გოტიკური კვარტალი ბარსელონის ისტორიულ და გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ლაიეტანის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან - რამბლის ბულვარი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი - ხმელთაშუა ზღვა. აქ თავმოყრილია კატალონიის დედაქალაქის პოლიტიკური, კულტურული და ტურისტული ცხოვრება: წმინდა იაკობის მოედანზე ქალაქის და პროვინციის მთავრობის სხდომები იმართება, ეკლესიებში, რესტორნებსა და ღია ცის ქვეშ გამოდიან მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები. ათასობით ტურისტი ირევა კვარტალის შუა საუკუნეების ვიწრო ქუჩებში. ისინი სტუმრობენ მის მუზეუმებს, დიდხანს ჩერდებიან მაღაზიებში და წარმატებული შოპინგის შემდეგ კაფეებში ისვენებენ.
გოტიკურმა კვარტალმა თავისი სახელწოდება იმ შენობების გამო მიიღო, რომლებიც აქ XIV–XV საუკუნეებში აშენდა და დღემდე შემორჩა. შეიძლება ითქვას, რომ გოტიკური კვარტალი ბარსელონის გულია. სწორედ აქ მდებარეობდა 2 ათასზე მეტი წლის წინათ დასახლება ბარსინო, რომლისგანაც გაჩნდა როგორც ქალაქი, ისე მისი სახელწოდება. რომის იმპერიის, კერძოდ, ოქტავიანე ავგუსტუსის, დროს, ამ ადგილას ააშენეს რომაული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნაგებობები: ფორუმები, აკვედუკები, თერმული აბანოები. ქუჩებში დღესაც შეხვდებით რომის კედლის ნარჩენებს, ბევრი შენობა კი ძველრომაულ საძირკველზე დგას.
V საუკუნეში, ვესტგოთების მიერ ამ მიწების დაპყრობის შემდეგ, ნაგებობათა უმრავლესობა დაანგრიეს. მათ ადგილას ახალი სასახლეები და ტაძრები აიგო, რომლებიც შუა საუკუნეებში ნაწილობრივ კვლავ დაინგრა. XIII საუკუნის მიწურულს გაჩენილი კრიზისის გამო ესპანეთში თითქმის არაფერი შენდებოდა, ამიტომ გოტიკური კვარტალის შენობები გადარჩა. მართალია, მათი ძირითადი სტილი გოტიკურ ხელოვნებას მიეკუთვნება, მომდევნო რეკონსტრუქციებმა ნეოკლასიციზმისა და ბაროკოს ელემენტები შემოიტანა. 1920 წელს განხორციელდა კვარტალის სრული რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც გაჩნდა ბევრი კაფე, მაღაზია და მუზეუმი.
უნდა აღინიშნოს, რომ აქ ქუჩების უმეტესობა საფეხმავლოა და მანქანა ვერ გაივლის.
გოტიკური კვარტალის საუცხოო არქიტექტურული ანსამბლის დასათვალიერებლად აჯობებს, დღის პირველ ნახევარში მიხვიდეთ, ვინაიდან ვიწრო ქუჩებისა და მჭიდროდ განლაგებული შენობების გამო აქ მალე ბნელდება.
ზოგჯერ გოტიკურ კვარტალს "ტაძრის კვარტალსაც" უწოდებენ. ამის მიზეზი ის არის, რომ აქ მდებარეობს ქალაქის მთავარი საკათედრო ტაძარი - წმინდა ჯვრისა და წმინდა ევლალიის ტაძარი, თუმცა ხშირად ტურისტებს შეცდომით ჰგონიათ, რომ ბარსელონის მთავარი ტაძარი "წმინდა ოჯახის ტაძარია" ("საგრადა ფამილია").
ლეგენდის თანახმად, წმინდა ევლალია 13 წლის ასაკში წამებით მოკლეს წარმართებმა და ამ მოვლენის ღირსახსოვრად ერთ-ერთ სამლოცველოში 13 ბატი ცხოვრობს.
1867 წელს რომის პაპმა პიუს IX ტაძარს პაპის მცირე ბაზილიკის სტატუსი მიანიჭა. ის შუა საუკუნეების გოტიკის სტილითაა აგებული. მის მასიურ კედლებსა და 93-მეტრიან შპილს ისრული კამარები და რთული ორნამენტები ამშვენებს.
დეტალურად წმინდა ჯვრისა და წმინდა ევლალიის ტაძრის შესახებ =>>
გოტიკური კვარტალის მთავარი მოედანია Plaça Nova ("პლასა ნოვა" - ახალი მოედანი).
სახელწოდების მიუხედავად, ის ბარსელონის უძველესი მოედანია და 1358 წლიდან არსებობს. XIV საუკუნემდე ამ ადგილას იყო ქალაქის კარიბჭე, რომლის ნაწილიც, კერძოდ, ორი ოთხსართულიანი რომაული კოშკი და რომაული კედლის ნარჩენი დღემდე შემორჩა. კოშკების მარჯვნივ მდებარეობს XIII საუკუნის არქიეპისკოპოსის სასახლე ბაროკოს სტილის ფასადით, შიგა ეზო კი ასე გამოიყურება:
მარცხნივ - არქიდიაკონ ლუის დესპლას სახლია (casa de l'ardiaca), რომელშიც ამჟამად ბარსელონის ისტორიული არქივია განთავსებული. აქვეა ძველი აკვედუკის ნანგრევები, საიდანაც ქალაქს წყალი მიეწოდებოდა. გვერდით 1275 წლით დათარიღებული სანტა ლუსიას რომანული სტილის კაპელაა.
თუ კარერ-დელ-ბიზბეს ქუჩას გაუყვებით, გახვალთ წმინდა იაკობის (წმინდა ხაიმეს) მოედანზე (Plaça de sant jaume):
აქ მდებარეობს კატალონიის მთავრობის შენობა (Palau de la Generalitat):
მის მოპირდაპირე მხარეს კი - ბარსელონის რატუშა (Casa de la Ciutat):
რატუშა დიდებული ინტერიერით გამოირჩევა. მისი დათვალიერება შეგიძლიათ შაბათ-კვირას (უფასოდ). შესასვლელის მარცხნივ და მარჯვნივ ორ ქანდაკებას დაინახავთ. ესენია: მეფე ხაიმე I, რომელმაც 1249 წელს ბარსელონელებს ქალაქის საბჭოს არჩევის ნება მისცა, და ჯოან ფიველერი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ დიდებულებს გადასახადების გადახდა დააკისრა.
ამ მოედანზე ხალხი მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად იკრიბება.
კატალონიის მთავრობის სახლსა და კანონიკების, ანუ ტაძრის მსახურთა სახლს (Casa dels Canonges), ერთმანეთთან აკავშირებს ორიგინალური "ეპისკოპოსების ხიდი" ("მაქმანებიანი ხიდი"), რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში ააგო არქიტექტორმა ჟოან რუბიომ. ის მდებარეობს ხაიმესა და ახალ მოედნებს შორის, ბიზბეს ქუჩაზე (Carrer del Bisbe):
ოდნავ მოშორებით იხილავთ დიდ სამეფო სასახლეს (palau reial major):
სასახლე მდებარეობს მეფის მოედანზე - Plaça del Rei (არ აგერიოთ სამეფო მოედანში - Plaça Reial).
სამეფო სასახლეს დიდი იმიტომ უწოდეს, რომ არ არეოდათ პატარა სამეფო სასახლეში, რომელიც სანტ-მიგელის მოედანზე მდებარეობდა 1847 წლამდე.
დიდი სამეფო სასახლე მეფის მოედნის ერთ-ერთი მშვენებაა. მისი ისტორია XI საუკუნიდან იწყება, XIII-XV საუკუნეებში კი იქ ბარსელონის გრაფების რეზიდენცია იყო.
მოედნის მარჯვენა შორეულ კუთხეში თვალს მოკრავთ მასიურ, ნახევრად წრიულ კიბეებს. ის მიგიყვანთ ისრულ კამარამდე და XIV საუკუნის ტინელის დარბაზის შესასვლელთან.
გოტიკური სტილის მართკუთხა შენობის სიგრძეა 34 მეტრი, სიგანე - 17 მეტრი, სიმაღლე - 12 მეტრი. დარბაზში სვეტებზე დაყრდნობილი ექვსი დიდი თაღია. მალის სიგრძე 16 მეტრია.
ტინელის დარბაზში იმართებოდა სამეფო გვარის წარმომადგენლების საზეიმო ცერემონიები, იღებდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფო მრჩევლებსა და უცხო ქვეყნების ელჩებს. საინტერესოა, რომ კასტილიის დედოფალმა იზაბელა I-მა თავის მეუღლესთან, არაგონის მეფე ფერდინანდ II-თან ერთად აქ მოისმინა ამერიკიდან დაბრუნებული ქრისტეფორე კოლუმბისგან, რომ მან ინდოეთში მიმავალი ახალი გზა აღმოაჩინა. XVI საუკუნეში აქ განთავსდა ინკვიზიცია და სამეფო ადმინისტრაცია. 1555 წელს დარბაზის მარცხენა ნაწილის თავზე ააშენეს ახალი ხუთდონიანი საგუშაგო კოშკი.
ჩვენს დროში დარბაზში იმართება გამოფენები, სხვადასხვა ღონისძიებები, პრეზენტაციები, კონფერენციები, კონცერტები.
დიდი სამეფო სასახლის მარცხნივ დაინახავთ მეფისნაცვლის სასახლეს (Palacio del Lloctinen), მარჯვნივ კი - XIV საუკუნის წმინდა აგათას სამრეკლოს.
სამრეკლოს გვერდით ფასადზე მომცრო სვეტია მიშენებული, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ.
მეფისნაცვლის სასახლეში ამჟამად არაგონის სამეფო დინასტიის არქივია განთავსებული.
მოედნის საუცხოო კომპლექსში შედის, აგრეთვე, კლარიან-პადელიასის სახლი (Casa Clariana-Padellàs). მასში ბარსელონის ისტორიის მუზეუმია (MUHBA) გახსნილი. იქ, პირდაპირ მეფის მოედნის ქვეშ, შეგიძლიათ ნახოთ ძველრომაული შენობების ნაშთები და ვესტგოთების მმართველობის პერიოდის ტაძრის საძირკვლის ფრაგმენტი.
ასე გამოიყურება ეს ყველაფერი რამონ ბერენგერის მოედნის მხრიდან:
კომპლექსი მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 1-ლი იანვრისა, 1-ლი მაისისა, 24 და 25 დეკემბრისა.
გარედან დათვალიერება უფასოა, შიგნიდან კი - ფასიანი.
ბილეთის ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 7 ევრო;
- სტუდენტებისთვის და 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის - 5 ევრო;
- 16 წლამდე - უფასოდ.
გოტიკურ კვარტალში აღნიშვნის ღირსია წმინდა იუსტუსისა და პასტორის ეკლესია (იუსტუსი და პასტორი კათოლიკური ეკლესიის წმინდანები არიან. ისინი IV საუკუნეში აწამეს და მოკლეს ქრისტიანული რწმენის გამო, შესაბამისად, 13 და 9 წლის ასაკში).
ეს ეკლესია ჯერ კიდევ IX საუკუნის დოკუმენტებშია მოხსენიებული, ბოლო რეკონსტრუქცია კი XIV–XV საუკუნეებში ჩაუტარდა.
ეკლესია გარედან მოკრძალებულად გამოიყურება, შიგნით კი დიდებულებით გამოირჩევა. ბაზილიკის სამლოცველოს ლამაზი რელიეფური გამოსახულებები ამშვენებს, ფანჯრებს - დახვეწილი ვიტრაჟები, მარმარილოს სვეტებს შორის მოქცეულ მთავარ საკურთხეველს - საუკეთესო პორტუგალიელი მხატვრების მიერ დახატული წმინდანები. წმინდა ფელიქსის საკურთხეველში ყურადღებას იმსახურებს აიაზმის ორი ორიგინალური სასხურებელი.
საყურადღებოა ისიც, რომ ეს ბაზილიკა ერთადერთია ბარსელონაში, რომელსაც ინდულგენციის უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კედლებში გარდაცვლილი ადამიანის ნებისმიერი სურვილი უპირობოდ უნდა შესრულდეს.
ბაზილიკის მისამართია: Plaça Sant Just 6 (სან-ჟუსტის მოედანი).
გოტიკური კვარტალის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ეკლესია სანტა მარია დელ პი (Iglesia de Santa María del Pí):
ეკლესია მდებარეობს დელ პისა (Plaça del Pi) და სან-ჟოზეფ ორიოლის (Plaça Sant Josep Oriol) მოედნების ლამაზ სკვერებს შორის. მიიჩნევენ, რომ ამ ადგილას პირველი ტაძარი ჯერ კიდევ 413 წელს გაჩნდა, 987 წელს კი ამავე სახელწოდების ახალი ეკლესია ააგეს. ამჟამინდელი ტაძარი 1319-1391 წლებში ააშენეს. ის მრავალჯერ დაზიანდა, 1936 წელს კი სამოქალაქო ომის დროს ხანძრისგან განადგურდა. მოგვიანებით ეკლესია უფრო თანამედროვე გოტიკური სტილით აღადგინეს.
მოედანზე, ტაძრის წინ დგას ფიჭვი (უწინ აქ ფიჭვის ტყე იყო). ასე რომ, ეკლესიის სახელწოდება ითარგმნება, როგორც "მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია ფიჭვისგან (ან ფიჭვთან)".
ბაზილიკის ფასადს ამშვენებს დიდი როზეტი-ფანჯარა. მის ქვემოთ ისრული კამარის ფორმის მთავარი შესასვლელია, რომლის ზედა ნაწილში მოჩანს მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკება, კატალონიისა და ბარსელონის გერბები, ქვედაში კი - მარიამ ღვთისმშობლისა და მოციქულების ამსახველი ბარელიეფები.
ეკლესიის გვერდით აღმართულია 54 მეტრი სიმაღლის, რვაკუთხედის ფორმის სამრეკლო. ზარებს შორის ყველაზე დიდია "ანტონია". მისი დიამეტრია 1,4 მეტრი, წონა კი - 1,6 ტონა.
ასე გამოიყურება ტაძრის ინტერიერი:
ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
ბაზილიკა სანტა მარია დელ პის მისამართია: Plaça del Pi, 7.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Liceu;
- ავტობუსით №14, 59, 91.
კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ბაზილიკა ლა მერსე, იგივე ღვთისმშობლის გულმოწყალების ეკლესია (Basílica de la Mercè):
ბაზილიკა ლა მერსე ამავე სახელწოდების მოედანზე ღვთისმშობლის პატივსაცემად დგას წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის გოტიკური ტაძრის ადგილას, რომელიც მერსედარიების ორდენს ეკუთვნოდა (ორდენი ბერებმა დააარსეს მას შემდეგ, რაც 1218 წელს ქალწული მარიამი ერთ-ერთ მათგანს, წმინდა პედრო ნოლასკოს გამოეცხადა და მოუწოდა დაეარსებინა ორდენი, რომლის მიზანიც მუსულმანთა ტყვეობიდან ქრისტიანების გამოხსნა იქნებოდა). XVIII საუკუნეში ტაძარი დაინგრა და მის ადგილას 1765-1775 წლებში ახალი ტაძარი ააგეს.
ბაზილიკის ინტერიერი ოდნავ მძიმე მონუმენტურობით გამოირჩევა, რასაც როკოკოს სტილის დახვეწილი და მდიდრული მოპირკეთება არბილებს.
ტაძრის მთავარი რელიკვიაა მარიამ ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხის ქანდაკება, შექმნილი 1361 წელს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ღვთისმშობელმა იხსნა ბარსელონის მოსახლეობა შავი ჭირის ეპიდემიისგან XVII საუკუნეში.
1918 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XV-მ ლა მერსეს ეკლესიას პაპის მცირე ბაზილიკის სტატუსი მიანიჭა. ყოველწლიურად, 23 სექტემბერს, ბარსელონაში გრანდიოზული ზეიმი იმართება გულმოწყალე ღვთისმშობლის პატივსაცემად.
ბაზილიკის მისამართია - Carrer de la Mercè, 1.
შემდეგი ღირსშესანიშნაობაა სანტა მარია დელ მარი (Santa Maria del Mar):
ქართულად ტაძრის სრული სახელწოდებაა "წმინდა მარიამის ეკლესია ზღვაზე". ის აგებულია 1329-1383 წლებში, როდესაც კატალონიამ დიდ წარმატებას მიაღწია ვაჭრობასა და ზღვაოსნობაში. ეს არქიტექტურასაც დაეტყო. სანტა მარია დელ მარი კატალონიური გოტიკის საუცხოო ნიმუშია და სტილის სისუფთავითა და ერთიანობით გამოირჩევა.
წმინდა მარიამის ტაძარი პირველად 988 წელს ახსენეს, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ 1329 წელს დაიწყო და 1383 წელს დასრულდა. 1428 წელს გაჩენილმა ხანძარმა მას დიდი ზიანი მიაყენა. 1923 წელს პაპმა პიუს XI-მ ეკლესიას პაპის მცირე ბაზილიკის სტატუსი მიანიჭა.
შესასვლელის თაღოვანი პორტალის აქეთ-იქით წმინდა პეტრესა და პავლეს ქანდაკებებია. ქანდაკებებია ტიმპანზეც: იესო ზის, მის წინ კი მუხლმოყრილი ქალწული მარიამი და იოანე ნათლისმცემელი დგანან.
ტაძარში შესვლისას გაგაოცებთ, თუ როგორ შეიძლება ასეთი მძიმე და მუქი ქვის კედლების მიღმა ამდენი ნათელი სივრცე არსებობდეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთავარი და გვერდითი ორი ნავი თითქმის ერთნაირი სიმაღლისაა, შესაბამისად, 33 მეტრი და 27-27 მეტრი. ბაზილიკაში ვერ ნახავთ მასიურ სვეტებს - იქ რვაკუთხა, დახვეწილი, ერთმანეთისგან 13 მეტრით დაშორებული პილონებია. ინტერიერი სიმკაცრით, მოკრძალებითა და სილამაზით გამოირჩევა.
ბაზილიკაში შესვლა უფასოა, სახურავზე ასვლა და იქიდან გადმოხედვა - ფასიანი.
ბაზილიკა სანტა მარია დელ მარის მისამართია: Plaça de Santa Maria, 1.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Jaume I;
- ავტობუსით №17,19, 40, 45, გაჩერება Pla de Palau.
ბოლოს, დავაზუსტოთ გოტიკური კვარტალის ადგილმდებარეობა. ის განთავსებულია ძველი ქალაქის ცენტრში კატალონიის მოედანსა და სანაპიროს შორის. მისგან მარცხნივ ლა რამბლას ქუჩაა (Las Ramblas), მარჯვნივ - ლაიეტანის ქუჩა. გარშემო მეტროს რამდენიმე სადგურია, რომლებიდანაც ფეხით ათიოდე წუთი უნდა იაროთ. მათგან უახლოესია: Jaime I (L4 ყვითელი ხაზი), Drassanes (L3 მწვანე ხაზი), Liceu (L3 მწვანე ხაზი), Catalunya (L3 მწვანე და L1 წითელი ხაზი), Barceloneta (L4 ყვითელი ხაზი). შეგიძლიათ, აგრეთვე, ისარგებლოთ ავტობუსით №14, 17, 19, 40, 45, 59, გაჩერება Barri Gòtic.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია