ციტადელის პარკი ბარსელონის ძველ ნაწილში მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქალაქის ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩამოსულ სტუმრებს შორის. პარკის ტერიტორიაზე არსებობს დიდი მწვანე ზონა ბილიკებითა და ხეივნებით, მონუმენტური ჩანჩქერი, ტბა, ისტორიული შენობები და მუზეუმები, მრავალი ქანდაკება და დიდი ზოოპარკი. ციტადელის პარკი ოცდაათ ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ასზე მეტი სახეობის მცენარე და ხე იზრდება. აქედან ზოოპარკს 13 ჰექტარი უჭირავს. პარკის ისტორია იწყება XVIII საუკუნიდან, როდესაც ფილიპ V-ის ბრძანებით აქ ციხესიმაგრე ააგეს თავისუფლების მოყვარული ხალხის წინააღმდეგობის დასათრგუნავად.
საუკუნის დასაწყისში ესპანეთში გარდაიცვალა ავადმყოფობისკენ მიდრეკილი მეფე კარლ II, ჰაბსბურგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც პირდაპირი მემკვიდრე არ დატოვა, თუმცა ტახტი უანდერძა ფილიპს - საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის შვილიშვილს. მისი სიკვდილის შემდეგ ევროპის მმართველ დინასტიებს შორის დაიწყო მრავალწლიანი ომი ესპანეთის მემკვიდრეობისთვის. ბოლოს ფილიპი მაინც გახდა ესპანეთის მეფე, ოღონდ საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიის უფლება დაკარგა. ამ ომში ბარსელონა მხარს უჭერდა ტახტის სხვა კანდიდატს და უკანასკნელი დანებდა 1714 წელს რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ. ქალაქის დაცემისთანავე ესპანეთის ახალმა მეფემ ქალაქში სამხედრო ციტადელი ააგო საცხოვრებელი რაიონის ადგილას, რისთვისაც 1262 სახლი დაანგრიეს. ხუთკუთხა ციტადელს 8000 ადამიანის დატევა შეეძლო და მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულება ჰქონდა ბარსელონის მართვაში. სიმაგრე ყოველდღიურად ახსენებდა ბარსელონელებს მათ მარცხს. ნაწილობრივ ის 1848 წელს დაანგრიეს, საბოლოოდ კი - 1869 წელს. სწორედ მაშინ გადაწყდა აქ საზოგადოებრივი პარკის გაშენება.
ციტადელის შენობების ნაწილი ჩვენს დრომდე შემორჩა. კერძოდ, ყოფილი სამლოცველო ეკლესია (Castrense de la Ciutadella) გახდა,
გუბერნატორის სასახლეში ახლა კატალონიის მთავრობის სკოლა-ინსტიტუტია გახსნილი:
არსენალის შენობა კი კატალონიის პარლამენტის რეზიდენციაა:
არსენალი 1720 წლით თარიღდება. წინა პლანზე მოჩანს ცნობილი ქანდაკება "სასოწარკვეთილება".
პარკში, ჩრდილოეთ ნაწილში, ტბის გვერდით, უდავოდ, გამორჩეულია თაღის ფორმის ულამაზესი კასკადური შადრევანი. მას ამშვენებს ვენერის ქანდაკება, რომელსაც ქვემოთ მდგომი ოთხი გრიფონი იცავს. სულ ზემოთ კი განთიადის ქალღმერთი ავრორა საბრძოლო ეტლს მიაგელვებს.
შემდეგი ღირსშესანიშნაობაა "სამი დრაკონის კოშკი". ის აგურისა და რკინისგან არის აგებული, ზედა ფასადს კი კერამიკული ფილები ამშვენებს მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებებით. ამჟამად მასში ზოოლოგიური მუზეუმია გახსნილი.
კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მსოფლიო გამოფენის ჩატარების წინ ააგეს, როგორც შესასვლელი ამ საზეიმო ღონისძიებაზე. წითელი აგურის ნაგებობაზე მოჩანს სკულპტურული კომპოზიციები, აგრეთვე ესპანეთისა და მისი პროვინციების გერბები.
პარკში ბევრი ქანდაკებაა, მაგრამ მნახველებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ქალი ქოლგით":
და "მამონტი":
გეოლოგიის მოყვარულებს დააინტერესებთ გეოლოგიის მუზეუმი, იგივე მარტორელის მუზეუმი (Museu Martorell), რომელიც 1882 წლიდან არსებობს:
პარკში განთავსებულია, აგრეთვე, ორანჟერეა:
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ზოოპარკი:
აქ 300-ზე მეტი სახეობის ცხოველი და 400-ზე მეტი სახეობის ხე, ბუჩქი და ყვავილია.
ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე 10:00-დან. დაკეტვის დრო იცვლება სეზონების მიხედვით.
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 21,40 ევრო;
- 3-12 წლის ბავშვებისთვის - 12,95 ევრო;
- 3 წლამდე - უფასოდ;
- 65 წელს გადაცილებულებისთვის - 10,50 ევრო.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბარსელონის ზოოპარკის ოფიციალურ საიტს: http://www.zoobarcelona.cat.
ციტადელის პარკი მუშაობს ყოველდღე 10:00-დან. დაკეტვის დრო იცვლება სეზონების მიხედვით.
ციტადელის პარკში შესვლა უფასოა.
ციტადელის პარკის მისამართია: Passeig de Picasso, 21.
ციტადელის პარკში მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Ciutadella Vila Olímpica ან Jaume I, შემდეგ კი ფეხით 200-300 მეტრის გავლა მოგიწევთ; წითელი L1 ხაზით, გაჩერება Arc de Triomf;
- ავტობუსით №H14, H16, V19, B20, B25, N11.
ბილეთებისა და ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია