კატალონიის დედაქალაქის გოტიკურ კვარტალში მდებარეობს ქალაქის მთავარი ტაძარი - წმინდა ჯვრისა და წმინდა ევლალიის ტაძარი. ის 1298-1420 წლებშია აშენებული. სადღესასწაულო დღეებში წირვას კატალონიის უმაღლესი ღვთისმსახური ატარებს საეპისკოპოსო კათედრიდან (ამიტომ ჰქვია მას "საკათედრო"). ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ საკათედრო ტაძარი "საგრადა ფამილიაა". მთავარი ტაძარი ეძღვნება წმინდა ევლალია ბარსელონელის ხსოვნას, რომელიც 13 წლის ასაკში, 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, წამებით მოკლეს ქრისტიანული რწმენის ერთგულებისთვის. სხვათა შორის, ის არის როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი, ვინაიდან ეკლესიის გაყოფამდე შერაცხეს წმინდანად. მისი ცხოვრება ძალიან ჰგავს წმინდა ევლალია მერიდელის ცხოვრებას, ამიტომ ჯერაც კამათობენ, ორ სხვადასხვა წმინდანთან გვაქვს საქმე, თუ ერთთან.
წმინდანის ნეშტი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა. მეორე სიწმინდე, რომელიც ტაძრის სახელწოდებაში ფიგურირებს, ჯვარია მასზე გაკრული იესოთი. ეს წმინდა რელიკვია კაპიტულის დარბაზში ინახება.
კაპიტულის დარბაზში მნიშვნელოვანი თათბირები იმართება. მასში, აგრეთვე, მოწყობილია მინიმუზეუმი ხელოვნების ძვირფასი ნიმუშებით. რომის პაპის პიუს IX ტაძარს პაპის მცირე ბაზილიკის სტატუსი მიანიჭა. 1929 წელს ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის ისტორიისა და ხელოვნების ძეგლად აღიარეს.
სამრეკლო 54 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თითოეული კოშკის ზედა მოედანზე ზარებია. მარცხენაზე - გიგანტური 3-ტონიანი ზარი, მარჯვენაზე - 10 პატარა ზარი ქალის სახელებით.
ძირითადი არქიტექტურული სტილია ნეოგოტიკა. სამშენებლო მასალად მონჟუიკის მარმარილოს იყენებდნენ, წყალსადინრებად კი - საშინელი შესახედაობის გარგულიებს.
ტაძარს გარედან ამშვენებს მოციქულებისა და სხვა წმინდანების ქანდაკებები:
აი, წმინდა ევლალიის წამების სცენა:
ტაძარი შიგნიდან დიდებულად გამოიყურება. პერიმეტრზე განლაგებულია 26 სამლოცველო. მთავარი საკურთხევლის ქვეშ, ალებასტრის სარკოფაგში, წმინდა ევლელიის ნეშტია.
ცენტრალური ნავის უმეტეს ნაწილს იკავებს მოედანი გუნდისთვის. იარუსზე სკამების ზემოთ მოჩანს გამოსახულებები თორმეტი რაინდის გერბებით. აქ ოქროს საწმისის ორდენის რაინდთა შეკრებები იმართებოდა.
ერთ-ერთი მთავარი რელიკვიაა ჯვარზე გაკრული იესო, რომელიც ლეპანტოს ცნობილ ბრძოლაში მონაწილე კატალონიური ფლოტის გემიდან არის გადმოტანილი:
მთავარი სიწმინდის მეზობლად გრაფ რამონ ბერენგერ I-სა და მისი ცოლის, ალმოდისის სარკოფაგებია.
მათ პირდაპირ ეკლესიის საგანძურია. მასში ბევრი ძვირფასი არტეფაქტია, რომელთაგანაც ყველაზე ძველი XV საუკუნისაა.
ლიფტს მსურველები კაპელებიდან პირდაპირ ბაზილიკის სახურავზე აჰყავს. გადასახედი მოედანი ქალაქის პანორამით დატკბობის შესაძლებლობას იძლევა. ნაგებობის სილამაზესა და დიდებულებას ხაზს უსვამს ფანჯრებში ჩატანებული შუშის ვიტრაჟები. ისინი თანდათანობით გაჩნდა XIV-XX საუკუნეებში. ყველა კომპოზიცია ერთიანი გეგმითაა შექმნილი: ცენტრში - წმინდანია, აქეთ-იქით კი - ანგელოზები, ქალაქები, გეომეტრიული ფიგურები და სხვ.
ეკლესიის შესასვლელის მარცხნივ, სიღრმეში, ტაძრის ორგანია, რომელიც 1537-1539 წლებშია დამზადებული და უდიდესი ისტორიული, მხატვრული და ლიტურგიული მნიშვნლობა აქვს. ამჟამად მას ყოველთვიურად იყენებენ დიდი კონცერტების დროს.
ასე გამოიყურება ეკლესიის ეზო. მას კლუატრსაც უწოდებენ. შადრევნის თავზე ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი დგას.
ეზოში, ერთ-ერთ სამლოცველოში, 13 თეთრი ბატი ცხოვრობს იმის აღსანიშნავად, რომ წმინდა ევლალია 13 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისინი თავისუფლად დასეირნობენ და აუზში დაცურავენ.
ეკლესია ღიაა ყოველდღე. წირვაზე და დილით და საღამოს შესვლა უფასოა. დანარჩენ საათებში კომპლექსური ბილეთი ღირს 14 ევრო.
წმინდა ჯვრისა და წმინდა ევლალიის ეკლესიის მისამართია: Pla de la Seu, s/n.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Jaume I;
- ავტობუსით №17,19, 40, 45, გაჩერება Barri Gòtic.
ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბარსელონის საკათედრო ტაძრის ოფიციალურ საიტს: http://www.catedralbcn.org.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია