უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


დრეზდენის დათვალიერება 1 დღეში

დრეზდენის ლიტერატურული სახელწოდება არის "ფლორენცია ელბაზე". და არცთუ ტყუილუბრალოდ - დრეზდენი დიდი კულტურული მემკვიდრეობითაა ცნობილი. ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, მის მრავალრიცხოვან მუზეუმებში კი უამრავი მხატვრული ფასეულობაა. დრეზდენში გამეფებულ ატმოსფეროს ადამიანები ისე აღიქვამენ, როგორც ხელოვნების ცალკე ნიმუშს. ერთი დღე მხოლოდ ძველი და ახალი ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების გარედან დასათვალიერებლად გეყოფათ. მე ერთ-ერთ მარშრუტს შემოგთავაზებთ. ყურადღებით გაეცანით როგორც ამ, ისე სხვა სტატიებს, ოღონდ მათ დოგმად ნუ მიიღებთ და თუ გსურთ, მარშრუტის კორექტირება თქვენი გემოვნების მიხედვით მოახდინეთ.


განათავსე შენი რეკლამა აქ!





"ძველ ქალაქამდე" მისვლა ფეხითაც შეგიძლიათ ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან. ამისათვის გამოდით სადგურის მთავარი შენობიდან, შეუხვიეთ მარცხნივ, გაიარეთ სარკინიგზო ხიდის ქვეშ, გადადით გზაზე შუშის სავაჭრო ცენტრის მხარეს, გაუყევით St.Petersburger Straße-ს. შეგიძლით ამ ქუჩით მდინარე ელბამდე მიხვიდეთ, მარცხნივ შეუხვიოთ და სანაპიროს გაუყვეთ. მე გთავაზობთ, რომ St.Petersburger Straße-ს დასაწყისშივე შევუხვიოთ Kreuzstraße-ზე. მივადგებით ახალ რატუშას (Neues Rathaus).



მოდერნის სტილის ეს შენობა 1905-1910 წლებშია აშენებული. ამჟამად მასში ქალაქის საბჭოა განთავსებული. ის შორიდანვე ჩინებულად მოჩანს მის გუმბათზე დადგმული "ოქროს ჰერაკლეს" ხუთმეტრიანი ქანდაკების - დრეზდენის მფარველის - წყალობით. თუ გადმოსახედ მოედანზე ახვალთ (68 მეტრ სიმაღლეზე), შესანიშნავი ხედებით დატკბებით. რატუშა საუცხოო ინტერიერით გამოირჩევა.



სხვათა შორის, შენობაში მარანიც მდებარეობს. იქ შესვლისას იხილავთ კომპოზიციას "ბახუსი მთვრალ ვირზე".


რატუშის მეზობლად მდებარეობს კროიცკირხე (წმ. ჯვრის ეკლესია):



თავიდან ის წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ავსტრიელმა პრინცესამ, კონსტანცია ფონ ბაბენბერგმა, ეკლესიას წმინდა ჯვრის რელიკვია აჩუქა (იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გაკრული), ტაძარს წმინდა ჯვრის ეკლესია, ანუ კროიცკირხე უწოდეს.


დეტალურად კროიცკირხეს შესახებ =>>


გავცდეთ ალტმარკტის მოედანს, სადაც უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი მდებარეობს, გადავკვეთოთ ქუჩა Wilsdrufferstraße და გავუყვეთ Schlobstraße-ს. მალე ხელმარცხნივ XVIII საუკუნის ტაშენბერგის სასახლეს დაინახავთ.



ტაშენბერგის სასახლე თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება დრეზდენის ციხეკოშკ-რეზიდენციას (Residenzschloss).



ეს დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. უწინ მასში საქსონიის მეფეები და კურფიურსტები ცხოვრობდნენ, ამჟამად კი აქ განთავსებული "მწვანე კამარები" (Grünes Gewölbe), იარაღის დარბაზი (Rüstkammer), ცნობილი მხატვრების გრავიურებისა და ესკიზების კაბინეტი (Kupferstich-Kabinett) და მონეტებისა და ჯილდოების მუზეუმი (Münzkabinett). აი, როგორ გამოიყურება ციხეკოშკი-რეზიდენცია სხვადასხვა მხრიდან:




დეტალურად დრეზდენის ციხეკოშკ-რეზიდენციის შესახებ =>>


თუ Schlobstraße-ს ბოლოში თაღქვეშ გაივლით, მარჯვნივ დაინახავთ მსოფლიოში უდიდეს პანოს, სახელწოდებით "დიდგვაროვანთა მსვლელობა" ("დიდგვაროვანთა პროცესია"):



პანო გრძელი გალერეის - ყოფილი საჯინიბოს ეზოს - კედლის გარე მხარესაა მოთავსებული. მისი სიგრძე 110 მეტრია, სიგანე - 10,5 მეტრი. ის შედგება სახელგანთქმული მეისენის ფაიფურის 20x20 სმ. ზომის 24 ათასი ფილისგან. მათზე გამოსახულია ვეტინების საგვარეულოს 34 საქსონიელი მარკიზი, ჰერცოგი, კურფიურსტები ("საღვთო რომის იმპერიაში" მთავრები, რომლებსაც ჰქონდათ მეფის ან იმპერატორის არჩევის უფლება) და მეფეები, რომლებიც ქვეყანას 1127-1873 წლებში მართავდნენ. პანოზე გამოსახულია, აგრეთვე, 59 ადამიანი: ამალის წევრები, ხელოსნები, ჯარისკაცები, გლეხები, ცნობილი მეცნიერები და მხატვრები. პროცესიას სათავეში უდგას კონრად დიდი, ასრულებს - პანოს შემქმნელი მხატვარი ვილჰელმ ვალტერი.



თუ ცოტა უკან დავბრუნდებით და ტაშენბერგის სასახლესა და ციხეკოშკ-რეზიდენციას შორის გავივლით, ფოსტის მოედანზე გავალთ, სადაც აღმართულია "ქოლერის შადრევანი". XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქსონიაში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა, რომელსაც დრეზდენი სასწაულებრივად გადაურჩა. შადრევანი სწორედ ამის მადლიერების ნიშნად დადგეს. მისი სიმაღლე 18 მეტრია.




ახლა Sophienstraße გადავკვეთოთ და ცვინგერის სასახლეს მივადგეთ. XVIII საუკუნის ეს არქიტექტურული ანსამბლი ბაროკოს თვალსაჩინო ნაგებობა და ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა.



გერმანულ ბაროკოს თან ერწყმის იტალიური სკოლისა და ვენის საიმპერიო სტილის ელემენტები. სწორედ ცვინგერის სასახლეში მდებარეობს დრეზდენის სახელგანთქმული სამხატვრო გალერეა (აქ შეგიძლიათ იხილოთ რაფაელის "სიქსტის მადონა"), ულამაზესი პავილიონები, შადრევნები, სიმეტრიული ყვავილნარები, გვირგვინდადგმული შესასვლელი, ფიზიკა-მათემატიკის სალონი და ფაიფურის მუზეუმი. მერწმუნეთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.




დეტალურად ცვინგერის სასახლის შესახებ =>>


ცვინგერის სასახლიდან თეატრალურ მოედანზე გავიდეთ (Theaterplatz).



თქვენს მზერას მიიპყრობს ცხენზე ამხედრებული მეფე იოჰან საქსონიელის ქანდაკება და ზემპერის ოპერა:



ბაროკოს ეს დიდებული შენობა მსოფლიოს ულამაზესი თეატრების რიცხვში შედის. ის 1841 წელს ააგეს ცნობილი არქიტექტორის, გოტრფიდ ზემპერის პროექტის მიხედვით. საუცხოო შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც მისი ექსტერიერი, ისე ინტერიერი:



დეტალურად ზემპერის ოპერის შესახებ =>>


თუ კვლავ გადაკვეთავთ Sophienstraße-ს, ჰოფკირხესთან აღმოჩნდებით. ჰოფკირხე დრეზდენის საკათედრო ტაძარია.



ტაძარი 1739-1755 წლებშია აშენებული. მის კოშკზე ოქროს ასოებით წერია: D.O.M. ეს შემოკლებული ფორმაა ლათინური ფრაზისა "Deo optimo maximo", რაც ნიშნავს: "უდიდეს და საუკეთესო ღმერთს". საკურთხევლის ზემოთ განთავსებულ ნახატზე გამოსახულია იესო ქრისტეს ამაღლება და წმინდა სამება.



დეტალურად ჰოფკირხეს შესახებ =>>


თუკი ჰოფკირხედან მდინარე ელბაზე ავგუსტუსის ხიდით (Augustusbrücke) - აქედან იწყება ბრიულის ტერასა - გადახვალთ და ცოტას ფეხით გაივლით, დაინახავთ "ოქროს მხედარს" - ეს არის ცხენზე ამხედრებული მეფე ავგუსტ ძლიერის ცნობილი ქანდაკება.



მოდი, ახლა ბრიულის ტერასას მივუბრუნდეთ.



ბრიულის ტერასა არქიტექტურული ანსამბლია, რომელიც ავგუსტუსისა და კაროლას ხიდებს შორის მდებარეობს. მისი სიგრძე 500 მეტრია. უწინ აქ საფორტიფიკაციო ნაგებობები მდებარეობდა. მოგვიანებით ეს ადგილი გრაფ ფონ ბრიულის მფლობელობაში გადავიდა. გრაფმა გალერეა, ბიბლიოთეკა, ბელვედერი, სასახლე და პარკი ააშენა და მეფის, საქსონიური ელიტისა და დიდგვაროვანი სტუმრების სასეირნო ადგილად გადააქცია. გოეთე ისე აღაფრთოვანა ამ დიდებულმა კომპლექსმა, რომ მას "ევროპის აივანი" უწოდა.


XIX საუკუნის ბოლოს ყველა ეს შენობა დაანგრიეს და მათ ნაცვლად ახლები ააშენეს. დღესდღეობით ბრიულის ტერასა დრეზდენელებისა და ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილია.


ბრიულის ტერასის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოვყოფთ კიბეს, რომელზეც 4 ქანდაკებაა.



ქვედა ორი ქანდაკება ღამესა და საღამოს განასახიერებს. მარცხნივ ქალია, შუბლზე გამოსახული ნახევარმთვარით. იგი მძინარე ჭაბუკისკენ დახრილა. გვერდით სიზმრების ფრთოსანი ღმერთი მორფიუსია. ეს კომპოზიცია ღამეა. მარჯვნივ საღამოს ქანდაკებაა - მამაკაცი, შუბლზე გამოსახული ვარსკვლავით. მას აქეთ-იქიდან ორი ქალიშვილი უდგას - მუსიკა და ცეკვა. ზემოთ, მარცხნივ, ქალის ქანდაკებაა, შუბლზე გამოსახული ვარსკვლავით, ორი ქალიშვილის გარემოცვაში. ერთი გამოღვიძებაა. მეორე - დილის ნამი. მარჯვნივ მშვენიერი ჭაბუკი და ორი ბიჭია - შრომა და მიზანსწრაფვა.


იქ, სადაც ახლა ბრიულის ტერასაა, შუა საუკუნეებში საარტელერიო ბატარეა იყო განთავსებული. მის მიწისქვეშა დარბაზებში, 20 მეტრის სიღრმეზე, ამჟამად დრეზდენის ციხესიმაგრის მუზეუმია.



ძველი ბრიულის ტერასიდან შემორჩენილია მხოლოდ პატარა სამკუთხა ბაღი, სფინქსის ორი ქანდაკება და შადრევანი "დელფინი".




კიბესა და ადრე ნახსენებ პანოს შორის მდებარეობს საქსონიის წოდებათა სახლი და საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტუს I-ის ქანდაკება. ამჟამად შენობაში განთავსებულია არქიტექტურულ ძეგლთა დაცვის უწყება და გერმანიის ფოტოთეკა.



შემდეგ მოდის ორსართულიანი სასახლე სეკუნდოგენიტური, რომელიც ყოფილი ბიბლიოთეკის ადგილას ააშენეს მმართველი დინასტიის მეორე რიგის მემკვიდრისთვის. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც, რაც ლათინურიდან "მეორე თაობას" ნიშნავს.



უწინ იქ ბიბლიოთეკა იყო გახსნილი, ახლა კი რესტორანი ფუნქციონირებს. სასახლის წინ გერმანელი მოქანდაკის, ერნსტ რიტჩელის ბიუსტი დგას. სამი ქანდაკება კი რელიგიას, პოეზიასა და ისტორიას განასახიერებს.


სასახლის უკან შეგიძლიათ იხილოთ ქანდაკება "შვიდი პლანეტის ბასტიონები". XVIII საუკუნემდე დრეზდენის თავდაცვითი ზღუდის თითოეულ ბასტიონს პლანეტის სახელი ერქვა. კომპოზიციის შუაში გახეთქილი დედამიწაა მოთავსებული, რაც ჩვენი პლანეტის განადგურების საფრთხეზე მიგვანიშნებს.



კიდევ ერთი შენობაა სახვითი ხელოვნების აკადემია. ის ნეობაროკოსა და ფრანგული მანიერიზმის ნაზავია.



შენობას ზემოდან თქმულებების ქალღმერთ ფამას თითქმის ხუთმეტრიანი ფიგურა ამშვენებს, რომლის წონაც 1,7 ტონაა. ქალღმერთს ხელში დაფნის გვირგვინი უჭირავს.


ბრიულის ტერასის ბოლო პუნქტია ალბერტინუმი:



ამ ნეორენესანსულ ელეგანტურ შენობას სახელი მეფე ალბერტის პატივსაცემად ეწოდა. მასში ერთდროულად ორი მუზეუმია განთავსებული: ქანდაკებები და ხელოვნების სხვა ნიმუშები ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე (მათ შორის როდენის "მოაზროვნე" და დეგას "თოთხმეტი წლის მოცეკვავე გოგონა") და ახალი ოსტატების გალერეა (XIX-XX საუკუნის 2500-მდე ნახატი. მხატვრებიდან გამოვყოფთ რიხტერს, ლიბერმანს, მონესა და დიქსს.).


ბრიულის ტერასაზე აღნიშვნის ღირსია ცნობილი არქიტექტორის, გოტფრიდ ზემპერის ქანდაკება. დრეზდენის ოპერის შემქმნელს ხელში ამ თეატრის პროექტი უჭირავს. ქანდაკება ხელოვნების აკადემიასთან დგას.



ბრიულის ბაღში იხილავთ ცნობილი გერმანელი მხატვრის, კასპარ დავიდ ფრიდრიხის ორიგინალურ ქანდაკებას: მოლბერტსა და სახელოსნოს ფანჯარას. იქვე ფრიდრიხის სიტყვები მოჩანს იმის შესახებ, რომ მხატვარმა ის კი არ უნდა დახატოს, რასაც გარშემო ხედავს, არამედ ის, რასაც საკუთარ თავში ხედავს.



ალბერტინუმიდან Rampischestraße-ს ან Augustusstraße-ს გავუყვეთ და ფრაუენკირხეს, იგივე ღვთისმშობლის ეკლესიას მივადგეთ.



95-მეტრიანი ტაძარი XVIII საუკუნეშია აშენებული. ბაროკოს დახვეწილმა არქიტექტურამ ფრაუენკირხე დრეზდენის უმთავრეს პოპულარულ ღირსშესანიშნაობად გადააქცია. საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მოოქროვილი დეტალებით შემკული საკურთხეველი. ტაძარში მუდმივად ისმის დიდებული საორგანო მუსიკა. გუმბათზე გადმოსახედი მოედანია მოწყობილი, საიდანაც ძველი ქალაქის მშვენიერ პანორამას იხილავთ.



დეტალურად ფრაუენკირხეს შესახებ =>>


ამით ექსკურსია "დრეზდენი 1 დღეში" დასრულებულია. დრეზდენში უკეთესი ორიენტაციისთვის გთავაზობთ ქალაქის რუკას ღირსშესანიშნაობებით:










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!