უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის მთავარი ბაზარი - დაუჯერებელია!

ცენტრალური ბაზრის შენობა დუნაის სანაპიროზე მდებარეობს პეშტის მხრიდან. მისი ლამაზი ფასადი ამაყად გაჰყურებს მოედანს, სახელწოდებით Fővám tér. იქვე, მდინარეზე, თავისუფლების ხიდია გადებული. ბაზარში შეიტყობთ, რას მიირთმევენ უნგრელები, რა არის პოპულარული როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შორის. პროდუქტების სიუხვისგან თავბრუ დაგეხვევათ, პირში ნერწყვი მოგადგებათ.... არადა, ამ ბაზარში მხოლოდ კვების პროდუქტები როდია...




განათავსე შენი რეკლამა აქ!





ეს ბუდაპეშტის უმთავრესი, უძველესი და უდიდესი გადახურული ბაზარია. მისი შესანიშნავი არქიტექტურის წყალობით, გარედან ამას ვერავინ მიხვდება. აქ ყოველდღიურად ათასობით უნგრელი მოდის ახალი ხორცის, ძეხვეულის, პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის შესაძენად. ეს ყველაფერი პირველ სართულზე იყიდება. მეორე სართულზე სუვენირებსა და ხალხური რეწვის ნიმუშებს იხილავთ. მიწისქვეშა სართულზე სუპერმარკეტი და რამდენიმე მაღაზიაა.



აზრი არა აქვს ყველა პროდუქტის ჩამოთვლას. უბრალოდ, გეტყვით, რომ უაღრესად ფართო ასორტიმენტია, განსაკუთრებით ძეხვეულის განყოფილებაში. ეს სალიამისაც შეეხება, რომლითაც განთქმულია უნგრეთი. მხოლოდ სურათებს მოგაწვდით და დავამატებთ, რომ სრულიად მისაღები ფასებია. თუ გაინტერესებთ, იხილეთ უნგრული კერძები, პროდუქტების ფასი ბუდაპეშტში, სად ვჭამოთ იაფად ბუდაპეშტში.







ზოგიერთი პროდუქტი შეგიძლიათ იქვე დააგემოვნოთ და ისე იყიდოთ. ეწვიეთ ადგილობრივ კაფეტერიას, ან ბაზრის წინ მდებარე მოედანზე მიბრძანდით, მოკალათდით და იქ მიირთვით.


პირველ სართულზე ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი და ფასიანი ტუალეტია.



  სუვენირების ზღვა

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეორე სართულზე სუვენირები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყიდება. აქ ყველაფერი იმაზე იაფია, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ ტურისტულ უბნებში, და ბანალური სუვენირის ნაცვლად შესაძლოა უნიკალურ ნივთსაც გადააწყდეთ.



და კიდევ. მეორე სართულზე შეგიძლიათ ცხელი კერძიც მიირთვათ, მაგალითად, სახელგანთქმული გულიაში, უნგრული ჰოთდოგი და სხვა. ბაზრიდან აუცილებლად კმაყოფილი და დანაყრებული წამოხვალთ.



ბაზარი კვირას დაკეტილია. სხვა დღეებში დილის 6 საათზე იღება. შაბათობით შუადღის 2 საათამდეა ღია, ორშაბათს - საღამოს 5 საათამდე, დანარჩენ დღეებში კი - საღამოს 6 საათამდე.


ბაზრამდე მიდის მეტრო - M4 მწვანე ხაზი, ტრამვაი - №2, 47 და 49, ავტობუსი - №83, 15 და 114. ჩამოხვალთ გაჩერებაზე Fővám tér M და ერთ წუთში ბაზარს მიადგებით.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!