემდეგ - აშრობენ და მზეზე გამოჰყავთ, რასაც შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს:



ტორტილია-დე-პატატას (Tortilla de patatas) - ომლეტი კარტოფილით. ინგრედიენტებია: კარტოფილი, ხახვი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი:



გასპაჩო (Gazpacho) - ამ კერძმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი ინგრედიენტებია: პომიდორი, ხახვი, დაკონსერვებული წიწაკა, კიტრი, ტომატის წვენი, ქინძი, წითელი ღვინის ძმარი, ზეითუნის ზეთი. მიირთმევენ გაგრილებული სახით:



სანგრია (Sangria) - დაბალალკოჰოლური ტრადიციული სასმელი ხილისა და ღვინისგან. მიირთმევენ, ძირითადად, ზაფხულის ცხელ დღეებში:



ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რისი მირთმევაც შეგიძლიათ ბარსელონაში. დანარჩენი ადგილზე დააგემოვნეთ.













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!