უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


დრეზდენის დათვალიერება 2 დღეში

ბევრს ჰგონია, რომ დრეზდენის დათვალიერება ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ამ ქალაქში იმდენი ღირსშესანიშნაობაა, რომ ეს აშკარად შეუსრულებადი ამოცანაა. მაგრამ თუ ორი დღე გაქვთ, ამას ასე თუ ისე მოახერხებთ. დრეზდენი, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა: ძველი ქალაქი, ანუ ალტშტადტი (Altstadt), და ახალი ქალაქი, ანუ ნოიშტადტი (Neustadt), თუმცა არც ახალი ქალაქია მცირე ხნის. თუ დრეზდენში ორი დღით ხართ, პირველი დღე ძველი ქალაქის დათვალიერებას დაუთმეთ, რისთვისაც იხილეთ სტატია დრეზდენი 1 დღეში, მეორე დღეს კი "ახალ ქალაქში" გადაინაცვლეთ, მე კი შევეცდები, რომ ამაში დაგეხმაროთ.


განათავსე შენი რეკლამა აქ!





მაშ, ასე, მივიდეთ ბრიულის ტერასამდე და მდინარე ელბაზე ავგუსტუსის ხიდით (Augustusbrücke) გადავიდეთ. უკვე ვიცით, რომ მალე "ახალი ქალაქის" ბაზრის მოედანთან (Neustädter Markt) "ოქროს მხედარს" ვიხილავთ. ეს არის საქსონიის კიურფიურსტის, ფრიდრიხ ავგუსტ II-ის, იმავე ავგუსტ ძლიერის (1697 წლამდე - ფრიდრიხ ავგუსტ I), ქანდაკება. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს, რომ ავგუსტ ძლიერი, იმავდროულად, პოლონეთის მეფეც იყო. ძეგლი აქ 1736 წლიდან დგას.



მოედნიდან, რომელზეც ეს ქანდაკება დგას, იწყება დრეზდენის ამ ნაწილის მთავარი ქუჩა - ჰაუფშტრასე (Hauptstraße). ჭადრებითა და ქანდაკებებით დამშვენებული სასეირნო ხეივანი ქალაქის ყველაზე მიმზიდველი ქუჩაა.



ცოტა მოშორებით, Hauptstraße-ს 23 ნომერში, მდებარეობს სამი მოგვის ეკლესია (Dreikönigskirche).



ეს ეკლესია ჯერ კიდევ 1421 წელს მოიხსენიება, მაგრამ ორჯერ დაიწვა, ახლანდელი სახით კი 1732-1739 წლებში ააშენეს. 88-მეტრიანი კოშკი მხოლოდ 1854-1858 წლებში გაჩნდა. ის ქანდაკებებითაა დამშვენებული (მათ შორისაა ოთხი ევანგელისტი და სამი მოგვი). ინტერიერიდან უნდა აღინიშნოს ბარელიეფი "დრეზდენული სიკვდილის ცეკვა", რომლის სიგრძე 12,5 მეტრია, სიმაღლე - 1,2 მეტრი. ბარელიეფი XVI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება.



კოშკზე გადმოსახედი მოედანია, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება.


შემდეგ ცენტრალური ქუჩა ჰაუფშტრასე (Hauptstraße) ალბერტის მოედანს, ანუ ალბერტპლაცს (Albertplatz) მიადგება. აქ ყურადღებას იპყრობს ორი შადრევანი. ერთია "შტორმული ტალღები":



მეორე კი "წყნარი მორევი":



ეს ულამაზესი შადრევნები მოედანზე 1894 წელს დადგეს.


შორიახლო, ალბერტპლაცის ჩრდილოეთ ნაწილში, Königsbrücker Straße-ს დასაწყისში, კიდევ ერთი საინტერესო შადრევანია, კერძოდ, "არტეზიული ჭა":



ალბერტპლაციდან მარჯვნივ გავუხვიოთ, გადავკვეთოთ Bautzner Straße და Alaunstraße-ს გავუყვეთ. ამ ქუჩის 70 ნომერში მდებარეობს კუნსტოფის პასაჟი (Kunsthofpassage), რომელიც 5 ეზოსგან შედგება და გერლიცერშტრასეს (Görlitzer Straße) 21-25 ნომრამდე მიდის. ეს ერთგვარი ალტერნატიული შოპინგ-გალერეაა. შესასვლელი რომ არ გამოგრჩეთ, ყურადღება მიაქციეთ აბრას მფრინავი ძროხის გამოსახულებით - ის ამ გალერეის სიმბოლოა.



პასაჟში, ცხადია, არ დაიკარგებით, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მის რუკას შემოგთავაზებთ.



განსაკუთრებით გამოვყოფ ელემენტების ეზოს (Hof der Elemente), სადაც სახლის წყალსადინარი მილები მუსიკალური ინსტრუმენტების ფორმისაა და შიგადაშიგ საუცხოო კონცერტს მოისმენთ:



მათ პირდაპირ, ყვითელ კედელზე, ალუმინის დეკორატიულ ფურცლებს დაინახავთ, რომლებიც ისეა გაღუნული, თითქოს მათ ქარი არხევს.



ცხოველების ეზოში (Hof der Tiere) მწვანე კედლებზე ჟირაფები, მაიმუნები და წეროები ხატია. აქვეა ტირიფისგან მოწნული აივნები:



შედარებით ასკეტურად გამოიყურება მეტამორფოზების ეზო (Hof der Metamorphosen). სახლების ფასადებზე დამაგრებული ლითონის მძიმე, 15-მეტრიანი ფურცლები საიდუმლოს მალავენ, რომლებიც საღამოობით მჟღავნდება: მათზე განთავსებულ მინაბოჭკოვან გორგლებს დაფარული პროჟექტორები ანათებს და ფურცლები სანათებად გადაიქცევა.



ზღაპრული არსებების ეზოში (Hof der Fabelwesen) კედლებს ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებები ამშვენებს.



დაბოლოს, სინათლის ეზო (Hof des Lichts). ის ცოცხალ ხელოვნებას ემსახურება: აქაა სცენები და სხვადასხვა საპროექციო ზედაპირები, რომლებიც მულტიმედიური და თეატრალური წარმოდგენებისა, ინსტალაციებისა და კინოჩვენებების მოწყობის შესაძლებლობას იძლევიან.



მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრამვაით №13, გაჩერება Görlitzer Straße.


პასაჟიდან მარტინ ლუთერის მოედანზე გავიდეთ, (Martin-Luther-Platz), სადაც ამავე სახელწოდების ეკლესია დგას - Martin-Luther-Kirche. ეს ნეორომანული ტაძარი 1883-1887 წლებშია აგებული.



ვფიქრობ, ეკლესიის ინტერიერი აუცილებლად მოგეწონებათ:



ბაუტცნერშტრასეს 79-ში (Bautznerstraße) მდებარეობს მსოფლიოში ულამაზესი რძის მაღაზია "პფუნდა" (Pfunds Molkerei). ის 1880 წელს დაარსდა და მოპირკეთებულია ხელით მოხატული კერამიკის ფილებით.




მაღაზიაში შეგიძლიათ როგორც პროდუქტების (ყველი, შოკოლადი, ჯემი, ლიქიორი, ღვინო და ა.შ.), ისე შესანიშნავი სუვენირების შეძენა.


რძის მაღაზიიდან უკან გამოუყევით ბაუტცნერშტრასეს, შემდეგ კი კიონიგშტრასეს (Königstraße) - დრეზდენის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქუჩას. მალე, მდინარე ელბის სანაპიროს სიახლოვეს, ავგუსტის ხიდის დასავლეთით, იაპონურ სასახლეს მიადგებით (ეს სახელი მას აღმოსავლური სტილის დახრილი სახურავის გამო ეწოდა).



ის 1727-1737 წლებშია აშენებული. ამჟამად მასში განთავსებულია სამი მუზეუმი: ეთნოგრაფიული, ძველი ისტორიისა და ბუნებისმცოდნეობის.


იაპონურ სასახლესთან მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრამვაით №4,9, გაჩერება Palaisplatz.


ახლა შეგიძლიათ სანაპიროს გაუყვეთ, ავგუსტის ხიდზე გადახვიდეთ და კვლავ ძველ ქალაქში აღმოჩნდეთ.


ამით ექსკურსია "დრეზდენი 2 დღეში" დასრულებულია.


რა ვნახოთ დრეზდენში 2 დღეში - დამატება


თუ არ დაღლილხართ და კიდევ გსურთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რამდენიმე ასეთს შემოგთავაზებთ.


მუზეუმი პანომეტრი (Panometer) - 2006 წელს ავსტრიელმა მხატვარმა იაგედარ ასიზიმ დრეზდენში თავისი კონცეპცია "პანომეტრი" ჩაიტანა და 27 მეტრი სიმაღლისა და 127 მეტრი გარშემოწერილობის პანორამული გამოსახულება რეიკის რაიონში, ყოფილ გაზსაცავში დააყენა.



სრულიად ცარიელი ინტერიერი დრეზდენის წარსულის პანორამების ჩვენების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ წინ გაცოცხლდება სცენები ისტორიული პერსონაჟების მონაწილეობით. იხილავთ იოჰან სებასტიან ბახს, ფაიფურის გამომგონებელ ბეტგერს, სამეფო კარის მასხარას იოზეფ ფრიელიხს, "სიქსტის მადონას" ჩამოტანას დრეზდენში 1754 წელს და, ზოგადად, ქალაქურ ყოფას.


დრეზდენის პანომეტრის მისამართია: Gasanstaltstraße 8b.


მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №64, გაჩერება Nätherstraße.


პანომეტრში შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 11,5 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის - 6 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: panometer.de.


პარკი გროსერ-გარტენი (Großer Garten) - დრეზდენის ყველაზე დიდი და ლამაზი პარკია. მასში არის სამი თეატრი, რკინიგზის ხაზი და მატარებელი ბავშვებისთვის, ტროპიკული ორანჟერეა, ზოოპარკი, რესტორნები და ბარები ღია ცის ქვეშ და საუცხოო პეიზაჟები.




გროსენ-გარტენის მისამართია: Altstadt,01219 Dresden.


მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №61,63,75,85, ან ტრამვაით №1,2,4,9,10,11,12,13, გაჩერებები Strassburger Platz, Comeniusplatz, Grosser Garten (Hygienemuseum), Lennéplatz, Querallee, Tiergartenstrasse.


გროსენ-გარტენში შესვლა უფასოა. მატარებლით მგზავრობის ღირებულებაა 6 ევრო, 2 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: grosser-garten-dresden.de.


ბუნდესვერის მუზეუმი (Museum der Bundeswehr) - ეს შენობა XIX საუკუნეში კლასიკურ სტილში ააგეს და ჩვენს დროში გაათანამედროვეს. ამჟამად ის ექსპოზიციად გადაქცეული სამხედრო-ისტორიული კომპლექსია. აქ იხილავთ არა მხოლოდ მეტ-ნაკლებად თანამედროვე, არამედ შუა საუკუნეების მრავალფეროვან სამხედრო ტექნიკასაც.



ბუნდესვერის მუზეუმის მისამართია: Olbrichtplatz, 2.


მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №7,8 ან ავტობუსით №64, გაჩერება Stauffenbergallee.


ბუნდესვერის მუზეუმში ბილეთის ღირებულებაა 3-7 ევრო, ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: mhmbw.de/starteng.


ხიდი "ცისფერი საოცრება" (Blaues Wunder) - მდინარე ელბაზე გადებული ეს ხიდი XIX საუკუნის ინჟინრული სასწაულია და დრეზდენის ბლაზოვიცისა და ლოშვიცის რაიონებს აკავშირებს. მის კონსტრუქციას მხოლოდ ორი ბურჯი აკავებს. ხიდმა სახელწოდება უჩვეულო ფერების გამო მიიღო, თუმცა ოფიციალური სახელწოდება "ლოშვიცის ხიდია" (Loschwitzer Brücke), იგივე მეფე ალბრეხტის ხიდი (1912 წლამდე).



ხიდის სიგრძე 146 მეტრია. ეს, პრაქტიკულად, დაკიდული ხიდია. ხიდი მონაცრისფრო-ცისფერია, არადა, თავიდან მწვანე ყოფილა. მისი ხილვა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს როგორც დღისით, ისე ღამით, როცა განათებულია და ჩახჩახებს.



მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №6,12, გაჩერება Schillerplatz.


ციხედარბაზი-სასახლე პილნიცი და პარკი - ეს სასახლე საქსონიის მონარქების საზაფხულო რეზიდენცია იყო. ის სამი სასახლისგან შედგება.



ერთია "წყლის სასახლე", რომელიც 1721-1722 წლებში ააგეს, და საიდანაც კიბის საფეხურები პირდაპირ მდინარე ელბასთან ეშვება.



მეორეა "მთის სასახლე", რომელიც 1722-1723 წლებში ააგეს. ამ ორ შენობას კლასიციზმის ეპოქის მესამე, "ახალი სასახლე" აერთებს. ეს ყველაფერი ინგლისური პარკითაა გარშემორტყმული, რომლის შუაგულშიც გუბურა და შადრევანია.



ამჟამად აქ ორი მუზეუმია განთავსებული: ციხედარბაზის ისტორიისა და ხალხური რეწვის.


პილნიცის სასახლისა და პარკის მისამართია: August-Böckstiegel-Straße 2.


მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №2 ან ავტობუსით №63,88, გაჩერება Pillnitzer Platz ან Leonardo-da-Vinci-Straße.


მუზეუმსა და პარკში შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა 8 ევრო, 16 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: schlosspillnitz.de/en/home.


შუშის მანუფაქტურა ფოლკსვაგენი (Gläserne Manufaktur Volkswagen) - ეს გახლავთ საავტომობილო ქარხანა "ფოლკსვაგენი". შენობა გამჭვირვალეა. შეგიძლიათ შეხვიდეთ და საკუთარი თვალით იხილოთ წარმოების პროცესი.



ქარხანა 2002 წელს გაიხსნა და 2016 წლამდე უშვებდა მოდელს Phaeton, 2017 წლიდან კი e-Golf-ზე გადაერთო. აქ კონვეიერიდან ყოველდღე 72 ავტომობილი ჩამოდის.


შუშის მანუფაქტურის მისამართია: Altstadt, 01219 Dresden.


მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №1,2,4,10,12,13, გაჩერებები Strassburger Platz/Gläserne Manufaktur.


ბილეთის ღირებულებაა 7 ევრო, 7 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: glaesernemanufaktur.de.


იენიდცე (Yenidze) - ეს 60 მეტრი სიმაღლის შენობა 1907-1909 წლებში აშენდა და მასში 1953 წლამდე თამბაქოს ფაბრიკა იყო გახსნილი, ამჟამად კი ოფისები, სავაჭრო ცენტრი, დისკოთეკა, რესტორანი და გადმოსახედი მოედანი ფუნქციონირებს.



იენიდცე მეჩეთს წააგავს და მის არქიტექტურაში ერთმანეთთან შერწყმულია იუგენდშტილი და მავრიტანიული სტილი: შენობის პროტოტიპი ხომ ქაიროში განთავსებული მამლუქების პომპეზური მავზოლეუმია. რაც შეეხება სახელწოდებას, ის საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ იანიცას უწინდელ სახელს უკავშირდება, საიდანაც თამბაქო შემოჰქონდათ.


იენიცეს მისამართია: Weißeritzstraße 3.


მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №6,11, გაჩერება Kongresszentrum.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საიტი: wtbc.de/yenidze_en.htm.


შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ეწვევით, თუ დრეზდენში ერთი ან ორი დღით ხართ ჩასული, მაგრამ მის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ეს არის საქსონიის შვეიცარია - ნაციონალური პარკი დრეზდენის სიახლოვეს, მდინარე ელბის ხეობაში, ჩეხეთისა და გერმანიის საზღვარზე.



აქ არის მთები, კლდეები, პარკები, სუფთა ჰაერი, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. გამოვყოფთ ბასტაის - კლდეებს 194 მეტრ სიმაღლეზე, სადაც გადმოსახედი მოედანია მოწყობილი, 75 მეტრი სიგრძის ბასტაის ხიდს, ციხესიმაგრე კიონიგშტაინს 250 მეტრ სიმაღლეზე:



უნდა აღინიშნოს, რომ აქ მდებარეობს 152 მეტრი სიღრმის ჭა.


საქსონიის შვეიცარიაშია, აგრეთვე, ლიხტენჰაინის ჩანჩქერი,



კუშტალი, სადაც ბაზალტში ამოთხრილი 80 მეტრი სიღრმის ჭაა,



აგრეთვე შტოლპენის ციხესიმაგრე და რატენის კლდის თეატრი.


საქსონიის შვეიცარიის მისამართია: Zehistaer Straße 9 01796 Pirna.


მისასვლელად ისარგებლეთ ჯერ მატარებლით სადგურიდან Dresden Hbf რატენამდე ან ბად-შპანდაუმდე (ამას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება), რატენიდან კი ბორნით მდინარე ელბაზე (ეს ხუთ წუთს წაიღებს). ამის შემდეგ გზის მაჩვენებლებს მიჰყევით.


დრეზდენში უკეთესი ორიენტაციისთვის გთავაზობთ ქალაქის რუკას ღირსშესანიშნაობებით:













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!