მილას სახლი ბარსელონისა და კატალონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც გამოირჩევა თავისი ფასადითა და უჩვეულო არქიტექტორული გადაწყვეტილებებით. მისი ავტორია ანტონიო გაუდი - მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი, რომლის წყალობითაც ბარსელონას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ის მდებარეობს ეშამპლეს რაიონში, Passeig de Gràcia-სა და Carrer de Provença-ს გადაკვეთაზე. საინტერესოა, რომ თავიდან ადგილობრივებს ის არ მოსწონდათ და მას "პედრერას" უწოდებდნენ, რაც კატალონიურად "ქვის სამტეხლოს" ნიშნავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მილას სახლი მხოლოდ ტურისტული ობიექტი არაა - მის ერთ ნაწილში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სახლის ასეთი პოპულარობა სულაც არ ეხატებათ გულზე.
მილას სახლი 1906-1910 წლებშია აშენებული ხმაურიანი წვეულებებით გამორჩეული ექსტრავაგანტური წყვილისთვის, რისთვისაც გაუდიმ ნოვატორული გადაწყვეტილებები მიიღო. ის შთაგონებას ბუნებისგან იღებდა და პროტოტიპად აიღო ზღვით შემოსაზღვრული კლდეები და მთები. თავისი პროექტების უმრავლესობის მსგავსად, გაუდიმ სახლს სამი შიგა ეზო გაუკეთა, რათა სინათლეს შენობის ყველა ნაწილი გაენათებინა. ერთი ეზო წრის ფორმისაა, ორი - ელიფსისა. დამხმარე სათავსოები ეზოს გადაჰყურებს, საცხოვრებელი ოთახები კი - პროსპექტს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჭედური ზღუდეები აივნებზე, რომელიც გაუდიმ ჟუჟოლს გააკეთებინა, რომელთანაც ხშირად თანამშრომლობდა. კედლებს მხატვრული ფრესკები ამშვენებს ბუნებისა და მითოლოგიის თემაზე, კიბეებს - ჭედური მოაჯირები.
მეშვიდე სართულზე მანსარდაა. თავდაპირველად ის სარეცხის საშრობად იყო გათვალისწინებული, ახლა კი სახლის შემქმნელი მინი-მუზეუმად გამოიყენება. იქ მოთავსებულია სახლის მაკეტები, დოკუმენტაცია, ნახაზები, ესკიზები, აგრეთვე გაუდის პირადი ნივთები და სხვ.
მანსარდიდან ხვეული კიბით ტერასაზე მოხვდებით. ის ძალზე საინტერესო ადგილია. იქ უცნაურ ფიგურებს იხილავთ. თითოეული ქანდაკებას კონკრეტული დანიშნულება აქვს: ზოგი - მილია, ზოგიც - ვენტილაცია.
ხაზგასასმელია ისიც, რომ გაუდიმ უარი თქვა მზიდ კონსტრუქციებზე და მთელი დატვირთვა კარკასულ ნაწილებზე, სვეტებსა და გარე კედლებზე გადაიტანა.
1984 წელს მილას სახლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.
მილას სახლის მუშაობის რეჟიმი:
- ორშაბათი-შაბათი - 09:00-18:30;
- ღამის ტური - 19:00-22:00.
მილას სახლში შესვლა ფასიანია.
ბილეთების ღირებულებაა:
- ჩვეულებრივი ბილეთი მოზრდილებისთვის - 24 ევრო, 7-12 წლის ბავშვებისთვის - 12 ევრო, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ, სტუდენტებისა და 65 წელს გადაცილებულებისთვის (ეს არის ფასები, თუ ბილეთს საიტზე შეიძენთ. სალაროში 3 ევროთი მეტის გადახდა მოგიწევთ);
- პრემიუმ-ბილეთი (ონლაინ შეძენილი ბილეთით შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის ხელსაყრელ დღეს და დროს 6 თვის განმავლობაში) მოზრდილებისთვის - 41 ევრო, 7-12 წლის ბავშვებისთვის - 12 ევრო, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ (ეს არის ფასები, თუ ბილეთს საიტზე შეიძენთ. სალაროში 3 ევროთი მეტის გადახდა მოგიწევთ);
- ბილეთი ექსკურსიისთვის მცირე ჯგუფის შემადგენლობაში გიდთან ერთად მოზრდილებისთვის - 28 ევრო, 7-12 წლის ბავშვებისთვის - 14 ევრო, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;
- ბილეთი ღამის ტურისთვის: მოზრდილებისთვის - 34 ევრო, 7-12 წლის ბავშვებისთვის - 17 ევრო, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
მილას სახლის მისამართია: Passeig de Gràcia, 92.
მილას სახლთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ან ლურჯი L5 ხაზით, გაჩერება Diagonal;
- ავტობუსით №6, 7, 22, 24, 33, 34, V15, V17, H8, H10, გაჩერება Pg. de Gràcia — La Pedrera.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მილას სახლის ოფიციალურ საიტს: http://www.lapedrera.com.
ბარსელონაში ბილეთებისა და ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია