უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 ესპანეთის მოედანი ბარსელონაში

ესპანეთის მოედანი (Plaça de España) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანია კატალონიის დედაქალაქში და ერთ-ერთი უდიდესი მთელ ქვეყანაში. მას ბარსელონის ნებისმიერ სამოგზაურო ცნობარში შეხვდებით. დიდებული არქიტექტურა მთელ პერიმეტრზე, ხედი მონჟუიკის მთზე, მაღალი მონუმენტი ქანდაკებებით ცენტრში, აქედან დაწყებული ფართო ქუჩები ღირსშესანიშნაობებით - ეს ყველაფერი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბარსელონის დათვალიერების დაწყება ამ მოედნიდანაც შეიძლება. ის ტურისტების საყვარელი ადგილია. მისი საერთო ფართობი 34 ათასი კვადრატული მეტრია. გაცხოველებული საავტომობილო მოძრაობის მიუხედავად, სინათლითა და ჰაერით სავსე სივრცე ხასხასა გაზონებისა და ხეების გარემოცვაში კომფორტულ გარემოს ქმნის სასეირნოდ დღის ნებისმიერ პერიოდში.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ადგილას დამნაშავეებს სახალხოდ სჯიდნენ, XVIII საუკუნის დასაწყისში კი აქ ციხესიმაგრე ციტადელი ააშენეს. ზოგიერთს შეცდომით ჰგონია, რომ ეს ქალაქის დასაცავად გაკეთდა. სინამდვილეში ესპანეთის მეფე ფილიპ X მძლავრი საფორტიფიკაციო კონსტრუქცია დაუცხრომელი კატალონიელების დასასჯელად ააგო ინგლისის, ჰოლანდიის, ავსტრიისა და სავოიის გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ ომში გამოჩენილი ვერაგობისთვის. ამგვარად, მონარქმა ბურბონების დინასტიის აბსოლუტური ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა და სრული კონტროლი დაამყარა ბარსელონაზე.


ესპანეთის მოედანი მხოლოდ 1905 წელს გაჩნდა და პოლიტიკოსების შეხვედრებისა და გამოსვლების ადგილი გახდა. არქიტექტორები იყვნენ კადაფალში და ბუსკეტსი, რომლებმაც მოახერხეს და საოცრად ჰარმონიულად შეუთავსეს ერთმანეთს თავშეკავებული კლასიკა და პომპეზური ბაროკო.


1928 წელს დაიწყეს მოედნის გადაკეთება, რათა მისთვის უფრო თანამედროვე სახე მიეცათ 1929 წელს გასამართი მსოფლიო გამოფენისთვის, აგრეთვე საგამოფენო პავილიონებისთვის საკმარისი ადგილის უზრუნველსაყოფად. ბევრი შენობა დაანგრიეს და მათ ნაცვლად ორი 47-მეტრიანი ვენეციური კოშკი დადგეს, საიდანაც ექსპოზიციებთან მისვლა იქნებოდა შესაძლებელი. ისინი ვენეციის სან-მარკოს მოედნის კოშკების მიხედვით არის გაკეთებული.



მოედანზე არის, აგრეთვე შადრევანი, რომლის ავტორიცაა ხოსეპ მარია ჟუჟოლი, დიდი ანტონიო გაუდის მოწაფე, კატალონიური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არქიტექტორი, თუმცა მან შადრევანი კლასიკურ სტილში შექმნა, არტ-დეკოსა და ბაროკოს ელემენტებით.



შადრევნის ქანდაკებები ქმნიან სკულპტურულ კომპოზიციას, სახელწოდებით "ხმელთაშუაზღვისპირეთის მდინარეები". ქვის ფიგურები ბერძნული და რომაული სამოსითაა შემოსილი. წყალი მათ შორის აღნიშნავს მდინარეებს, რომლებიც ატლანტიკის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვისკენ მიედინებიან. კვარცხლბეკზე შემდგარ სვეტებს რელიგიური მოტივები ამშვენებს, კიდეებზე კი ქანდაკებებია ზღვის პატივსაცემად, მადლიერების ნიშნად იმ სარგებლობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც მან ქვეყანას მისცა.



ერთ-ერთი კომპოზიცია ეძღვნება ჯანმრთელობის ბერძნულ ღვთაება ჰიგიას. ერთი ქანდაკება ქალია ბავშვით, რომელსაც თევზი და გემი უჭირავს, რაც ნავიგაციისა და თევზის რეწვის სიმბოლოებია. სხვა ქანდაკებები ადიდებენ რწმენას, სიმამაცეს, ხელოვნებასა და ვაჭრობას.


თუ ვენეციურ კოშკებს შორის დედოფალ მარია-კრისტინას ფართო ქუჩას გაუყვებით, მიადგებით ჯადოსნურ შადრევნებს (Font Màgica):



შადრევანი მონჟუიკის მთის ძირშია განთავსებული. ის 1929 წელს შეიქმნა მსოფლიო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით. შადრევნებში 3 მილიონ ლიტრზე მეტი წყალია, 132 ელექტროძრავა კი რეცირკულაციის სისტემას წამში 2600 ლიტრ წყალს აწვდის.



შადრევნების ელიფსური ფორმის თასები ფუტურისტული სტილისაა. თავდაპირველად შადრევნები "არ მღეროდნენ". მუსიკალური თანხლება მას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადის წინ რეკონსტრუქციისას დაამატეს. ამჟამად ის მთლიანად ავტომატიზებულია და წყლისა და შუქის ასობით მილიონი კომბინაციის შექმნა შეუძლია. მოისმენთ ბახის, ბეთჰოვენისა და სხვა სახელოვანი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, მუსიკას ცნობილი კინოფილმებიდან.


ჯადოსნური შადრევნების შოუ ნახევარსაათიანია. მუშაობის რეჟიმია:


- 1 აპრილი-31 მაისი: ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს - 09:00-10:00; საღამოს - 21:00-21:30;

- 1 ივნისი-30 სექტემბერი: ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს - 09:30-10:30; საღამოს - 21:00-21:30; 2 ივნისს - უმუსიკოდ;

- 1 ოქტომბერი-31 ოქტომბერი: ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს - 09:00-10:00; საღამოს - 21:00-21:30;

- 1 ნოემბერი-6 იანვარი: ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს - 08:00-09:00; საღამოს - 20:00-20:30;

- 7 იანვარი-28 თებერვალი: არ მუშაობს პროფილაქტიკური სამუშაოების გამო;

- 1 მარტი-31 მარტი: ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს - 08:00-09:00; საღამოს - 20:00-20:30.



შადრევნების ბოლოში აღმართულია ოთხი სვეტი, რომლებიც კატალონიის დროშის ზოლების სიმბოლური გამოხატულებაა:



უფრო მაღლა მდებარეობს ნაციონალური სასახლე (Palau Nacional):



მასზე უფრო დეტალურად წაიკითხავთ სტატიაში მონჟუიკის მთა.


ესპანეთის მოედნის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობაა, როგორიცაა, მაგალითად, სავაჭრო ცენტრი "ლას არენა" (LAS ARENAS). უწინ აქ კორიდა - ხარებთან ბრძოლა - იმართებოდა.



მთავარი პავილიონი საგამოფენო ცენტრისა "ფირა ბარსელონა" (Fira de Barcelona):



სასტუმრო - Catalonia Barcelona Plaza:



ესპანეთის მოედანი მდებარეობს მონჟუიკის მთის ძირში. თუ კატალონიის მოედნიდან Gran Via de les Corts Catalanes პროსპექტს ფეხით გაუყვებით, იქ დაახლოებით ნახევარ საათში მიხვალთ.


ესპანეთის მოედანზე მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროს წითელი L1 ან მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Pl. Espanya.

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!